„მთელი დედამიწის მოსამართლე“ ყოველთვის სამართლიანად იქცევა
„კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“ (კან. 32:4).
1. როგორ გამოხატა აბრაამმა იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
„განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“ (დაბ. 18:25). ამ სიტყვებით აბრაამმა ნდობა გამოუცხადა იეჰოვას, რომ ის სამართლიან განაჩენს გამოუტანდა სოდომსა და გომორას. ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა არასდროს მოიქცეოდა უსამართლოდ და „მართალს ბოროტთან ერთად“ არ გაანადგურებდა. ასეთი რამ წარმოუდგენლად მიაჩნდა აბრაამს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 400 წლის შემდეგ იეჰოვამ დაავალა მოსეს, მასზე დაეწერა: „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კან. 31:19; 32:4).
2. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვა უსამართლოდ ვერ მოიქცევა?
2 რატომ იყო აბრაამი დარწმუნებული, რომ იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად ასამართლებს? იმიტომ, რომ იეჰოვა სამართლიანობისა და სიმართლის განსახიერებაა. „სამართლიანობად“ და „სიმართლედ“ ნათარგმნი ებრაული სიტყვები ხშირ შემთხვევაში ერთად გვხვდება ებრაულ წერილებში. ამ ორ ცნებას შორის განსხვავება ფაქტობრივად არ არსებობს. ამიტომ ლოგიკურია, რომ იეჰოვა, რომელიც სიმართლის ეტალონია, ყოველთვის სამართლიანად აფასებს სიტუაციას. უფრო მეტიც, როგორც მისი სიტყვიდან ვიგებთ, „ის სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმ. 33:5).
3. რა უსამართლობას ხვდება ხალხი დღეს?
3 გულმართალ ადამიანებს ანუგეშებთ იმის ცოდნა, რომ ამ უსამართლობით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად იქცევა. დღეს ადამიანები ზოგჯერ დიდი უსამართლობის მსხვერპლი ხდებიან. მაგალითად, ზოგი უსამართლოდ დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. მათგან ზოგი მხოლოდ საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ დნმ-ის ექსპერტიზის საფუძველზე გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც ათობით წელი იხდიდნენ სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ. უკანონოდ დაპატიმრება გულგატეხილობასა და რისხვას იწვევს. თუმცა ქრისტიანისთვის სხვა სახის უსამართლობა შეიძლება უფრო რთული ასატანი იყოს.
უსამართლობა კრებაში
4. როგორ შეიძლება გამოიცადოს ქრისტიანის რწმენა?
4 ქრისტიანებისთვის უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ქრისტიანული კრების გარეთ უსამართლობას ხვდებიან. მაგრამ ჩვენი რწმენა შეიძლება გამოიცადოს, თუ კრებაში ისეთ რამეს ვაწყდებით, რაც ერთი შეხედვით უსამართლობა გვგონია. როგორ მოიქცევით, თუ ფიქრობთ, რომ კრებაში უსამართლობის მსხვერპლი ხართ? გახდება ეს თქვენთვის დაბრკოლების მიზეზი?
5. რატომ არ უნდა გაუკვირდეს ქრისტიანს, თუ კრებაში უსამართლობას შეხვდება?
5 ვინაიდან ყველანი არასრულყოფილები და ცოდვილები ვართ, გვესმის, რომ კრებაში შეიძლება ვინმე უსამართლოდ მოგვექცეს ან ჩვენ მოვექცეთ სხვებს უსამართლოდ (1 იოან. 1:8). თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, ერთგულ ქრისტიანებს ეს არც უკვირთ და არც აბრკოლებთ. იეჰოვამ თავის სიტყვაში პრაქტიკული რჩევები მოგვცა, რათა უმწიკვლობის შენარჩუნება მაშინაც შეგვძლებოდა, როცა უსამართლობას თანამორწმუნეების მხრიდან შევხვდებოდით (ფსალმ. 55:12—14).
6, 7. რა უსამართლობას შეხვდა ერთი ძმა კრებაში და რომელი თვისებები დაეხმარა მას, რომ სწორად მოქცეულიყო?
