რას ამბობს ბიბლია სტიქიურ უბედურებებზე?
ბიბლიის თვალსაზრისი
ღმერთი არ იწვევს დღეს არსებულ სტიქიურ უბედურებებს, მაგრამ მას ძალიან აღელვებს სტიქიით დაზარალებულთა მდგომარეობა. ღვთის სამეფო აღმოფხვრის ტანჯვის გამომწვევ ყოველგვარ მიზეზს, მათ შორის, სტიქიურ უბედურებებს. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ღმერთი ნუგეშს ჰგვრის ყველას, ვისაც პირადად შეეხო ეს საშინელება (2 კორინთელები 1:3).
რატომ შეგვიძლია დარწმუნებით იმის თქმა, რომ სტიქიური უბედურებები არ არის ღვთისგან მოვლენილი სასჯელი?
სტიქიური უბედურებები განსხვავდება ბიბლიაში მოხსენიებული იმ ბუნებრივი მოვლენებისგან, რომლებიც ღვთის ძალით ხდებოდა.
სტიქიური უბედურებები კლავს და ასახიჩრებს განურჩევლად ყველა ადამიანს. ამის საპირისპიროდ, ღვთის მიერ მოვლენილი სხვადასხვა სასჯელი, რომელთა შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობთ, განურჩევლად არ ატყდებოდა ყველა ადამიანს. მაგალითად, როდესაც ღმერთმა ძველი ქალაქები, სოდომი და გომორა, გაანადგურა, მან დაინდო კარგი ადამიანები — ლოტი და მისი ქალიშვილები (დაბადება 19:29, 30). ღმერთმა წაიკითხა იმ ადამიანების გულები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და მხოლოდ ბოროტები გაანადგურა (დაბადება 18:23—32; 1 სამუელი 16:7).
სტიქიური უბედურებები ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადია. ამისგან განსხვავებით, ღმერთი აფრთხილებდა ბოროტ ადამიანებს, სანამ გასანადგურებლად ბუნებრივ ძალებს გამოიყენებდა. მას, ვინც ყურად იღებდა გაფრთხილებას, შეეძლო უბედურებისგან თავის დაღწევა (დაბადება 7:1—5; მათე 24:38, 39).
სტიქიური უბედურებები გარკვეულწილად ადამიანის საქციელითაა განპირობებული. როგორ? ადამიანები ანადგურებენ გარემოს; გარდა ამისა ისეთ ადგილებში სახლდებიან, სადაც დიდია მიწისძვრების, წყალდიდობებისა და სხვა სტიქიების ალბათობა (გამოცხადება 11:18). ღვთის ბრალი არ არის, რომ ადამიანები ასეთ არასწორ არჩევანს აკეთებენ (იგავები 19:3).
მიანიშნებს სტიქიური უბედურებები იმაზე, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ?
დიახ. ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ „ქვეყნიერების აღსასრულის“ დროს ანუ „ბოლო დღეებში“ იქნებოდა სტიქიური უბედურებები (მათე 24:3; 2 ტიმოთე 3:1). მაგალითად, ჩვენ დროსთან დაკავშირებით იესომ თქვა: „იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (მათე 24:7). მალე ღმერთი მოსპობს დედამიწიდან ტკივილისა და ტანჯვის გამომწვევ ყველა მიზეზს, მათ შორის სტიქიურ უბედურებებს (გამოცხადება 21:3, 4).
როგორ ეხმარება ღმერთი სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს?
ღმერთი ანუგეშებს დაზარალებულებს თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე და ძალიან განიცდის, როცა ხედავს, როგორ ვიტანჯებით (ესაია 63:9; 1 პეტრე 5:6, 7). გარდა ამისა, ბიბლია გვამცნობს ღვთის დანაპირებს, რომ დადგება დრო, როცა სტიქიური უბედურებები აღარასოდეს მოხდება (იხილეთ „ბიბლიური მუხლები სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა სანუგეშებლად“).
ღმერთი თავისი მსახურების მეშვეობით ეხმარება დაზარალებულებს. ღმერთი აღძრავს დედამიწაზე მცხოვრებ თავის მსახურებს, რომ მიჰბაძონ იესოს მაგალითს. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იესო ანუგეშებდა გულგატეხილებს და მგლოვიარეებს (ესაია 61:1, 2). ღვთის თაყვანისმცემლებიც ცდილობენ, ასე მოიქცნენ (იოანე 13:15).
ღმერთი თავისი თაყვანისმცემლების მეშვეობით პრაქტიკულ დახმარებასაც უწევს სტიქიური უბედურებებით დაზარალებულებს (საქმეები 11:28—30; გალატელები 6:10).
შეუძლია ბიბლიას მოგვამზადოს სტიქიურ უბედურებებთან შესახვედრად?
დიახ. მართალია, ბიბლია არ არის უსაფრთხოების წესების კრებული, მაგრამ მასში ჩაწერილ პრინციპებს ნამდვილად შეუძლია ამ მხრივ დიდი დახმარების გაწევა.
შეადგინეთ გეგმა, რას გააკეთებთ, თუ სტიქიური უბედურება მოხდება. „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). თუ საგანგებო სიტუაციებისთვის წინასწარ ვემზადებით, გონივრულად ვიქცევით. მომზადებაში შედის ისიც, რომ გვქონდეს ჩანთა, რომელშიც ჩალაგებული გვექნება მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები. აგრეთვე კარგი იქნება, თუ წინასწარ გავაფრთხილებთ ოჯახის წევრებს, სად შევიკრიბებით, თუ უბედურება მოხდება.
ნუ ანაცვალებ საკუთარ სიცოცხლეს მატერიალურ ნივთებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ“ (1 ტიმოთე 6:7, 8). სტიქიას რომ გავექცეთ, მზად უნდა ვიყოთ, დავტოვოთ სახლიც და მატერიალური ნივთებიც. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სიცოცხლე ნებისმიერ ძვირადღირებულ ნივთზე ძვირფასია (მათე 6:25).