სარა
[დიდგვაროვანი ქალბატონი], სარაი [შესაძლოა ნიშნავს ანჩხლს]
აბრაამის ნახევარდა და ცოლი, ისაკის დედა (დბ. 11:29; 20:12; ეს. 51:2). თავიდან ერქვა სარაი (დბ. 17:15). აბრაამზე ათი წლით უმცროსი იყო (დბ. 17:17). ისინი ჯერ კიდევ ქალდეველთა ქალაქ ურში ცხოვრობდნენ, როცა დაქორწინდნენ (დბ. 11:28, 29). სარა უშვილო იყო და ყოველთვიური სისხლდენა უკვე შეწყვეტილი ჰქონდა, ვიდრე ღმერთმა სასწაულებრივად არ აღუდგინა შვილის ყოლის უნარი (დბ. 18:11; რმ. 4:19; ებ. 11:11).
სარა 60 წლისა იქნებოდა, როცა აბრაამთან ერთად ქალაქი ური დატოვა და ხარანში გადავიდა საცხოვრებლად. 65 წლის ასაკში ის თავის ქმარს ხარანიდან ქანაანის მიწაზე გაჰყვა (დბ. 12:4, 5). გარკვეულ ხანს ისინი ცხოვრობდნენ შექემში, ბეთელის აღმოსავლეთით მთიან მხარესა და სხვა ადგილებში, ვიდრე შიმშილობამ ეგვიპტეში გადასვლა არ აიძულა (დბ. 12:6—10).
ასაკის მიუხედავად სარა ძალიან ლამაზი იყო. ამიტომ აბრაამმა თავიდანვე სთხოვა, მგზავრობის დროს საჭიროების შემთხვევაში ეთქვა, რომ მისი და იყო, რათა აბრაამი არ მოეკლათ მის გამო (დბ. 20:13). შედეგად, ეგვიპტეში სარა ფარაონის სახლში წაიყვანეს, რადგან ფარაონის მთავრები აქებდნენ მას. მაგრამ ღმერთი ჩაერია და შეაკავა ფარაონი, რომ არ შეებღალა ის. სარა დაუბრუნეს აბრაამს და ორივეს ქვეყნის დატოვება სთხოვეს. ფარაონმა აბრაამისა და მისი ქონების უსაფრთხოებაზეც იზრუნა (დბ. 12:11—20).
აღსანიშნავია ერთ ძველ პაპირუსში მოხსენიებული შემთხვევა. ერთ-ერთმა ფარაონმა ჯარისკაცებს უბრძანა, შეეპყროთ ლამაზი ქალი და მისი ქმარი მოეკლათ. ასე რომ, აბრაამის შიში უსაფუძვლო არ იყო. უცხო ქვეყანაში საკუთარი სიცოცხლის ფასად ცოლის ღირსების წარუმატებლად დაცვის ნაცვლად, აბრაამი ისე მოიქცა, როგორც ყველაზე უსაფრთხოდ მიაჩნდა. უნდა გვახსოვდეს, რომ აბრაამი სარას პატრონი იყო. სარა ბედნიერი იყო, რომ შეეძლო, ამგვარად მომსახურებოდა იეჰოვასა და აბრაამს. ბიბლია არ კიცხავს აბრაამს ასეთი საქციელისთვის.
ქანაანში პირველი შესვლიდან ათი წლის შემდეგ 75 წლის სარამ სთხოვა აბრაამს, დაწოლილიყო მის ეგვიპტელ მოახლესთან, აგართან, რათა მისგან შესძენოდა შვილები (დბ. 16:1—3). მაგრამ წამოჭრილმა სირთულეებმა ცხადი გახადა, რომ იეჰოვა ამგვარად არ აპირებდა შთამომავალთან დაკავშირებით აბრაამისთვის მიცემული დაპირების შესრულებას (დბ. 15:1—16). დაორსულებული აგარი აღარაფრად აგდებდა თავის ქალბატონს. როცა სარამ უკმაყოფილება გამოთქვა, აბრაამმა უფლება მისცა, თავისი ნებისამებრ მოქცეოდა თავის მოახლეს. სარასგან დამცირებული აგარი გაიქცა სახლიდან, მაგრამ დაემორჩილა ღვთის მითითებას და უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც გააჩინა ისმაელი (დბ. 16:4—16).
