მათ შეასრულეს იეჰოვას ნება
მიტევებას ხსნა მოაქვს
ეგვიპტის გამგებლის წინ მდგომმა იაკობის ათმა ვაჟმა საშინელი საიდუმლო იცის. წლების წინ მათ თავიანთი ნახევარძმა იოსები მონად გაყიდეს და გადაწყვიტეს, მამისთვის ეთქვათ, თითქოს ის ნადირმა დაგლიჯა (დაბადება 37:18–35).
ახლა, დაახლოებით 20 წლის შემდეგ, შიმშილობამ აიძულა ეს ათი მამაკაცი, ეგვიპტეში ჩასულიყვნენ მარცვლეულის საყიდლად. მაგრამ ყველაფერმა წყნარად როდი ჩაიარა. გამგებელმა, რომელიც ქვეყნის დამპურებელიც იყო, მათ ჯაშუშობაში დასდო ბრალი. მან დაატყვევა ერთი მათგანი და დანარჩენისგან მოითხოვა, სახლში დაბრუნებულიყვნენ და მათი უმცროსი ძმა ბენიამინი ჩამოეყვანათ. როდესაც ასე მოიქცნენ, იოსებმა განახორციელა თვისი გეგმა ბენიამინის დატოვებასთან დაკავშირებით (დაბადება 42:1— 44:12).
იაკობის ერთმა ვაჟმა, იუდამ, უთხრა: „თუ ბენიამინის გარეშე დავბრუნდებით, მამაჩვენი მოკვდება“. მერე ის მოხდა, რასაც არც იუდა და არც მისი თანამგზავრები არ მოელოდნენ. გამგებელმა ბრძანა, იაკობის შვილების გარდა ყველა გასულიყო, და ხმამაღლა ატირდა. შემდეგ თავი ხელში აიყვანა და უთხრა: „იოსები ვარ“ (დაბადება 44:18—45:3).
გულმოწყალება და გათავისუფლება
„ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი?“ — ჰკითხა იოსებმა თავის ნახევარძმებს. მათ არაფერი უპასუხეს, რადგან არ იცოდნენ, რა ეთქვათ. აღტაცებული უნდა ყოფილიყვნენ ისინი თუ შეძრწუნებული? ბოლოს და ბოლოს, მათ 20 წლის წინ ეს კაცი მონად გაყიდეს. იოსებს შეეძლო დაეპატიმრებინა ისინი ან სახლში საკვების გარეშე გაეგზავნა, უარეს შემთხვევაში კი, სიკვდილით დაესაჯა. უმიზეზოდ არ იყო, რომ „ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგან შეეშინდათ მისი“ (დაბადება 45:3).
იოსებმა მაშინვე დაამშვიდა ისინი: „მომიახლოვდით“, — უთხრა მან. ისინი დაემორჩილნენ. შემდეგ კი უთხრა: „იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ. ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა“ (დაბადება 45:4, 5).
იოსების გულმოწყალება არ იყო უსაფუძვლო. მან დაინახა, რომ ისინი ინანიებდნენ. მაგალითად, იოსებმა ყური მოჰკრა მათს საუბარს, როდესაც ბრალი დასდო ჯაშუშობაში: „მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან. . . ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი“ (დაბადება 42:21). გარდა ამისა, იუდა მზად იყო, მის მონად დარჩენილიყო ბენიამინის მაგივრად, რომ ყმაწვილი მამასთან დაბრუნებულიყო (დაბადება 44:33, 34).
ასე რომ, იოსები სამართლიანად მოიქცა, როდესაც აპატია. ეჭვგარეშეა, მას ესმოდა, რომ ასეთნაირად მთელ თავის ოჯახს გადაარჩენდა. ამიტომ იოსებმა უთხრა მათ, შინ დაბრუნებულიყვნენ და იაკობისთვის ეთქვათ: „ასე ამბობს-თქო შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები-თქო. იცხოვრე გოშენის მხარეში; ახლოს იქნებით-თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი საბადებელი. აქ შეგინახავ-თქო“ (დაბადება 45:9–11).
დიდი იოსები
იესო ქრისტეს შეიძლება ეწოდოს დიდი იოსები, რადგან ამ ორ პიროვნებას შორის საოცარი მსგავსებაა. იოსების მსგავსად, იესოსაც ცუდად მოეპყრნენ მისი ძმები, აბრაამის შთამომავლები (შეადარეთ საქმეები 2:14, 29, 37). გარდა ამისა, ორივემ დიდი ცვლილება გამოსცადა. იოსები, რომელიც ერთ დროს მონა იყო, ფარაონის შემდეგ მეორე კაცი გახდა. მსგავსად ამისა, იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო და განადიდა იმით, რომ მისცა ყველაზე მაღალი მდგომარეობა „ღვთის მარჯვენით“ (საქმეები 2:33; ფილიპელთა 2:9–11).
რადგანაც გამგებელი იყო, იოსებს შეეძლო ყველასთვის მიეცა საკვები, ვინც კი ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად ჩავიდოდა. დღეს დიდ იოსებს დედამიწაზე ჰყავს ერთგული და გონიერი მონის კლასი, რომლის მეშვეობითაც ის „დროულად“ აწვდის ყველას სულიერ საკვებს (მათე 24:45– 47; ლუკა 12:42– 44). მათ, ვინც იესოს უახლოვდება, „აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ. . . ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს“ (გამოცხადება 7:16, 17).
გაკვეთილი ჩვენთვის
იოსებმა მიტევების მშვენიერი მაგალითი მოგვცა. თუ მკაცრ სამართლიანობას გამოამჟღავნებდა, მას უნდა დაესაჯა ისინი, რადგან მონობაში გაყიდეს. ან, პირიქით, ზედმეტი გრძნობიერების გამო თვალი უნდა დაეხუჭა მათს საქციელზე. იოსებმა არც ერთი გააკეთა და არც მეორე. მან გამოსცადა, ინანიებდნენ თუ არა მისი ნახევარძმები. შემდეგ კი, როდესაც დაინახა, რომ ისინი გულწრფელად ნანობდნენ, აპატია.
ჩვენ უნდა მივბაძოთ იოსებს. თუ ადამიანი გულწრფელად ნანობს, რომ გული გვატკინა, უნდა ვაპატიოთ. რა თქმა უნდა, გრძნობებმა არ უნდა დაგვაბრმავოს უხეში შეცდომების მიმართ. მეორე მხრივ, არ უნდა მოხდეს ისე, რომ გულისწყრომის გამო ვერ დავინახოთ გულწრფელი მონანიება. მაშ, ‘შევიწყნაროთ ერთიმეორე და მივუტევოთ ერთმანეთს’ (კოლასელთა 3:13). ასეთნაირად ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, მივბაძავთ, რომელიც ‘შემბრალეა’ (ფსალმუნი 85:5; მიქა 7:18, 19).