„ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას“
„მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას“ (რომაელთა 12:13).
1. რა არის ადამიანის ძირითადი მოთხოვნილება და საიდან ჩანს ეს?
დღეს, გვიან ღამით უცნობი უბნის უდაბურ ქუჩაზე სიარული შეიძლება შემაძრწუნებელი იყოს. მაგრამ სწორედ ასეთივე დაძაბულობის გამომწვევი, შეიძლება, უამრავ ხალხში ყოფნა იყოს, სადაც არც არავის იცნობ, არც არავინ გიცნობს. ნამდვილად, ადამიანის ბუნებისგან განუყრელად მასში დევს მოთხოვნილება, რომ მასზე იზრუნონ, რომ სასურველი და საყვარელი იყოს. არავის სურს, ისე ეპყრობოდნენ, როგორც უცხოს ან გარეშე პირს.
2. როგორ იზრუნა იეჰოვამ ჩვენს მოთხოვნილებაზე მეგობრულ ურთიერთობასთან დაკავშირებით?
2 იეჰოვა ღმერთს, ყოველივეს შემოქმედს, ესმის, რომ ადამიანს მეგობრული ურთიერთობის მოთხოვნილება აქვს. როგორც თავისი ქმნილების, ადამიანის, კონსტრუქტორმა, ღმერთმა თავიდანვე იცოდა, რომ „არ ვარგა ადამის [კაცისა, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] მარტოდ ყოფნა“ და იზრუნა ამაზე (დაბადება 2:18, 21, 22). ბიბლია სავსეა ადამიანებისადმი იეჰოვასა და მისი მსახურების გულკეთილობის გამომხატველი საქმეების მაგალითებით. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ვისწავლოთ, თუ როგორ ‘ვესწრაფოთ სტუმართმოყვარეობას’ სხვების სიხარულისა და, როგორც მათი, ასევე ჩვენი სიამოვნებისთვის (რომაელთა 12:13).
სიყვარული უცხოებისადმი
3. ახსენი სტუმართმოყვარეობის ძირითადი მნიშვნელობა.
3 ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა ‘სტუმართმოყვარეობა’ ითარგმნა ბერძნული ორფუძიანი სიტყვიდან „ფი·ლო·ქსე·ნიʹა“, რომლის ფუძეების მნიშვნელობები არის „სიყვარული“ და „უცხო“. ამრიგად, თავისი არსით სტუმართმოყვარეობა ნიშნავს „სიყვარულს უცხოებისადმი“. მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობა ან თავაზიანობის საკითხი არ არის. ეს პიროვნების გრძნობებსა და კეთილგანწყობილებას ეხება. ჯეიმზ სტრონგის ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, ზმნა „ფი·ლეʹო“ ნიშნავს „მეგობრად ყოფნას (სიყვარულს [პიროვნებისადმი ან ობიექტისადმი]), ესე იგი კეთილგანწყობილებას, (რომელიც აღნიშნავს პირად სიყვარულს, როგორც ნაზ დამოკიდებულებას ან გრძნობას)“ (Exhaustive Concordance of the Bible). ამიტომ, ზემოხსენებული განმარტების თანახმად, სტუმართმოყვარეობა აღემატება პრინციპებზე დაფუძნებულ სიყვარულს, რომელიც, შესაძლოა, მოვალეობის გრძნობიდან გამომდინარეობს. ჩვეულებრივ, ეს ნამდვილი სიყვარულის, კეთილგანწყობილებისა და მეგობრობის გამოხატულებაა.
4. ვის მიმართ უნდა ვლინდებოდეს სტუმართმოყვარეობა?
