აბრაამი და სარა თქვენ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ რწმენას!
მას „ყველა . . . მორწმუნის მამა“ ეწოდა (რომაელთა 4:11). მის საყვარელ მეუღლესაც ჰქონდა რწმენა (ებრაელთა 11:11). საუბარია ღვთისმოშიშ პატრიარქ აბრაამსა და მის ღვთისადმი ერთგულ მეუღლეზე, სარაზე. როგორ გვაძლევდნენ ისინი რწმენის გამოვლენის ასეთ კარგ მაგალითს? რა გაჭირვების ატანა მოუწია მათ? და რა მნიშვნელობა აქვს მათი ცხოვრების ისტორიას ჩვენთვის?
აბრაამმა რწმენა გამოავლინა, როდესაც ღმერთმა მოუწოდა, დაეტოვებინა მშობლიური სახლი. იეჰოვამ მას უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა, შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი, და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ“ (დაბადება 12:1). ერთგული პატრიარქი დაემორჩილა ღმერთს, რასაც შემდეგი სიტყვებიდან ვხედავთ: „რწმენით იყო, რომ დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო, და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა“ (ებრაელთა 11:8). განვიხილოთ, რას ნიშნავდა ეს გადაადგილება აბრაამისთვის.
აბრაამი ცხოვრობდა ურში. ეს ადგილი დღეს ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ური მესოპოტამიის ცენტრი და აყვავებული ქალაქი იყო. მას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა სპარსეთის ყურისა და ინდის ხეობის ქვეყნებთან. არქეოლოგი ლენარდ ვული, რომელიც ურში არქეოლოგიური გათხრების წარმოებას ხელმძღვანელობდა, აღნიშნავს, რომ აბრაამის დროს იქ სახლების უმეტესობა აგურით იყო ნაგები, სახლის კედლები მობათქაშებული და კირით შეთეთრებული იყო. მაგალითად, ერთი შეძლებული მოქალაქის სახლი ორსართულიანი იყო, ეზოს ცენტრალური ნაწილი კი — მოკირწყლული. პირველი სართული მსახურებისა და სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი. მეორე სართულის დონეზე სახლს ირგვლივ შემოვლებული ჰქონდა აივანი, საიდანაც ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ ოთახებში შესვლა შეიძლებოდა. ასეთ სახლებს 10-დან 20-მდე ოთახი ჰქონდა, რომლებიც „შედარებით ფართო იყო და კომფორტულად — აღმოსავლეთის ცხოვრების დონის მიხედვით კი, ფუფუნებით — ცხოვრების შესაძლებლობას იძლეოდა“, — ამბობს ვული. ეს იყო „პირველ რიგში, კულტურულ მოქალაქეთა ანუ ისეთ ადამიანთა სახლები, რომლებიც კარგად განვითარებული ქალაქის მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ“. თუ აბრაამმა და სარამ ასეთ სახლში ცხოვრება კარვებში ცხოვრებაზე გაცვალეს, ამით მათ იეჰოვასადმი მორჩილების გამოსავლენად დიდი მსხვერპლი გაიღეს.
აბრაამი ოჯახთან ერთად თავიდან წავიდა ხარანში — ქალაქში, რომელიც მესოპოტამიის ჩრდილოეთში მდებარეობდა. მათ მიერ განვლილი მანძილი დაახლოებით 1600 კილომეტრს შეადგენდა, რაც ხანდაზმული წყვილისთვის არც ისე ცოტა იყო! ხარანის დატოვებისას აბრაამი 75 წლის იყო, სარა კი — 65-ის (დაბადება 12:4).
რა გრძნობები შეიძლებოდა დაუფლებოდა სარას, როდესაც აბრაამმა უთხრა, რომ ურიდან უნდა წასულიყვნენ? შესაძლოა, ის ნერვიულობდა იმის გამო, რომ მოუწევდა უსაფრთხო, კომფორტული სახლის დატოვება და უცხო ქვეყანაში გადასვლა, სადაც შეიძლება მათდამი მტრული განწყობა ჰქონოდათ; აგრეთვე მოუწევდა ცხოვრების უფრო ცუდ პირობებთან შეგუება. მიუხედავად ამისა, სარამ მორჩილება გამოავლინა, რადგან აბრაამს თავის „ბატონად“ მიიჩნევდა (1 პეტრე 3:5, 6). ზოგი მეცნიერის აზრით, ეს სარას მიერ „ჩვეულებისამებრ, ქმრისადმი პატივისცემის“ გამოვლენად და იმის დამამტკიცებლად არის მიჩნეული, თუ სინამდვილეში რას ფიქრობდა და გრძნობდა აბრაამის მიმართ. უმნიშვნელოვანესი კი ის არის, რომ სარა ენდობოდა იეჰოვას. მან მორჩილებისა და რწმენის გამოვლენის კარგი მაგალითი მისცა ქრისტიან ცოლებს.
