ᲐᲑᲠᲐᲐᲛᲘ
[მამა სიმრავლისა]
ეს სახელი იეჰოვამ დაარქვა 99 წლის აბრამს (ნიშნავს: მამა მაღალია), როცა კიდევ ერთხელ გაუმეორა თავისი დაპირება, რომ მისი შთამომავლობა მრავალრიცხოვანი იქნებოდა (დბ. 17:5).
წარმომავლობა და ადრეული ისტორია. აბრაამი სემის ხაზით ნოეს შემდეგ მეათე თაობა იყო და დაიბადა ძვ. წ. 2018 წელს, წარღვნიდან 352 წლის შემდეგ. მართალია, დაბადების 11:26-ში თერახის ძეებს შორის აბრაამი პირველი მოიხსენიება, მაგრამ ის არ იყო პირმშო. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პირველი ვაჟი თერახს 70 წლისას შეეძინა, ხოლო აბრაამი 60 წლის შემდეგ — 130 წლისას (დბ. 11:32; 12:4). როგორც ჩანს, აბრაამი განსაკუთრებული რწმენისა და ბიბლიაში მისი მნიშვნელოვანი როლის გამო მოიხსენიება ძმებს შორის პირველი. მსგავსად, ბიბლიაში ძმებს შორის პირველები არიან მოხსენიებულნი სხვა გამორჩეულად ერთგული მამაკაცები, მაგალითად, სემი და ისაკი (დბ. 5:32; 11:10; 1მტ. 1:28).
აბრაამი ცხოვრობდა ქალდეველთა ქალაქ ურში, შინარის მიწაზე მდებარე აყვავებულ დიდ ქალაქში, რომელიც იმ ადგილთან ახლოს მდებარეობდა, სადაც დღეს ევფრატისა და ტიგროსის შესართავია. ის სამხრ.-აღმ-ით დაახლოებით 240 კმ-ით იყო დაშორებული ერთ დროს ნიმროდის სამეფო ქალაქ ბაბილონიდან, რომელიც დაუმთავრებელი გოდლით გახდა ცნობილი.
აბრაამის დროს ქალაქ ურში ყვაოდა ბაბილონური კერპთაყვანისმცემლობა. ქალაქის მცხოვრებნი ეთაყვანებოდნენ ურის მფარველს, მთვარის ღვთაება სინს (იეს. 24:2, 14, 15). აბრაამს კი თავისი წინაპრების, სემისა და ნოეს მსგავსად, იეჰოვა სწამდა და შედეგად, „ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამის“ სახელი მოიპოვა (რმ. 4:11). ვინაიდან ნამდვილი რწმენა საფუძვლიანი ცოდნიდან მომდინარეობს, აბრაამმა ღვთის შესახებ ცოდნა შესაძლოა სემისგან მიიღო, რომელმაც აბრაამის დაბადების შემდეგ 150 წელი იცოცხლა. აბრაამმა იცოდა იეჰოვას სახელი და მოიხსენიებდა მას, როგორც „უზენაეს ღმერთს, იეჰოვას, ცისა და მიწის შემქმნელს“ და „იეჰოვას, ზეცისა და დედამიწის ღმერთს“ (დბ. 14:22; 24:3).
ხარანში დასახლებამდე, როცა აბრაამი ჯერ კიდევ ურში ცხოვრობდა, იეჰოვამ უთხრა, დაეტოვებინა მეგობრები და ნათესავები და წასულიყო უცხო მიწაზე (სქ. 7:2—4; დბ. 15:7; ნემ. 9:7). ღმერთმა უთხრა, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც მიიყვანდა, მისგან დიდ ხალხს წარმოშობდა. იმ დროს აბრაამს ცოლად ჰყავდა თავისი ნახევარდა სარა, მაგრამ ისინი უშვილოები და ხანში შესულები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამს დიდი რწმენა სჭირდებოდა მორჩილებისთვის, ის დაემორჩილა.