4 ამ სიყვარულისა და კეთილგანწყობილების მიღების ობიექტი „უცხო პირია“ (ბერძნულად „ქსეʹნოს“). ვინ შეიძლება იყოს ეს? კვლავ სტრონგის ნაშრომი (Concordance) სიტყვა „ქსეʹნოს“-ს განსაზღვრავს, როგორც „უცხო პირს (სიტყვასიტყვით, უცხოს ან, ფიგურალურად, ახალგაცნობილს); სტუმრის ან (პირიქით) უცხო პირის გაგებით“. ამრიგად, ბიბლიაში მოყვანილი სტუმართმოყვარეობა ირეკლავს გულკეთილობას საყვარელი პიროვნებისადმი ან, შეიძლება, სრულიად უცნობზეც კი გავრცელდეს. იესო განმარტავდა: „თუ თქვენ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?“ (მათე 5:46, 47). ნამდვილი სტუმართმოყვარეობა ძლევს წინასწარშექმნილი ცუდი აზრებითა და შიშით გამოწვეულ განხეთქილებასა და დისკრიმინაციას.
იეჰოვა, სრულყოფილი მასპინძელი
5, 6. ა) რას გულისხმობდა იესო, როცა ამბობდა: ‘თქვენი ზეციერი მამა სრულყოფილია’? ბ) რაში გამოიხატება იეჰოვას დიდსულოვნება?
5 ზემოთ ციტირებულის თანახმად, ერთმანეთისადმი ადამიანების არასაკმარისი სიყვარულის გამოვლენაზე მითითების შემდეგ იესომ ასეთი შენიშვნა დაამატა: „იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათე 5:48). რასაკვირველია, იეჰოვა ყოველმხრივ სრულყოფილია (მეორე რჯული 32:4). მაგრამ იესო იეჰოვას სრულყოფილების ერთ განსაკუთრებულ მხარეს აშუქებდა, რადგან ცოტა ხნით ადრე თქვა: „[ღმერთს] თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“ (მათე 5:45). როცა საქმე გულკეთილობას ეხება, იეჰოვამ არ იცის მიკერძოება.
6 რადგან იეჰოვა შემოქმედია, ის ყველაფრის პატრონია. „ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან“, — ამბობს იეჰოვა (ფსალმუნი 49:10, 11). მიუხედავად ამისა, ის არაფერს მალავს ეგოისტურად. თავისი დიდსულოვნებით ის ყველაფრით უზრუნველყოფს თავის ყველა ქმნილებას. იეჰოვას შესახებ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნი 144:16).
7. რის სწავლა შეგვიძლია უცხოებისა და გაჭირვებულებისადმი იეჰოვას მოპყრობიდან?
7 იეჰოვა აძლევს ადამიანებს, რაც სჭირდებათ — იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც არ იცნობენ მას, რომლებიც უცხოები არიან მისთვის. ქალაქ ლისტრაში მცხოვრებ კერპთაყვანისმცემლებს პავლემ და ბარნაბამ შეახსენეს, რომ იეჰოვა ‘ყოველთვის მოწმობდა საკუთარ თავზე, ზეციდან იძლეოდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით ავსებდა გულებს’ (საქმეები 14:17). გაჭირვებულებისადმი იეჰოვა განსაკუთრებით კეთილი და დიდსულოვანია (მეორე რჯული 10:17, 18). ჩვენ უამრავის სწავლა შეგვიძლია იეჰოვასგან სხვებისადმი გულკეთილობისა და დიდსულოვნების — სტუმართმოყვარეობის — გამოვლენაში.
8. როგორ ავლენს იეჰოვა დიდსულოვნებას ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვით?
8 თავისი ქმნილებების მატერიალური საჭიროებებით უხვად დაკმაყოფილების გარდა, იეჰოვა მათ სულიერ საჭიროებებზეც ზრუნავს. მანამდეც კი, სანამ შევიგნებდით, რომ სულიერად საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, იეჰოვამ ყველაზე კეთილშობილური ნაბიჯი გადადგა ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის. რომაელთა 5:8, 10-ში ვკითხულობთ: „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. . . მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით“. ეს ნაბიჯი შესაძლებლობას აძლევს ცოდვილ კაცობრიობას, რომ ჩვენს ზეციერ მამასთან ბედნიერი ოჯახური ურთიერთობა შეიძინოს (რომაელთა 8:20, 21). იეჰოვამ აგრეთვე იზრუნა სათანადო ხელმძღვანელობითა და დარიგებით ჩვენს უზრუნველყოფაზე, რათა ჩვენი ცოდვიანობისა და არასრულყოფილების მიუხედავად, ცხოვრებაში წარმატება გვქონოდა (ფსალმუნი 118:105; 2 ტიმოთე 3:16).
