ნაწილი 1
სამოთხე და პირველი ადამიანები
ღმერთი ქმნის ფიზიკურ სამყაროს და სიცოცხლეს დედამიწაზე. შემდეგ ქმნის სრულყოფილ კაცსა და ქალს და ულამაზეს ბაღში ასახლებს. ღმერთი მათ მითითებებს აძლევს.
„თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“, — ეს ყველაზე ცნობილი სიტყვებია (დაბადება 1:1). ამ უბრალო, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვებით ბიბლია გვამცნობს, რომ უკიდეგანო სამყაროს, მათ შორის ჩვენი პლანეტის შემოქმედი ყოვლისშემძლე იეჰოვა ღმერთია. შემდეგი მუხლებიდან კი ვიგებთ, რომ გარკვეული პერიოდის, ეგრეთ წოდებული დღეების განმავლობაში, ღმერთმა ბუნების ყველა სასწაული შექმნა და დედამიწა ჩვენთვის საცხოვრებლად მოამზადა.
ღვთის ყველაზე საოცარი ქმნილება ადამიანი იყო. ის ღვთის ანარეკლად შეიქმნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას შეეძლო აერეკლა იეჰოვას თვისებები, მაგალითად სიბრძნე და სიყვარული. ღმერთმა ადამიანი მიწის მტვრისგან შექმნა, ადამი დაარქვა და სამოთხეში, ედემის ბაღში დაასახლა. შემოქმედმა თავად გააშენა ეს ბაღი ულამაზესი და ნაყოფის მომცემი ხეებით.
ღმერთმა დაინახა, რომ ადამს დამხმარე სჭირდებოდა. ამიტომ, მას ნეკნი გამოუღო, მისგან ქალი შექმნა და ადამს მიუყვანა. ის მისი ცოლი გახდა. მოგვიანებით ადამმა მას ევა დაარქვა. ადამმა სიხარულით წამოიძახა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. ღმერთმა თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:22—24; 3:20).
ღმერთმა ადამსა და ევას ორი რამ უბრძანა. პირველი, დაემუშავებინათ დედამიწა, ეზრუნათ მასზე და ის თავიანთი შთამომავლებით აევსოთ. მეორე, ბაღში არსებული ათასნაირი ხიდან მხოლოდ ერთი ხის ნაყოფი არ ეჭამათ. ეს იყო „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“ (დაბადება 2:17). ისინი მოკვდებოდნენ, თუ ამ ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ. მაგრამ, თუ დაემორჩილებოდნენ, დაამტკიცებდნენ, რომ ღმერთს თავიანთ მმართველად მიიჩნევდნენ. მორჩილება იმის მაჩვენებელიც იქნებოდა, რომ უყვარდათ ღმერთი და მისი მადლიერნი იყვნენ. ღვთის ბრძანების შესრულება მათ არ უნდა გასჭირვებოდათ, რადგან ყოველმხრივ უნაკლოები იყვნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31).