ღვიძლი ძმები, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ
მშობლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება აშკარად მოქმედებს შვილებზე. დღეს ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც წარსულში ედემის ბაღში იყო. ადამისა და ევას ამბოხებამ ღრმა კვალი დაამჩნია მთელ კაცობრიობას (დაბადება 2:15, 16; 3:1—6; რომაელთა 5:12). მიუხედავად ამისა, თითოეულს გვეძლევა შემოქმედთან კარგი ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობა, თუკი მოვისურვებთ. ამას თვალსაჩინოდ ცხადყოფს კაცობრიობის ისტორიაში პირველი ძმების, კაენისა და აბელის, შესახებ ჩანაწერები.
ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, ესაუბრებოდა თუ არა ღმერთი მათ ედემის ბაღიდან გამოძევების შემდეგ. და მაინც, ადამისა და ევას შვილებთან საუბარს იეჰოვამ თავი არ აარიდა. ცხადია, აბელსა და კაენს მშობლებისგან გაგებული ექნებოდათ, რაც ედემის ბაღში მოხდა. ისინი ხედავდნენ, რომ ღმერთმა ედემს „ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ (დაბადება 3:24). ეს მამაკაცები ღვთის განაცხადის ჭეშმარიტებაშიც დარწმუნდებოდნენ, რომ ოფლისღვრა და ტანჯვა ნამდვილად იქნებოდა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი (დაბადება 3:16, 19).
კაენისა და აბელისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ის სიტყვები, რომელიც იეჰოვამ უთხრა გველს: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე“ (დაბადება 3:15). ის, რაც კაენმა და აბელმა იეჰოვას შესახებ იცოდნენ, ღმერთთან მოსაწონი ურთიერთობის განვითარების საშუალებას იძლეოდა.
იეჰოვას მიერ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებაზე დაფიქრებითა და ამ მოსიყვარულე, მწყალობელი ღვთის თვისებებზე დაკვირვებით, კაენსა და აბელს სურვილი უნდა გასჩენოდათ, ღვთისმოსაწონნი ყოფილიყვნენ. მაგრამ რამდენად უნდა ჰქონოდათ მათ ამის სურვილი? იმდენად, რომ უნდა დაეკმაყოფილებინათ ღვთის თაყვანისცემის თანდაყოლილი მოთხოვნილება და მისადმი რწმენის გამოვლენით სულიერად გაზრდილიყვნენ (მათე 5:3).
ძმებს შესაწირავები მიაქვთ
გარკვეული დროის შემდეგ კაენმა და აბელმა ძღვენი მიართვეს ღმერთს. კაენმა მიწის — ნაყოფი, აბელმა კი — თავისი ფარის ნათავარი (დაბადება 4:3, 4). ეს მამაკაცები, შესაძლებელია, იმ დროს უკვე 100 წელს მიღწეულები იყვნენ, რადგან ადამი 130 წლის იყო, როცა შეთი შეეძინა (დაბადება 4:25; 5:3).
მათი შესაწირავები იმის მაჩვენებელი იყო, რომ კაენსა და აბელს გათვითცნობიერებული ჰქონდათ თავიანთი ცოდვილი მდგომარეობა და ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდნენ. ისინი, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ იეჰოვას დანაპირებზე გველსა და დედაკაცის თესლთან დაკავშირებით. ბიბლიაში არ არის ნათქვამი, თუ რამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდათ კაენსა და აბელს იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად. მაგრამ ღვთის რეაქცია მათ ძღვენთან დაკავშირებით, ნათელს ჰფენს თითოეული მათგანის სულის სიღრმეში ჩამარხულ აზრებს.
ზოგი სწავლულის აზრით, ევას კაენი ის „თესლი“ ეგონა, რომელიც გველს თავს გაუჭეჭყავდა, რადგან კაენის დაბადებისას მან თქვა: „კაცი შემეძინა უფლისაგან“ (დაბადება 4:1). თუ კაენიც იგივე აზრს იზიარებდა, ძალიან ცდებოდა. აბელმა კი რწმენით შესწირა მსხვერპლი. მაშასადამე, „რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი“ (ებრაელთა 11:4).