9, 10. ა) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა სრულყოფილი მასპინძელია? ბ) როგორ უნდა მიბაძონ იეჰოვას ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა ამ საკითხში?
9 ამის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა ნამდვილად მრავალმხრივ სრულყოფილი მასპინძელია. მას ყურადღებიდან არ რჩება გაჭირვებული, საწყალი და უბრალო ადამიანი. ის ნამდვილ ინტერესსა და ზრუნვას ავლენს უცხოებისადმი, თავისი მტრებისადმიც კი, და არ ეძებს მატერიალურ გასამრჯელოს. განა ყოველივე ამაში არ წარმოადგენს ის სრულყოფილი მასპინძლის საუკეთესო მაგალითს?
10 როგორც ასეთი სიყვარულით აღსავსე სიკეთისა და დიდსულოვნების ღმერთს, იეჰოვას სურს, რომ თაყვანისმცემლებმა მას მიბაძონ. ჩვენ მთელ ბიბლიაში ვხედავთ ამ გულკეთილობის გამომხატველი თვისების შესანიშნავ მაგალითებს. ერთ-ერთი ენციკლოპედია აღნიშნავს, რომ „ძველ ისრაელში სტუმართმოყვარეობა მხოლოდ კარგი მანერების საკითხი კი არ იყო, არამედ ზნეობრივი ნორმა. დაღლილი მგზავრის შეხვედრის და უცხო პირის მიღების ბიბლიური ადათები იყო საწყისი, რომლისგანაც სტუმართმოყვარეობა და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადავიდა იუდაურ ტრადიციაში არსებულ დიდად დასაფასებელ თვისებაში“ (Encyclopaedia Judaica). რომელიმე ეროვნების ან ეთნიკური ჯგუფის დამახასიათებელი თვისების გარდა, სტუმართმოყვარეობა იეჰოვას ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს უნდა ახასიათებდეს.
ანგელოზების მასპინძელი
11. რომელი შესანიშნავი მაგალითი გვიჩვენებს, რომ სტუმართმოყვარეობას მოულოდნელი კურთხევები მოაქვს? (აგრეთვე იხილე დაბადება 19:1–3; მსაჯულნი 13:11–16).
11 სტუმართმოყვარეობის გამომხატველი ყველაზე ცნობილი ბიბლიური ჩანაწერებიდან ერთ-ერთი არის ხებრონის მახლობლად, მამრეს მუხნართან, დაბანაკებული აბრაამისა და სარას შემთხვევა (დაბადება 18:1–10; 23:19). უეჭველია, მოციქული პავლე ამ შემთხვევას გულისხმობდა, როცა დარიგებას იძლეოდა: „სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ“ (ებრაელთა 13:2). ამ შემთხვევის შესწავლა დაგვეხმარება, დავინახოთ, რომ სტუმართმოყვარეობა მხოლოდ ადათის ან აღზრდის საკითხი არ არის. პირიქით, ეს ღვთაებრივი თვისებაა, რომელსაც სასწაულებრივი კურთხევები მოაქვს.
12. როგორ გამოავლინა აბრაამმა სიყვარული უცხოებისადმი?
