მკითხველები გვეკითხებიან
რატომ სთხოვა ღმერთმა აბრაამს, მისთვის ვაჟი შეეწირა?
▪ ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ ვკითხულობთ, რომ იეჰოვა ღმერთმა აბრაამს სთხოვა, თავისი ვაჟი, ისაკი, მისთვის შეეწირა (დაბადება 22:2). ბიბლიის ზოგ მკითხველს არ ესმის, რატომ სთხოვა ღმერთმა აბრაამს ამის გაკეთება. „როდესაც ბავშვობაში პირველად მოვისმინე ეს ამბავი, აღვშფოთდი, — ამბობს პროფესორი კეროლი. — როგორ მოითხოვა ღმერთმა ასეთი საშინელ რამ?“. გასაკვირი არ არის, რატომ არის ზოგისთვის ეს უჩვეულო, მაგრამ კარგი იქნება, თუ მხედველობიდან არ გამოგვრჩება რამდენიმე ფაქტი.
თავდაპირველად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა არ გააკეთა იეჰოვამ. მან აბრაამს არ დართო იმის ნება, რომ შეეწირა ისაკი, მიუხედავად იმისა, რომ აბრაამი ამის გასაკეთებლად მზად იყო. გარდა ამისა, მსგავსი რამ იეჰოვას აღარავისთვის უთხოვია. იეჰოვას სურს, რომ მისმა თაყვანისმცემლებმა, მათ შორის ბავშვებმა, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრონ.
მეორეც, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა, ეთხოვა აბრაამისთვის ისაკის მსხვერპლად შეწირვა. ღმერთმა იცოდა, რომ საუკუნეების შემდეგ ის დაუშვებდა, თავისი ვაჟი,a იესო, ჩვენი გულისთვის მომკვდარიყო (მათე 20:28). იეჰოვას სურდა, ჩვენთვის დაენახვებინა, თუ რა ძვირად დაუჯდებოდა ამ მსხვერპლის გაღება. იმით, რისი გაკეთებაც მან აბრაამს სთხოვა, ღმერთმა კარგად დაგვანახვა, თუ რაოდენ დიდი მსხვერპლის გაღება მოუწევდა თავად მას მომავალში.
გავიხსენოთ, რა უთხრა იეჰოვამ აბრაამს: „წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს, ისაკი . . . აღავლინე იგი დასაწვავ შესაწირავად“ (დაბადება 22:2). ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვამ ისაკზე აბრაამს უთხრა: „რომელიც ძალიან გიყვარს“. იეჰოვამ იცოდა, როგორი ძვირფასი იყო აბრაამისთვის ისაკი. ღმერთმა ისიც კარგად იცოდა, თავად რას გრძნობდა საკუთარი ვაჟის, იესოს მიმართ. იეჰოვას ისე ძლიერ უყვარდა იესო, რომ ზეციდან ორჯერ თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე“ (მარკოზი 1:11; 9:7).
აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ იეჰოვამ თხოვნით მიმართა აბრაამს. ერთი ბიბლიის მკვლევარი აღნიშნავს: „ის, რომ ღმერთმა აბრაამს ასე მიმართა, იმაზე მიუთითებს, რომ უფალს კარგად ესმოდა, რამხელა მსხვერპლის გაღება მოუწევდა აბრაამს“. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ატკენდა ეს აბრაამს გულს. მაგრამ ბოლომდე არ შეგვიძლია იმის წარმოდგენა, თუ რა ძლიერ ტკივილს განიცდიდა იეჰოვა, როცა საკუთარი ძის წამებასა და სიკვდილს უყურებდა. უდავოა, არავის არასდროს განუცდია ისეთი ძლიერი ტკივილი, როგორიც იეჰოვამ განიცადა იესოს წამების დროს.
მაშინაც კი, თუ ის, რისი გაკეთებაც იეჰოვამ აბრაამს სთხოვა, ჩვენში არასასიამოვნო გრძნობას იწვევს, კარგია, თუ არ დაგვავიწყდება, რომ იეჰოვამ ერთგულ აბრაამს არ დართო ნება, მსხვერპლად შეეწირა შვილი. მან არ დაუშვა, რომ აბრაამს შვილის დაკარგვით გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილი განეცადა — მან არ დაუშვა ისაკის სიკვდილი. მაგრამ იეჰოვამ „საკუთარი ძე გაიმეტა და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა“ (რომაელები 8:32). რატომ გაიმეტა საკუთარი თავი ღმერთმა ასეთი ტკივილისთვის? ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენ „მიგვეღო სიცოცხლე“ (1 იოანე 4:9). ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას. განა არ აღგვძრავს ეს, რომ ჩვენც სიყვარულითვე ვუპასუხოთ მას?!b
[სქოლიოები]
a ბიბლია არ ასწავლის, რომ ღმერთს იმიტომ ეწოდება იესოს მამა, რომ ის ქალისგან შეეძინა. იეჰოვამ შექმნა სულიერი ქმნილება, რომელიც მოგვიანებით დედამიწაზე მოევლინა ქალწულ მარიამის მეშვეობით. რადგან ღმერთმა შექმნა იესო, მას მართებულად ეწოდება მისი მამა.
b დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ იყო აუცილებელი, მომკვდარიყო იესო და როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვავლინოთ ამ მსხვერპლისთვის, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 5.