იეჰოვა — კავშირების დამდები ღმერთი
«ახალ აღთქმას [„კავშირს“, აქ] დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს» (იერემია 31:30).
1, 2. ა) რა დღესასწაული შემოიღო იესომ ახ. წ. 33 წლის 14 ნისანის ღამეს? ბ) თავის სიკვდილთან დაკავშირებულ რომელ კავშირზე მიუთითა იესომ?
ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის 14 ნისანს იესომ თავის 12 მოციქულთან ერთად იზეიმა პასექი. რადგან იცოდა, რომ მათთან უკანასკნელად ვახშმობდა და მალე მტრების ხელით სიკვდილი ელოდა, ეს შემთხვევა მოწაფეებისთვის მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის ასახსნელად გამოიყენა (იოანე 13:1—17:26).
2 იუდა ისკარიოტელის დათხოვნის შემდეგ იესომ ქრისტიანებისთვის დააწესა ერთადერთი ყოველწლიური რელიგიური დღესასწაულის დაცვა — მისი სიკვდილის გახსენება. ცნობა იუწყება: «როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.“ აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: «ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა [„კავშირისა“, აქ], მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად» (მათე 26:26–28). იესოს მიმდევრებს სადად და ღირსეულად უნდა მოეგონებინათ მისი სიკვდილი. იესომ ეს კავშირი თავის სიკვდილთან დაკავშირებით მოიხსენია. ლუკას ცნობაში ამ კავშირს ‘ახალი კავშირი’ ეწოდება (ლუკა 22:20).
3. რა კითხვები წამოიჭრება ახალ კავშირთან დაკავშირებით?
3 რა არის ახალი კავშირი? თუ ის ახალია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ძველიც არსებობს? არის თუ არა კიდევ სხვა კავშირები, რომლებიც მასთანაა დაკავშირებული? ეს კითხვები მნიშვნელოვანია, რადგან იესომ თქვა, რომ ამ კავშირის სისხლი „ცოდვათა მისატევებლად“ დაიღვრებოდა. თითოეული ჩვენგანისთვის კი აუცილებელია ასეთი მიტევება (რომაელთა 3:23).
აბრაამთან დადებული კავშირი
4. რომელი ძველი დანაპირები დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ რა არის ახალი კავშირი?
4 რომ გავიგოთ, თუ რა არის ახალი კავშირი, უნდა გადავინაცვლოთ დედამიწაზე იესოს მსახურებამდე თითქმის 2 000 წლის წინ, იმ დროში, როდესაც თერახი და მისი ოჯახი — აბრამის (მოგვიანებით აბრაამის) და სარაის (მოგვიანებით სარას) ჩათვლით — აყვავებული ქალდეველთა ურიდან მესოპოტამიის ჩრდილოეთით მდებარე ხარანში გადასახლდნენ. ისინი იქ თერახის სიკვდილამდე დარჩნენ. შემდეგ 75 წლის აბრაამს იეჰოვამ უთხრა, გადაელახა მდინარე ევფრატი, სამხრეთ-დასავლეთით ქანაანისკენ წასულიყო და კარვებში მომთაბარე ცხოვრებით ეცხოვრა (დაბადება 11:31–12:1, 4, 5; საქმეები 7:2–5). ეს მოხდა ძვ. წ. 1943 წელს. ჯერ კიდევ ხარანში იყო აბრაამი, როდესაც იეჰოვამ უთხრა: „გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა“. მოგვიანებით, როდესაც აბრაამი ქანაანში დასახლდა, იეჰოვამ დაამატა: „შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა“ (დაბადება 12:2, 3, 7).
5. რომელ ისტორიულ წინასწარმეტყველებასთან არის დაკავშირებული აბრაამისადმი იეჰოვას დაპირება?
