სათანადოდ დააფასეთ თქვენთვის ბოძებული ძღვენი — სიცოცხლე
„სისხლი ქრისტესი . . . განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის“ (ებრაელთა 9:14).
1. რა ცხადყოფს, რომ ძალიან ვაფასებთ სიცოცხლეს?
ვინმეს რომ ეკითხა, თუ რამდენად შეაფასებდით თქვენს სიცოცხლეს, რას უპასუხებდით? ჩვენთვის ძვირფასია სიცოცხლე — როგორც საკუთარი, ისე სხვების. ამას ცხადყოფს ის, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში ექიმთან მივდივართ, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად რეგულარულად გავდივართ სამედიცინო შემოწმებას. გვინდა, რომ ვიცოცხლოთ და ჯანმრთელები ვიყოთ. ხანში შესულთა ან ინვალიდთა უმეტესობასაც კი არ სურს სიკვდილი; მათი სურვილია, იცოცხლონ.
2, 3. ა) რომელ ვალდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას იგავების 23:22? ბ) რა კავშირი აქვს ღმერთთან იმ ვალდებულებას, რომელიც იგავების 23:22-შია მოხსენიებული?
2 ის, თუ რამდენად აფასებთ სიცოცხლეს, სხვებთან თქვენს ურთიერთობაზე აირეკლება. მაგალითად, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და აბუჩად ნუ აიგდებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება იგი“ (იგავები 23:22). „უსმინე“-ში სიტყვების მხოლოდ ყურით აღქმა არ იგულისხმება; ეს იგავი მოგიწოდებთ, ყურადღებით მოისმინოთ ნათქვამი, შემდეგ კი მორჩილად შეასრულოთ, რაც გითხრეს (გამოსვლა 15:26; მეორე რჯული 7:12; 13:18; 15:5; იესო ნავეს ძე 22:2; ფსალმუნები 80:14). რა საფუძველი მოჰყავს ღვთის სიტყვას იმისათვის, რომ მშობლებს უსმინოთ? მიზეზი მარტო ის არ არის, რომ მშობლები უფროსები არიან ან მეტი გამოცდილება აქვთ. ბიბლიის თანახმად, დედ-მამას პატივი უნდა სცეთ, რადგან ‘მათ გშობეს’. ზოგ ბიბლიაში ეს მუხლი შემდეგნაირად არის ნათარგმნი: „უსმინე მამას, რომელმაც სიცოცხლე მოგცა“. გასაგებია, რომ, თუ აფასებთ სიცოცხლეს, მისი მომცემის წინაშე თავს დავალებულად ჩათვლით.
3 თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხართ, ცხადია, იეჰოვას ცნობთ სიცოცხლის პირველსაწყისად. ‘მისით ცოცხლობთ და მოძრაობთ’, მოქმედებთ და გრძნობთ; ‘ხართ’ და შეგიძლიათ მომავალზე, და მათ შორის მარადიულ მომავალზეც, იფიქროთ (საქმეები 17:28, სსგ; ფსალმუნები 35:10; ეკლესიასტე 3:11). იგავების 23:22-ის თანახმად, მართებულია, მორჩილად ‘ვუსმინოთ’ ღმერთს და სურვილი გვქონდეს, სიცოცხლის შესახებ მისი თვალსაზრისი გავიგოთ; შემდეგ კი შესაბამისად ვიმოქმედოთ, ნაცვლად იმისა, რომ სიცოცხლესთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად სხვა რომელიმე წყაროს მივმართოთ.
დააფასეთ სიცოცხლე
4. როგორ გახდა ცნობილი კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე, რომ აუცილებელია სიცოცხლის დაფასება?
4 კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე იეჰოვამ ყველასთვის ნათელი გახადა, რომ ადამიანებისთვის არ მიუცია სიცოცხლის საკუთარი შეხედულებისამებრ (ან ბოროტად) გამოყენების უფლება. შურითა და რისხვით შეპყრობილმა კაენმა სიცოცხლე მოუსწრაფა უდანაშაულო ადამიანს, თავის ძმას, აბელს. როგორ ფიქრობთ, ჰქონდა კაენს სიცოცხლის ამგვარად ხელყოფის უფლება? ღვთის აზრით — არა. მან პასუხი მოსთხოვა კაენს: „ეს რა ჰქენი! შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან!“ (დაბადება 4:10). ყურადღება მიაქციეთ, რომ აბელის მიწაზე დაღვრილი სისხლით მისი სიცოცხლე იყო წარმოდგენილი; სიცოცხლე, რომელიც ულმობლად იქნა შეწყვეტილი. ეს სისხლი ღმერთს შეჰღაღადებდა და სამაგიეროს მიზღვას სთხოვდა (ებრაელთა 12:24).