მართალია, ღვთისადმი მორჩილების გამოსავლენად ჩვენგან არავინ ითხოვს სახლის დატოვებას, მაგრამ ზოგმა სრული დროით მქადაგებელმა დატოვა მშობლიური სახლი იმ მიზნით, რომ სასიხარულო ცნობა სხვა ქვეყანაში ექადაგა. როდესაც სულიერს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ, იეჰოვა იზრუნებს ჩვენს მოთხოვნილებებზე იმისდა მიუხედავად, თუ სად ვემსახურებით მას (მათე 6:25—33).
არც სარას, არც აბრაამს არ უნანიათ მიღებული გადაწყვეტილების გამო. „თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო“, — ამბობს მოციქული პავლე. მაგრამ ისინი არ დაბრუნებულან. აბრაამი და სარა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იეჰოვა „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ და მისი აღთქმებისადმი რწმენას ავლენდნენ. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს, რომ იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ (ებრაელთა 11:6, 15, 16).
სულიერი და მატერიალური სიმდიდრე
ქანაანში მისვლის შემდეგ ღმერთმა აბრაამს უთხრა: „შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას“. აბრაამმა კი საპასუხოდ სამსხვერპლო აუგო იეჰოვას და „მოუხმო უფლის სახელს“ (დაბადება 12:7, 8). იეჰოვამ აბრაამი სიმდიდრითა და მრავალი მსახურით აკურთხა. მას უკვე ჰყავდა თავის სახლში დაბადებული 318 გამოცდილი კაცი. ამიტომ დასაშვებია, რომ „მის მსახურთა საერთო რაოდენობა ათასს აღემატებოდა“. ასე იყო თუ ისე, ხალხი მას „ღვთის მთავრად“ იცნობდა (დაბადება 13:2; 14:14; 23:6).
აბრაამი საკუთარ თავზე იღებდა თაყვანისმცემლობაში ხელმძღვანელობის გაწევას და ოჯახის წევრებს ‘უფლის გზის დაცვას, სიმართლისა და სამართლის ქმნას’ ასწავლიდა (დაბადება 18:19). თანამედროვე ქრისტიანი ოჯახისთავებიც შეიძლება გაამხნევოს აბრაამის მაგალითმა; აბრაამისა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა თავის მოვალეობას და ოჯახის წევრებს იეჰოვაზე მინდობა და მართალი გზებით სიარული ასწავლა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სარას ეგვიპტელი მსახური, აგარი, აბრაამის ყველაზე უფროსი მსახური და მისი ძე, ისაკი, იეჰოვაზე იყვნენ მინდობილი (დაბადება 16:5, 13; 24:10—14; 25:21).
აბრაამი მშვიდობისკენ ისწრაფოდა
აბრაამის ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ის ღვთის მოსაწონი ადამიანი იყო. თავის ძმისშვილს, ლოტს, და თავის მწყემსებს შორის უთანხმოება რომ არ გაგრძელებულიყო, აბრაამმა ლოტს ურჩია, გაყრილიყვნენ; მიუხედავად იმისა, რომ ძმისშვილი მასზე უმცროსი იყო, შესთავაზა, მას აერჩია, რომელ მხარეს წავიდოდა. აბრაამი საქმის მშვიდობიანად მოგვარებას ცდილობდა (დაბადება 13:5—13).
