ღვთის ძეები
ფრაზა „ღვთის ძე“, ძირითადად, იესო ქრისტეს აღსანიშნავად გამოიყენება. „ღვთის ძეებად“ მოიხსენიებიან ღვთის მიერ შექმნილი გონიერი სულიერი ქმნილებები, ადამი ცოდვის ჩადენამდე და ღმერთთან შეთანხმებით შეკრული ადამიანები.
„ჭეშმარიტი ღვთის ძეები“. ფრაზა „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“ პირველად დაბადების 6:2—4-ში გვხვდება. როგორც ამ მუხლებიდან ვიგებთ, ამ ძეებმა „დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ“. ეს სიტყვები წარღვნამდელ მოვლენებს ეხება.
მრავალი მკვლევარი მიიჩნევს, რომ „ღვთის ძეებში“ სინამდვილეში შეთის ხაზში დაბადებული მამაკაცები იგულისხმებიან. ისინი ამ მოსაზრებას იმით ამტკიცებენ, რომ ღვთისმოშიში ნოე სწორედ შეთის ხაზში დაიბადა, ადამის სხვა ვაჟებისგან, მათ შორის კაენისგან წარმოშობილი საგვარეულოები კი წარღვნის დროს განადგურდა (დბ. 5:3, 4). ამგვარად, ისინი ამბობენ, რომ „ჭეშმარიტი ღვთის ძეების“ მიერ ადამიანთა ასულების ცოლებად მოყვანა იმას ნიშნავდა, რომ შეთელები ბოროტი კაენის შთამომავლებზე ქორწინდებოდნენ.
მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთი იმ პერიოდში ასეთ განსხვავებას აკეთებდა საგვარეულო ხაზებს შორის. არ არსებობს იმის დამადასტურებელი ბიბლიური მტკიცება, რომ აქ შეთისა და კაენის შთამომავლებს შორის ქორწინება იგულისხმება და, რომ ასეთი ქორწინების შედეგად „ძლიერები“ იბადებოდნენ, როგორც ეს მე-4 მუხლშია მოხსენიებული. ფრაზა „ადამიანთა ძეები [ან მოდგმა]“ ხშირად უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება (ზემოხსენებული შეხედულების მომხრეები ამ ფრაზას „ღვთის ძეების“ საპირისპირო მნიშვნელობით იყენებენ), თუმცა არა ყოველთვის (ფს. 4:2; 36:7; 57:4; 107:8; იგ. 8:22, 30, 31).
ანგელოზები. მეორე მხრივ, არსებობს სხვა ახსნა, რომელიც ბიბლიური მუხლებით მტკიცდება. ფრაზას „ღვთის ძეები“ მეორედ იობის 1:6-ში ვხვდებით, სადაც ის აშკარად უკავშირდება ღვთის წინაშე შეკრებილ ღვთის სულიერ ძეებს. მათ შორის იყო სატანაც, რომელმაც დედამიწაზე „იხეტიალა“ (იობ. 1:7; იხ. აგრეთვე 2:1, 2). აგრეთვე იობის 38:4—7-ში მოხსენიებულნი არიან „ღვთის ძეები“, რომლებიც ყიჟინებდნენ, როცა ღმერთი დედამიწას „ქვაკუთხედს“ უდებდა. აშკარაა, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ და არა ადამის (რომელიც ჯერ შექმნილიც კი არ იყო) შთამომავლები. მსგავსად, ფსალმუნის 89:6-ში მოხსენიებულ „ღვთის ძეებში“ იგულისხმებიან ზეციერი და არა მიწიერი ქმნილებები (იხ. ღმერთი [ებრაული სიტყვები]).
პირველი შეხედულების მომხრეები არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ დაბადების 6:2—4-ში მოხსენიებულ „ჭეშმარიტი ღვთის ძეებში“ ანგელოზები იგულისხმებიან, რადგან მათი აზრით, კონტექსტი მხოლოდ ადამიანთა ბოროტებაზე ამახვილებს ყურადღებას. მაგრამ ეს აზრი საფუძველს მოკლებულია, რადგან სწორედ სულიერ ქმნილებებს შეეძლოთ, უარყოფითი გავლენის მოხდენის მიზნით ისე ჩარეულიყვნენ ადამიანთა საქმეებში, რომ ბოროტება უფრო სწრაფად გავრცელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ იესოს დედამიწაზე ცხოვრების დროს ბოროტი სულიერი ქმნილებები ხორცს არ ისხამდნენ, მათი გავლენით ადამიანები მეტისმეტად დიდ ბოროტებას სჩადიოდნენ (იხ. დემონი, დემონით შეპყრობილი). გასაკვირი არ არის, თუ რატომ არის მოხსენიებული წიგნ „დაბადებაში“ ანგელოზების ადამიანთა საქმეებში ჩარევა, რადგან სწორედ ამით აიხსნება წარღვნამდელ პერიოდში დედამიწაზე მდგომარეობის უკიდურესად გაუარესება.