დაახლოებით 200 წლის თერახი, რომელიც ოჯახისთავი იყო, დასთანხმდა აბრაამსა და სარას ამ ხანგრძლივ მოგზაურობაზე. სწორედ ამიტომ ამბობს ბიბლია, რომ მან წაიყვანა ისინი ქანაანში (დბ. 11:31). როგორც ჩანს, უმამო ლოტი, აბრაამის ძმისშვილი, უშვილო ბიძამ და ბიცოლამ იშვილეს და თან წაიყვანეს. ისინი გაემგზავრნენ ჩრდ.-დას-ით და დაახლოებით 960 კმ-ის გავლის შემდეგ მიადგნენ ხარანს, რომელზეც აღმ.-დას-ის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა. ხარანი მდებარეობდა ორი ხევის შეერთების ადგილას, სადაც იქმნებოდა ნაკადული, რომელიც ზამთარში მდინარე ბალიხამდე აღწევდა. ხარანი ბალიხისა და ევფრატის შესართავიდან დაახლოებით 110 კმ-ით ზემოთ იყო. აბრაამი იქ თავისი მამის, თერახის სიკვდილამდე დარჩა (რუკა, ტ. 1, გვ. 330).
ხიზნად ქანაანში. 75 წლის აბრაამმა თავის სახლეულობასთან ერთად გეზი ხარანიდან ქანაანისკენ აიღო, სადაც დარჩენილი ცხოვრების ასი წელი კარვებში გაატარა ხიზნად და მომთაბარედ (დბ. 12:4). მამის, თერახის სიკვდილის შემდეგ აბრაამმა ძვ. წ. 1943 წელს დატოვა ხარანი და გადაკვეთა მდინარე ევფრატი, როგორც ჩანს, იმ თვის მე-14 დღეს, რომელიც მოგვიანებით ნისანის სახელით გახდა ცნობილი (დბ. 11:32; გმ. 12:40—43). ამ დროს ძალაში შევიდა იეჰოვას მიერ აბრაამთან დადებული შეთანხმება და დაიწყო 430-წლიანი ხიზნობის პერიოდი, ვიდრე ისრაელთან კანონის შეთანხმება დაიდებოდა (გმ. 12:40—42; გლ. 3:17).
როგორც ჩანს, აბრაამი თავის ცხვარ-ძროხასთან ერთად დამასკოს გავლით ჩავიდა შექემში (იერუსალიმის ჩრდ.-ით 48 კმ-ში), მორეს დიდი ხეების მახლობლად (დბ. 12:6). იქ იეჰოვა კვლავ გამოეცხადა აბრაამს, გაუმეორა თავისი შეთანხმება და უფრო განავრცო: „შენს შთამომავალს მივცემ ამ მიწას“ (დბ. 12:7). აბრაამმა მხოლოდ ერთი სამსხვერპლო კი არ აუგო იეჰოვას, არამედ ქვეყნის სამხრეთისკენ მიმავალმა სხვა სამსხვერპლოებიც ააგო და მოუხმო იეჰოვას სახელს (დბ. 12:8, 9). დიდი შიმშილობის დროს აბრაამი იძულებული გახდა, დროებით ეგვიპტეში გადასულიყო. თავის გადასარჩენად მან თქვა, რომ სარა მისი და იყო. ფარაონმა ლამაზი სარა თავის სახლში წაიყვანა, რომ ცოლად მოეყვანა, მაგრამ სანამ მასთან დაწვებოდა, იეჰოვამ უკან დააბრუნებინა ის. აბრაამი დაბრუნდა ქანაანში და დაბანაკდა ბეთელსა და აის შორის, სადაც კვლავ მოუხმო „იეჰოვას სახელს“ (დბ. 12:10—13:4).
დიდძალი ცხვარ-ძროხის გამო საჭირო გახდა აბრაამისა და ლოტის ცალ-ცალკე ცხოვრება. ლოტმა იორდანეს წყალუხვი დაბლობი აირჩია, რომელიც „იეჰოვას ბაღივით იყო“ და მოგვიანებით სოდომთან ახლოს დაბანაკდა (დბ. 13:5—13). მას შემდეგ, რაც ღმერთმა დაავალა, რომ მთელი ის მიწა შემოევლო, დასახლდა აბრაამი მამრეს დიდ ხეებს შორის ხებრონში, იერუსალიმის სამხრ. სამხრ.-დას.-ით 30 კმ-ში (დბ. 13:14—18).