5 აბრაამისთვის მიცემული ეს დანაპირები იეჰოვას კიდევ ერთ დანაპირებთან იყო დაკავშირებული. სინამდვილეში ამან აბრაამი ადამიანთა ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა, მასთან არის დაკავშირებული პირველი წინასწარმეტყველების შესრულება. ედემის ბაღში ადამსა და ევას შეცოდების შემდეგ იეჰოვამ განაჩენი გამოუცხადა და ამავე დროს მაშინვე მიმართა სატანას, რომელმაც ევა აცდუნა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15). იეჰოვას მიერ აბრაამთან დადებული კავშირი მიუთითებდა, რომ თესლი, რომელიც სატანის საქმეებს გააქარწყლებდა, პატრიარქის საგვარეულოდან იქნებოდა.
6. ა) ვის მეშვეობით შესრულდებოდა იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული დანაპირები? ბ) რა არის აბრაამთან დადებული კავშირი?
6 ვინაიდან იეჰოვას დანაპირები თესლს ეხებოდა, საჭირო იყო, აბრაამს ძე ჰყოლოდა, რომლის მეშვეობითაც მოვიდოდა თესლი. მაგრამ ის და სარა ასაკში შედიოდნენ, შვილი კი არ ჰყავდათ. ბოლოს იეჰოვამ აკურთხა ისინი და სასწაულებრივად აღუდგინა გამრავლების უნარი, რის შედეგადაც სარამ ძე, ისაკი, უშვა აბრაამს და ამგვარად ღმერთმა ცხადყო, რომ თესლის შესახებ კავშირი ძალაში დარჩა (დაბადება 17:15–17; 21:1–7). რწმენის გამოცდის შემდეგ, რომელშიც მისი საყვარელი ძის მსხვერპლად შეწირვაც შედიოდა, გავიდა წლები და იეჰოვამ დანაპირები გაუმეორა აბრაამს: „კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს; იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა“ (დაბადება 22:15–18). ამ გრძელვადიან დანაპირებს ხშირად აბრაამთან დადებულ კავშირს უწოდებენ, მოგვიანებით კი ამ კავშირსა და ახალ კავშირს შორის მჭიდრო კავშირი დამყარდებოდა.
7. როგორი რიცხობრივი ზრდა განიცადა აბრაამის თესლმა და რამ აიძულა ისინი, ეგვიპტეში გადასახლებულიყვნენ?
7 გარკვეული დროის შემდეგ ისაკს ტყუპი ბიჭები, ესავი და იაკობი, შეეძინა. იეჰოვამ დანაპირები თესლის წინაპრად იაკობი ამოირჩია (დაბადება 28:10–15; რომაელთა 9:10–13). იაკობს 12 ძე ჰყავდა. ნათელი იყო, რომ დადგა დრო, როდესაც აბრაამის თესლს ზრდა უნდა დაეწყო. როდესაც აბრაამის ძეებმა ზრდასრულ ასაკს მიაღწიეს, შიმშილობამ აიძულა ისინი თავიანთი ოჯახებიანად ეგვიპტეში გადასახლებულიყვნენ, საითაც გზა ღვთიური ხელმძღვანელობით, იაკობის ძემ, იოსებმა, მოამზადა (დაბადება 45:5–13; 46:26, 27). რამდენიმე წლის შემდეგ ქანაანში შიმშილობამ გადაიარა. მაგრამ იაკობის ოჯახი ეგვიპტეში დარჩა, თავიდან როგორც სტუმარი, ხოლო შემდეგ როგორც მონა. აბრაამის მიერ ევფრატის გადალახვიდან 430 წლის შემდეგ, ძვ. წ. 1513 წელს, გაათავისუფლა მოსემ იაკობის შთამომავლობა ეგვიპტის მონობიდან (გამოსვლა 1:8–14; 12:40, 41; გალატელთა 3:16, 17). მაშინ იეჰოვამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია აბრაამთან დადებულ კავშირს (გამოსვლა 2:24; 6:2–5).
‘ძველი კავშირი’
8. რა კავშირი დადო სინაის მთასთან იეჰოვამ იაკობის შთამომავლებთან და რა კავშირი ჰქონდა ამას აბრაამთან დადებულ კავშირთან?