ამ აზრს ეთანხმება მოციქული პეტრესა და მოწაფე იუდას სიტყვებიც. პეტრე საუბრობდა საპყრობილეში მყოფ სულებზე, „რომლებიც ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს“ (1პტ. 3:19, 20). ნოეს დროს არსებულ „ძველ ქვეყნიერებაზე“ საუბრისას მან მოიხსენია „შემცოდველი ანგელოზები“ (2პტ. 2:4, 5). იუდა კი წერდა „ანგელოზებზე, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ (იუდ. 6). თუ ვიტყვით, რომ დაბადების 6:2—4-ში მოხსენიებული „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“ სულიერი ქმნილებები არ არიან, მაშინ სრულიად გაუგებარი გახდება ამ ქრისტიანი მწერლების სიტყვები და შეუძლებელი იქნება იმის ახსნა, როგორ ეურჩნენ ანგელოზები ღმერთს და როგორ უკავშირდებოდა მათი დაუმორჩილებლობა ნოეს დროს.
ფაქტია, რომ ანგელოზები ზოგჯერ ხორცს ისხამდნენ და ადამიანებთან ერთად ჭამდნენ და სვამდნენ (დბ. 18:1—22; 19:1—3). იესოს სიტყვები, რომ მკვდრეთით აღმდგარი ადამიანები არ ქორწინდებიან, არამედ „არიან როგორც ზეცაში ანგელოზები“, აჩვენებს, რომ ეს ზეციერი ქმნილებები არც ქორწინდებიან და არც სქესი აქვთ (მთ. 22:30). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულიერ ქმნილებებს არ შეუძლიათ ხორცშესხმა და ქალებთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება. აღსანიშნავია, რომ იმ ანგელოზების მოხსენიების შემდეგ, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს „მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ (აშკარაა, რომ აქ სულიერი სამყაროს მიტოვება იგულისხმება), იუდა ამბობს: „ასევე სოდომი და გომორა და მათ გარშემო მდებარე ქალაქები, მას შემდეგ, რაც მათსავით მიეცნენ სიძვას, აჰყვნენ ხორციელ გულისთქმებსა და აღვირახსნილობას ... ჩვენთვის გამაფრთხილებელ მაგალითებად არიან დადგენილები“ (იუდ. 6, 7). ამგვარად, არაერთი ბიბლიური მუხლის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ დაბადების 6:2—4-ში საუბარია ანგელოზების დაუმორჩილებლობაზე — სულიერი ქმნილებებისთვის არაბუნებრივ ქმედებებზე, რაც ნოეს დროს მოხდა. აქედან გამომდინარე, ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ „ღვთის ძეებში“ ანგელოზები იგულისხმებიან (იხ. ნეფილიმები).
ღვთის პირველი მიწიერი ძე და მისი შთამომავლები. ადამი ღმერთმა შექმნა, ამიტომ ის იყო ღვთის პირველი მიწიერი ძე (დბ. 2:7; ლკ. 3:38). ღმერთმა ადამს, როგორც განზრახ შემცოდველს, სიკვდილის განაჩენი გამოუტანა და ედემის ბაღიდან გააძევა. მან უარყო ადამი და მამაშვილური ურთიერთობის შესაძლებლობა წაართვა (დბ. 3:17—24).
ადამის შთამომავლებს მემკვიდრეობით გადაეცათ ცოდვა (იხ. ცოდვა). ვინაიდან ისინი ღვთის მიერ უარყოფილი ადამის შთამომავლები იყვნენ, მათ არ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ღვთის ძეებად დაიბადნენ. ეს კარგად ჩანს მოციქული იოანეს სიტყვებიდან, რომლებიც ჩაწერილია იოანეს 1:12-სა და 13-ში. ის ამბობს, რომ მათ, ვინც იესო ქრისტე მიიღო და მისი სახელი ირწმუნა, „ღვთის შვილებად გახდომის უფლება“ მიეცათ. „ისინი სისხლისგან, ხორციელი სურვილისგან ან მამაკაცის სურვილისგან კი არ იშვნენ, არამედ ღვთისგან“. აქედან გამომდინარე, ადამის შთამომავლები დაბადებიდან ავტომატურად არ ჩაითვლებოდნენ ღვთის ძეებად. როგორც ეს და სხვა მუხლები ცხადყოფს, ადამის შეცოდების გამო ღვთისგან განსაკუთრებული აღიარება იყო საჭირო, რომ რომელიმე ადამიანი ღვთის ძედ ჩათვლილიყო. ეს კარგად გამოჩნდა ღვთისა და ისრაელის ურთიერთობიდან.
