რეუბენი
[ნიშნავს: შეხედე, ვაჟი!].
1. იაკობის 12 ვაჟიდან პირველი. დედამისმა ლეამ, რომელიც რახელზე ნაკლებად უყვარდა იაკობს, ბავშვს რეუბენი დაარქვა, „რადგან თქვა, იეჰოვამ გადმოხედა ჩემს საცოდაობას და ახლა შემიყვარებსო ჩემი ქმარი“ (დბ. 29:30—32; 35:23; 46:8; გმ. 1:1, 2; 1მტ. 2:1). ვინაიდან იეჰოვა კეთილგანწყობილი იყო დედამისის მიმართ, რეუბენი და მისი ხუთი ღვიძლი ძმა (სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულონი) ისრაელის 12 ტომიდან ექვსი ტომის თავკაცები გახდნენ. იაკობის სხვა ექვსი ვაჟი (იოსები, ბენიამინი, დანი, ნაფთალი, გადი, აშერი) რეუბენის ნახევარძმა იყო (დბ. 35:23—26).
რეუბენის კარგი თვისებები მაშინ გამოჩნდა, როცა თავისი ცხრა ძმა დაარწმუნა, რომ არ მოეკლათ იოსები და ამომშრალ ჭაში ჩაეგდოთ. სინამდვილეში, მას განზრახული ჰქონდა, ძმებისგან მალულად ამოეყვანა იოსები ჭიდან (დბ. 37:18—30). ოც წელზე მეტი ხნის შემდეგ, როცა ძმები ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტეში ჯაშუშობა იოსებისადმი უსამართლოდ მოპყრობის გამო დააბრალეს, რეუბენმა გაახსენა მათ, რომ იოსების წინააღმდეგ მოწყობილ მზაკვრულ შეთქმულებაში მას არ მიუღია მონაწილეობა (დბ. 42:9—14, 21, 22). აგრეთვე ეგვიპტეში მათი მეორედ გამგზავრების დროს, როცა იაკობმა უარი განაცხადა ძმებთან ერთად ბენიამინის გაშვებაზე, რეუბენმა უთხრა: „ორივე ვაჟი მომიკალი, თუ არ დაგიბრუნო იგი [ბენიამინი]“ (დბ. 42:37).
რეუბენი იაკობის პირმშო იყო და ოჯახში პირმშოობის უფლებით სარგებლობდა. მაგალითად, მას იაკობის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობის ორმაგი წილი ეკუთვნოდა. როცა იაკობმა სიკვდილის წინ თავისი ვაჟები აკურთხა, დადგა საკითხი, მიიღებდა თუ არა რეუბენი პირმშოობის უფლებებს. პატრიარქი იაკობი ოჯახისთავი იყო და ისე მოქმედებდა მთელი ოჯახისთვის, როგორც იეჰოვას მღვდელი — სწირავდა მსხვერპლს ოჯახის სამსხვერპლოზე, ლოცულობდა და სულიერად მოძღვრავდა მათ. როგორც მამა, ის განაგებდა ოჯახს, მსახურებს, საქონელსა და მთელ ქონებას. მიიღებდა რეუბენი ამ პასუხისმგებლობებს?
იაკობმა პირველად რეუბენს მიმართა: „რეუბენ, შენა ხარ ჩემი პირმშო, ჩემი ძალა და ჩემი წარმომქმნელი ძალის საწყისი; აღმატებული ხარ დიდებითა და ძლიერებით. არ ამაღლდები წყალივით შეუკავებელი თავისუფლებით, რადგან მამაშენის საწოლზე ახვედი და შებღალე ჩემი ლოგინი. ის ავიდა მასზე!“ (დბ. 49:3, 4).
