-
რახელიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იაკობი უკვე მზად იყო ხარანიდან გასამგზავრებლად, მაგრამ მისმა სიმამრმა დაიყოლია, რომ კიდევ დარჩენილიყო. იაკობმა მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დატოვა ხარანი იეჰოვას მითითებით. ლაბანის ორპირობის გამო იაკობმა არ შეატყობინა მას, რომ მიდიოდა და ამაში ლეაც და რახელიც ეთანხმებოდნენ ქმარს. წასვლამდე რახელმა მამას მოჰპარა თერაფიმი, როგორც ჩანს, გარკვეული სახის გამოსახულებები. მოგვიანებით, როცა ლაბანი დაეწია მათ და უთხრა, რომ გაქურდეს (როგორც ჩანს, ეს ყველაზე მეტად აწუხებდა), იაკობმა, რომელმაც არ იცოდა რახელის დანაშაულის შესახებ, დაგმო ეს საქციელი და თქვა, რომ სიკვდილით დაესაჯათ ის, ვისაც ნაქურდალს უპოვიდნენ. ლაბანმა რახელის კარავშიც დაიწყო ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა, რადგან რახელს თერაფიმი საუნაგირე კალათაში ჰქონდა დამალული და ზედ იჯდა, მამას კი უთხრა, რომ მენსტრუაციის გამო თავს სუსტად გრძნობდა და ვერ ადგებოდა (დბ. 30:25—30; 31:4—35, 38).
თავის ძმასთან, ესავთან შეხვედრის დროს იაკობმა ცხადყო, რომ რახელი ყველაზე მეტად უყვარდა, რადგან ის და მისი ერთადერთი ვაჟი ბოლოში დააყენა. უეჭველია, ის ფიქრობდა, რომ ესავის თავდასხმის შემთხვევაში ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა (დბ. 33:1—3, 7). იაკობი გარკვეულ ხანს სუქოთში გაჩერდა, შემდეგ — შექემში, ბოლოს კი — ბეთელში. ამის შემდეგ ის სამხრეთისკენ გაემართა. ბეთელსა და ბეთლემს შორის გზაზე რახელი მეორე ვაჟის, ბენიამინის, მშობიარობას გადაჰყვა. ის იქვე დამარხეს და მის სამარხზე იაკობმა სვეტი აღმართა (დბ. 33:17, 18; 35:1, 16—20).
ბიბლიის რამდენიმე მონაკვეთი რახელის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. ის იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო (დბ. 30:22—24), მაგრამ ადამიანურ სისუსტეებსაც ავლენდა. შეიძლება ოჯახში ნანახმა გარკვეულწილად იმოქმედა იმაზე, რომ რახელს თერაფიმი მოეპარა და ცბიერებით აერიდებინა თავიდან სასჯელი. მიუხედავად მისი სისუსტეებისა, ის ძალიან უყვარდა იაკობს, რომელიც მას სიბერეშიც კი ნამდვილ ცოლად მოიხსენიებდა და მის შვილებს სხვა შვილებზე მეტად აფასებდა (დბ. 44:20, 27—29). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იოსებისთვის ნათქვამი სიტყვებიდან გამოჩნდა, რა ძლიერ უყვარდა რახელი (დბ. 48:1—7). მასზე და ლეაზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ მათ „ისრაელის სახლი ააშენეს“ (რთ. 4:11).
არქეოლოგიური აღმოჩენები გარკვეულწილად ნათელს ჰფენს იმას, თუ რატომ მიითვისა რახელმა მამამისის თერაფიმი (დბ. 31:19). შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნუზიში აღმოჩენილი დაახლოებით ძვ. წ. მეორე ათასწლეულის შუა პერიოდით დათარიღებული ლურსმული წარწერებიდან ვიგებთ, რომ ძველად ზოგიერთ ხალხში ოჯახის კერპების ქონა ოჯახის ქონების მემკვიდრეობით მიღების კანონიერ უფლებად მიიჩნეოდა (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 219, 220). ზოგის ვარაუდით, რახელი შესაძლოა ფიქრობდა, რომ იაკობს, როგორც ნაშვილებს, ლაბანის ქონების მემკვიდრეობით მიღების უფლება ჰქონდა და, შესაძლოა, სწორედ ამ მიზნით აიღო თერაფიმი, ან ლაბანის ვაჟებზე მეტი უპირატესობის მოპოვება სურდა. ან შესაძლოა, რახელის აზრით, თერაფიმის ქონა ხელს შეუშლიდა მამამისის ყველანაირ იურიდიულ მცდელობას, რომ იაკობისთვის წაერთმია მასთან მსახურების პერიოდში შეძენილი სიმდიდრის ნაწილი (შდრ. დბ. 30:43; 31:1, 2, 14—16). რა თქმა უნდა, ასეთი ვარაუდები მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ ლაბანის ხალხში გავრცელებული იყო ასეთი წეს-ჩვეულებები და თერაფიმს ოჯახის მფარველ კერპად მიიჩნევდნენ.
-
-
თერაფიმიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
შუამდინარეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა იმაზე მოწმობს, რომ ოჯახის მემკვიდრეობას თერაფიმის კერპის მფლობელი იღებდა. ნუზისთან აღმოჩენილი ერთ-ერთი ფირფიტის თანახმად, გარკვეულ გარემოებაში საოჯახო კერპების მფლობელ სიძეს შეეძლო სასამრთლოს წინაშე წარმდგარიყო და გარდაცვლილი სიმამრის ქონება მოეთხოვა (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 219, 220, და სქ. 51). რახელმა ალბათ ამ განზრახვით წამოიღო მამამისის თერაფიმები და შესაძლოა თავისი ქმედება იმით გაამართლა, რომ მამამისი მის ქმარს, იაკობს ატყუებდა (შდრ. დბ. 31:14—16). ვინაიდან თერაფიმების ქონა დიდ როლს თამაშობდა მემკვიდრეობის საკითხში, გასაკვირი არ არის, რატომ ცდილობდა ლაბანი მთელი მონდომებით მათ დაბრუნებას. ის თავის ნათესავებთან ერთად გამოუდგა იაკობს და შვიდი დღის სავალზე სდია (დბ. 31:19—30). ფაქტია, იაკობს არ ეცოდინებოდა, რა გააკეთა რახელმა (დბ. 31:32); მას არც თერაფიმების მეშვეობით უცდია ლაბანის ვაჟებისთვის ქონების წართმევა. იაკობს კერპები არც ჰქონია და არც თაყვანი უცია მათთვის. რახელის წამოღებული თერაფიმები იაკობმა ალბათ მაშინ მოიშორა, როცა თავის სახლეულობას უცხო ღმერთები გამოართვა და შექემის მახლობლად დიდი ხის ქვეშ ჩამარხა (დბ. 35:1—4).
-