მრუშობა
ბიბლიაში სიტყვა „მრუშობაში“ ძირითადად იგულისხმება დაქორწინებული ადამიანის ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი საპირისპირო სქესის ადამიანთან, რომელიც მისი მეუღლე არ არის. მოსეს კანონის ძალაში ყოფნის დროს მრუშობად ითვლებოდა დაქორწინებულ თუ დაუქორწინებელ მამაკაცსა და დაქორწინებულ თუ დანიშნულ ქალს შორის სქესობრივი კავშირი. ებრაული ფუძე, რომელიც მრუშობის ჩადენას ნიშნავს, არის ნაʼაფ, მისი ბერძნული ეკვივალენტია მექევო (ეზკ. 16:32, Rbi 8, სქ.; მთ. 5:32, Rbi 8, სქ.).
ზოგ პრიმიტიულ საზოგადოებაში ნებადართულია ტომის შიგნით თავისუფალი სქესობრივი ურთიერთობები, ტომის გარეთ კი ეს მრუშობად ითვლება. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ მრუშობა მსოფლიოს ყველა ნაწილში ხდება და, თუმცა ბევრგან დაგმობილია, ის ყველგან და ყოველთვის არსებობდა (Funk & Wagnalls Standard Dictionary of Folklore, Mythology and Legend, 1949, ტ. 1, გვ. 15). ისტორიული ძეგლებიდან ჩანს, რომ მრუშობა გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში. ეგვიპტელი იყო ფოტიფარის ცოლი, რომელიც იოსების ცდუნებას ცდილობდა (დბ. 39:7, 10). დღესაც, ისევე როგორც ძველად, მრუშობა ძირითადად იკრძალება, თუმცა იშვიათად ისჯება.
იეჰოვას კანონის წყალობით ისრაელი გამოყოფილი იყო მეზობელი ერებისგან და მათგან განსხვავებით მეტად იცავდა ქორწინებისა და ოჯახის სიწმინდეს. ათი მცნებიდან მეშვიდეში პირდაპირ და არაორაზროვნად იყო ნათქვამი: „არ იმრუშო“ (გმ. 20:14; კნ. 5:18; ლკ. 18:20). აკრძალული იყო მრუშობით მამაკაცის უფლებების ხელყოფა, ისევე როგორც სხვა სქესობრივი უზნეობა (იხ. სიძვა; მეძავი).
მოსეს კანონით მრუშობა მკაცრად ისჯებოდა — კაციც უნდა მოეკლათ და ქალიც: „თუ კაცს სხვის ცოლთან მწოლიარეს წაასწრებენ, ორივე უნდა მოკვდეს“. ეს კანონი ეხებოდა დანიშნულ ქალსაც. თუ ის თავისი დანიშნულის გარდა სხვა კაცთან დაწვებოდა, ეს მრუშობაში ეთვლებოდა (კნ. 22:22—24). თუ ქმარი ცოლზე იეჭვიანებდა, ქალი მღვდლისა და იეჰოვას წინაშე უნდა წარმდგარიყო (რც. 5:11—31; იხ. ბარძაყი).
თუმცა ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მოსეს კანონის დაცვა, მათაც არ უნდა იმრუშონ. «კანონები: „არ იმრუშო“ ... და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“». ამ საკითხში თვალთმაქცობა დაუშვებელია (რმ. 13:9; 2:22). ბიბლიური პრინციპების სწავლებისას იესომ ქრისტიანებს უფრო მაღალი ზნეობრივი ნორმები დაუდგინა. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ მრუშობა არ არის მხოლოდ კაცსა და იმ ქალს შორის სქესობრივი კავშირი, რომელზეც არ არის დაქორწინებული: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“. ასეთებს „თვალები მრუშობით აქვთ სავსე“ (მთ. 5:27, 28; 2პტ. 2:14).
იესომ აგრეთვე აღნიშნა, რომ სიძვის (ბერძ. პორნია) მიზეზის გარეშე განქორწინებულ ცოლს ან ქმარს ხელახლა დაქორწინება მრუშობად ეთვლება. თუ დაუქორწინებელი კაცი მოიყვანს ცოლად ქმარს გაცილებულ ქალს, ისიც მრუშია (მთ. 5:32; 19:9; მრ. 10:11, 12; ლკ. 16:18; რმ. 7:2, 3).
მრუშობით ადამიანი ღვთის წინაშე სცოდავს (დბ. 39:9). იეჰოვა გაასამართლებს მრუშებს. თუ ისინი არ შეწყვეტენ მის ჩადენას, „ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (მლ. 3:5; 1კრ. 6:9, 10; ებ. 13:4). რამხელა სიმართლეა სიტყვებში: „ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია. ამის ჩამდენი სულს ინადგურებს“ (იგ. 6:32—35).
როგორ ხდება ადამიანი სულიერ მრუშობაში დამნაშავე?
სულიერ მრუშობაში იგულისხმება იეჰოვასადმი ორგულობის გამოვლენა მათი მხრიდან, ვისაც შეთანხმება აქვს მასთან დადებული. ამგვარად, ისრაელი, რომელსაც კანონის შეთანხმება ჰქონდა იეჰოვასთან დადებული, სულიერი გაგებით მრუშობდა, რადგან იცავდა ცრურელიგიურ წეს-ჩვეულებებს, რომლებშიც სქესობრივი რიტუალებიც შედიოდა და არღვევდა მეშვიდე მცნებას (იერ. 3:8, 9; 5:7, 8; 9:2; 13:27; 23:10; ოს. 7:4). მსგავსად, თუ იეჰოვასადმი მიძღვნილი და ახალი შეთანხმების მონაწილე ქრისტიანები ქვეყნიერებასთან კავშირით თავს იუწმინდურებენ, სულიერი გაგებით მრუშობას სჩადიან (იაკ. 4:4).