ისმაელის დაბადებიდან 13 წლის შემდეგ ღმერთმა უბრძანა აბრაამს, წინადაეცვითა ყველა მამაკაცი თავის სახლეულობაში, აგრეთვე თავისი ცოლისთვის სარაი კი აღარ ეწოდებინა, არამედ სარა, რაც დიდგვაროვან ქალბატონს ნიშნავს. სარასთან დაკავშირებით ღმერთმა უთხრა აბრაამს: „ვაკურთხებ მას და ძეს მოგცემ მისგან; ვაკურთხებ მას და მრავალ ერად იქცევა იგი; ხალხთა მეფეები გამოვლენ მისგან“ (დბ. 17:9—27). არც ისე დიდი ხნის შემდეგ მამრეში მათთან მისული სამი ანგელოზიდან ერთ-ერთმა კვლავ გაიმეორა, რომ სარას ვაჟი ეყოლებოდა. ამის გაგებაზე «გულში გაეცინა სარას და თქვა: „დაუძლურებულს რა სიამე მექნება, თანაც უკვე მოხუცია ჩემი ბატონი?!“». როცა ანგელოზმა ამხილა, სარამ შიშისგან უარყო, რომ გაიცინა (დბ. 18:1—15; რმ. 9:9). ვინაიდან სარა ებრაელების 11:11-ში სამაგალითო რწმენის მქონე ადამიანად არის მოხსენიებული, როგორც ჩანს, მისი სიცილი ურწმუნოების ნიშანი არ იყო; სიბერეში შვილის ყოლა მას, შესაძლოა, უბრალოდ სასაცილოდ მოეჩვენა. სარა აბრაამს თავის გულში ბატონს უწოდებდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ის აღიარებდა და ემორჩილებოდა ქმრის მეთაურობას. ქრისტიან ცოლებს მან მისაბაძი მაგალითი მისცა (1პტ. 3:5, 6).
სარა და აბრაამი გერარში დასახლდნენ. როგორც ადრე, ახლაც აბრაამმა თქვა, რომ სარა მისი და იყო. გერარის მეფე აბიმელექმა სარა თავისთან წაიყვანა. ამჟამადაც იეჰოვა ჩაერია და შებღალვისგან დაიცვა ის. სარას დაბრუნების შემდეგ აბიმელექმა ცხვარ-ძროხა, მსახურები და მოახლეები მისცა აბრაამს, შესაძლოა, დროებით ცოლთან განშორების სანაცვლოდ. გარდა ამისა, მან აბრაამს ათასი ვერცხლი (დაახლ. $2 200) მისცა, როგორც ჩანს, იმის ნიშნად, რომ სარა შეურაცხყოფილი არ იყო (დბ. 20).
სარა 90 წლისა იყო, როცა ისაკი შეეძინა. მან თქვა: „გამაცინა ღმერთმა; ყველა გაიცინებს, ვინც ამას გაიგებს“. ასეთი სიცილი, როგორც ჩანს, ბავშვის დაბადებით გამოწვეული სიხარულისა და გაოცების შედეგი იყო. სარა თავის ვაჟს დაახლოებით ხუთ წელს აწოვებდა ძუძუს. როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს, აბრაამმა დიდი ნადიმი გამართა. ამ დროს სარამ შეამჩნია, რომ აგარის 19 წლის ვაჟი ისმაელი დასცინოდა ისაკს. შვილის მომავლით შეშფოთებულმა სარამ აბრაამს აგარისა და ისმაელის სახლიდან გაშვება მოსთხოვა. აბრაამი ასეც მოიქცა და ღმერთმა მოიწონა მისი საქციელი (დბ. 21:1—14).
დაახლოებით 32 წლის შემდეგ, სარა 127 წლის ასაკში მოკვდა და აბრაამმა ის „მაქფელას მინდვრის გამოქვაბულში“ დამარხა (დბ. 23:1, 19, 20).
სიმბოლური მნიშვნელობა. გალატელებისთვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე ამბობს, რომ აბრაამის ცოლი სარა განასახიერებს „ზედა იერუსალიმს“, აბრაამის სულიერი შთამომავლების, ცხებული ქრისტიანების დედას. სარას მსგავსად, „ზედა იერუსალიმი“, ღვთის სიმბოლური ქალი, არასდროს ყოფილა მონა და, შესაბამისად, მისი შვილებიც თავისუფლები არიან. ადამიანი რომ „ზედა იერუსალიმის“ თავისუფალი შვილი გახდეს, ანუ მისი თავისუფლება მიიღოს, ღვთის ძის მეშვეობით უნდა გათავისუფლდეს ცოდვის მონობისგან (გლ. 4:22—31; 5:1). იესო ქრისტემაც უთხრა აბრაამის ხორციელ შთამომავლებს: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყველა, ვინც ცოდვას სჩადის, ცოდვის მონაა. გარდა ამისა, ოჯახში მონა სამუდამოდ არ რჩება; სამუდამოდ რჩება ძე. ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (ინ. 8:34—36; იხ. თავისუფალი ქალი; აგარი).