როდესაც დავდგებით არჩევნის წინ — დაჟინებით ჩვენი უფლებები დავიცვათ თუ დათმობაზე წავიდეთ და მშვიდობა შევინარჩუნოთ — შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ იეჰოვას დახმარებით აბრაამს არაფერი დაუკარგავს იმით, რომ ლოტს პატივისცემით მოეპყრო. პირიქით, ამ შემთხვევის შემდეგ ღმერთი აბრაამს დაჰპირდა, რომ მას და მის შთამომავლობას მისცემდა მთელ იმ მიწას, რომელიც აბრაამის თვალწინ იყო გადაშლილი (დაბადება 13:14—17). „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, — თქვა იესომ, — რადგან მათ ღვთის ძეები დაერქმევათ“ (მათე 5:9, აქ).
ვინ იქნებოდა აბრაამის მემკვიდრე?
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი აბრაამს მემკვიდრეს დაჰპირდა, სარა უშვილო იყო. აბრაამმა თავისი სადარდებელი იეჰოვას გაუზიარა. მსახური ელიეზერი ხომ არ იქნებოდა მისი მემკვიდრე? არა, რადგან იეჰოვამ უთხრა: „არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე“ (დაბადება 15:1—4).
შვილი ჯერ მაინც არ უჩნდებოდათ და 75 წლის სარამ ბავშვის გაჩენის იმედი დაკარგა. ამიტომ მან აბრაამს უთხრა: „უფალმა დამაბრკოლა შვილოსნობისაგან. შედი ჩემს მხევალთან. ეგებ გავშვილიანდე მისგან“. მაშინ აბრაამმა აგარი მეორე ცოლად შეირთო. ქალი დაორსულდა. როგორც კი გაიგო აგარმა, რომ ორსულად იყო, თავის ქალბატონს ზემოდან დაუწყო ყურება. გამწარებულმა სარამ აბრაამს შესჩივლა და აგარს ‘ჩაგვრა’ დაუწყო, რამაც მსახური ქალი იძულებული გახადა, გაქცეულიყო (დაბადება 16:1—6).
აბრაამი და სარა სუფთა სინდისით მოიქცნენ იმ ჩვეულების თანახმად, რომელიც მათ დღეებში მიღებული იყო. მაგრამ იეჰოვას სხვაგვარად ჰქონდა განზრახული აბრაამისთვის შთამომავლობის მიცემა. ამა თუ იმ სიტუაციაში ჩვენმა კულტურამ შეიძლება კონკრეტული მოქმედებისკენ გვიბიძგოს, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვაც ასე ფიქრობს. მისი თვალსაზრისი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. ამიტომ საჭიროა ღვთის ხელმძღვანელობა ვეძიოთ და ვთხოვოთ ლოცვით მას, გვიჩვენოს, თუ როგორ სურს, რომ ვიმოქმედოთ (ფსალმუნები 24:4, 5; 142:8, 10).
არაფერია იეჰოვასთვის „შეუძლებელი“
ცოტა ხნის შემდეგ აგარმა აბრაამს უშვა ძე, რომელსაც ისმაელი დაარქვეს. მაგრამ ის არ ყოფილა აღთქმული თესლი. მიუხედავად ასაკში შესვლისა, თავად სარას უნდა ეშვა ეს აღთქმული ძე (დაბადება 17:15, 16).
როდესაც ღმერთმა კონკრეტულად თქვა, რომ სარასგან ეყოლებოდა მის ქმარს ძე, «დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, და თქვა თავის გულში: „ნუთუ ასწლოვანს შეეძინება შვილი? და ნუთუ ოთხმოცდაათი წლის სარა დაბადებს“» (დაბადება 17:17). ანგელოზმა იგივე ცნობა გაიმეორა და ამჯერად ამას სარამაც მოჰკრა ყური. მას „გულში გაეცინა“. მაგრამ იეჰოვასთვის არაფერია „შეუძლებელი“. შეგვიძლია გვწამდეს, რომ მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს (დაბადება 18:12—14).
„რწმენით იყო, რომ სარამაც, უნაყოფომ, მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგარდასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი“ (ებრაელთა 11:11). გარკვეული დროის შემდეგ სარამ შვა ისაკი, რომლის მნიშვნელობაც „მოცინარია“.