როცა ოთხმა მოკავშირე მეფემ ელამელი მეფის, ქედარლაომერის მეთაურობით ხუთი აჯანყებული ქანაანელი მეფე დაამარცხა, მათ სოდომი და გომორაც გაძარცვეს, ლოტი ტყვედ წაიყვანეს და მისი ქონებაც წაიღეს. გაიგო თუ არა ეს აბრაამმა, შეკრიბა მის სახლში გაზრდილი 318 მონა, ძლიერი კაცები. თავის მოკავშირეებთან, ანერთან, ეშქოლთან და მამრესთან ერთად მან ჩრდილოეთით დაახლოებით 300 კმ-ზე სდია მათ და დამასკოს გასცდა. მან იეჰოვას დახმარებით გაცილებით ძლიერი ჯარი დაამარცხა, დაიხსნა ლოტი და მთელი გატაცებული ქონება (დბ. 14:1—16, 23, 24). გამარჯვებულ აბრაამს შეეგება „უზენაესი ღვთის მღვდელი“, მელქისედეკი, რომელიც სალემის მეფეც იყო, და აკურთხა; აბრაამმა „ყველაფრის მეათედი მისცა მას“ (დბ. 14:17—20).
აღთქმული შთამომავლის გამოჩენა. სარა კვლავაც უშვილო იყო და ისე ჩანდა, რომ აბრაამის მემკვიდრეობა დამასკოელ ერთგულ მსახურ ელიეზერს რჩებოდა. თუმცა იეჰოვამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა აბრაამი, რომ მას ცის ვარსკვლავებივით უთვალავი შთამომავალი ეყოლებოდა. „ერწმუნა იგი იეჰოვას და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს“, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წინადაცვეთილი არ იყო (დბ. 15:1—6; რმ. 4:9, 10). ცხოველური შესაწირავით იეჰოვამ ოფიციალური შეთანხმება დაუდო აბრაამს და ისიც გაუმჟღავნა, რომ აბრაამის შთამომავლებს 400 წელიწადს დაჩაგრავდნენ; უფრო მეტიც, მათ დაიმონებდნენ კიდეც (დბ. 15:7—21; იხ. ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐ).
გავიდა ხანი. უკვე ათი წელი იყო, რაც ისინი ქანაანში იყვნენ, მაგრამ სარა კვლავაც უშვილო იყო. ამიტომ სარამ თავისი ეგვიპტელი მოსამსახურე აგარი მიუყვანა აბრაამს, რომ მისი მეშვეობით ჰყოლოდა შვილი. აბრაამი დათანხმდა. ასე რომ, ძვ. წ. 1932 წელს, როცა აბრაამი 86 წლისა იყო, დაიბადა ისმაელი (დბ. 16:3, 15, 16). კიდევ გავიდა ხანი. ძვ. წ. 1919 წელს, როცა აბრაამი 99 წლისა იყო, მათ შორის დადებული განსაკუთრებული შეთანხმების ნიშნად იეჰოვამ უთხრა აბრაამს, რომ მის სახლში ყველა მამაკაცი უნდა წინადაცვეთილიყო. ამ დროს იეჰოვამ შეუცვალა მას სახელი და აბრამის ნაცვლად აბრაამი უწოდა, „რადგან მრავალი ერის მამად“ აქცევდა (დბ. 17:5, 9—27; რმ. 4:11). ამის შემდეგ მალევე სამი ხორცშესხმული ანგელოზი, რომლებიც აბრაამმა იეჰოვას სახელის გამო სტუმართმოყვრულად მიიღო, დაჰპირდა მას, რომ სარა დაორსულდებოდა და მომდევნო წელს ვაჟს გააჩენდა (დბ. 18:1—15).