5. ა) რა აკრძალა ღმერთმა ნოეს დღეებში და ვის ეხებოდა ეს აკრძალვა? ბ) რა გაგებით იყო ეს აკრძალვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი?
5 წარღვნას მხოლოდ რვა სული გადაურჩა და კაცობრიობის მოდგმა ამჯერად მათგან უნდა გავრცელებულიყო. ღმერთმა თავისი ნების გამოცხადებისას სიცოცხლესა და სისხლთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა იმდროინდელ კაცობრიობას. მან უთხრა, რომ შეეძლოთ ეჭამათ ცხოველების ხორცი, მაგრამ აი, რა აუკრძალა: „ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება საჭმელი იყოს თქვენთვის, როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს. მხოლოდ ხორცს მისი სულითურთ და მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ“ (დაბადება 9:3, 4). ზოგმა იუდეველმა ეს ისე გაიგო, რომ ადამიანებს არ უნდა ეჭამათ ცხოველის ხორცი და სისხლი მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაგრამ დრომ ნათლად აჩვენა, რომ ღმერთმა ამ სიტყვებით აკრძალა სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით სისხლის ჭამა. გარდა ამისა, ღვთის მიერ კაცობრიობისთვის ნოეს მეშვეობით მიცემული მითითება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო სისხლთან დაკავშირებით თავისი განზრახვის განსახორციელებლად; განზრახვისა, რომელიც ადამიანებს მარადიული სიცოცხლის მიღების საშუალებას მისცემდა.
6. როგორ გაამახვილა ღმერთმა ყურადღება სიცოცხლის მნიშვნელოვნებაზე ნოეს მეშვეობით გადმოცემულ სიტყვებში?
6 ღმერთმა განაგრძო: „თქვენს სისხლს მოვიკითხავ ყოველი ცხოველისაგან და ადამიანის ხელისაგან, მისი ძმის ხელისაგან მოვიკითხავ ადამიანის სულს. და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი“ (დაბადება 9:5, 6). როგორც მთელი კაცობრიობისადმი მიმართული ღვთის ამ სიტყვებიდან ხედავთ, ადამიანის სისხლით სიცოცხლეა წარმოდგენილი. შემოქმედი აძლევს ადამიანს სიცოცხლეს და არავის აქვს სისხლით წარმოდგენილი ამ სიცოცხლის წართმევის უფლება. კაენის მსგავსად ვინმე თუ მკვლელობას ჩაიდენს, შემოქმედს აქვს უფლება, ‘მოიკითხოს’ ანუ აზღვევინოს მკვლელს შეწყვეტილი სიცოცხლისთვის.
7. რატომ უნდა დავინტერესდეთ იმით, თუ რა უთხრა ღმერთმა ნოეს სისხლთან დაკავშირებით?
7 ამგვარად, ღმერთმა ადამიანებს სისხლის არასწორად გამოყენება აუკრძალა. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ? რატომ აქვს სისხლთან დაკავშირებით ღმერთს ასეთი თვალსაზრისი? პასუხი დაკავშირებულია ბიბლიის უმნიშვნელოვანეს სწავლებასთან, რომელიც მთელი ქრისტიანული მრწამსის საძირკველია, თუმცა ბევრი რელიგია მას შეგნებულად უგულებელყოფს. რა სწავლებაზეა საუბარი და როგორ ეხება ის თქვენს ცხოვრებას, გადაწყვეტილებებსა თუ საქმეებს?
სისხლი — როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენება?
8. რჯულის თანახმად, რა აკრძალა იეჰოვამ სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით?