„ჩემი ძეა ისრაელი“. ეგვიპტის ფარაონს, რომელსაც ღმერთად და ეგვიპტელთა ღვთაების, რას ძედ მიაჩნდა თავი, იეჰოვამ უთხრა, რომ ისრაელი იყო მისი ძე და პირმშო. მან მოუწოდა ეგვიპტის მმართველს: „გაუშვი ჩემი ძე, რომ მემსახუროს“ (გმ. 4:22, 23). ამგვარად, ღმერთი მთელ ისრაელ ერს თავის ძედ მიიჩნევდა, რადგან აირჩია ის „გამორჩეულ საკუთრებად დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის“ (კნ. 14:1, 2). ღმერთს მხოლოდ იმიტომ კი არ ეწოდებოდა ისრაელის „შემოქმედი“, „შემქმნელი“ და „მამა“ (რომლის სახელითაც იწოდებოდნენ), რომ ის სიცოცხლის წყარო იყო, არამედ იმიტომაც, რომ მან აბრაამთან დადებული შეთანხმებისამებრ წარმოშვა ეს ერი (შდრ. ფს. 95:6, 7; 100:3; ეს. 43:1—7, 15; 45:11, 12, 18, 19; 63:16). ფრაზა „მუცლიდანვე ეხმარებოდა“, როგორც ჩანს, მიუთითებს ერის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე. ღმერთმა „შექმნა“ ისრაელი მათთან ურთიერთობისა და კანონის შეთანხმების საფუძველზე, რომელმაც განსაზღვრა მისი თავისებურებები და სტრუქტურა (ეს. 44:1, 2, 21; შდრ. ეზკ. 16:1—14-ში ღვთის მიერ იერუსალიმისთვის ნათქვამ სიტყვებს; აგრეთვე გლ. 4:19-სა და 1თს. 2:11, 12-ში პავლეს სიტყვებს). იეჰოვა მამასავით იცავდა, მიუძღოდა და არიგებდა ისრაელს და შვილივით ზრუნავდა მასზე (კნ. 1:30, 31; 8:5—9; შდრ. ეს. 49:14, 15). ერს, როგორც შვილს, მამის საქებრად უნდა ემსახურა (ეს. 43:21; მლ. 1:6). წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელი უგულებელყოფდა შვილობას (კნ. 32:4—6, 18—20; ეს. 1:2, 3; 30:1, 2, 9). ზოგი ისრაელი მართლაც სამარცხვინოდ იქცეოდა, რის გამოც მათ „ბელიარის ძეები“ ეწოდათ (ეს ებრაული ფრაზა კნ. 13:13-სა და სხვა მუხლებში „უვარგის კაცებად“ ითარგმნა; შდრ. 2კრ. 6:15). ისინი „განდგომილი ძეები“ გახდნენ (იერ. 3:14, 22; შდრ. 4:22).
შეთანხმების საფუძველზე ღმერთი ცალკეულ ისრაელებს კი არა, მთელ ერს ეპყრობოდა როგორც ძეს. ამაზე ისიც მოწმობს, რომ ღმერთი თავს არა მხოლოდ მათ შემოქმედად, არამედ გამომსყიდველად და ქმრად მოიხსენიებდა, ანუ ისრაელს თავის ცოლად მიიჩნევდა (ეს. 54:5, 6; შდრ. ეს. 63:8; იერ. 3:14). როგორც ჩანს, ისრაელები იმის საფუძველზე მოიხსენიებდნენ იეჰოვას მამად, რომ მასთან შეთანხმებით იყვნენ შეკრულნი და მას ერის დამაარსებლად აღიარებდნენ (ეს. 63:16—19; შდრ. იერ. 3:18—20; ოს. 1:10, 11).
ისრაელის ათტომიან სამეფოში ეფრემის ტომი ყველაზე დიდი იყო, რის გამოც ეფრემში ხშირად მთელ სამეფოს გულისხმობდნენ. იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ იოსების ნამდვილი პირმშოს, მენაშეს ნაცვლად ეფრემს მიეღო იაკობისგან პირმშოობის კურთხევა. ამიტომ იეჰოვა მართებულად მოიხსენიებდა ეფრემის ტომს თავის პირმშოდ (იერ. 31:9, 20; ოს. 11:1—8, 12; შდრ. დბ. 48:13—20).
ცალკეული ისრაელები, როგორც ღვთის ძეები. ღმერთი ზოგიერთ ისრაელსაც განსაკუთრებული გაგებით მოიხსენიებდა თავის ძედ. მე-2 ფსალმუნი, რომლის დამწერიც საქმეების 4:24—26-ის თანახმად დავითი იყო, თავდაპირველად დავითზე შესრულდა. იქ ის „ღვთის ძედ“ არის მოხსენიებული (ფს. 2:1, 2, 7—12). როგორც „საქმეებიდან“ ჩანს, ეს ფსალმუნი მოგვიანებით იესო ქრისტეზე შესრულდა. ამ ფსალმუნიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა პატარა ბავშვს კი არა, ზრდასრულ მამაკაცს უთხრა: „შენ ჩემი ძე ხარ; მე დღეს გავხდი შენი მამა“. დავითი ღვთის ძე იმ გაგებით იყო, რომ ღმერთმა ის მეფედ აირჩია და მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდა მასთან (შდრ. ფს. 89:3, 19—27). იეჰოვამ დავითის ვაჟ სოლომონზეც თქვა: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე“ (2სმ. 7:12—14; 1მტ. 22:10; 28:6).