6 განვიხილოთ ძმა ვილი დილის შემთხვევა. 1931 წლიდან ძმა დილი ერთგულად მსახურობდა ბეთელში შვეიცარიის ქალაქ ბერნში. 1946 წელს ის ნიუ-იორკში სკოლა „გალაადის“ მერვე კლასში მიიწვიეს, სკოლის დამთავრების შემდეგ კი შვეიცარიაში დანიშნეს სარაიონო ზედამხედველად. თავის ბიოგრაფიაში ძმა დილმა თქვა: „1949 წლის მაისში ბერნის ბეთელს ვაცნობე, რომ დაქორწინებას ვაპირებდი“. ბეთელიდან მას მისწერეს: „პიონერობის გარდა ყველა პასუხისმგებლობა ჩამოგერთმევა“. ძმა დილმა ახსნა, რას ნიშნავდა ეს: „აღარ მქონდა მოხსენების წარმოთქმის უფლება . . . ბევრი და-ძმა აღარ გვესალმებოდა და ისე გვეპყრობოდა, თითქოს გარიცხულები ვიყავით“.
7 როგორ გაართვა თავი ძმა დილმა ამ სიტუაციას? მან თქვა: „ვიცოდით, რომ ბიბლია დაქორწინებას არ კრძალავდა, ამიტომ გამუდმებით ვლოცულობდით და ჩვენს სადარდებელს იეჰოვას ვანდობდით“. საბოლოოდ, ძმებს შეუსწორეს ქორწინების შესახებ არასწორი შეხედულება და ძმა დილს ყველა პასუხისმგებლობა დაუბრუნეს. იეჰოვასადმი მისი ერთგულება დაჯილდოვდა.a ჩვენც უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: მექნება მსგავსი სულიერი ხედვა, თუ ასეთ უსამართლობას შევხვდები? მოთმინებით დაველოდები იეჰოვას თუ საკუთარი ძალით შევეცდები უსამართლობის გამოსწორებას? (იგავ. 11:2; წაიკითხეთ მიქას 7:7).
8. რატომ შეიძლება დავასკვნათ არასწორად, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვართ ან კრებაში ვინმეს უსამართლოდ ექცევიან?
8 გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგჯერ შეიძლება არასწორად დავასკვნათ, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვართ ან კრებაში ვინმეს უსამართლოდ ექცევიან. მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ არასრულყოფილების გამო რაღაცას არასწორად აღვიქვამთ ან ყველა ფაქტი არ ვიცით. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორად გვესმის საკითხი თუ არასწორად, ლოცვა, ერთგულება და იეჰოვაზე მინდობა დაგვიცავს, რომ არ განვურისხდეთ იეჰოვას (წაიკითხეთ იგავების 19:3).
9. ვის მაგალითებს განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში?
9 განვიხილოთ უსამართლობის სამი შემთხვევა, რომლებიც ბიბლიურ დროში იეჰოვას ხალხს შორის მოხდა. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ მოექცნენ აბრაამის შვილთაშვილ იოსებს თავისი ძმები. შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, როგორ მოექცა იეჰოვა ისრაელის მეფე ახაბს და რა შეცდომა დაუშვა მოციქულმა პეტრემ სირიის ანტიოქიაში. ამ მაგალითების განხილვისას დაუკვირდით, რა დაგეხმარებათ სულიერი ხედვისა და იეჰოვასთან ურთიერთობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ.
იოსები — უსამართლობის მსხვერპლი
10, 11. ა) რა უსამართლობას შეხვდა იოსები? ბ) რის შესაძლებლობა მიეცა პატიმრობაში მყოფ იოსებს?
10 იეჰოვას ერთგულ მსახურ იოსებს არა მხოლოდ გარეშეები მოექცნენ უსამართლოდ, არამედ საკუთარი ძმებიც, რაც ძალიან მტკივნეული იქნებოდა მისთვის. იოსები 17 წლისა იყო, როცა ძმებმა მონად გაყიდეს ეგვიპტეში (დაბ. 37:23—28; 42:21). ამ უცხო ქვეყანაში ჩასვლიდან გარკვეული ხნის შემდეგ ის გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულეს და გასამართლების გარეშე ციხეში ჩასვეს (დაბ. 39:17—20). მისი მონობა და პატიმრობა თითქმის 13 წელს გაგრძელდა. როგორ დაგვეხმარება იოსების შემთხვევა, თუ თანამორწმუნისგან უსამართლობას შევხვდებით?