8 როდესაც იაკობი და მისი ვაჟები ეგვიპტეში ჩავიდნენ, ისინი მხოლოდ ერთ დიდ ოჯახს წარმოადგენდნენ, ხოლო მათმა შთამომავლებმა ხალხმრავალი ტომებისგან შემდგარი დიდი საზოგადოების სახით დატოვეს იგი (გამოსვლა 1:5–7; 12:37, 38). ქანაანში მიყვანამდე იეჰოვამ ისინი სამხრეთით, არაბეთში ხორების (ანუ სინაის) მთისკენ წაიყვანა. იქ დადო მათთან კავშირი, რომელსაც მოგვიანებით, ‘ახალი’ კავშირის დადების შემდეგ, ‘ძველი’ ეწოდა (2 კორინთელთა 3:14). იეჰოვამ ძველი კავშირის საშუალებით თვალსაჩინოდ შეასრულა აბრაამთან დადებული კავშირი.
9. ა) რომელი ოთხი რამ აღუთქვა იეჰოვამ ისრაელებს აბრაამთან დადებული კავშირის მეშვეობით? ბ) რა შემდგომი პერსპექტივა მისცა ისრაელს იეჰოვასთან დადებულმა კავშირმა და რა პირობით?
9 იეჰოვამ ისრაელებს აუხსნა კავშირის პირობები: «ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას [„კავშირს“, აქ], ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით» (გამოსვლა 19:5, 6). იეჰოვა დაჰპირდა, რომ აბრაამის თესლი 1) დიდ ხალხად იქცეოდა, 2) მტრებზე გაიმარჯვებდა, 3) ქანაანის ქვეყანას დაიმკვიდრებდა და 4) მისი მეშვეობით იკურთხებოდა სხვა ერები. მაშინ მან გამოუცხადა, რომ, თუ მის კანონებს დაემორჩილებოდნენ, როგორც მის განსაკუთრებულ ხალხს, ისრაელს, ‘მღვდელთა სამეფოს და წმინდა ერს’, შეეძლოთ მიეღოთ ეს კურთხევები. თანახმანი იყვნენ თუ არა ისრაელები ამ კავშირში შესვლაზე? მათ ერთხმად უპასუხეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა“ (გამოსვლა 19:8).
10. როგორ ჩამოაყალიბა იეჰოვამ ისრაელი თავის ერად და რას მოელოდა ის მათგან?
10 მაშასადამე, იეჰოვამ ისრაელი თავის ერად ჩამოაყალიბა. მისცა მათ თაყვანისცემასა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული კანონები. აგრეთვე კარავი (მოგვიანებით კი იერუსალიმის ტაძარი) და სამღვდელოება, რომელსაც კარავში წმინდა მსახურება უნდა გაეწია. კავშირის დაცვა იეჰოვას კანონების მორჩილებას ნიშნავდა და ეს, განსაკუთრებით, მხოლოდ მისადმი თაყვანისცემას ეხებოდა. რჯულის ბირთვში, რომელსაც პირველი ათი მცნება წარმოადგენდა, ნათქვამია: „მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები“ (გამოსვლა 20:2, 3).
რჯულის კავშირის მეშვეობით მიღებული კურთხევები
11, 12. როგორ შესრულდა ძველი კავშირის დაპირებები ისრაელებზე?
11 შესრულდა თუ არა რჯულის კავშირით ისრაელებისთვის მიცემული დაპირებები? გახდა თუ არა ისრაელი „წმინდა ერი“? როგორც ადამის შთამომავლები, ისრაელები ცოდვილები იყვნენ (რომაელთა 5:12). მიუხედავად ამისა, მათი ცოდვების დაფარვა რჯულის თანახმად შეწირული მსხვერპლით ხდებოდა. ყოველწლიურად განწმენდის დღეს შეწირულ მსხვერპლთან დაკავშირებით იეჰოვამ თქვა: „რადგან ამ დღეს შეგენდოთ თქვენ, რომ გაეწმიდავებინეთ ყველა თქვენი ცოდვისგან. უფლის წინაშე უნდა იყოთ განწმედილები“ (ლევიანნი 16:30). ამიტომ, თუ ერთგულად მორჩილებას გამოავლენდა, ისრაელი იეჰოვას მსახურებისთვის განწმენდილი წმინდა ერი იქნებოდა. მაგრამ განწმენდა რჯულისადმი მორჩილებასა და მუდმივ შესაწირავზე იყო დამოკიდებული.