შვილობის წართმევა. იესო ქრისტეს დედამიწაზე ყოფნისას ებრაელები ღმერთს თავიანთ მამად მოიხსენიებდნენ. მაგრამ იესომ ზოგიერთ მოწინააღმდეგეს პირდაპირ უთხრა, რომ მათი მამა ეშმაკი იყო, რადგან ღვთის მოწინააღმდეგეს ემორჩილებოდნენ და მის ნებასა და საქმეებს ასრულებდნენ. ისინი ამგვარად ცხადყოფდნენ, რომ ღვთისგან არ იყვნენ (ინ. 8:41, 44, 47). აქედანაც ჩანს, რომ ადამის ვერც ერთი შთამომავალი მხოლოდ მემკვიდრეობით ვერ გახდება ღვთის შვილი. ღმერთი ირჩევს მას, ვისთანაც ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობას დაამყარებს. თავის მხრივ, ძეებისგან ღვთისადმი რწმენის შენარჩუნება მოითხოვება. ამისთვის საჭიროა ღვთის თვისებების გამოვლენა, მისი ნების მორჩილება და მისი განზრახვებისა და ინტერესების თანახმად ერთგულად მსახურება.
ღვთის ქრისტიანი ძეები. როგორც იოანეს 1:11, 12 ცხადყოფს, „ღვთის შვილებად გახდომის უფლება“ მხოლოდ იმ ისრაელებს მიეცათ, რომლებმაც იესო ქრისტე ირწმუნეს. ქრისტეს გამოსასყიდმა ებრაელთა „დარჩენილი ნაწილი“ (რმ. 9:27; 11:5) გაათავისუფლა კანონის შეთანხმებისგან, რომელიც სიკარგისა და სრულყოფილების მიუხედავად მსჯავრს სდებდა მათ, როგორც ცოდვილებს, ცოდვის მონობაში მყოფთ. ამგვარად, ქრისტემ გაათავისუფლა ისინი, რომ შვილება მიეღოთ და ღვთის მეშვეობით მემკვიდრეები გამხდარიყვნენ (გლ. 4:1—7; შდრ. გლ. 3:19—26).
უცხოტომელებიც, რომლებიც მანამდე უღმერთოები იყვნენ ქვეყნიერებაში (ეფ. 2:12), იესო ქრისტესადმი რწმენის საფუძველზე შეურიგდნენ ღმერთს და მისი ძეები გახდნენ (რმ. 9:8, 25, 26; გლ. 3:26—29).
ისრაელი ერის მსგავსად, ეს ქრისტიანები ღმერთთან შეთანხმებით არიან შეკრულნი. ღმერთმა მათ „ახალი შეთანხმება“ დაუდო, რომელიც ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე შევიდა ძალაში (ლკ. 22:20; ებ. 9:15). მაგრამ ღმერთი ამ შეთანხმების მონაწილეებად ინდივიდუალურად ირჩევს ქრისტიანებს. მათ მოისმინეს სასიხარულო ცნობა და ირწმუნეს, ამიტომ ღმერთმა ისინი თავისი ძის თანამემკვიდრეებად აირჩია (რმ. 8:17; ებ. 3:1), გამოსასყიდისადმი რწმენის საფუძველზე მართლებად აღიარა (რმ. 5:1, 2) და „ჭეშმარიტების სიტყვით“ გააჩინა (იაკ. 1:18). ეს მონათლული ქრისტიანები ხელახლა დაიბადნენ, ანუ ღვთის სულით იშვნენ, როგორც მისი ძეები, და ზეციური ცხოვრების იმედი მიეცათ (ინ. 3:3; 1პტ. 1:3, 4). მათ მონობის სული კი არ მიიღეს, რაც ადამის შეცოდების შედეგი იყო, არამედ „შვილების სული“, რომელი სულითაც ისინი ღაღადებენ: „აბბა, მამა!“ (აბბა თბილი და უშუალო მიმართვის ფორმაა) (რმ. 8:14—17; იხ. აბბა; შვილება [ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში]). ქრისტეს საუკეთესო შუამდგომლობის, მღვდლობისა და მისი მეშვეობით გამოვლენილი ღვთის წყალობის საფუძველზე სულით შობილ ქრისტიანებს ებრაელებთან შედარებით უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ ღმერთთან, როგორც მამასთან (ებ. 4:14—16; 7:19—25; 12:18—24).
