სისხლის ამღები
[ებრ. გოʼელ ჰადდამ]
ებრაული სიტყვა გოʼელ (გამოიყენება სისხლის ამღებთან) არის მიმღეობა, რომელიც ნაწარმოებია ზმნიდან გაʼალ, და ნიშნავს გამოსყიდვას, გამოხსნას (გმ. 15:13; ფს. 77:15). ებრაელებისთვის მიცემულ კანონში ეს სიტყვა ეხებოდა უახლოეს ნათესავ მამაკაცს, რომელსაც სისხლის აღების ვალდებულება ეკისრებოდა (რც. 35:19). სიტყვა გოʼელ აგრეთვე აღნიშნავდა იმ უახლოეს ნათესავს, რომელსაც გამოსყიდვის უფლება ჰქონდა (ლვ. 25:48, 49; რთ. 2:20; იხ გამომსყიდველი).
სისხლის აღების ჩვეულებას საფუძვლად დაედო მითითება სისხლისა და ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის დაცვის შესახებ, რომელიც იეჰოვამ ნოეს მისცა: „თქვენს სისხლსაც ... მოვკითხავ ... ადამიანის ხელს, მისი თითოეული ძმის ხელს მოვკითხავ ადამიანის სულს. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ანარეკლად შეიქმნა ადამიანი“ (დბ. 9:5, 6). განზრახ მკვლელობის ჩამდენი სისხლის ამღებს უნდა მოეკლა; ასეთი მკვლელისთვის გამოსასყიდის აღებას კანონი კრძალავდა (რც. 35:19—21, 31).
იეჰოვა თავის დროზე შურს იძიებს მათზე, ვინც მისი ერთგული მსახურების უდანაშაულო სისხლი დაღვარა (კნ. 32:43; გმც. 6:9—11).
იეჰოვას სამართლიანი კანონები მკვეთრ ზღვარს ავლებდა განზრახ და უნებლიედ ჩადენილ მკვლელობებს შორის. მათ, ვინც უნებლიე მკვლელობას ჩაიდენდა, შეეძლოთ გაქცეულიყვნენ თავშესაფარ ქალაქებში, სადაც სისხლის ამღებთაგან დაცულნი იქნებოდნენ (რც. 35:6—29; კნ. 19:2—13; იეს. 20:2—9). სისხლის ღვრასთან დაკავშირებული საქმეები სასამართლოში განიხილებოდა (კნ. 17:8, 9; 2მტ. 19:10).