8 იეჰოვამ თავის ხალხს რჯულის მიცემისას სიცოცხლესა და სისხლთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდა. პარალელურად ღმერთმა თავისი განზრახვის განსახორციელებლად შემდგომი ნაბიჯიც გადადგა. ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რომ რჯულის თანახმად, ღვთისთვის შესაწირავების — მაგალითად მარცვლეულის, ზეთისა და ღვინის — აღვლენა მოითხოვებოდა (ლევიანები 2:1—4; 23:13; რიცხვნი 15:1—5). აღევლინებოდა ცხოველური შესაწირავიც. ღმერთმა მათ შესახებ თქვა: «ხორციელის სიცოცხლე სისხლშია და მე სამსხვერპლოსათვის მოგეცით, თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის, რადგან სისხლია, სულს რომ განწმედს. ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: „არც ერთი თქვენგანი არ უნდა ჭამდეს სისხლს“». იეჰოვამ დასძინა, რომ, თუ ვინმე, მაგალითად მონადირე ან მიწათმოქმედი, საჭმელად ცხოველს დაკლავდა, მისგან სისხლი უნდა გამოეშვა და მტვრით დაეფარა ეს სისხლი. დედამიწა ღვთის „კვარცხლბეკია“ და სისხლის მიწაზე დაღვრით ადამიანი აღიარებდა, რომ სიცოცხლე სიცოცხლის მომცემს უბრუნდებოდა (ლევიანები 17:11—13; ესაია 66:1).
9. მხოლოდ და მხოლოდ როგორ იყენებდნენ სისხლს რჯულის თანახმად და რა მიზანს ემსახურებოდა ეს?
9 ეს წესი არ ყოფილა, უბრალოდ, რელიგიური რიტუალი, რომელსაც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ყურადღება მიაქციეთ, რატომ არ ჭამდნენ ისრაელები სისხლს? ღმერთმა თქვა: «ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: „არც ერთი თქვენგანი არ უნდა ჭამდეს სისხლს“». რატომ? «მე სამსხვერპლოსთვის მოგეცით [სისხლი], თქვენი სიცოცხლის შენდობისთვის [„გამოსასყიდად“, აქ]». ხედავთ, როგორ გვეხმარება ეს ინფორმაცია იმის უკეთესად გაგებაში, თუ რატომ უთხრა ღმერთმა ნოეს, არ ეჭამათ სისხლი? შემოქმედმა სისხლს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და ერთი განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყო — მისი საშუალებით უნდოდა, ეხსნა მრავალთა სიცოცხლე. სისხლს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ცოდვების დასაფარავად (გამოსასყიდად). ამგვარად, რჯულის თანახმად, ღმერთი სისხლთან დაკავშირებით მხოლოდ იმაზე იძლეოდა ნებას, რომ ის სამსხვერპლოზე დაეღვარათ იმ ისრაელთა სიცოცხლის გამოსასყიდად, რომლებიც იეჰოვას მიტევებას სთხოვდნენ.
10. რატომ იყო შეუძლებელი ცხოველური სისხლით ცოდვების სრული მიტევება, მაგრამ რა შეხსენება ეძლეოდათ ადამიანებს რჯულის თანახმად შესაწირავების მოთხოვნით?
10 სისხლთან დაკავშირებით მსგავსი თვალსაზრისი არსებობს ქრისტიანობაშიც. ღვთის მიერ გათვალისწინებულ რჯულის ამ თავისებურებაზე მიუთითებდა ქრისტიანი მოციქული პავლე, როდესაც წერდა: „თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9:22). პავლემ შემდეგ ნათელი გახადა, რომ რჯულის მოთხოვნის თანახმად, აღვლენილი შესაწირავები ისრაელებს სრულყოფილებს, უცოდველებს, არ ხდიდა. ის წერდა: „მათში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება. ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია“ (ებრაელთა 10:1—4). მიუხედავად ამისა, ასეთი შესაწირავები გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. ისინი ისრაელებს შეახსენებდა, რომ ცოდვილები იყვნენ და სრული მიტევების მისაღებად რაღაც მეტი სჭირდებოდათ. თუ სისხლი, რომლითაც ცხოველის სიცოცხლე იყო წარმოდგენილი, ვერ გადაფარავდა სრულად ადამიანის ცოდვებს, შეიძლებოდა რომელიმე ცოცხალი არსების სისხლით მიღწეულიყო ეს მიზანი?
სიცოცხლის მომცემის პასუხი
11. საიდან ვიცით, რომ ცხოველური შესაწირავების სისხლი რაღაცაზე მიუთითებდა?