შვილობის შენარჩუნება. მართალია, ღმერთმა ისინი ხელახლა შვა „ცოცხალი იმედისთვის“ (1პტ. 1:3), მაგრამ ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ისინი შვილობას შეინარჩუნებენ. ისინი უნდა დაემორჩილონ ღვთის სულის ხელმძღვანელობას, არ უნდა აჰყვნენ ცოდვილ მიდრეკილებებს და მზად უნდა იყვნენ, ქრისტეს მსგავსად დაიტანჯონ (რმ. 8:12—14, 17). მათ უნდა მიჰბაძონ „ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფ. 5:1), აირეკლონ ღვთიური თვისებები — მშვიდობა, სიყვარული, გულმოწყალება და სიკეთე (მთ. 5:9, 44, 45; ლკ. 6:35, 36), ხელი არ უნდა გაისვარონ „უსინდისო და უკუღმართი თაობის“ საქმეებით და უმწიკვლონი და უწყინარნი უნდა იყვნენ (ფლ. 2:15), უნდა განიწმინდონ უმართლობისგან (1ინ. 3:1—4, 9, 10), დაიცვან ღვთის მცნებები და მიიღონ მისგან შეგონება (1ინ. 5:1—3; ებ. 12:5—7).
როდის ჩაითვლებიან ბოლომდე ნაშვილებად. მართალია, ღმერთმა ისინი შვილებად აირჩია, მაგრამ სხეულში ყოფნისას მათ მხოლოდ „მომავლის საწინდარი“ აქვთ (2კრ. 1:22; 5:1—5; ეფ. 1:5, 13, 14). ამიტომაც მოციქული პავლე (მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს და თანაქრისტიანებს „ღვთის ძეებად“ მოიხსენიებს) ამბობს: „ჩვენ თვითონაც, ვისაც გვაქვს პირველი ნაყოფი ანუ სული, ვოხრავთ და მოუთმენლად ველით შვილებას, ჩვენი სხეულებიდან გათავისუფლებას გამოსასყიდით“ (რმ. 8:14, 23). ამგვარად, სიკვდილამდე ერთგულების შენარჩუნებისა და ქვეყნიერებაზე გამარჯვების შემდეგ ისინი მკვდრეთით აღდგებიან და საბოლოოდ ჩაითვლებიან ღვთის შვილებად, როგორც მისი სულიერი ძეები და ღვთის მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს ძმები (ებ. 2:10—17; გმც. 21:7; შდრ. გმც. 2:7, 11, 26, 27; 3:12, 21).
ღვთის სულიერი შვილები, ზეციური ცხოვრებისთვის მოწოდებულები, დარწმუნებულები არიან, რომ ღვთის თვალში შვილებად ითვლებიან, რადგან ღვთის სული მოწმობს მათ სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები არიან (რმ. 8:16). როგორც ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მათივე სული აღძრავს, გამოეხმაურონ ზეციური იმედის შესახებ ღვთის სიტყვაში სულით შთაგონებულ სიტყვებს და ღვთის ხელმძღვანელობას, რომელსაც ის თავისი სულით უწევს. ამგვარად, მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ მართლა ღვთის სულიერი ძეები და მემკვიდრეები არიან.
ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლება. მოციქული საუბრობს დიდებაზე, რომელიც სულით ცხებულებში გამოცხადდება, და მთელი ქმნილების მოუთმენელ მოლოდინზე, რომ ღვთის ძეები გამოცხადდებოდნენ (რმ. 8:18, 19). ვინაიდან ამ ძეების დიდება ზეციურია, აშკარაა, რომ მათი დიდების გამოცხადებამდე ისინი ზეციური ცხოვრებისთვის უნდა აღდგნენ (შდრ. რმ. 8:23). მაგრამ როგორც 2 თესალონიკელების 1:6—10 მუხლებიდან ჩანს, ამაში უფრო მეტი იგულისხმება. იქ საუბარია უფალ იესოს გამოცხადებასა და ღვთის მიერ მსჯავრდადებულთა განაჩენის აღსრულებაზე, როცა „ის [იესო] მოვა, რათა განდიდდეს თავის წმინდებს შორის“ (იხ. გამოცხადება).
ვინაიდან პავლე ამბობს, რომ „მთელი ქმნილება“ ელის ამ გამოცხადებას, რის შედეგადაც „გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“, აშკარაა, რომ ღვთის ზეციერი ძეების გარდა სხვებიც მიიღებენ კურთხევებს მათი დიდების გამოცხადებით (რმ. 8:19—23). ამ მუხლებში „ქმნილებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა შეიძლება მიუთითებდეს ადამიანზე, ცხოველზე ან ზოგადად ქმნილებაზე. მაგრამ ამ შემთხვევაში პავლე საუბრობს ამ ქმნილების მოუთმენელ მოლოდინზე, რომელიც „დაემორჩილა ამაოებას“ (თუმცა არა თავისი ნებით), მომავალში „გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“, დღეს კი „ოხრავს“ ღვთის ნაშვილები ქრისტიანების მსგავსად. ყველა ეს ფრაზა იმაზე მიუთითებს, რომ ქმნილებაში ადამიანები იგულისხმებიან და არა ზოგადად უსულო თუ სულიერი ქმნილებები — ცხოველები, მცენარეები და სხვა (შდრ. კლ. 1:23). ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის ძეების დიდების გამოცხადება საშუალებას აძლევს სხვა ადამიანებს, რომ ღვთის ნამდვილი შვილები გახდნენ და გაიხარონ იმ თავისუფლებით, რომელიც ასეთ ურთიერთობას მოაქვს (იხ. მართლად აღიარება [სხვა მართლები]; უამრავი ხალხი).