12 გახდა ისრაელი ‘მღვდელთა სამეფოდ’? კავშირის დადების შემდეგ ის იყო სამეფო, რომელსაც ზეციერ მეფედ იეჰოვა ჰყავდა (ესაია 33:22). შემდეგ რჯულის კავშირში ადამიანი მეფის შესახებ დებულებებიც იქნა ჩართული; ასე რომ, მოგვიანებით იეჰოვას წარმომადგენლები იერუსალიმში მმართველი მეფეები იყვნენ (მეორე რჯული 17:14–18). მაგრამ იყო თუ არა ისრაელი მღვდელთა სამეფო? ისრაელში იყო სამღვდელოება, რომელიც კარავში წმინდა მსახურებას ასრულებდა. კარავი (მოგვიანებით ტაძარი) როგორც ისრაელებისთვის, ისე არაისრაელებისთვისაც წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო. და ისრაელი ერი კაცობრიობისთვის ჭეშმარიტების გადამცემ ძირითად არხს წარმოადგენდა (მეორე ნეშტთა 6:32, 33; რომაელთა 3:1, 2). ყველა ერთგული ისრაელი და არა მხოლოდ ლევიანი მღვდლები, იეჰოვას „მოწმენი“ იყვნენ. ისრაელები იეჰოვას „მორჩილნი“, ‘მის სადიდებლად გამოსახულნი’ იყვნენ (ესაია 43:10, 21). მრავალი თავმდაბალი არაისრაელი ხედავდა იეჰოვას მიერ თავისი ხალხის სასარგებლოდ გამოვლენილ ძალას და წმინდა თაყვანისმცემლობა იზიდავდა. ისინი პროზელიტები გახდნენ (იესო ნავეს ძე 2:9–13). მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი ტომის წარმომადგენლები მსახურობდნენ ცხებულ მღვდლებად.
პროზელიტები ისრაელში
13, 14. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ პროზელიტები რჯულის კავშირში არ შედიოდნენ? ბ) როგორ გახდნენ პროზელიტები რჯულის კავშირის ქვეშევრდომები?
13 რა მდგომარეობა ეჭირათ საზოგადოებაში პროზელიტებს? იეჰოვამ კავშირი მხოლოდ ისრაელებთან შეკრა, ხოლო მათი თანმხლები „უამრავი ჭრელი ხალხი“, თუმცა ისინიც ისრაელებთან იყვნენ, კავშირში არ შედიოდა (გამოსვლა 12:38; 19:3, 7, 8). როდესაც ისრაელების პირმშოებისთვის გამოსასყიდი გამოითვალეს, მასში პროზელიტების პირმშოები არ შედიოდნენ (რიცხვნი 3:44–51). ათწლეულების შემდეგ, როდესაც ქანაანის ქვეყანა ისრაელის შტოებს შორის დანაწილდა, არაისრაელი მორწმუნეებისთვის არაფერი დაუტოვებიათ (დაბადება 12:7; იესო ნავეს ძე 13:1–14). რატომ? იმიტომ, რომ რჯულის კავშირი ღმერთს პროზელიტებთან არ დაუდია. მაგრამ პროზელიტი მამაკაცები რჯულის თანახმად, წინადაცვეთილები იყვნენ. ისინი იცავდნენ რჯულის წესებს და რჯული მათთვისაც სარგებლობის მომტანი იყო. პროზელიტები, ისევე როგორც ისრაელები, რჯულის კავშირის ქვეშევრდომები გახდნენ (გამოსვლა 12:48, 49; რიცხვნი 15:14–16; რომაელთა 3:19).