12 დაბადების 18:1, 2 მიუთითებს, რომ სტუმრები უცნობი და მოულოდნელი იყვნენ აბრაამისთვის, უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს სამი უცნობი მამაკაცი გამვლელები იყვნენ. ზოგი კომენტატორის თანახმად, აღმოსავლეთის მცხოვრებთა შორის არსებული ადათის მიხედვით, უცხო ქვეყანაში მგზავრი, ნაცნობიც რომ არ ჰყოლოდა, სამართლიანად მოელოდა სტუმართმოყვარეობას. მაგრამ აბრაამი არ დალოდებია, რომ უცხო მამაკაცებს ეს უფლება გამოეყენებინათ; მან თვითონ გამოიჩინა ინიციატივა. აბრაამი „გაიქცა“ ამ უცხო მამაკაცების შესახვედრად, რომლებიც შორიახლო იყვნენ — და ყოველივე ეს „დღის პაპანაქებაში“ და 99 წლის ასაკში! განა ეს არ ცხადყოფს, რატომ მოიყვანა პავლემ მისაბაძ მაგალითად აბრაამი? სწორედ ეს არის სტუმართმოყვარეობის არსი — სიყვარული უცხოებისადმი, ზრუნვა მათ საჭიროებებზე. ეს დადებითი თვისებაა.
13. რატომ ‘სცა დაბლად თაყვანი’ აბრაამმა სტუმრებს?
13 ცნობა აგრეთვე გვატყობინებს, რომ უცხო მამაკაცებთან შეხვედრისას აბრაამმა „დაბლად თაყვანისცა“. თაყვანისცემა სრულიად უცნობებისადმი? თაყვანისცემა, რომელიც აბრაამმა გამოავლინა, საპატიო სტუმართან ან მაღალი თანამდებობის პირთან მისალმების ფორმა იყო, რომელიც არ უნდა გვეშლებოდეს თაყვანისცემასთან, მხოლოდ ღმერთი რომ იმსახურებს (შეადარე საქმეები 10:25, 26; გამოცხადება 19:10). მხოლოდ თავის დაკვრით კი არა, არამედ თაყვანისცემით, „დაბლად“ თაყვანისცემით, აბრაამმა წარჩინებული პირების შესაფერისი პატივი სცა ამ უცხო მამაკაცებს. ის დიდი, შეძლებული პატრიარქალური ოჯახის თავი იყო, მაგრამ ეს უცნობი მამაკაცები მან საკუთარ თავზე უფრო დიდი პატივისცემის ღირსად ჩათვალა. რამდენად განსხვავდება ეს უცხო პირებისადმი ჩვეული ეჭვიანობისგან, ფრთხილი დამოკიდებულებისგან! აბრაამმა ნამდვილად გამოავლინა ამ მტკიცების მნიშვნელობა: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელთა 12:10).
14. რა ძალისხმევა და მსხვერპლი შედიოდა უცხო მამაკაცებისადმი აბრაამის სტუმართმოყვარეობაში?
14 ცნობის დანარჩენი ნაწილი გვიჩვენებს, რომ აბრაამს გულწრფელი გრძნობები ამოძრავებდა. თვით საჭმელიც საგანგებო იყო. დიდ ოჯახშიც კი, რომელსაც მრავალი შინაური ცხოველი ჰყავს, „ჩვილი და საღი ხბო“ არ არის ყოველდღიური საჭმელი. იმ მხარეში გაბატონებულ ადათებთან დაკავშირებით თავის ნაშრომში ჯონ კიტოსი აღნიშნავს: „რამე დღესასწაულის ან უცხო პირის ჩამოსვლის შემთხვევის გარდა, ადამიანები არასდროს რთავენ საკუთარ თავს ნებას, რომ განცხრომაში იცხოვრონ; უამრავი ფარისა და ჯოგის მფლობელებიც კი ხორცს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჭამენ“ (Daily Bible Illustrations). თბილი ჰავა არ იძლეოდა ხრწნადი საკვების შენახვის საშუალებას, ამიტომ ასეთი კერძის მოსამზადებლად ყველაფერი მაშინვე უნდა გაკეთებულიყო. არ არის გასაკვირი, რომ ასეთ მოკლე ცნობაში სისწრაფის აღმნიშვნელი სიტყვები რამდენჯერმე ჩნდება და აბრაამი, სიტყვასიტყვით, „გაიქცა“ კერძის მოსამზადებლად! (დაბადება 18:6–8).