წინასწარმეტყველების თანახმად, იესო ქრისტე „მარადიული მამა“ იქნება (ეს. 9:6), სულით ცხებული „ღვთის ძეები“ კი მისი ძმები იქნებიან (რმ. 8:29). ამიტომ უნდა იყოს ადამიანთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც იესო ქრისტეს მეშვეობით მიიღებენ სიცოცხლეს, თუმცა არც მისი თანამემკვიდრეები იქნებიან და არც მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ მასთან ერთად. ეს ადამიანები იესოს ქვეშევრდომები იქნებიან (შდრ. მთ. 25:34—40; ებ. 2:10—12; გმც. 5:9, 10; 7:9, 10, 14—17; 20:4—9; 21:1—4).
აღსანიშნავია ისიც, რომ იაკობი სულით შობილ „ღვთის ძეებს“ ღვთის ქმნილებებს შორის „ერთგვარ პირველ ნაყოფად“ მოიხსენიებს (იაკ. 1:18). მსგავსი ფრაზა გვხვდება გამოცხადების 14:1—4-ში, სადაც საუბარია ადამიანთაგან ნაყიდ 144 000-ზე. „პირველი ნაყოფი“ იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს სხვა ნაყოფიც. აქედან გამომდინარე, რომაელების 8:19—22-ში მოხსენიებულ ქმნილებაში, როგორც ჩანს, მეორე ნაყოფი იგულისხმება, ანუ ის ადამიანები, რომლებიც იესო ქრისტესადმი რწმენის საფუძველზე საბოლოოდ გახდებიან ღვთის შვილები და მისი დიდი ოჯახის წევრები.
მომავალ ახალ ქვეყნიერებასა და მკვდრეთით აღდგომაზე საუბრისას იესომ თქვა, რომ აღდგომის გამო მკვდრეთით აღმდგარნი ღვთის შვილებად ჩაითვლებოდნენ (ლკ. 20:34—36).
ზემოთ განხილულიდან ჩანს, რომ ღვთის შვილობას სხვადასხვა რამ განაპირობებს. თითოეულ შემთხვევაში კონტექსტი განსაზღვრავს, თუ რა და როგორი ურთიერთობა იგულისხმება ღვთის შვილად ყოფნაში.
იესო ქრისტე, ღვთის ძე. იოანეს სახარებაში ყურადღება მახვილდება იესოს, როგორც „სიტყვის“ განკაცებამდელ არსებობაზე. იქ ნათქვამია: „სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება“ (ინ. 1:1—3, 14). განკაცებამდე რომ ღვთის ძე იყო, იესოს სიტყვებიდან ჩანს: „მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან მინახავს“ (ინ. 8:38, 42; შდრ. ინ. 17:5, 24). ამას ღვთის შთაგონებით მისი მოციქულებიც ადასტურებდნენ (რმ. 8:3; გლ. 4:4; 1ინ. 4:9—11, 14).
მხოლოდშობილი. ზოგი ბიბლეისტის აზრით, ბერძნული სიტყვა მონოგენეს მხოლოდშობილად არ უნდა ითარგმნოს. ისინი აღნიშნავენ, რომ სიტყვის მეორე ნაწილი (გენეს) სიტყვა გენნაოდან (შობა, გაჩენა) კი არ მომდინარეობს, არამედ გენოსიდან (გვარი). ამგვარად, მათი აზრით, ეს სიტყვა მიუთითებს გვარის ან სახეობის ერთადერთ წარმომადგენელზე. ამიტომ ბევრი თარგმანი (RS; AT; JB) იესოს „ერთადერთ ძედ“ მოიხსენიებს და არა ღვთის „მხოლოდშობილ ძედ“ (ინ. 1:14; 3:16, 18; 1ინ. 4:9). მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპოზიტის არც ერთ ნაწილში არ ჩანს მოქმედება (დაბადება, შობა), სიტყვამ წარმოშობისა და შობის მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ბერძნული სიტყვა გენოს ნიშნავს გვარს, სანათესაოს, შთამომავლობასა და მოდგმას. 1 პეტრეს 2:9-ში ის „მოდგმად“ ითარგმნა. იერონიმეს ლათინურ ვულგატაში მონოგენეს გადმოტანილია როგორც უნიგენიტუს, რაც მხოლოდშობილსაც ნიშნავს და ერთადერთსაც. ბევრი ლექსიკოგრაფი ადასტურებს, რომ ეს სიტყვა უკავშირდება შობას ან წარმოშობას.