14 მაგალითად, თუ პროზელიტს უნებურად ვინმე შემოაკვდებოდა, ებრაელის მსგავსად, მასაც შეეძლო თავშესაფარ ქალაქში გაქცეულიყო (რიცხვნი 35:15, 22–25; იესო ნავეს ძე 20:9). განწმენდის დღეს მიტანილი შესაწირავი ‘წმენდდა მთელს ისრაელის კრებულს’. როგორც საზოგადოების წევრები, პროზელიტებიც მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებაში და ეს მსხვერპლშესაწირი მათაც ეხებოდა (ლევიანნი 16:7–10, 15, 17, 29; მეორე რჯული 23:7, 8). პროზელიტები ისე ახლო ურთიერთობაში იყვნენ რჯულის დამცველ ისრაელებთან, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ‘სასუფევლის გასაღებებიდან’ პირველით ისრაელებთან ერთად პროზელიტებმაც ისარგებლეს. შედეგად „ანტიოქიელი რჯულშეცვლილი ნიკოლოზი“ ქრისტიანი გახდა და იმ ‘შვიდ სარწმუნო კაცთა’ შორის იყო, რომლებიც იერუსალიმის კრების საჭიროებებისთვის მზრუნველობის გასაწევად დაინიშნენ (მათე 16:19; საქმეები 2:5–10; 6:3–6; 8:26–39).
იეჰოვა აკურთხებს აბრაამის თესლს
15, 16. როგორ შესრულდა იეჰოვას მიერ აბრაამთან დადებული კავშირი რჯულის კავშირის საშუალებით?
15 პატრიარქისადმი მიცემული დანაპირების თანახმად, იეჰოვამ აკურთხა აბრაამის შთამომავლები, რომლებიც რჯულის ქვეშევრდომობაში მყოფ ერად იყვნენ ჩამოყალიბებული. ძვ. წ. 1473 წელს მოსეს შემცვლელმა, იესო ნავეს ძემ, ისრაელი ქანაანში შეიყვანა. შემდეგ კი ქვეყნის ტომებს შორის დანაწილებით შესრულდა იეჰოვას მიერ დადებული კავშირი, აბრაამის თესლისთვის მიეცა ეს ქვეყანა. როდესაც ისრაელი ერთგული იყო, იეჰოვა ასრულებდა თავის დანაპირებს და ისინი იმარჯვებდნენ თავიანთ მტრებზე. განსაკუთრებით კი ეს მეფე დავითის მმართველობის დროს ხდებოდა. დავითის ძის, სოლომონის, დროისთვის შესრულდა აბრაამთან დადებული კავშირის მესამე მხარე. „ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი“ (მესამე მეფეთა 4:20).
16 მაგრამ როგორ შეეძლოთ ერებს კურთხევა მიეღოთ ისრაელის, აბრაამის თესლის, მეშვეობით? როგორც ადრე იყო მოხსენიებული, ისრაელი, ღვთის რჩეული ხალხი, ერებს შორის მისი წარმომადგენელი იყო. ქანაანში შესვლამდე ცოტა ხნის წინათ მოსემ თქვა: „იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა“ (მეორე რჯული 32:43, „მცხეთური ხელნაწერები“). მრავალი უცხოელი გამოეხმაურა ამ მოწოდებას. „თან გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი“, რომლებიც ისრაელებს ეგვიპტიდან გამოჰყვნენ და რომლებიც უდაბნოში იეჰოვას მიერ გამოვლენილი ძალის მოწმეები იყვნენ; ეს ის ხალხი იყო, რომლებმაც მოისმინეს მოსეს მოწოდება, ემხიარულათ (გამოსვლა 12:37, 38). მოგვიანებით, მოაბელი რუთი ისრაელ ბოყაზზე გათხოვდა და ამგვარად, მესიის წინაპარი გახდა (რუთი 4:13–22). იონადაბ კენიელმა, მისმა შთამომავლებმა და ეთიოპიელმა ყებედ მელექმა საკუთარი თავი სამართლიანი პრინციპებისადმი ერთგულად წარმოაჩინეს მაშინ, როცა მრავალი წარმოშობით ისრაელი ორგული იყო (მეოთხე მეფეთა 10:15–17; იერემია 35:1–19; 38:7–13). სპარსეთის იმპერიის მმართველობისას მრავალი არაისრაელი გახდა პროზელიტი და ისრაელებთან ერთად იბრძოდა მისი მტრების წინააღმდეგ (ესთერი 8:17).