11 რჯული მიუთითებდა იმაზე, რაც ღვთის ნების შესასრულებლად ბევრად ეფექტური იქნებოდა. პავლემ დასვა კითხვა: „აბა, რჯული რაღაა?“ და თავადვე გასცა მას პასუხი: „დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და გადაეცა იგი ანგელოზთა მეშვეობით, შუამავლის [მოსეს] ხელით“ (გალატელთა 3:19). მსგავსი აზრი დაწერა პავლემ სხვა წერილშიც: „კანონი მომავალ სიკეთეთა ჩრდილია და არა თვით ეს სიკეთე“ (ებრაელთა 10:1, აქ).
12. როგორ აგებინებდა ადამიანებს თანდათანობით ღმერთი სისხლთან დაკავშირებით თავის განზრახვას?
12 შესაჯამებლად გავიხსენოთ, რომ ნოეს დღეებში ღვთის ნებართვით ადამიანებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ცხოველების ხორცის ჭამის უფლება მიეცათ, მაგრამ არ უნდა ეჭამათ სისხლი. გარკვეული დროის შემდეგ ღმერთმა თქვა: „ხორციელის სიცოცხლე სისხლშია“. მართლაც, მან თავად აირჩია ის, რომ სისხლით სიცოცხლე ყოფილიყო წარმოდგენილი და თქვა: «მე სამსხვერპლოსთვის მოგეცით [სისხლი], თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის [„გამოსასყიდად“, აქ]». მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანები ღვთის განზრახვასთან დაკავშირებით საოცარ დეტალებს გაიგებდნენ. რჯული მომავალ სიკეთეთა ჩრდილი იყო. რომელ სიკეთეთა?
13. რატომ არის იესოს სიკვდილი მნიშვნელოვანი?
13 მოვლენათა განვითარებას იესო ქრისტეს სიკვდილამდე მივყავართ. თქვენთვის ცნობილია, რომ ქრისტე აწამეს და ძელზე გააკრეს. ის ბოროტმოქმედივით მოკლეს. პავლე წერდა: „ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, დროულად მოკვდა უკეთურთათვის . . . ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელთა 5:6, 8). ჩვენთვის სიკვდილით ქრისტემ ჩვენი ცოდვების დასაფარავად გამოსასყიდი გაიღო. გამოსყიდვა ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი სწავლებაა (მათე 20:28; იოანე 3:16; 1 კორინთელთა 15:3; 1 ტიმოთე 2:6). რა კავშირი აქვს ამას სისხლთან თუ სიცოცხლესთან და რა მხრივ გეხებათ ეს თქვენ?
14, 15. ა) როგორ ამახვილებს ყურადღებას ზოგი თარგმანი იესოს სიკვდილზე ეფესელთა 1:7-ში? ბ) რა შეიძლება გამორჩეს მხედველობიდან ადამიანს ეფესელთა 1:7-დან?
14 ზოგიერთი რელიგია ყურადღებას იესოს სიკვდილზე ამახვილებს და მათი მრევლისგან ასეთ სიტყვებს გაიგებთ: „იესო ჩემთვის მოკვდა“. ვნახოთ, როგორ არის ზოგ ბიბლიაში ნათარგმნი ეფესელთა 1:7: „მასში და მისი სიკვდილის მეშვეობით გვაქვს ხსნა, ანუ ჩვენი შეცოდებებისგან გათავისუფლება“ (ფრანკ შაილ ბელინტაინის „ამერიკული ბიბლია“, 1902). „ქრისტეს სიკვდილით ვთავისუფლდებით და მოგვეტევება ჩვენი ცოდვები („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“, 1966). „ქრისტეში მისი სიკვდილისა და მსხვერპლად გაღებული მისი სიცოცხლის მეშვეობით გვაქვს ხსნა; ხსნა, რომელიც ცოდვების მიტევებას ნიშნავს“ (უილიამ ბარკლის „ახალი აღთქმა“, 1969). „ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით მოგვეტევება ცოდვები და ვთავისუფლდებით“ („მთარგმნელის ახალი აღთქმა“, 1973). როგორც ხედავთ, ამ თარგმანებში იესოს სიკვდილზე მახვილდება ყურადღება. იესოს სიკვდილი ხომ მართლაც მნიშვნელოვანია? — შეიძლება თქვას ვინმემ. მაშ, რა აკლია ამ თარგმანებს?
15 თუ თქვენ ასეთ თარგმანებზე იქნებოდით დამოკიდებული, შეიძლებოდა გამოგრჩენოდათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხელს შეგიშლიდათ ბიბლიის კარგად გაგებაში. მსგავს თარგმანებში გამოტოვებულია ეფესელთა 1:7-ის ორიგინალში მოცემული ბერძნული სიტყვა, რომელიც „სისხლს“ ნიშნავს. მრავალ ბიბლიაში, მაგალითად „ახალი ქვეყნიერების თარგმანსა“ და ქართულ თარგმანებში, აზრი ორიგინალთან უფრო არის დაახლოებული: „ვისგანაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით“ (სსგ).
16. რას უნდა გვეუბნებოდეს გამოთქმა „მისი სისხლი“?
16 გამოთქმა „მისი სისხლი“ მრავალმნიშვნელოვანია და ბევრ რამეს უნდა გვეუბნებოდეს. საკმარისი არ იყო მხოლოდ სიკვდილი — თუნდაც სრულყოფილი კაცის, იესოს, სიკვდილი. მან განახორციელა ის, რისი ჩრდილიც რჯული იყო, კერძოდ, გამოსყიდვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. იმ განსაკუთრებულ დღეს კონკრეტული ცხოველები იწირებოდა. შემდეგ მღვდელმთავარი იღებდა გარკვეული ოდენობის სისხლს და კარვის ან ტაძრის წმიდათაწმიდაში შეჰქონდა, სადაც მას ღმერთს წარუდგენდა, თითქოს ღმერთი თავად ყოფილიყო იქ (გამოსვლა 25:22; ლევიანები 16:2—19).
17. როგორ შეასრულა იესომ ის, რის წინასახეც გამოსყიდვის დღე იყო?
17 პავლეს სიტყვების თანახმად, იესომ შეასრულა ის, რის წინასახეც გამოსყიდვის დღე იყო. მოციქულმა მოიხსენია, რომ ისრაელში წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში შედიოდა და სწირავდა სისხლს „თავისთვის და ხალხის უცოდინარობით ჩადენილი ცოდვებისთვის“ (ებრაელთა 9:6, 7, აქ). ამ ნიმუშის თანახმად, სულიერ ქმნილებად მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, იესო თვით ზეცაში შევიდა. როგორც სულს, რომელსაც ხორცი და სისხლი არა აქვს, იესოს შეეძლო წარმდგარიყო „ჩვენთვის ღვთის წინაშე“. რა წარუდგინა მან ღმერთს? ის, რაც წარუდგინა, არ იყო რაიმე ფიზიკური, მაგრამ იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. პავლე განაგრძობს: „ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი . . . არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი . . . წმიდაჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული, მით უმეტეს სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის“. ასე რომ, იესომ ღმერთს თავისი სისხლის ფასი წარუდგინა (ებრაელთა 9:11—14, 24, 28; 10:11—14; 1 პეტრე 3:18).
18. რატომ უნდა იყოს დღეს მცხოვრები ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი ის, რასაც ბიბლია ამბობს სისხლთან დაკავშირებით?
18 ღვთისგან მომდინარე ეს ჭეშმარიტება საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ სიღრმეებს, რაც ბიბლიაში სისხლთან დაკავშირებით არის მოცემული, კერძოდ კი იმას, თუ რატომ აქვს ღმერთს სისხლის მიმართ ისეთი შეხედულება, როგორიც აქვს; რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს სისხლთან დაკავშირებით და რატომ უნდა მოვეკიდოთ პატივისცემით იმ აკრძალვებს, რომლებსაც ღმერთი სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით გვიდგენს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კითხვისას ხშირად შეხვდებით მონაკვეთებს, სადაც „ქრისტეს სისხლია“ მოხსენიებული (იხილეთ ჩარჩო). აქედან ნათლად ჩანს, რომ თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გამოავლინოს რწმენა ‘მისი [ქრისტეს] სისხლისადმი’ (რომაელთა 3:25, აქ). ღვთისგან მიტევების მიღება და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება მხოლოდ ‘მისი [იესოს] სისხლის’ მეშვეობით არის შესაძლებელი (კოლასელთა 1:20). ეს, რა თქმა უნდა, ეხება მათ, ვისთანაც იესომ ზეცაში თანამეფეებად ყოფნის შესახებ განსაკუთრებული შეთანხმება დადო (ლუკა 22:20, 28—30; 1 კორინთელთა 11:25; ებრაელთა 13:20). იგი ეხება დღეს მცხოვრებ „უამრავ ხალხსაც“, რომლებიც მომავალ „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ და მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე სამოთხეში. ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, ისინი ‘ირეცხავენ თავიანთ სამოსს კრავის სისხლით’ (გამოცხადება 7:9, 14).