15. აბრაამის მაგალითის მიხედვით როგორი სათანადო თვალსაზრისი უნდა გვქონდეს გამასპინძლებაზე სტუმართმოყვარეობის გამოვლენისას?
15 მაგრამ დიდი ნადიმის მოწყობის მიზანი, უბრალოდ, ვიღაცაზე შთაბეჭდილების მოხდენა არ არის. თუმცა კერძის მოსამზადებლად და შესათავაზებლად აბრაამმა და სარამ არაფერი დაზოგეს, დაუკვირდი, როგორ მოიხსენია ის აბრაამმა ცოტა ხნით ადრე: „მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში. პურს [პურის ნატეხს, აქ] გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ“ (დაბადება 18:4, 5). ეს ‘პურის ნატეხი’ ნასუქ ხბოდ და გამტკიცული ფქვილით გამომცხვარ ხმიადებად, ერბოდ და რძედ — მეფის შესაფერის ნადიმად — იქცა. რა არის ამ შემთხვევის არსი? სტუმართმოყვარეობის გამოვლენის დროს მნიშვნელოვანი, ანუ ხაზგასასმელი, არ არის, რამდენად მდიდრული საჭმელ-სასმელი ან რამდენად გულმოდგინედ მოფიქრებული საღამო და სხვა რამ იქნება შეთავაზებული. სტუმართმოყვარეობა არ არის დამოკიდებული ძვირფასი საგნების შეთავაზების შესაძლებლობაზე. პირიქით, ის დაფუძნებულია სხვების კეთილდღეობისთვის გულწრფელ ზრუნვასა და, შეძლებისდაგვარად, სხვებისთვის კეთილის გაკეთების სურვილზე. „უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული, ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი“, — ამბობს ბიბლიური იგავი, რომელშიც გულწრფელი სტუმართმოყვარეობის სწორი გაგება დევს (იგავნი 15:17).
16. როგორ გამოავლინა აბრაამმა მადლიერება სულიერი საკითხებისთვის იმით, რაც სტუმრებისთვის გააკეთა?
16 მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ მთელ ამ შემთხვევას სულიერი მხარეც ჰქონდა. აბრაამი, რაღაცნაირად, მიხვდა, რომ ეს სტუმრები იეჰოვას მაცნეები იყვნენ. ეს ჩანს სიტყვებიდან, რომლებითაც მათ მიმართა: „ბატონო [იეჰოვა, აქ], თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს“a (დაბადება 18:3; შეადარე გამოსვლა 33:20). აბრაამმა არ იცოდა წინასწარ, ცნობა ჰქონდათ მისთვის იეჰოვასგან, თუ, უბრალოდ, ჩაივლიდნენ. მიუხედავად ამისა, მას ესმოდა, რომ იეჰოვას განზრახვა სრულდებოდა. ამ პირებს იეჰოვამ რაღაც დავალება მისცა. თუ აბრაამი ამ საქმეში წვლილის შეტანას შეძლებდა, ეს სიამოვნებას მოჰგვრიდა. მას ესმოდა, რომ იეჰოვას მსახურები საუკეთესოს იმსახურებდნენ და ის, შეძლებისდაგვარად, საუკეთესოზე ზრუნავდა. მას ან კიდევ სხვას ასე მოქმედება სულიერ კურთხევას მოუტანდა. როგორც აღმოჩნდა, თავიანთი გულწრფელი სტუმართმოყვარეობისთვის აბრაამი და სარა დიდად იყვნენ კურთხეული (დაბადება 18:9–15; 21:1, 2).
სტუმართმოყვარე ხალხი
17. რას ითხოვდა იეჰოვა ისრაელებისგან მათ შორის მცხოვრებ უცხო პირებსა და გაჭირვებულებთან დაკავშირებით?