იაკობმა შეახსენა რეუბენს, რატომ არ შეესაბამებოდა ის პირმშოობის მოთხოვნებს, რაც მომავალში უპირატესობების მიღებაზე იმოქმედებდა. მან შეურაცხყო მამამისი; უზნეობა ჩაიდინა მის ხარჭასთან, ბილჰასთან, რომელიც იაკობის საყვარელი ცოლის, რახელის მოახლე იყო. ეს მას შემდეგ მალევე მოხდა, რაც რახელი ბენიამინის მშობიარობას გადაჰყვა. ბიბლიიდან არ ჩანს, პირმშო რეუბენმა იმიტომ შეურაცხყო მოახლე ბილჰა, რომ იაკობს რახელის სიკვდილის შემდეგ დედამისზე, ლეაზე მეტად არ შეჰყვარებოდა, თუ უბრალოდ ვნებამ აღძრა. ბიბლიაში მხოლოდ წერია: „იმ მიწაზე იყო ისრაელი დაბანაკებული, როცა წავიდა რეუბენი და მამამისის ხარჭასთან, ბილჰასთან, დაწვა. გაიგო ეს ისრაელმა“ (დბ. 35:22). ბერძნულ სეპტუაგინტაში ისიც ნათქვამია, რომ იაკობის თვალში ეს ბოროტება იყო (დბ. 35:21; LXX (ტომსონი)).
რეუბენი არ უარყვეს ამ საქციელისთვის და არ მოკვეთეს ოჯახიდან. მხოლოდ წლების შემდეგ, როცა იაკობმა ვაჟები აკურთხა, ღვთივშთაგონებით რეუბენს უთხრა: „არ ამაღლდები“. ამგვარად, მან ვერ მიიღო პირმშოს უპირატესობები. ეს იმიტომ, რომ „წყალივით შეუკავებელი თავისუფლებით“ მოქმედებდა. ის გაუკონტროლებელი, ბობოქარი და შეუკავებელი იყო როგორც წყალი, რომელიც კაშხალს არღვევს და ხეობაში მიექანება. რეუბენს თავშეკავება უნდა გამოევლინა. მას პატივი უნდა ეცა მამის ღირსებისთვის და მამამისის ხარჭის, ბილჰას ორი ვაჟისთვის.
2. ეს სახელი რეუბენის შთამომავლებისგან შემდგარ ტომსაც ერქვა და მათ სამკვიდროსაც. რეუბენის ტომი მისი ოთხი ვაჟის — ხანოქის, ფალუს, ხეცრონისა და ქარმისგან წარმოიშვა, რომლებიც რეუბენელთა საგვარეულოს თავკაცები იყვნენ (დბ. 46:8, 9; გმ. 6:14; 1მტ. 5:3).
ეგვიპტის მონობისგან გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ, შედურის ვაჟი, ელიცური თავკაცად აირჩიეს, რათა რეუბენის ტომის წარმომადგენელი ყოფილიყო (რც. 1:1, 4, 5; 10:18). ისრაელის თორმეტ ტომს შორის რეუბენის ტომი ყოველთვის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი იყო. უდაბნოში ყოფნის მეორე წელს ჩატარებული აღრიცხვის დროს აღმოჩნდა, რომ 20 წლიდან ზემოთ ლაშქარში გამსვლელ რეუბენელთა რიცხვი 46 500 იყო. დაახლოებით 39 წლის შემდეგ კი მათი რაოდენობა შემცირდა და 43 730-ს შეადგენდა (რც. 1:2, 3, 20, 21; 26:5—7).
ისრაელთა ბანაკში რეუბენელები დაბანაკებულნი იყვნენ კარვის სამხრეთით სიმონისა და გადის ტომებთან ერთად. მსვლელობის დროს ეს სამტომიანი დანაყოფი რეუბენელთა მეთაურობით იუდას, ისაქარისა და ზებულონის სამტომიან დანაყოფს მიჰყვებოდა (რც. 2:10—16; 10:14—20). იგივე თანმიმდევრობა იყო დაცული კარვის მიძღვნის დღეს შესაწირავის მიტანისას (რც. 7:1, 2, 10—47).