19, 20. ა) რატომ გადაწყვიტა ღმერთმა სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით აკრძალვების მიცემა და რას უნდა ვგრძნობდეთ ამასთან დაკავშირებით? ბ) რისი გაგება უნდა გვაინტერესებდეს?
19 ცხადია, ღვთის თვალში სისხლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სისხლისადმი ჩვენც ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. შემოქმედს, რომლისთვისაც სიცოცხლე ასე მნიშვნელოვანია, აქვს უფლება, მიუთითოს ადამიანებს, როგორ გამოიყენონ სისხლი. ღმერთი ძალიან ზრუნავს ჩვენს სიცოცხლეზე და ამიტომ გადაწყვიტა, სისხლი განსაკუთრებული სახით გამოეყენებინა; სისხლის მხოლოდ ამგვარად გამოყენება გახდიდა შესაძლებელს ადამიანებისთვის მარადიულ ცხოვრებას. ამისათვის იესოს ძვირფასი სისხლი იყო საჭირო. რა მადლიერები ვართ იეჰოვა ღმერთის, რომ სისხლი — იესოს სისხლი — ჩვენს სასიკეთოდ გამოიყენა და, ამგვარად, ხსნის შესაძლებლობა მოგვცა! აგრეთვე უდიდეს მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ იესოს მიმართ, რომელმაც ჩვენთვის მსხვერპლად საკუთარი სისხლი დაღვარა! ჩვენც ვიზიარებთ მოციქულ იოანეს გრძნობებს, რომელმაც თქვა: „მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან და გაგვხადა ჩვენ სუფევად, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (გამოცხადება 1:5, 6).
20 ჩვენმა ყოვლადბრძენმა ღმერთმა და სიცოცხლის შემოქმედმა დიდი ხანია სისხლს სიცოცხლის ხსნის დანიშნულება მიანიჭა. შეიძლება ვიკითხოთ: რა გავლენა უნდა იქონიოს ამან ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
როგორ უპასუხებდით?
• რისი სწავლა შეგვიძლია სისხლთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისის შესახებ აბელისა და ნოეს ცხოვრებიდან?
• რჯულის თანახმად, რა აუკრძალა ღმერთმა ადამიანებს სისხლთან დაკავშირებით და რატომ?
• როგორ შეასრულა იესომ ის, რისი წინასახეც გამოსყიდვის დღე იყო?
• როგორ შეუძლია იესოს სისხლს ჩვენი სიცოცხლის ხსნა?
[ჩარჩო 16 გვერდზე]
ვის სისხლს შეუძლია სიცოცხლის ხსნა?
«გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი [„ძის“, აქ] სისხლით შეიძინა» (საქმეები 20:28).
„ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით“ (რომაელთა 5:9).
„არ გაგაჩნდათ იმედი და უღმერთონი იყავით წუთისოფელში. ახლა კი თქვენ იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით“ (ეფესელთა 2:12, 13).
„რადგან ღმერთმა მოისურვა, რომ მასში დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე და მისი მეშვეობით შეერიგებინა თავისთან ყოველივე . . . იმით, რომ მშვიდობას დაამყარებდა მის მიერ წამების ბოძზე დაღვრილი სისხლით“ (კოლასელთა 1:19, 20, აქ).
„ამრიგად, ძმანო . . . გვაქვს გაბედულება წმიდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით“ (ებრაელთა 10:19).
„იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა“ (1 პეტრე 1:18, 19).
„თუ ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან“ (1 იოანე 1:7).
„შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან“ (გამოცხადება 5:9).
„გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი . . . გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით“ (გამოცხადება 12:10, 11).
[სურათი 16 გვერდზე]
რჯულის საშუალებით ღმერთმა ცხადყო, რომ სისხლი შეიძლებოდა ცოდვების მისატევებლად გამოყენებულიყო.
[სურათი 17 გვერდზე]
იესოს სისხლის მეშვეობით მრავალთა სიცოცხლის ხსნა არის შესაძლებელი.