მკითხველთა შეკითხვები
სად იქნებიან დემონები ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს?
ბიბლია პირდაპირ არ სცემს ამ კითხვაზე პასუხს. თუმცა მსჯელობის შედეგად შეგვიძლია ლოგიკურად დავასკვნათ, თუ სად იქნებიან დემონები ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს.
როდესაც იოანე მოციქულმა აღწერა ხილვა, თუ რა მოხდებოდა ათასი წლის დასაწყისსა და ბოლოს, თქვა: „ვიხილე ციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა ხელში. შეიპყრო დრაკონი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებოჭა იგი ათასი წლით. ჩააგდო ის უფსკრულში, რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ ათასი წელი არ დასრულდება. ამის შემდეგ კი ცოტა ხნით უნდა გათავისუფლდეს“ (გამოცხადება 20:1—3). ამ მუხლებში საუბარია მხოლოდ სატანის უფსკრულში ჩაგდებისა და საბოლოოდ მისი მცირე ხნით განთავისუფლების შესახებ. თუმცა იოანე არაფერს ამბობს დემონებზე, გონივრულია ვიფიქროთ, რომ ანგელოზი — დიდებით მოსილი იესო ქრისტე — რომელსაც ხელში უპყრია უფსკრულის გასაღები, არა მარტო ეშმაკს შეიპყრობს და უფსკრულში ჩააგდებს, არამედ დემონებსაც (გამოცხადება 9:11).
1914 წელს ზეცაში გამეფების შემდეგ იესო ქრისტემ დიდი დარტყმა მიაყენა სატანასა და მის დემონებს. გამოცხადების 12:7—9-ში ვკითხულობთ: „ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები [დემონები], მაგრამ ვერ სძლია დრაკონმა და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ზეცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი.“ მას შემდეგ სატანა და მისი დემონები დედამიწაზე იმყოფებიან. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იესო ქრისტე როდესაც შეზღუდავს სატანის საქმიანობას და გაათავისუფლებს დედამიწას ბოროტებისგან, მსგავსად მოექცევა დემონებსაც.
განვიხილოთ აგრეთვე ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველება. ის ამბობს: „ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15). გველის თავის გაჭეჭყვა გულისხმობს სატანის უფსკრულში ყოფნას ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს. წინასაწარმეტყველებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ მტრობა ჩამოვარდება სატანის თესლს ანუ შთამომავალსა და მას შორის, ვინც თავს გაუჭეჭყავს სატანას. სატანის შთამომავლის ანუ ორგანიზაციის უხილავ ნაწილს წარმოადგენენ ბოროტი ანგელოზები ანუ დემონები. ამგვარად, გონივრულია დავასკვნათ, რომ იესო როდესაც უფსკრულში ჩააგდებს სატანას, მსგავსად მოექცევა დემონებსაც. ის, რომ ბოროტ სულებს აკანკალებთ უფსკრულის ხსენებაზე, იმაზე მეტყველებს, რომ მათ იციან მოახლოებული შეზღუდვის შესახებ (ლუკა 8:31).
შესაძლოა ვიფიქროთ, რომ გამოცხადების 20:1—3-ში დემონები იმიტომ არ არიან მოხსენიებულნი, რომ ისინი არმაგედონში განადგურდებიან სატანის შთამომავლის ხილულ ნაწილთან ერთად? ბიბლიაში ამ საკითხზე პირდაპირ არაფერია ნათქვამი. აი რას ამბობს ის სატანის საბოლოო განაჩენის შესახებ: „ეშმაკი კი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებოდნენ. ისინი დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“ (გამოცხადება 20:10). მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი არიან პოლიტიკური ორგანიზაციები და სატანის ხილული ორგანიზაციის ნაწილს წარმოადგენენ (გამოცხადება 13:1, 2, 11—14; 16:13, 14). ისინი განადგურდებიან არმაგედონში, როდესაც ღვთის სამეფო შემუსრავს და დააქცევს მსოფლიოში არსებულ ყველა სამეფოს (დანიელი 2:44). ბიბლიაში საუბარია „მარადიულ ცეცხლზე, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული“ (მათე 25:41). სატანა და მისი დემონები ჩაყრილ იქნებიან იმავე „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“, რომელშიც მხეცსა და ცრუწინასწარმეტყველს ჩააგდებენ, რათა მარადიულად განადგურდნენ. თუ სატანის შთამომავლის უხილავი ნაწილი — დემონები, რომლებსაც მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე სატანის შთამომავლის ხილულ ნაწილს, განადგურდებიან არმაგედონში, ისინი აუცილებლად იქნებოდნენ მოხსენიებულნი მხეცთან და ცრუწინასწარმეტყველთან ერთად სიმბოლური ტბის შესახებ წინასწარმეტყველებაში. ის, რომ გამოცხადების 20:10-ში დემონებზე არაფერია ნათქვამი, იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი არ განადგურდებიან არმაგედონში.
ვინაიდან ბიბლიაში პირდაპირ არ არის ნათქვამი დემონების უფსკრულში ჩაგდების შესახებ, ამიტომ არც უფსკრულიდან მათი განთავისუფლებაა კონკრეტულად მოხსენიებული. მიუხედავად ამისა, მათაც იგივე ელით, რაც ეშმაკს. მას შემდეგ, რაც ათასი წლის ბოლოს დემონები სატანასთან ერთად გათავისუფლდებიან საპყრობილიდან, რათა საბოლოოდ გამოიცადოს კაცობრიობა, ისინი ჩაყრილ იქნებიან ცეცხლის ტბაში და სამუდამოდ განადგურდებიან (გამოცხადება 20:7—9).
აქედან გამომდინარე, თუმცა გამოცხადების 20:1-3-ში ლაპარაკია მხოლოდ სატანის შეპყრობასა და უფსკრულში ჩაგდებაზე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მის ანგელოზებსაც იგივე ელით. ვერც სატანა და ვერც მისი დემონები ხელს ვერ შეუშლიან ღვთის განზრახვას — დედამიწა სამოთხედ გადააქციოს და კაცობრიობა მიიყვანოს სრულყოფილებამდე ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს.