ლამექი
1. მეთუშაელის ვაჟი და კაენის შთამომავალი (დბ. 4:17, 18); ის მოესწრო ადამს. ლამექს ჰყავდა ორი ცოლი, ადა და ცილა. ბიბლიაში მოხსენიებულთაგან ის პირველი მრავალცოლიანი მამაკაცია (დბ. 4:19). ადასგან მას შეეძინა იაბალი, რომლისგანაც „წამოვიდნენ კარვებში მცხოვრებნი და მესაქონლეები“, და იუბალი, რომლისგანაც „წამოვიდა ყველა მექნარე და მესტვირე“ (დბ. 4:20, 21). ცილასგან ლამექს შეეძინა თუბალ-კაენი, „სპილენძისა და რკინის ყოველგვარი იარაღის მჭედელი“, და მისი და ნაამა (დბ. 4:22).
ცოლებისთვის ლამექის შეთხზული ლექსიდან (დბ. 4:23, 24) ჩანს იმ დროს გამეფებული ძალადობის სული. მან თქვა: „ისმინეთ ჩემი ხმა, ლამექის ცოლებო, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს: კაცი მოვკალი, რომელმაც დამჭრა, ახალგაზრდა, რომელმაც დამარტყა. თუ კაენისთვის შვიდჯერ მიეზღვებათ, ლამექისთვის შვიდჯერ და კიდევ სამოცდაათჯერ“. როგორც ჩანს, ამით ლამექი თავს იცავდა და ამბობდა, რომ კაენივით განზრახ არ მოუკლავს. ის ამბობდა, რომ თავდაცვის მიზნით მოკლა კაცი, რომელმაც დაარტყა და დაჭრა. აქედან გამომდინარე, მისი ლექსი ხელშეუხებლობის თხოვნა იყო, რათა ვინმეს შური არ ეძია.
როგორც ჩანს, წარღვნის დროს განადგურდა კაენის ყველა შთამომავალი, მათ შორის ლამექის შთამომავლებიც.
2. შეთის შთამომავალი; მეთუშალახის ვაჟი და ნოეს მამა (დბ. 5:25, 28, 29; 1მტ. 1:1—4); ეს ლამექიც მოესწრო ადამს. მას სწამდა ღმერთი. თავისი ვაჟისთვის ნოეს (შესაძლოა ნიშნავს დასვენებას, ნუგეშს) დარქმევის შემდეგ მან თქვა: „ნუგეშისცემით შეგვიმსუბუქებს შრომასა და ტანჯვას, რადგან დასწყევლა მიწა იეჰოვამ“ (დბ. 5:29). ეს სიტყვები მაშინ შესრულდა, როცა ნოეს დღეებში მიწასთან დაკავშირებული წყევლა გაუქმდა (დბ. 8:21). ლამექს სხვა ვაჟები და ასულებიც ჰყავდა. ის 777 წლისა მოკვდა, წარღვნამდე ხუთი წლით ადრე (დბ. 5:30, 31). მისი სახელი მოხსენიებულია ლუკას 3:36-ში, იესო ქრისტეს გენეალოგიაში.