11 იოსებს შესაძლებლობა მიეცა, რომ ერთ-ერთი პატიმრისთვის თავისი ამბავი მოეყოლა. ეს პატიმარი ეგვიპტის მეფის მერიქიფეთა ყოფილი უფროსი იყო. ციხეში იოსებთან ერთად ყოფნის დროს მერიქიფეთა უფროსმა სიზმარი ნახა, რომელიც იოსებმა ღვთივშთაგონებით ახსნა. მან უთხრა მერიქიფეს, რომ ძველ თანამდებობაზე დააბრუნებდნენ. იოსებმა ისარგებლა შემთხვევით და მას თავისი ამბავიც მოუყვა. ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია არა მხოლოდ იქიდან, რაც იოსებმა თქვა, არამედ იქიდანაც, რაც არა თქვა (დაბ. 40:5—13).
12, 13. ა) როგორ ცხადყო იოსებმა მერიქიფისთვის ნათქვამი სიტყვებით, რომ არ ეგუებოდა თავის ხვედრს? ბ) რა არ მოიხსენია იოსებმა მერიქიფესთან საუბარში?
12 წაიკითხეთ დაბადების 40:14, 15. იოსებმა საკუთარ თავზე თქვა, რომ მოტაცებული იყო. აშკარაა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. იოსებმა ისიც არაორაზროვნად თქვა, რომ არ ჩაუდენია ის, რასაც აბრალებდნენ. მან სთხოვა მერიქიფეს, ის ფარაონთან მოეხსენიებინა, რადგან პატიმრობიდან თავის დაღწევა უნდოდა.
13 იოსების სიტყვებიდან ჩანდა, რომ თავის ხვედრს არ ეგუებოდა. ის კარგად აცნობიერებდა, რომ არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი. იოსებმა ნათლად აუხსნა ყველაფერი მერიქიფეს, რომელიც სავარაუდოდ მის დახმარებას შეძლებდა. თუმცა ალბათ შენიშნეთ, რომ წმინდა წერილებში გაკვრითაც კი არ არის მინიშნებული, იოსებს ოდესმე ვინმესთვის, თვით ფარაონისთვისაც კი, ეთქვა, რომ გამტაცებლები მისი ძმები იყვნენ. როცა ძმები ეგვიპტეში ჩავიდნენ და იოსებს შეურიგდნენ, ფარაონმა კარგად მიიღო ისინი და შესთავაზა, ეგვიპტეში ეცხოვრათ და გაეხარათ „ყოველივე კარგით ეგვიპტის მიწაზე“ (დაბ. 45:16—20).
14. რა დაგვეხმარება, რომ კრების წევრებზე უარყოფითად არ ვისაუბროთ?
14 ქრისტიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ იჭორაოს. თუმცა სავსებით გამართლებულია, რომ მან დახმარებისთვის უხუცესებს მიმართოს და ისინი საქმის კურსში ჩააყენოს, თუ კრების რომელიმე წევრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა (ლევ. 5:1). მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება არ იყოს სერიოზული ცოდვა, ამიტომ მათ სხვების, მათ შორის უხუცესების, ჩარევის გარეშეც შეუძლიათ მოაგვარონ უთანხმოება (წაიკითხეთ მათეს 5:23, 24; 18:15). მოდი გამოვავლინოთ ერთგულება და ასეთი უთანხმოებები ბიბლიური პრინციპების დახმარებით მოვაგვაროთ! ზოგ შემთხვევაში შეიძლება იმასაც მივხვდეთ, რომ უსამართლოდ არავინ მოგვქცევია. რა მადლიერები ვიქნებით, რომ არ გავამწვავეთ სიტუაცია და ცილი არ დავწამეთ თანაქრისტიანს! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლები ვართ თუ არა, ზურგს უკან ლაპარაკით სიტუაციას ვერასდროს მოვაგვარებთ. ასეთი შეცდომისგან იეჰოვასა და ძმებისადმი ერთგულება დაგვიცავს. ფსალმუნმომღერალმა მასზე, „ვინც უბიწოდ დადის“, თქვა, რომ ის „ცილს არავის სწამებს თავისი ენით, ცუდს არაფერს უკეთებს თავის მეგობარს და თავის ახლობელს არ შეურაცხყოფს“ (ფსალმ. 15:2, 3; იაკ. 3:5).