ძმებს ერთმანეთისგან მხოლოდ ის არ განასხვავებდა, რომ აბელს კაენზე უკეთესი სულიერი ხედვა ჰქონდა. განსხვავება მათ განწყობილებაშიც გამოჩნდა. ამიტომაც, „მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა“. შესაძლებელია, კაენი მთელი სერიოზულობით არ მოეკიდა შესაწირავს და ზერელედ შესწირა ღმერთს. ამიტომაც, ღმერთმა არ მოუწონა ფორმალური თაყვანისცემა. კაენს ბოროტი გული ჰქონდა და იეჰოვამ დაინახა, რომ მას არასწორი მოტივები ამოძრავებდა. კაენის რეაქციაში, როდესაც ღმერთმა უარყო მისი შესაწირავი, ზუსტად გამოვლინდა მისი გულის ნადები. ნაცვლად იმისა, რომ თვალსაზრისი შეესწორებინა „ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა“ (დაბადება 4:5). მის საქციელში ჩანდა, რომ ბოროტი აზრები და სურვილები ჰქონდა.
გაფრთხილება და რეაქცია
ღმერთმა იცოდა კაენის თვალსაზრისი და ურჩია: „რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (დაბადება 4:6, 7).
ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილია. ფაქტობრივად, კართან ცოდვაა ჩასაფრებული, რომ გვშთანთქას. თუმცა ღმერთმა ნების თავისუფლებით დაგვაჯილდოვა და შეგვიძლია ავირჩიოთ ის, რაც სწორია. იეჰოვამ კაენს ‘სიკეთის კეთებისკენ’ მოუწოდა, თუმცა ძალა არ დაუტანებია. კაენმა თავად აირჩია, რაც სურდა.
ბიბლია განაგრძობს: „უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა“ (დაბადება 4:8). ასე გახდა კაენი ურჩი და სასტიკი მკვლელი. იეჰოვას შეკითხვაზე: „სად არის შენი ძმა აბელი?“, ოდნავადაც არ შეაწუხა სინდისმა. პირიქით, უგულოდ და თავხედურად მიუგო: „არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?“ (დაბადება 4:9). ამ აშკარა ტყუილსა და პასუხისმგებლობის უარყოფაში კაენის უგულობა გამოჩნდა.
იეჰოვამ დასწყევლა კაენი და ედემის მიდამოებიდან გააძევა. როგორც ჩანს, მანამდე მიწასთან დაკავშირებით წარმოთქმული წყევლა უფრო მეტად კაენს შეეხებოდა და მიწა აღარ გამოიღებდა ნაყოფს. ის დევნილი და მიუსაფარი უნდა ყოფილიყო. კაენი, მისთვის გამოტანილ მკაცრ სასჯელთან დაკავშირებით გამოთქმული ჩივილით გულწრფელად კი არ ინანიებდა ცოდვას, არამედ იმაზე დარდობდა, რომ აბელის მკვლელობისთვის ვინმე შურს იძიებდა მასზე. იეჰოვამ „ნიშანი“ დაადო კაენს, რაც, ალბათ, სერიოზული ბრძანება იყო სხვებისთვის, რომლებიც ემორჩილებოდნენ მას და თავს იკავებდნენ შურისგებისგან (დაბადება 4:10—15).
შემდეგ „გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით“ (დაბადება 4:16). მან ცოლად მოიყვანა თავისი ერთ-ერთი და, ან ძმისწული და ააშენა ქალაქი, რომელსაც თავისი პირმშოს, ენოქის, სახელი უწოდა. კაენის შთამომავალი ლამექიც, თავისი უღვთო წინაპრების მსგავსად, ძალადობის გზას მიჰყვებოდა. მაგრამ კაენის საგვარეულო ხაზი ნოეს დროს მომხდარი წარღვნის დროს განადგურდა (დაბადება 4:17—24).
