-
ღმერთმა მოიწონა მათი ძღვენიწმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
-
-
აბელი წმინდა თაყვანისმცემლობის ნიმუშს გვაძლევს
10. რატომ შეიძლება ითქვას, რომ აბელი წმინდა თაყვანისმცემლობის ნიმუშს გვაძლევს?
10 აბელმა წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ოთხივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. მან იეჰოვას შესწირა მსხვერპლი, რადგან ესმოდა, რომ მხოლოდ იეჰოვა იმსახურებდა თაყვანისცემას. რაც შეეხება შესაწირავს, ის მართლაც საუკეთესო იყო — „ფარის პირველმოგებული ბატკნები“. ღვთის სიტყვაში არაფერია ნათქვამი, აბელმა შესაწირავი სამსხვერპლოზე შესწირა თუ არა, მაგრამ ფაქტია, მან მსხვერპლი ღვთისთვის მოსაწონი სახით აღავლინა. ათასწლეულების გასვლის შემდეგაც მისი მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ სწორედ შესაწირავის გაღების მოტივი აღმოჩნდა გადამწყვეტი, რის გამოც ღმერთმა მოიწონა მისი მსხვერპლი, რომლის შეწირვისკენაც ის ღვთისადმი რწმენამ და მისი სამართლიანი ნორმების სიყვარულმა აღძრა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
11. რატომ მოიხსენია იესომ აბელი „მართლად“?
11 მოდი გავიხსენოთ, რა თქვა იესომ აბელზე, რომელსაც კარგად იცნობდა, რადგან ჯერ კიდევ ზეციდან იგი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა მას და ხედავდა, რას აკეთებდა დედამიწაზე (იგავ. 8:22, 30, 31; იოან. 8:58; კოლ. 1:15, 16). ამიტომ იესოს თავისუფლად შეეძლო აბელისთვის „მართალი“ ეწოდებინა (მათ. 23:35). „მართლად“ შეიძლება მოვიხსენიოთ ის, ვინც აღიარებს, რომ მხოლოდ იეჰოვას აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის სწორი და რა — არასწორი. მეტიც, ასეთი ადამიანი სიტყვითა თუ საქმით ამტკიცებს ამას (შეადარეთ ლუკას 1:5, 6). ვინაიდან დროა საჭირო მართალი ადამიანის სახელის მოსაპოვებლად, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ვიდრე აბელი ღმერთს მსხვერპლს შესწირავდა, მანამდე უკვე ცხოვრობდა მისი ნორმების თანახმად. თუმცა იეჰოვას სამართლიანი ნორმების აღიარება არცთუ ისე ადვილი იქნებოდა. აბელის უფროსი ძმა კაენი მასზე კეთილისმყოფელ გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენდა, რადგან კაენს ბოროტი გული ჰქონდა (1 იოან. 3:12). რაც შეეხება მის მშობლებს, დედამისმა ღვთის ბრძანება არაფრად ჩააგდო, მამამისი კი იეჰოვას აუმხედრდა და მოინდომა, თავად დაედგინა, რა იყო სწორი და რა — არასწორი (დაბ. 2:16, 17; 3:6). ასე რომ, აბელს დიდი სიმტკიცე დასჭირდებოდა, რომ ოჯახისგან განსხვავებული ცხოვრების გზა აერჩია.
12. რით განსხვავდებოდნენ კაენი და აბელი?
12 ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ მოციქულმა პავლემ რწმენა სიმართლესთან დააკავშირა. მან დაწერა: „რწმენით აბელმა კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა ღმერთს და სწორედ რწმენის გამო დაუდასტურა ღმერთმა, რომ მართალი იყო“ (ებრ. 11:4). პავლეს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ კაენისგან განსხვავებით აბელის საქციელს საფუძვლად ძლიერი რწმენა ედო, რომელიც მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა — ის ყოველთვის აღიარებდა ღვთის სამართლიან მოთხოვნებს და სრულად ენდობოდა მას.
13. რას ვსწავლობთ აბელის მაგალითზე?
13 აბელის მაგალითიდან ვიგებთ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობას სწორი მოტივი უნდა ედოს საფუძვლად. სწორი მოტივი კი იბადება ისეთი ადამიანის გულში, რომელსაც იეჰოვასადმი ძლიერი რწმენა აქვს და ზედმიწევნით იცავს მის სამართლიან ნორმებს. აბელის მაგალითიდან აგრეთვე ვსწავლობთ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში იმაზე მეტი იგულისხმება, ვიდრე ერთხელ თაყვანისცემა; წმინდა თაყვანისმცემლობა მთელ ჩვენს ცხოვრებას უნდა მოიცავდეს.
-