როდესაც ლევიანი კორახი მოსეს წინააღმდეგ წავიდა, სამი რეუბენელი — ფელეთის ვაჟი ონი და ელიაბის ვაჟები, დათანი და აბირამი, მას მიემხრნენ და მოსეს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მათზე გაბატონება უნდოდა და არ მიიყვანა იმ მიწაზე, „სადაც რძე და თაფლი მოედინება“. დათანისა და აბირამის ძმა, ნემუელი, როგორც ჩანს, არ შეუერთდა მათ (რც. 16:1, 12—14; 26:8, 9). იეჰოვამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ეს მისი უპატივცემულობა იყო. მან მიწა გახსნა და ამბოხებულები და მათი ოჯახები ცოცხლად ჩაყარა მათ ქონებასთან ერთად (რც. 16:23—33; კნ. 11:6; იხ. აბირამი №1).
ტერიტორია. აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ცოტა ხნით ადრე რეუბენისა და გადის ტომებმა ითხოვეს, რომ იორდანეს აღმოსავლეთით მიეცათ ტერიტორია. ეს მიწა ორი მეფის, სიხონისა და ოგის, დამარცხების შედეგად დაიპყრეს. მათი აზრით, ეს საუკეთესო ადგილი იყო მათი მრავალრიცხოვანი ფარებისა და ჯოგებისთვის. მოსე ამ ორი ტომისა და მენაშეს ნახევარი ტომის თხოვნას იმ პირობით გაითვალისწინებდა, თუ მათი მეომრები სხვა ტომებთან ერთად გადაკვეთდნენ იორდანეს და ქანაანის დაპყრობაში დაეხმარებოდნენ. ეს ორტომ-ნახევარი სიხარულით დასთანხმდა პირობას (რც. 32:1—38; იეს. 1:12—18; 4:12, 13; 12:6; 13:8—10).
რეუბენმა სამკვიდრო მდინარე იორდანეს გადაკვეთამდე მიიღო. მოსემ თავად მისცა ამ ტომს დამარცხებული სიხონის სამეფოს სამხრეთი ნაწილი. მათი სამკვიდრო იწყებოდა არნონის ხევიდან, მათსა და სამხრეთით მოაბელთა ტერიტორიას შორის არსებული ბუნებრივი საზღვრიდან, და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილამდე გრძელდებოდა. რეუბენელთა ჩრდილოელი მეზობლები გადელები იყვნენ (რც. 34:13—15; კნ. 3:12, 16; 29:8; იეს. 13:15—23; 18:7). აღმოსავლეთით მათ ამონელთა ტერიტორია ესაზღვრებოდა, დასავლეთით კი — მკვდარი ზღვა და მდინარე იორდანე (იეს. 15:1, 6; 18:11, 17). რეუბენის ტერიტორიაზე მდებარეობდა ექვსი თავშესაფარი ქალაქიდან ერთ-ერთი, ბეცერი. ეს და რეუბენელთა სხვა ქალაქები ლევიანებისთვის იყო გამოყოფილი (კნ. 4:41—43; იეს. 20:8; 21:7, 36; 1მტ. 6:63, 78, 79).
მოსეს მითითებით, როცა ისრაელები ქანაანის შუაგულს მიაღწევდნენ, რეუბენის, გადის, აშერის, ზებულონის, დანისა და ნაფთალის ტომები ებალის მთაზე უნდა მდგარიყვნენ წყევლის მოსასმენად, დანარჩენი ტომები კი — გერიზიმის მთაზე კურთხევის მოსასმენად (კნ. 27:11—13). ამის შემდეგ მოსემ რეუბენის ტომი სხვა ტომებთან ერთად აკურთხა. რეუბენელებზე მან თქვა: „იცოცხლოს რეუბენმა, ნუ მოკვდება, ნუ შემცირდება მისი ხალხი!“ (კნ. 33:1, 6).