ეს წელი მოვლენებით იყო აღსავსე. სოდომი და გომორა განადგურდა. აბრაამის ძმისშვილი და მისი ორი ქალიშვილი ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს. აბრაამი და სარა გერარში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ფილისტიმელთა მეფემ სარა თავის სახლში მიაყვანინა. იეჰოვა ჩაერია და სარა სახლში დაბრუნდა; დანიშნულ დროს, ძვ. წ. 1918 წელს, დაიბადა ისაკი, დიდი ხნის დაპირებული შთამომავალი. მაშინ აბრაამი 100 წლისა იყო, სარა კი — 90-ის (დბ. 18:16—21:7). ხუთი წლის შემდეგ, როცა ისაკის ნახევარძმა, 19 წლის ისმაელი დასცინოდა ისაკს, აბრაამი იძულებული გახდა, გაეშვა აგარი და ისმაელი. ამ დროს, ძვ. წ. 1913 წელს, დაიწყო აბრაამის შთამომავლების 400-წლიანი ჩაგვრა (დბ. 21:8—21; 15:13; გლ. 4:29).
აბრაამს რწმენის უდიდესი გამოცდა დაახლოებით 20 წლის შემდეგ შეხვდა. იუდაური ტრადიციის თანახმად, ისაკი იმ დროს 25 წლისა იყო („იუდეველთა სიძველენი“, I, თ. 13, აბზ. 2). აბრაამი დაემორჩილა იეჰოვას და მისი მითითებისამებრ წაიყვანა ისაკი ბეერ-შებადან (ნეგები) ჩრდილოეთით მორიას მთაზე, რომელიც პირდაპირ სალემის ჩრდილოეთით მდებარეობდა. იქ მან ააგო სამსხვერპლო და ისაკი, დაპირებული შთამომავალი, დასაწვავ შესაწირავად მოამზადა. აბრაამი „ისაკს სწირავდა“, რადგან „მიაჩნდა, რომ ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი“. იეჰოვა უკანასკნელ მომენტში ჩაერია და ვერძი გამოაჩინა, რომ აბრაამს ვაჟის ნაცვლად შეეწირა. მისმა ურყევმა რწმენამ და უსიტყვო მორჩილებამ აღძრა იეჰოვა, განემტკიცებინა აბრაამთან დადებული შეთანხმება ფიცით, რაც კანონიერი გარანტია იყო (დბ. 22:1—18; ებ. 6:13—18; 11:17—19).
ძვ. წ. 1881 წელს 127 წლის სარა ხებრონში მოკვდა, ამიტომ საჭირო გახდა, აბრაამს მის დასაკრძალავად მიწის ნაკვეთი შეეძინა, რადგან ის ხიზანი იყო ქანაანში და მიწა არ ჰქონდა. მან ხეთის ძეებისგან მამრესთან ახლოს შეიძინა მიწის ნაკვეთი მაქფელას გამოქვაბულთან ერთად (დბ. 23:1—20; იხ. ᲧᲘᲓᲕᲐ). სამი წლის შემდეგ, როცა ისაკი 40 წლისა გახდა, აბრაამმა უფროსი მსახური, როგორც ჩანს, ელიეზერი გაგზავნა შუამდინარეთში ისაკისთვის შესაფერისი ცოლის მოსაძებნად, რომელიც აგრეთვე ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემელი იქნებოდა. იეჰოვას არჩევანი რებეკაზე შეჩერდა, რომელიც აბრაამის ძმის შვილიშვილი იყო (დბ. 24:1—67).
„აბრაამმა კიდევ მოიყვანა ცოლი“, კეტურა, რომელმაც გაუჩინა ექვსი ვაჟი. ასე რომ, აბრაამის შთამომავლები იყვნენ არა მხოლოდ ისრაელები, ისმაელელები და ედომელები, არამედ მედანელები, მიდიანელები და სხვები (დბ. 25:1, 2; 1მტ. 1:28, 32, 34). ამგვარად შესრულდა აბრაამზე იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვები: „მრავალი ერის მამად გაქცევ“ (დბ. 17:5). ბოლოს, ძვ. წ. 1843 წელს, 175 წლის აბრაამი ტკბილ სიბერეში მოკვდა და მისმა ვაჟებმა, ისაკმა და ისმაელმა, მაქფელას გამოქვაბულში დამარხეს (დბ. 25:7—10). სიკვდილის წინ აბრაამმა თავის ვაჟებს, რომლებიც ხარჭებისგან ჰყავდა, საჩუქრები დაურიგა და გაუშვა, ხოლო „მთელი თავისი ქონება“ ისაკს დაუტოვა (დბ. 25:5, 6).