ედუარდ რობინსონის ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი შემდეგნაირად განმარტავს სიტყვა მონოგენესს: „მხოლოდშობილი ანუ ერთადერთი შვილი“. უილიამ ჰიკის ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისურ ლექსიკონში ეს სიტყვა მხოლოდშობილად არის გადმოტანილი (1956, გვ. 123). გერჰარდ კიტელის ახალი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში ნათქვამია: „μονο- [მონო-] არ მიუთითებს წარმომშობზე, არამედ წარმოშობილის მდგომარეობაზე. ამგვარად, μονογενής [მონოგენეს] ნიშნავს წარმოშობით ერთადერთს ანუ უდედმამიშვილოს. ასე რომ, ის მხოლოდშობილის მნიშვნელობას ატარებს და მიუთითებს დედ-მამის ერთადერთ შვილზე, ძირითადად, მშობლების გადასახედიდან. ... ეს სიტყვა უფრო ფართო გაგებითაც გამოიყენება, მაგრამ არ უკავშირდება წარმოშობას და ნიშნავს უნიკალურს, შეუდარებელს, უბადლოს“ (ჯ. ბრომილის თარგმანითა და რედაქციით, 1969, ტ. IV, გვ. 738).
იმავე ნაშრომში ახსნილია, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენება ეს სიტყვა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ანუ „ახალ აღთქმაში“: „ის ნიშნავს მხოლოდშობილს ... [იოანეს] 3:16, 18-ში, 1ინ. 4:9-სა და [იოანეს] 1:18-ში იესო ერთადერთ შვილს კი არ არის შედარებული, არამედ აღნიშნულია, რომ ის არის მხოლოდშობილი... ინ. 1:14, 18-ში, 3:16, 18-სა და 1ინ. 4:9-ში μονογενής იესოს უნიკალურობასა და შეუდარებლობაზე მეტს ნიშნავს. ამ მუხლებში ის გარკვევით არის მოხსენიებული [მხოლოდშობილ] ძედ. იოანეს სახარებაში μονογενής მიუთითებს იესოს წარმოშობაზე“.
ზემოთქმულისა და ბიბლიის ნათელი მოწმობის გათვალისწინების შემდეგ არანაირი საფუძველი არა გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ სიტყვა მონოგენესის იმ თარგმანში, რომლის მიხედვითაც იესო მხოლოდ ღვთის უნიკალური ან შეუდარებელი ძე კი არ არის, არამედ მისი „მხოლოდშობილი ძეც“ ანუ ღვთისგან წარმოშობილი, რადგან უშუალოდ ღმერთმა შექმნა. ამას ადასტურებს მოციქულების სიტყვებიც. ისინი მას მოიხსენიებდნენ „პირმშოდ ყველა ქმნილებას შორის“ და „ღვთისგან შობილად [გენნაოს ერთ-ერთი ფორმა]“ (კლ. 1:15; 1ინ. 5:18). იესომაც საკუთარ თავზე თქვა, რომ „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ იყო (გმც. 3:14).
იესო ღვთის პირმშოა (კლ. 1:15), რადგან ღვთის პირველი ქმნილებაა. განკაცებამდე მას „სიტყვა“ ეწოდებოდა (ინ. 1:1). იოანეს 1:1-ში მოხსენიებულ სიტყვა „დასაწყისში“ არ იგულისხმება შემოქმედი ღვთის დასაწყისი, რადგან ის მარადიული და დაუსაბამოა (ფს. 90:2). აქედან გამომდინარე, ის მიუთითებს შემოქმედების დასაწყისზე, როცა ღმერთმა შექმნა „სიტყვა“ ანუ თავისი პირმშო. სიტყვა „დასაწყისი“ ბიბლიაში სხვადასხვა მუხლში მსგავსად არის გამოყენებული რაიმე პერიოდის, ვინმეს მოღვაწეობის ან ცხოვრების გარკვეული კურსის დასაწყისის აღსანიშნავად, მაგალითად, იმ ქრისტიანთა მსახურების დასაწყისის აღსანიშნავად, რომელთაც იოანემ თავისი პირველი წერილი მისწერა (1ინ. 2:7; 3:11), სატანის დაუმორჩილებლობის (1ინ. 3:8) ან იუდას სიმართლის გზიდან გადახვევის დასაწყისის აღსანიშნავად (ინ. 6:64; იხ. იუდა №13 [იუდას გახრწნა]). იესო არის „მხოლოდშობილი ძე“ (ინ. 3:16), რადგან ღვთის ზეციერ და მიწიერ ძეებს შორის ერთადერთია, რომელიც უშუალოდ ღმერთმა შექმნა, ყველა დანარჩენი კი მისი მეშვეობით შეიქმნა (კლ. 1:16, 17; იხ. იესო ქრისტე [განკაცებამდე]; მხოლოდშობილი).