გაკვეთილი ჩვენთვის
კაენისა და აბელის ისტორია, შეიძლება ჩვენთვის მაგალითი იყოს. მოციქული იოანე მოუწოდებს ქრისტიანებს, უყვარდეთ ერთმანეთი „ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა“. კაენის „საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა — მართალი“. იოანე იმასაც ამბობს: „ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია“. დიახ, ის, თუ როგორ ვეპყრობით თანაქრისტიანებს, გავლენას ახდენს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობასა და მომავალზე. შეუძლებელია, გვძულდეს რომელიმე თანამორწმუნე და ამავდროულად ღვთის კეთილგანწყობილებით ვსარგებლობდეთ (1 იოანე 3:11—15; 4:20).
კაენი და აბელი ერთნაირად აღიზარდნენ, მაგრამ კაენს ღვთისადმი რწმენა აკლდა. სინამდვილეში, მან ეშმაკის სული გამოავლინა, რომელიც პირველი „კაცისმკვლელი და სიცრუის მამა“ იყო (იოანე 8:44). კაენის ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ყველას გვაქვს არჩევნის გაკეთების უფლება; ის, ვინც ცოდვის ქმნას ირჩევს, ღვთისგან გაუცხოებული ხდება; ამავე დროს, იეჰოვა განაჩენს გამოუტანს მოუნანიებელ შემცოდველებს.
აბელმა კი იეჰოვასადმი რწმენა გამოავლინა. მართლაც, „რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში აბელის მიერ ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ გვხვდება, თავისი სამაგალითო რწმენით ის „კვლავ ლაპარაკობს“ (ებრაელთა 11:4).
აბელი პირველი იყო უმწიკვლობის დამცველთა გრძელ სიაში. მისი სისხლი, რომელიც „მიწიდან შეჰღაღადებს იეჰოვას“, დავიწყებული არ არის (დაბადება 4:10; ლუკა 11:48—51). თუ აბელის მსგავსად გამოვავლენთ რწმენას, ჩვენც შევძლებთ იეჰოვასთან ძვირფასი და ხანგრძლივი ურთიერთობის განვითარებას.
[ჩარჩო 22 გვერდზე]
მიწათმოქმედი და მწყემსი
ღმერთმა ადამს დასაწყისშივე დაავალა მიწის დამუშავება და ცხოველებზე ზრუნვა (დაბადება 1:28; 2:15; 3:23). მისი ვაჟი კაენი მიწათმოქმედი იყო, აბელი კი — მწყემსი (დაბადება 4:2). რადგან წარღვნამდე ადამიანის კვების რაციონი მხოლოდ ხილ-ბოსტნეულით შემოიფარგლებოდა, რისთვისღა უნდა მოეშენებინათ ცხვარი? (დაბადება1:29; 9:3, 4).
ცხვარი რომ ჯანსაღი ყოფილიყო, ადამიანისგან ზრუნვას საჭიროებდა. აბელის საქმიანობა ამტკიცებს, რომ ადამიანს კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ჰყავდა მოშენებული ეს უწყინარი ცხოველი. ბიბლია არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, იყენებდნენ თუ არა საკვებად წარღვნამდელი ადამიანები ცხოველის რძეს, მაგრამ ცხვრის მატყლზე ვეგეტარიანელებიც კი არ ამბობდნენ უარს. ცხვრის სიკვდილის შემთხვევაში, მისი ტყავი მეტად საჭირო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მაგალითად, იეჰოვამ ადამსა და ევას სიშიშვლის დასაფარად „ტყავის სამოსელი“ მისცა (დაბადება 3:21).
ნებისმიერ შემთხვევაში გონივრულია, დავასკვნათ, რომ კაენი და აბელი დასაწყისში ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. ისინი იმ პროდუქციას აწარმოებდნენ, რომლებიც საჭირო იყო ოჯახის წევრების გამოსაკვებად და შესამოსად.
[სურათი 23 გვერდზე]
კაენის „საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა — მართალი“.