გაუფრთხილდით ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას
15. როგორ აღმოჩნდა იეჰოვასთან ურთიერთობა კურთხევა იოსებისთვის?
15 იეჰოვასთან იოსების ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის. მძიმე განსაცდელებით სავსე 13 წლის მანძილზე იოსებმა ცხადყო, რომ საკითხებს იეჰოვას თვალით უყურებდა (დაბ. 45:5—8). მას არასდროს დაუდანაშაულებია იეჰოვა იმაში, რაც თავს გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ იოსებს არ დავიწყებია გადატანილი განსაცდელები, ის არ გაბოროტებულა. უფრო მეტიც, იოსები არ ჩამოშორებია იეჰოვას სხვების არასრულყოფილებისა და ბოროტი საქმეების გამო. ის ერთგული დარჩა და საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოასწორა იეჰოვამ მდგომარეობა და როგორ აკურთხა ის და მისი ოჯახი.
16. რატომ უნდა დავუახლოვდეთ იეჰოვას უფრო მეტად, თუ უსამართლობას კრებაში ვხვდებით?
16 მსგავსად, ჩვენც უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ იეჰოვასთან ურთიერთობას. არასდროს უნდა დავუშვათ, რომ თანაქრისტიანების არასრულყოფილებამ ჩამოგვაშოროს ჩვენს საყვარელ ღმერთს (რომ. 8:38, 39). ამის საპირისპიროდ, უნდა მივბაძოთ იოსებს, უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას და საკითხებს მისი თვალით შევხედოთ. როცა ბიბლიური პრინციპების თანახმად ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი იეჰოვას უნდა მივანდოთ იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის სათანადო დროს სათანადოდ გამოასწორებს მდგომარეობას.
მიენდეთ „მთელი დედამიწის მოსამართლეს“
17. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვენდობით „მთელი დედამიწის მოსამართლეს“?
17 ვიდრე ეს ქვეყნიერება არსებობს, უსამართლობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით. ზოგჯერ შეიძლება კრებაში თქვენ ან თქვენი ახლობელი უსამართლობის მსხვერპლი გახდეთ ან ისეთ რამეს წააწყდეთ, რაც უსამართლობა გგონიათ. ნუ დაგაბრკოლებთ ეს! (ფსალმ. 119:165). ნაცვლად ამისა, გამოავლინეთ ერთგულება, ილოცეთ და მიენდეთ ღმერთს. ამასთანავე, თავმდაბლად უნდა ვაღიაროთ, რომ შეიძლება ყველა ფაქტი არ ვიცოდეთ. ისიც კარგად გვესმის, რომ არასრულყოფილების გამო შეიძლება რაღაც არასწორად გავიგოთ. როგორც იოსების შემთხვევიდან დავინახეთ, არ უნდა ვისაუბროთ უარყოფითად, რადგან ეს მდგომარეობას უფრო ამწვავებს. დაბოლოს, სიტუაციის საკუთარი ძალით გამოსწორების ნაცვლად, ერთგულება უნდა შევინარჩუნოთ და მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. შედეგად, იეჰოვას მოწონებასა და კურთხევას დავიმსახურებთ, როგორც ეს იოსების შემთხვევაში მოხდა. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა, „მთელი დედამიწის მოსამართლე“, ყოველთვის სწორად მოიქცევა, „რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (დაბ. 18:25; კან. 32:4).
18. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 მომდევნო სტატიაში განვიხილავთ უსამართლობის კიდევ ორ შემთხვევას, რომელთაც ბიბლიურ დროში იეჰოვას ხალხს შორის ჰქონდა ადგილი. ამ შემთხვევებიდან დავინახავთ, როგორ დაგვეხმარება თავმდაბლობა და მიმტევებლობა, რომ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისი ავირეკლოთ.
a იხილეთ 1991 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ ძმა ვილი დილის ბიოგრაფია, გვერდები 25—29 [რუს.].