ᲙᲐᲔᲜᲘ
[წარმოშობილი, გაჩენილი]
დედამიწაზე პირველი წყვილის, ადამისა და ევას მიერ გაჩენილი პირველი ბავშვი.
კაენის დაბადების შემდეგ ევამ თქვა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“ (დბ. 4:1). ხომ არ ფიქრობდა ევა, რომ თვითონ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაწინასწარმეტყველები ქალი, რომელიც წარმოშობდა შთამომავალს, კაცობრიობის მხსნელს? (დბ. 3:15). თუ ასე ფიქრობდა, ძალიან ცდებოდა. თუმცა მას დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ „იეჰოვას შეწევნით“ გააჩინა კაენი, რადგან ღმერთმა არ წაართვა ცოდვილ ადამსა და ევას გამრავლების უნარი და ევას განაჩენის გამოტანისას უთხრა, რომ „მშობიარობის ტკივილებით“ გააჩენდა შვილებს (დბ. 3:16).
კაენი მიწათმოქმედი გახდა. გავიდა ხანი. კაენმა და მისმა უმცროსმა ძმამ, აბელმა იეჰოვასთვის შესაწირავი მიიტანეს, რადგან ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვების საჭიროებას გრძნობდნენ. მაგრამ კაენის მიერ შესაწირავად მიტანილი „მიწის ნაყოფი“ იეჰოვამ „არ მოიწონა“ (დბ. 4:2—5; შდრ. რც. 16:15; ამ. 5:22). ამის მიზეზს ზოგი იმით ხსნის, რომ ბიბლია კაენის შესაწირავს საუკეთესო ნაყოფად არსად მოიხსენიებს, მაშინ როცა აბელის შესაწირავზე დაკონკრეტებულია, რომ ის იყო მისი „ფარის პირველმოგებულიდან, ქონთან ერთად“. მაგრამ პრობლემა ნაყოფის ვარგისიანობა არ ყოფილა. როგორც ებრაელების 11:4-ში წერია, აბელის მსხვერპლი იმიტომ იყო მისაღები, რომ რწმენით იყო შეწირული, კაენს კი რწმენა აკლდა. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ მოიწონა ღმერთმა კაენის შესაწირავი, შეიძლებოდა ის ყოფილიყო, რომ მსხვერპლი სისხლს არ შეიცავდა, მაშინ როცა აბელის მსხვერპლით წარმოდგენილი იყო სიცოცხლე.
ბიბლიაში არსად წერია, როგორ მოიწონა ან დაიწუნა ღმერთმა მათი შესაწირავები, მაგრამ ეს ორივესთვის აშკარა იყო. გულთამხილავმა იეჰოვამ (1სმ. 16:7; ფს. 139:1—6) იცოდა კაენის არასწორი დამოკიდებულება, რაც მაშინ გამოაშკარავდა, როცა ღმერთმა არ მოიწონა მისი მსხვერპლი. ახლა კაენი უკვე აშკარად ავლენდა „ხორცის საქმეებს“ — მტრობას, დავას, ეჭვიანობასა და რისხვას (გლ. 5:19, 20). იეჰოვამ დაანახვა ამ პირქუშ ადამიანს, რომ კარგის კეთების შემთხვევაში კურთხევა არ მოაკლდებოდა. მას უნდა მიებაძა თავისი ძმის კარგი საქციელისთვის და თავი დაემდაბლებინა, მაგრამ მან უგულებელყო ღვთის რჩევა, ებატონა ცოდვილ სურვილზე, რომელიც კართან იყო ჩასაფრებული და მისკენ ისწრაფოდა (დბ. 4:6, 7; შდრ. იაკ. 1:14, 15). ასეთი უპატივცემულობა „კაენის გზა“ იყო (იუდ. 11).
კაენმა თავის ძმას უთხრა: „წამო, მინდორში წავიდეთ“ (დბ. 4:8) (ეს სიტყვები არ გვხვდება მასორულ ტექსტში; რამდენიმე ებრაულ მანუსკრიპტში ამ ადგილას დასმულია გამოტოვების ნიშანი, ხოლო სამარიულ ხუთწიგნეულში, ბერძნულ სეპტუაგინტაში, სირიულ ფეშიტასა და ძველ ლათინურ ტექსტებში გვხვდება ეს სიტყვები). კაენი მინდორში თავს დაესხა აბელს, მოკლა და, ამგვარად, პირველი მკვლელი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ის „ბოროტისგან იყო“, რომელიც კაცისმკვლელებისა და სიცრუის მამაა (1ინ. 3:12; ინ. 8:44). კაენის უხეში პასუხიდან იეჰოვას კითხვაზე, თუ სად იყო აბელი, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი დამოკიდებულება. მის სიტყვებში სინანული და სინდისის ქენჯნა კი არ ჩანდა, არამედ სიცრუე: „მე რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?!“ (დბ. 4:9).
ღვთის განაჩენი, რომ კაენი განდევნილი უნდა ყოფილიყო იმ მიწიდან, როგორც ჩანს, ნიშნავდა ედემის ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან მის გაძევებას. ამიტომ მიწასთან დაკავშირებული წყევლა კაენის შემთხვევაში უფრო სასტიკი იქნებოდა, რადგან მიწა ნაყოფს არ მისცემდა. კაენს სასჯელის სიმკაცრე ადარდებდა და წუხდა, რომ აბელის მკვლელობისთვის შეიძლებოდა ვინმეს შური ეძია, თუმცა დანაშაულს გულწრფელად არ ინანიებდა. იეჰოვამ „ნიშანი დაადო კაენს“, რომ არ მოეკლათ, მაგრამ ბიბლიიდან არ ჩანს, იყო თუ არა ეს ნიშანი გარეგნული. „ნიშანში“, როგორც ჩანს, იგულისხმებოდა ღვთის განკარგულება, რომელიც ყველასთვის ცნობილი იყო და მას ყველა უნდა დამორჩილებოდა (დბ. 4:10—15; შდრ. 24-ე მუხლი, რომელშიც ამ განკარგულებას ლამექი მოიხსენიებს).
კაენი დასახლდა „ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით“, თან წაიყვანა ცოლი, ადამისა და ევას შვილი ან შვილიშვილი, რომლის სახელიც უცნობია (დბ. 4:16, 17; შდრ. დბ. 5:4; აგრეთვე დბ. 20:12, სადაც ნათქვამია, რომ აბრაამი დაქორწინდა თავის ნახევარდაზე, სარაზე). თავისი ვაჟის, ენოქის დაბადების შემდეგ კაენმა „ქალაქის მშენებლობა დაიწყო“ და ქალაქს მისი სახელი უწოდა. ჩვენი გადასახედიდან ეს ქალაქი შეიძლებოდა გამაგრებული სოფლის მსგავსი ყოფილიყო. უცნობია, როდის დასრულდა მისი მშენებლობა. კაენის შთამომავლები ნაწილობრივ არიან მოხსენიებულნი ბიბლიაში. მათგან ზოგიერთებმა სახელი გაითქვეს, როგორც მომთაბარე მესაქონლეებმა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დამკვრელებმა და ლითონის იარაღის მჭედლებმა, ზოგი კი მრავალცოლიანობითა და ძალადობით გახდა ცნობილი (დბ. 4:17—24). კაენის საგვარეულო ხაზი ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის დროს განადგურდა.