პატრიარქი და წინასწარმეტყველი. აბრაამი ძალიან მდიდარი კაცი იყო; ჰყავდა ბევრი ცხვარ-ძროხა, ასობით მსახური და მოახლე და ჰქონდა დიდძალი ოქრო-ვერცხლი (დბ. 12:5, 16; 13:2, 6, 7; 17:23, 27; 20:14; 24:35). სწორედ ამიტომ ქანაანის მეფეები მას ძლიერ მთავრად მიიჩნევდნენ და მასთან მშვიდობის შეთანხმების დადების საჭიროებას ხედავდნენ (დბ. 23:6; 14:13; 21:22, 23). მიუხედავად ამ ყველაფრისა, აბრაამი არასდროს აძლევდა მატერიალისტურ სურვილებს იმის საშუალებას, რომ ვეღარ დაენახა იეჰოვა და მისი დაპირებები ან ამაყი, ამპარტავანი და ეგოისტი გამხდარიყო (დბ. 13:9; 14:21—23).
ებრაულ წერილებში წინასწარმეტყველად პირველად აბრაამია მოხსენიებული, მიუხედავად იმისა, რომ სხვები მასზე ადრე წინასწარმეტყველებდნენ, მაგალითად ენოქი (დბ. 20:7; იუდ. 14). ბიბლია პირველად აბრაამს უწოდებს ებრაელს (დბ. 14:13). აბელის, ენოქისა და ნოეს მსგავსად, აბრაამი ძლიერი რწმენით გამოირჩეოდა (ებ. 11:4—9). თუმცა ბიბლიაში პირველად აბრაამზეა ნათქვამი, რომ „ერწმუნა იგი იეჰოვას“ (დბ. 15:6).
ეს განსაკუთრებული რწმენის მქონე კაცი ღმერთთან ერთად დადიოდა, ხოლო ღმერთი მასთან ურთიერთობას ხილვების, სიზმრებისა და ანგელოზების მეშვეობით ამყარებდა (დბ. 12:1—3, 7; 15:1—8, 12—21; 18:1—15; 22:11, 12, 15—18). მან კარგად იცოდა ღვთის სახელი, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ბოლომდე ჯერ არ ჰქონდა გამჟღავნებული მისი მნიშვნელობა (გმ. 6:2, 3). აბრაამი თავისი ღვთის, იეჰოვას სახელზე არაერთ სამსხვერპლოს აგებდა და სწირავდა შესაწირავებს, რათა ქება-დიდება მიეგო მისთვის (დბ. 12:8; 13:4, 18; 21:33; 24:40; 48:15).
აბრაამი, როგორც პატრიარქი, თავის სახლეულობას არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ურწმუნოები და კერპთაყვანისმცემლები ყოფილიყვნენ. ის თავის ვაჟებსა და მსახურებს გამუდმებით ასწავლიდა, რომ დაეცვათ „იეჰოვას გზა სიმართლის საკეთებლად და სამართლის აღსასრულებლად“ (დბ. 18:19). მისი სახლეულობიდან ყველა მამაკაცი იეჰოვას კანონის თანახმად უნდა წინადაცვეთილიყო. ეგვიპტელი მოსამსახურე აგარიც ლოცვაში იეჰოვას სახელით მოუხმობდა. აბრაამის მსახურმა, რომელიც მსახურებს შორის ყველაზე უფროსი იყო, გულში ჩამწვდომ ლოცვაში აბრაამის ღვთისადმი რწმენა გამოხატა. ისაკმაც ახალგაზრდობაში იეჰოვასადმი რწმენა და მორჩილება იმით გამოავლინა, რომ მამას მისთვის ხელ-ფეხის შეკვრისა და სამსხვერპლოზე დაწვენის უფლება მისცა (დბ. 17:10—14, 23—27; 16:13; 24:2—56).