17 აბრაამისგან წარმოშობილ ერს არ უნდა დავიწყებოდა მისი შესანიშნავი მაგალითი. იეჰოვას მიერ ისრაელებისთვის მიცემული კანონი მათ შორის მცხოვრები უცხოებისადმი სტუმართმოყვარეობას ითვალისწინებდა. „როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენს შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი“ (ლევიანნი 19:34). მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოევლინათ ადამიანებისადმი, რომლებსაც მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებოდათ და დაუფიქრებლად არ უნდა შეექციათ ზურგი. როცა იეჰოვა უხვი მოსავლით აკურთხებდა, როცა ზეიმებით გაიხარებდნენ, როცა თავიანთი შრომისგან შაბათ წელს დაისვენებდნენ და სხვა შემთხვევებში, მათ უნდა ხსომებოდათ ნაკლებად წარმატებულები — ქვრივ-ობლები და მდგმურები (მეორე რჯული 16:9–14; 24:19–21; 26:12, 13).
18. რამდენად მნიშვნელოვანია სტუმართმოყვარეობა იეჰოვას კეთილგანწყობილებისა და კურთხევების მისაღებად?
18 სხვებისადმი, განსაკუთრებით კი გაჭირვებულებისადმი, გულკეთილობის, დიდსულოვნებისა და სტუმართმოყვარეობის დიდი მნიშვნელობის დანახვა შეგვიძლია ისრაელებისადმი იეჰოვას მოპყრობაში, როცა უგულებელყვეს ამ თვისებების გამოვლენა. იეჰოვამ ნათელყო, რომ უცხოებისა და გაჭირვებულებისადმი გულკეთილობა და დიდსულოვნება იმ მოთხოვნებს შორისაა, რომლებიც მისმა ხალხმა ხანგრძლივი კურთხევების მისაღებად უნდა შეასრულოს (ფსალმუნი 81:2, 3; ესაია 1:17; იერემია 7:5–7; ეზეკიელი 22:7; ზაქარია 7:9–11). როცა ამ და სხვა მოთხოვნებს ერი გულმოდგინედ ასრულებდა, ის წარმატებული იყო და მატერიალური და სულიერი სიუხვით ტკბებოდა. როცა ისრაელები საკუთარ ეგოისტურ საქმეებში ჩაიძირნენ და გაჭირვებულებისადმი ამ კეთილი თვისებების გამოვლენა უგულებელყვეს, მათ იეჰოვას მსჯავრდადება დაიმსახურეს და, საბოლოოდ, მათ მკაცრი განაჩენი დაატყდათ (მეორე რჯული 27:19; 28:15, 45).
19. რა უნდა განვიხილოთ შემდეგში?
19 მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი და დავინახოთ, ვცხოვრობთ თუ არა ისე, როგორც იეჰოვა მოელის! ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, თუ მხედველობაში მივიღებთ ქვეყნიერების ეგოიზმსა და განხეთქილების სულს. როგორ შეგვიძლია ქრისტიანული სტუმართმოყვარეობის გამოვლენა ამ დაყოფილ ქვეყნიერებაში? ეს საკითხი განიხილება მომდევნო სტატიაში.
[სქოლიოები]
a ამ საკითხის სრული განხილვისთვის იხილე სტატია სათაურით „თუ უნახავს ვინმეს ღმერთი?“ 1988 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 21–23 (ინგლ.).
გახსოვს თუ არა შენ?
◻ რა მნიშვნელობა აქვს ‘სტუმართმოყვარეობად’ თარგმნილ ბიბლიურ სიტყვას?
◻ რა მხრივ არის იეჰოვა სრულყოფილი მაგალითი სტუმართმოყვარეობაში?
◻ რამდენად სტუმართმოყვარე იყო აბრაამი?
◻ რატომ უნდა ‘ესწრაფონ სტუმართმოყვარეობას’ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები?