ჩანაწერები წარღვნის შესახებ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?
იესომ იწინასწარმეტყველა მოვლენები, რომელთა საშუალებითაც ცხადი გახდებოდა, რომ ის მოსულია და ამ სისტემის აღსასრული მოახლოებულია. ამ დროს მან აღნიშნა: „როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:3, 37). როგორც ვხედავთ, იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ნოეს დროს მომხდარსა და დღევანდელ მოვლენებს შორის გარკვეული მსგავსებაა. ამიტომაც ნოეს დღეების შესახებ ნებისმიერი სანდო და ზუსტი ინფორმაცია ჩვენთვის ფასდაუდებელი განძი იქნებოდა.
არის კი ნოეს ჩანაწერები ასეთი განძი? ნამდვილი ისტორიული დოკუმენტია ის? შეგვიძლია მისი საშუალებით განვსაზღვროთ, როდის მოხდა წარღვნა?
როდის მოხდა წარღვნა?
ბიბლიაში ინფორმაცია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის მოცემული, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ზუსტად გადავითვალოთ წლები კაცობრიობის არსებობის დასაწყისამდე. დაბადების 5:1—29-ში ჩაწერილია გენეალოგია, რომელიც პირველი ადამიანიდან, ადამიდან, ნოეს დაბადებამდე პერიოდს მოიცავს. წარღვნა „ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს“ დაიწყო (დაბადება 7:11).
წარღვნის დაწყების თარიღის დასადგენად, საჭიროა წლების ათვლა საყრდენი წერტილიდან დავიწყოთ. ესე იგი, ათვლა უნდა დავიწყოთ ისეთი თარიღიდან, რომელიც აღიარებულია ისტორიულ წყაროებში და, ამასთანავე, ბიბლიაში აღწერილ კონკრეტულ მოვლენას შეესაბამება. ასეთი ათვლის წერტილიდან შეგვეძლო წლების გადათვლა და იმის განსაზღვრა, თუ, დღეს საყოველთაოდ გავრცელებული გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, როდის მოხდა წარღვნა.
წელთა გამოთვლის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი ძვ. წ. 539 წელია. ეს არის მეფე კიროსის მიერ ბაბილონის აღების თარიღი. კიროსის დროინდელ ისტორიულ წყაროებში შედის ბაბილონური თიხის ფირფიტები და დიოდორეს, იულიუს სექსტუსის, ევსებისა და პტოლემეს ჩანაწერები. კიროსმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც იუდეველთა დარჩენილმა ნაწილმა ბაბილონი დატოვა და ძვ. წ. 537 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს დასრულდა იუდას 70-წლიანი გაპარტახება, რომელიც, ბიბლიის თანახმად, ძვ. წ. 607 წელს დაიწყო. თუ გადავითვლით მსაჯულებისა და ისრაელის მეფეთა მმართველობის პერიოდს, ვნახავთ, რომ ისრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლა ძვ. წ. 1513 წელს მოხდა. ბიბლიურ ქრონოლოგიას შემდეგ მივყავართ 430 წლით ადრე — ძვ. წ 1943 წელს — მომხდარ მოვლენასთან, როდესაც ღმერთმა აბრაამთან შეთანხმება დადო. შემდგომი გამოთვლისთვის მხედველობაში უნდა მივიღოთ, როდის დაიბადნენ და რამდენ ხანს ცოცხლობდნენ თერახი, ნახორი, სერუგი, რეღუ, ფელეგი, ყებერი და შელახი; აგრეთვე არფაქშადი, რომელიც „წარღვნიდან ორი წლის შემდეგ“ დაიბადა (დაბადება 11:10—32). ამგვარად მივალთ წარღვნის დაწყების თარიღამდე, ძვ. წ. 2370 წლამდეa.
წარღვნის დასაწყისი
ნოეს დღეებში მომხდარი მოვლენების განხილვამდე, გთხოვთ, წაიკითხოთ დაბადების მე-7 თავის 11 მუხლიდან მე-8 თავის მე-4 მუხლის ჩათვლით. კოკისპირული წვიმის წამოსვლის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის [ძვ. წ. 2370 წ.] მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს იჩქეფეს უფსკრულის დიდმა წყაროებმა და გაიხსნენ ცის სარკმელნი“ (დაბადება 7:11).
ნოე წელიწადს 12 თვედ ყოფდა. თითოეულ თვეში 30 დღე შედიოდა. ძველ დროში პირველი თვე ჩვენი კალენდრის მიხედვით სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყებოდა. კოკისპირული წვიმა კი წამოვიდა „მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს“ და ძვ. წ. 2370 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 40 დღე-ღამის განმავლობაში გადაუღებლივ წვიმდა.
წარღვნის შესახებ ბიბლიიდან ისიც ვიცით, რომ „ძლიერდებოდა წყალი ას ორმოცდაათი დღე. . . და უკუიქცა წყალი მიწიდან, და დაიწყო კლება წყალმა ას ორმოცდამეათე დღეს. და დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს“ (დაბადება 7:24—8:4). ამგვარად, დედამიწა წყლით მთლიანად იყო დაფარული 150 დღის ანუ 5 თვის განმავლობაში. მაშასადამე, არარატის მთებზე კიდობანი ძვ. წ. 2369 წლის აპრილში გაჩერდა.
ახლა, გთხოვთ წაიკითხოთ დაბადების 8:5—17. მთის მწვერვალები დაახლოებით ორნახევარი თვის (73 დღის) შემდეგ, „მეათე თვის [ივნისი] პირველ დღეს“, გამოჩნდა (დაბადება 8:5)b. სამი თვის (90 დღის) შემდეგ, „ნოეს დაბადებიდან ექვსას მეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს“, ანუ ძვ. წ. 2369 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ნოემ „მოაცილა სახურავი კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი“ (დაბადება 8:13). ერთი თვისა და 27 დღის (57 დღის) შემდეგ, „მეორე თვის [ძვ. წ. 2369 წლის შუა ნოემბერი] ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა მიწა“. ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან მშრალ მიწაზე გადმოვიდნენ. ასე რომ, კიდობანში მათ ერთი მთვარის წელიწადი და ათი დღე (370 დღე) გაატარეს (დაბადება 8:14).
რაზე მეტყველებს მოვლენათა თუ დროის ასე კონკრეტულად და დაწვრილებით აღწერა? მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ებრაელი წინასწარმეტყველი მოსე, რომელმაც, როგორც ჩანს, წიგნი „დაბადება“ უკვე არსებულ ჩანაწერებზე დააფუძნა, ფაქტებს წარმოგვიდგენდა და არა ლეგენდას. ამიტომაც, იმ დროს მომხდარ წარღვნას დღეს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორი იყო წარღვნაზე ბიბლიის სხვა დამწერთა თვალსაზრისი?
ბიბლიაში „დაბადების“ გარდა სხვაგანაც არის მოხსენიებული ნოე და წარღვნა. ქვევით მოყვანილია რამდენიმე მაგალითი:
1) მწიგნობარმა ეზრამ ნოე და მისი ვაჟები (სემი, ქამი და იაფეთი) ისრაელი ერის გენეალოგიაში ჩართო (1 ნეშტთა 1:4—17).
2) ექიმმა და სახარების დამწერმა ლუკამ ნოე იესო ქრისტეს წინაპართა შორის მოიხსენია (ლუკა 3:36).
3) მოციქული პეტრე თანაქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში რამდენიმეჯერ მოიხსენიებს წარღვნას (2 პეტრე 2:5; 3:5, 6).
4) მოციქული პავლე ნოეს იმ დიდ რწმენას მოიხსენიებს, რომელიც მან თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობნის აშენებით გამოავლინა (ებრაელთა 11:7).
განა შეიძლება რაიმე ეჭვი დაიბადოს იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის შთაგონებით ბიბლიის დამწერები „დაბადებაში“ წარღვნის შესახებ მოცემულ ინფორმაციას მომხდარ ფაქტად იღებდნენ? როგორც ვხედავთ, მათ სჯეროდათ, რომ „დაბადებაში“ რეალური მოვლენები იყო აღწერილი.
იესო და წარღვნა
იესო ქრისტე დედამიწაზე ხორციელად მოვლინებამდეც არსებობდა (იგავები 8:30, 31). როდესაც წარღვნა მოხდა, ის ზეცაში სულიერი ქმნილება იყო. აქედან გამომდინარე, ნოესა და წარღვნის რეალურად არსებობის შესახებ მას, ამ მოვლენების თვითმხილველს, უდიდესი ბიბლიური მტკიცების მოცემა შეეძლო. იესომ თქვა: „როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:37—39).
განა იესო ლეგენდას გამოიყენებდა იმისათვის, რომ ამ სისტემის განადგურების შესახებ გავეფრთხილებინეთ? ცხადია, არა! დარწმუნებული ვართ, რომ იესომ იმის რეალური მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ გაანადგურა ღმერთმა ბოროტი სისტემა. წარღვნის დროს ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ნოე და მისი ოჯახი გადარჩა.
„ნოეს დღეებს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს — იესო ქრისტეს, „კაცის ძის მოსვლის“ პერიოდში — მცხოვრებთათვის. როდესაც მსოფლიო მასშტაბით მომხდარი წარღვნის შესახებ ნოეს მიერ დაწვრილებით ჩაწერილ ინფორმაციას ვეცნობით, ვრწმუნდებით, რომ ის ნამდვილად ისტორიული დოკუმენტია და წარღვნის შესახებ „დაბადებაში“ ღვთის შთაგონებით ჩაწერილ ცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ნოემ, მისმა ვაჟებმა და მათმა მეუღლეებმა რწმენა გამოავლინეს და სჯეროდათ, რომ ღმერთი იხსნიდა მათ. იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ რწმენის გამოვლენით ჩვენც შეგვიძლია იეჰოვას მფარველობის ქვეშ მოქცევა (მათე 20:28). უფრო მეტიც, შეგვიძლია იმ ადამიანებს შორის ყოფნის იმედი გვქონდეს, რომლებიც ამ ბოროტი სისტემის აღსასრულს გადაიტანენ — სწორედ ისე, როგორც, ნოეს ჩანაწერების თანახმად, ძველ დროში ის და მისი ოჯახი გადაურჩა უღვთო მსოფლიოს განადგურებას.
[სქოლიოები]
a წარღვნის ხანგრძლივობისა და დაწყების თარიღის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, ტომი I, გვერდები 458—460 (ინგლ.); გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
b „ძველი აღთქმის კეილ-დელიჩის კომენტარში“ (ტომი I, გვერდი 148) ნათქვამია: „როგორც ჩანს, მთაზე კიდობნის გაჩერებიდან 73 დღის შემდეგ გამოჩნდა მთათა მწვერვალები, კერძოდ კი, გარშემორტყმული სომხეთის მთიანეთი“.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
ცხოვრობდნენ კი ისინი ასე დიდხანს?
„იყო ნოეს სრული ხანი ცხრაას ორმოცდაათი წელი და მოკვდა“, — გვამცნობს ბიბლია (დაბადება 9:29). ნოეს პაპამ, მეთუშალახმა, 969 წელი იცოცხლა. არსებული მონაცემების თანახმად, ადამიანთაგან ასე დიდხანს არავის უცოცხლია. ადამსა და ნოეს ერთმანეთისგან ათი თაობა აშორებდა. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 850 წელს აღემატებოდა (დაბადება 5:5—31). მართლა ასე დიდხანს ცხოვრობდნენ ადამიანები იმ შორეულ წარსულში?
ღმერთს თავდაპირველად განზრახული ჰქონდა, რომ ადამიანებს მარადიულად ეცხოვრათ. ადამი, პირველი ადამიანი, ისე იყო შექმნილი, რომ, თუ ღმერთს დაემორჩილებოდა, არასოდეს მოკვდებოდა (დაბადება 2:15—17). სამწუხაროდ, ადამი არ დაემორჩილა ღვთის მითითებას და ეს შესაძლებლობა დაკარგა. ის თანდათანობით უახლოვდებოდა სიკვდილს და 930 წლის შემდეგ დაუბრუნდა მიწას, რომლიდანაც იყო აღებული (დაბადება 3:19; 5:5). პირველმა ადამიანმა ცოდვა და სიკვდილი მემკვიდრეობით ყველა თავის შთამომავალს გადასცა (რომაელთა 5:12).
ადამის პირველი შთამომავლები თავდაპირველ სრულყოფილებასთან უფრო ახლოს იყვნენ. ამიტომაც ბევრად დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე მოგვიანებით დაბადებულები. თუ წარღვნის წინ ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით ათას წლამდე იყო, წარღვნის შემდეგ ის მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, აბრაამმა მხოლოდ ას სამოცდათხუთმეტი წელი იცოცხლა (დაბადება 25:7). ამ ერთგული პატრიარქის სიკვდილიდან დაახლოებით 400 წლის შემდეგ კი წინასწარმეტყველმა მოსემ დაწერა: „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფისა და არარაობისა“ (ფსალმუნები 89:10). ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა დღესაც ასეთივე რჩება.
[ცხრილი⁄სურათები 6, 7 გვერდებზე]
კიროსის ბრძანებულებიდან წარღვნამდე დროის გადათვლა
537 კიროსის ბრძანებულებაc
539 კიროსის მიერ ბაბილონის აღება
68 წელი
607 იუდას 70-წლიანი გაპარტახების დასაწყისი
906 წლის
განმავლობაში
წინამძღოლების,
მსაჯულებისა და
ისრაელის მეფეების
განმგებლობა.
1513 ეგვიპტიდან ისრაელთა გამოსვლა
430 წელი 430-წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც
ისრაელის ძეები ეგვიპტესა და ქანაანში
ცხოვრობდნენ (გამოსვლა 12:40, 41).
1943 აბრაამთან შეთანხმების დადება
205 წელი
2148 თერახის დაბადება
222 წელი
2370 წარღვნის დაწყება
[სქოლიოები]
c ტყვეობიდან იუდეველების გათავისუფლების შესახებ კიროსის ბრძანებულება გამოიცა „სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს“ — როგორც ჩანს, ძვ. წ. 538 წელს ან ძვ. წ. 537 წლის დასაწყისში.