სულით შობა, ზეციერი შვილობის დაბრუნება. ცხადია, იესო განკაცების შემდეგაც ღვთის ძე იყო. მისი დაბადება ღვთის წმინდა სულის მოქმედების შედეგი იყო და არა ადამის რომელიმე შთამომავლისგან ჩასახვის შედეგი (მთ. 1:20, 25; ლკ. 1:30—35; შდრ. მთ. 22:42—45). იესოს ესმოდა, რომ ღვთის ძე იყო. ჯერ კიდევ 12 წლისამ თავის მშობლებს უთხრა: „ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“. მაგრამ ისინი ვერ ჩასწვდნენ მისი სიტყვების მნიშვნელობას და, შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ იესომ იმ გაგებით მოიხსენია ღმერთი მამად, როგორც მიღებული იყო ისრაელებში (იხ. ზემოთ „ჩემი ძეა ისრაელი“) (ლკ. 2:48—50).
მაგრამ იესოს დაბადებიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ, როცა იოანე ნათლისმცემელმა მონათლა, ღვთის სული გადავიდა მასზე და ღმერთმა უთხრა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“ (ლკ. 3:21—23; მთ. 3:16, 17). როგორც ჩანს, მაშინ იესო ხელახლა დაიბადა ღვთის სულიერ ძედ, ზეცაში დაბრუნების იმედი მიეცა და სულით იქნა ცხებული, რომ ღვთის დანიშნულ მეფედ და მღვდელმთავრად ემსახურა (ინ. 3:3—6; შდრ. 17:4, 5; იხ. იესო ქრისტე [ნათლობა]). ღმერთმა მსგავსი სიტყვები თქვა მთაზე იესოს გარდასახვის დროს. ამ ხილვაში მოწაფეებმა იესო სამეფო დიდებით იხილეს (შდრ. მთ. 16:28 და 17:1—5). პავლემ იესოს მკვდრეთით აღდგომას დაუკავშირა ღვთის სიტყვები მეორე ფსალმუნიდან: „შენ ჩემი ძე ხარ; მე დღეს გავხდი შენი მამა“. მან აგრეთვე იესოს მიუსადაგა სიტყვები, რომლებიც ღმერთმა დავითთან შეთანხმების დადებისას თქვა: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე“ (ფს. 2:7; 2სმ. 7:14; სქ. 13:33; ებ. 1:5; შდრ. ებ. 5:5). ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგომისას იესო „ღვთის ძედ იქნა გამოცხადებული“ (რმ. 1:4) და „მართლად იქნა აღიარებული სულში“ (1ტმ. 3:16).
აქედან გამომდინარე, როგორც ზრდასრული დავითი გახდა გარკვეული გაგებით ღვთის ძე, ისე იესო ქრისტე გახდა გარკვეული გაგებით ღვთის ძე ნათლობის, მკვდრეთით აღდგომისა და, როგორც ჩანს, სამეფო დიდებით სრულად შემოსვის დროს.
მკრეხელობაში დასდეს ბრალი. ვინაიდან იესო ღმერთს თავის მამად იხსენიებდა, ზოგიერთი მოწინააღმდეგე იუდეველი მას მკრეხელობაში სდებდა ბრალს და ეუბნებოდა: „კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი“ (ინ. 10:33). სხვადასხვა ენაზე გაკეთებულ ბევრ თარგმანში სიტყვა ღმერთი დიდი ასოთი იწყება, რაც უზენაეს ღმერთზე მიანიშნებს, ტორის თარგმანსა და „ემფატიკ დიაგლოტში“ კი — პატარა ასოთი, რაც უზენაესობას გამორიცხავს. იესომ მოწინააღმდეგეებს ფსალმუნის 82:1—7-ში ჩაწერილი სიტყვებით უპასუხა, საიდანაც ჩანს, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა „ღმერთში“ უზენაესი ღმერთი არ იგულისხმება. ამ ფსალმუნში ადამიანებს უზენაესი ღმერთი კი არ ეწოდებათ, არამედ ღმერთები, „უზენაესის ძეები“.
კონტექსტის თანახმად, ამ ფსალმუნში იეჰოვამ „ღმერთები“ და „უზენაესის ძეები“ უწოდა ისრაელ მსაჯულებს, რომლებიც უსამართლოდ იქცეოდნენ, რისთვისაც საჭირო გახდა, თავად იეჰოვას გაესამართლებინა „ღმერთებს შორის“ (ფს. 82:1—6, 8). ვინაიდან იეჰოვამ ამ მამაკაცებს უწოდა „ღმერთები“, იესო არ მკრეხელობდა, როცა ამბობდა, „ღვთის ძე ვარო“. მაშინ როცა ამ მსაჯული „ღმერთების“ საქმეებიდან არ ჩანდა, რომ ისინი „უზენაესის ძეები“ იყვნენ, იესოს საქმეები ყოველთვის ცხადყოფდა, რომ მამასთან ერთობაში იყო (ინ. 10:34—38).