ღვთის აღთქმებისადმი სრული ნდობის გამოვლენა
იეჰოვამ ისაკზე მიუთითა, როგორც დიდი ხნის ნალოდინევ მემკვიდრეზე (დაბადება 21:12). ამიტომ აბრაამს, ალბათ, ძალიან გაუკვირდა, როდესაც ღმერთმა ძის მსხვერპლად შეწირვა სთხოვა. მაგრამ აბრაამს მტკიცე საფუძველი ჰქონდა, სრულად მინდობოდა ღმერთს. განა ვერ შეძლებდა ღმერთი ისაკის მკვდრეთით აღდგენას? (ებრაელთა 11:17—19). განა იეჰოვამ თავისი შესაძლებლობა არ დაამტკიცა, როდესაც აბრაამსა და სარას გამრავლების უნარი აღუდგინა იმ მიზნით, რომ ისაკი დაბადებულიყო? აბრაამი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთს თავისი აღთქმის შესრულების ძალა შესწევს და ამიტომაც მზად იყო მორჩილების გამოსავლენად. საბოლოოდ ღმერთმა არ დაუშვა, რომ აბრაამს შვილი მსხვერპლად აღევლინა (დაბადება 22:1—14). მიუხედავად ამისა, აბრაამის მაგალითი გვეხმარება, დავინახოთ, რა რთული იქნებოდა იეჰოვა ღმერთისთვის ‘თავისი მხოლოდშობილი ძის მიცემა იმისათვის, რომ ყოველი მისი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ ჰქონოდა საუკუნო სიცოცხლე’ (იოანე 3:16; მათე 20:28).
ღვთისადმი რწმენამ აბრაამს აშკარად დაანახვა, რომ იეჰოვას მიერ აღთქმული მემკვიდრე შეუძლებელი იყო, ქანაანში მცხოვრებ ცრუ ღმერთების თაყვანისმცემელზე დაქორწინებულიყო. როგორ შეეძლო ღვთისმოშიშ მშობელს მოწონების თვალით შეეხედა შვილის ისეთ ადამიანზე დაქორწინებისთვის, რომელიც იეჰოვას არ ემსახურებოდა? ამიტომ აბრაამი ისაკისთვის შესაფერის მეუღლეს მესოპოტამიაში, 800 კილომეტრით დაშორებულ ადგილას, თავის ნათესავებს შორის ეძებდა. ღმერთმა აკურთხა აბრაამის მცდელობა და მიუთითა, რომ რებეკა იყო მის მიერ ისაკის საცოლედ და მესიის წინაპრად შერჩეული ქალი. დიახ, იეჰოვამ „აკურთხა აბრაამი ყველაფრით“ (დაბადება 24:1—67; მათე 1:1, 2).
დედამიწის ყოველი ხალხის კურთხევა
აბრაამმა და სარამ იმის მაგალითი მოგვცეს, თუ როგორ შეგვიძლია განსაცდელების ატანა და ღვთის აღთქმებისადმი რწმენის გამოვლენა. ასეთი აღთქმების შესრულება დაკავშირებულია კაცობრიობის მარადიულ მომავალთან, რადგან იეჰოვამ აბრაამს უთხრა: „იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა“ (დაბადება 22:18).
რა თქმა უნდა, აბრაამი და სარა, ისევე როგორც ჩვენ, არასრულყოფილები იყვნენ. მაგრამ, როგორც კი ღვთის ნება ნათელი ხდებოდა მათთვის, ისინი, რადაც უნდა დასჯდომოდათ, დაუყოვნებლივ ავლენდნენ მორჩილებას. ამიტომაც ეწოდება აბრაამს „ღვთის მეგობარი“ და სარას — „ღვთის მოიმედე წმინდა ცოლი“ (იაკობი 2:23; 1 პეტრე 3:5). აბრაამისა და სარას რწმენის მიბაძვით, ჩვენც შეგვიძლია ღმერთთან ასე ძვირფასი ახლო ურთიერთობის დამყარება. აგრეთვე შეგვიძლია ვისარგებლოთ იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული აღთქმებით (დაბადება 17:7).
[სურათი 26 გვერდზე]
იეჰოვამ რწმენის გამოვლენისთვის აკურთხა აბრაამი და სარა, და ხანში შესულებს ძე აჩუქა.
[სურათი 28 გვერდზე]
აბრაამის მაგალითი გვეხმარება, დავინახოთ, თუ რად დაუჯდა იეჰოვას, თავისი მხოლოდშობილი ძის სიკვდილი დაეშვა.