ქანაანზე ლაშქრობის დასასრულს იესო ნავეს ძემ მოუხმო რეუბენის, გადისა და მენაშეს ნახევარი ტომის მეომრებს, შეაქო მოსესთვის მიცემული დაპირების შესრულებისთვის და კურთხევის შემდეგ სახლებში გაუშვა (იეს. 22:1—8). იორდანეს რომ მიადგნენ, ამ ტომებმა უზარმაზარი სამსხვერპლო აღმართეს დასავლეთ სანაპიროზე, რაც სხვა ტომებმა თავიდან არასწორად გაიგეს და კინაღამ განხეთქილებამდე და სამოქალაქო ომამდე მივიდნენ. მაგრამ, როცა აუხსნეს, რომ სამსხვერპლო მსხვერპლის შესაწირავად კი არა, იორდანეს ორივე მხარეს მცხოვრებ ტომებს შორის ერთგულების მოწმობის ნიშნად აღმართეს, სამსხვერპლოს, სავარაუდოდ, „მოწმე“ უწოდეს, რადგან თქვეს: „ეს არის მოწმობის ნიშანი ჩვენ შორის, რომ ჭეშმარიტი ღმერთია იეჰოვა“ (იეს. 22:9—34).
გვიანდელი ისტორია. მრავალი წლის შემდეგ დიდებული გამარჯვების სიმღერაში ბარაკმა და დებორამ გაიხსენეს, რომ რეუბენელები არ შეუერთდნენ მათ სისერას წინააღმდეგ ბრძოლაში. შედეგად, „რეუბენის დანაყოფებში დიდად იცდებოდა გულები“ (მსჯ. 5:15, 16). საულის დროს რეუბენელები დაეხმარნენ თავიანთ მეზობლებს და გაიმარჯვეს აგრელებსა და მათ მოკავშირეებზე „იმიტომ, რომ ბრძოლაში ღმერთს სთხოვეს შველა; მანაც შეისმინა მათი ვედრება, რადგან მას მიენდნენ“ (1მტ. 5:10, 18—22). დაპყრობილი აგრელების ტერიტორიაზე რეუბენელებიც დასახლდნენ. როგორც ჩანს, ისინი იქ ძვ. წ. მერვე საუკუნემდე ცხოვრობდნენ, ვიდრე ასურელები დაიპყრობდნენ ისრაელს. რეუბენელები მათ პირველები გადაასახლეს (1მტ. 5:6, 22ბ, 26). ზოგიერთი რეუბენელი, და მთლიანობაში ტომი, მოხსენიებულია დავითთან დაკავშირებულ ისტორიაში მის გამეფებამდეც და შემდეგაც (1მტ. 11:26, 42; 12:37, 38; 26:32; 27:16).
წინასწარმეტყველებაში. „ეზეკიელსა“ და „გამოცხადებაში“ მოყვანილ ჩამონათვალში სხვა ტომებს შორის რეუბენს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მაგალითად, ეზეკიელმა ხილვაში ნახა ტომებს შორის „შეწირული წმინდა მიწა“, სადაც იეჰოვას ტაძარი იდგა, ქალაქი, რომელსაც ეწოდებოდა იეჰოვა-შამა, რაც ნიშნავს „თვით იეჰოვაა იქ“, და ტერიტორია, რომელიც ეკუთვნოდა მღვდლებს, ლევიანებსა და თავკაცს. ჩრდილოეთით წმინდა მიწას ესაზღვრებოდა იუდა, იუდას ჩრდილოეთით კი რეუბენი იყო (ეზკ. 48:6—22, 35). აგრეთვე წმინდა ქალაქის, იეჰოვა-შამას ჩრდილოეთ მხარეს რეუბენის სახელით წოდებული კარიბჭე იუდას სახელით წოდებული კარიბჭის გვერდით იყო (ეზკ. 48:31). მსგავსად, სულიერი ისრაელის 12 ტომის ბეჭედდასმის შესახებ იოანეს ხილვაში რეუბენი იუდას ტომის შემდეგ რიგით მეორეა მოხსენიებული (გმც. 7:4, 5).