საჭირო გახდა ახალი კავშირი
17. ა) რატომ უარყო იეჰოვამ ისრაელის ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოები? ბ) რამ გამოიწვია იუდეველების საბოლოო უარყოფა?
17 ღვთის დანაპირებიდან ყველაფრის მისაღებად ღვთის რჩეული ერი ერთგული უნდა ყოფილიყო. ისინი კი ორგულები აღმოჩნდნენ. მართალია, ისრაელებს შორის ზოგი ბრწყინვალე რწმენას ავლენდა (ებრაელთა 11:32—12:1). მაგრამ მატერიალური გამორჩენის იმედით, ერი ბევრჯერ მიუბრუნდა წარმართ ღმერთებს (იერემია 34:8–16; 44:15–18). ცალკეული პიროვნებები არასწორად იყენებდნენ რჯულს ან, უბრალოდ, უგულებელყოფდნენ მას (ნეემია 5:1–5; ესაია 59:2–8; მალაქია 1:12–14). სოლომონის სიკვდილის შემდეგ ისრაელი ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოებად დაიყო. როდესაც ჩრდილოეთ სამეფო ძალიან ურჩი გახდა, იეჰოვამ გამოუცხადა: „რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან“ (ოსია 4:6). სამხრეთის სამეფოც მკაცრად დაისაჯა კავშირის მიმართ გამოვლენილი ორგულობისთვის (იერემია 5:29–31). როდესაც იუდეველებმა იესო, როგორც მესია, უარყვეს, იეჰოვამაც უარყო ისინი (საქმეები 3:13–15; რომაელთა 9:31—10:4). საბოლოოდ, იეჰოვამ აბრაამთან დადებული კავშირის ბოლომდე შესრულების მიზნით, ახალი ღონისძიება შეიმუშავა (რომაელთა 3:20).
18, 19. რა ახალი ღონისძიება შეიმუშავა იეჰოვამ, რათა აბრაამთან დადებული კავშირი ბოლომდე შესრულებულიყო?
18 ეს ახალი ღონისძიება ახალი კავშირი იყო. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: «აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას [„კავშირს“, აქ] დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. . . ეს არის ის აღთქმა [„კავშირი“, აქ], რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან» (იერემია 31:30–32).
19 ეს არის ის ახალი კავშირი, რომელზეც იესო მიუთითებდა ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს. იმ დროს, მან აჩვენა, რომ დანაპირები კავშირი მალე დაიდებოდა იეჰოვასა და მის მოწაფეებს შორის, ხოლო შუამავალი თვითონ იქნებოდა (1 კორინთელთა 11:25; 1 ტიმოთე 2:5; ებრაელთა 12:24). როგორც მომდევნო სტატიაში დავინახავთ, ამ ახალი კავშირის საშუალებით იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემულ დანაპირებს უფრო დიდებული და ხანგრძლივი შესრულება უნდა ჰქონოდა.
შეგიძლია განმარტო?
◻ რას დაჰპირდა იეჰოვა აბრაამს მასთან დადებულ კავშირში?
◻ რა გააკეთა იეჰოვამ ხორციელი ისრაელის მიმართ აბრაამთან დადებული კავშირის შესასრულებლად?
◻ რა სარგებლობას ღებულობდნენ პროზელიტები ძველი კავშირიდან?
◻ რატომ გახდა საჭირო ახალი კავშირი?
[სურათი 9 გვერდზე]
რჯულის კავშირის მეშვეობით იეჰოვამ თვალსაჩინოდ შეასრულა აბრაამთან დადებული კავშირი.