რეალური პიროვნება. იესომ და მისმა მოწაფეებმა აბრაამი 70-ზე მეტჯერ მოიხსენიეს თავიანთ საუბრებსა და წერილებში. მდიდარი კაცისა და ლაზარეს მაგალითში იესომ სიმბოლური გაგებით მოიხსენია აბრაამი (ლკ. 16:19—31). როცა იესოს მოწინააღმდეგეები ტრაბახობდნენ იმით, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ, იესომ გამოააშკარავა მათი თვალთმაქცობა და უთხრა: „თუ აბრაამის შვილები ხართ, აბრაამის საქმეები აკეთეთ“ (ინ. 8:31—58; მთ. 3:9, 10). როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, მართლად აღიარება ხორციელ შთამომავლობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ აბრაამის მსგავს რწმენაზე (რმ. 9:6—8; 4:1—12). პავლე აბრაამის ნამდვილ შთამომავლად ასახელებს ქრისტეს და მათ, ვინც ქრისტესნი არიან და „დანაპირების თანახმად მემკვიდრეები“ (გლ. 3:16, 29). ის უცნობების მიმართ აბრაამის სიკეთესა და სტუმართმოყვარეობაზეც საუბრობს და ებრაელების მე-11 თავში მოყვანილ იეჰოვას მოწმეთა გრძელ სიაში აბრაამსაც იხსენიებს. სწორედ პავლემ შეადარა აბრაამის ორი ცოლი, სარა და აგარი, იეჰოვას ორ შეთანხმებას (გლ. 4:22—31; ებ. 11:8). ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი იაკობი ამბობს, რომ აბრაამის რწმენას სამართლიანი საქმეები ახლდა და ამიტომ ეწოდა „იეჰოვას მეგობარი“ (იაკ. 2:21—23).
არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს, რომ აბრაამის შესახებ ბიბლიური ისტორია უტყუარია — ზუსტია ბევრი ადგილის გეოგრაფიული მდებარეობა და იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ჩვეულებები, მაგალითად, ხეთელებისგან მიწის ყიდვა, ელიეზერის მემკვიდრედ ჩათვლა და აგარისადმი მოპყრობა.
[დიაგრამა, გვერდი 30]
ᲐᲑᲠᲐᲐᲛᲘᲡ ᲒᲔᲜᲔᲐᲚᲝᲒᲘᲐ
ᲗᲔᲠᲐᲮᲘ
ᲜᲐᲮᲝᲠᲘ
რეუმა
4 ვაჟი
ᲮᲐᲠᲐᲜᲘ
მილქა
ᲑᲔᲗᲣᲔᲚᲘ
ᲚᲐᲑᲐᲜᲘ
სხვა 7 ვაჟი
ისქა
ᲚᲝᲢᲘ
1-ლი ასული
ᲛᲝᲐᲑᲘ
ᲛᲝᲐᲑᲔᲚᲔᲑᲘ
მე-2 ასული
ᲑᲔᲜ-ᲐᲛᲘ
ᲐᲛᲝᲜᲔᲚᲔᲑᲘ
ᲐᲑᲠᲐᲐᲛᲘ
კეტურა
6 ვაჟი
აგარი
ᲘᲡᲛᲐᲔᲚᲘ
ᲘᲡᲛᲐᲔᲚᲔᲚᲔᲑᲘ
სარა
ᲘᲡᲐᲙᲘ
რებეკა
ᲔᲡᲐᲕᲘ
ᲔᲓᲝᲛᲔᲚᲔᲑᲘ
ᲘᲐᲙᲝᲑᲘ იაკობის ვაჟები დანომრილია დაბადების თანმიმდევრობის მიხედვით
ლეა
ᲠᲔᲣᲑᲔᲜᲘ (1)
ᲡᲘᲛᲝᲜᲘ (2)
ᲚᲔᲕᲘ (3)
ᲘᲣᲓᲐ (4)
გენეალოგიური ხაზი, რომელშიც იესო ქრისტე დაიბადა
ᲘᲡᲐᲥᲐᲠᲘ (9)
ᲖᲔᲑᲣᲚᲝᲜᲘ (10)
დინა
რახელი
ᲘᲝᲡᲔᲑᲘ (11)
ᲑᲔᲜᲘᲐᲛᲘᲜᲘ (12)
ბილჰა
ᲓᲐᲜᲘ (5)
ᲜᲐᲤᲗᲐᲚᲘ (6)
ზილფა
ᲒᲐᲓᲘ (7)
ᲐᲨᲔᲠᲘ (8)
მიანიშნებს ცოლებსა და ხარჭებზე
მიანიშნებს შთამომავლებზე