პასექი
პასექი (ებრ. ფესახ; ბერძ. პასქა) ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის წინა საღამოს დაწესდა. პირველი პასექი ძვ. წ. 1513 წელს, აბიბის (მოგვიანებით ეწოდა ნისანი) 14-ში აღინიშნა სავსემთვარობისას. იმ დღიდან მოყოლებული ებრაელებს ეს დღესასწაული ყოველწლიურად უნდა აღენიშნათ (გმ. 12:17—20, 24—27). აბიბი (ნისანი) გრიგორიანული კალენდრით მარტ-აპრილს ემთხვევა. პასექის შემდეგ, 15 ნისანს იწყებოდა უფუარობის შვიდდღიანი დღესასწაული, რომელიც 21 ნისანამდე გრძელდებოდა. პასექი აღინიშნებოდა ისრაელების ეგვიპტიდან გათავისუფლებისა და ეგვიპტელთა პირმშოების დახოცვის დღეს ისრაელთა პირმშოებისთვის „გვერდის ავლის“ ნიშნად. იგი ჩვეულებრივ ქერის მოსავლის აღებას ემთხვეოდა (გმ. 12:14, 24—47; ლვ. 23:10).
პასექი სამახსოვრო დღე უნდა ყოფილიყო. ისრაელებს ნაბრძანები ჰქონდათ: „თქვენი ძეები რომ გკითხავენ, რას ნიშნავს ეს მსახურებაო, უთხარით: ეს საპასექო მსხვერპლია-თქო იეჰოვასთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის ძეთა სახლებს ეგვიპტეში, როცა ეგვიპტელებს უბედურება დაატეხა, ჩვენი სახლები კი იხსნა“ (გმ. 12:26, 27).
ებრაელებისთვის დღე მზის ჩასვლისას იწყებოდა და მეორე დღის მზის ჩასვლისას მთავრდებოდა. შესაბამისად 14 ნისანი მზის ჩასვლის შემდეგ იწყებოდა. აქედან გამომდინარე, პასექი 13 ნისანის ჩავლის შემდეგ აღინიშნებოდა. ვინაიდან ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ ქრისტე საპასექო მსხვერპლია (1კრ. 5:7) და მან პასექი სიკვდილის წინა საღამოს აღნიშნა, ის 14 ნისანს უნდა მომკვდარიყო და არა 15 ნისანს, რათა ზუსტად დადგენილ დროს შესრულებულიყო ის, რის „ჩრდილსაც“ კანონი წარმოადგენდა (ებ. 10:1).
როგორ აღინიშნებოდა. თითოეულ ოჯახს უნდა შეერჩია ერთი წლის საღი მამალი ცხვარი ან თხა. 10 აბიბისთვის ის უკვე სახლში უნდა ჰყოლოდათ, 14 აბიბს კი უნდა დაეკლათ და მისი სისხლი უსუპის კონით ესხურებინათ იმ სახლის კარისთავისა და წირთხლებისთვის, სადაც საპასექო მსხვერპლს შეჭამდნენ (და არა ზღურბლისთვის, რათა ზედ არ დაებიჯებინათ).
დაკლულ ცხვარს (ან თხას) ატყავებდნენ, შიგნეულს უსუფთავებდნენ და კარგად წვავდნენ მთლიანად. მისი ძვლები არ უნდა დაემტვრიათ (2მტ. 35:11; რც. 9:12). თუ ოჯახი მცირერიცხოვანი იყო და მთელ ცხვარს ვერ შეჭამდა, სხვა ოჯახს უნდა შეამხანაგებოდა. საპასექო მსხვერპლი იმავე ღამეს უნდა შეეჭამათ. რაც შეუჭმელი დარჩებოდა, დილამდე ცეცხლში უნდა დაეწვათ (გმ. 12:10; 34:25). ხორცს უფუარ პურთან, „გაჭირვების პურთან“ და მწარე მწვანილთან ერთად ჭამდნენ, რაც მონობაში განცდილ სიმწარეს შეახსენებდათ (გმ. 1:14; 12:1—11, 29, 34; კნ. 16:3).
რას ნიშნავს გამოთქმა „ორ საღამოს შორის“?
ებრაელებისთვის დღე მზის ჩასვლიდან მომდევნო მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა, ამიტომ პასექი აბიბის (ნისანის) თვის მე-13 დღის ბოლოს, მზის ჩასვლისას იწყებოდა. საპასექო მსხვერპლი „ორ საღამოს შორის“ უნდა დაკლულიყო (გმ. 12:6). არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ დროის რა მონაკვეთი იგულისხმება „ორ საღამოს შორის“. ზოგიერთი მეცნიერის, აგრეთვე კარაიმებისა და სამარიელების აზრით, აქ იგულისხმება დრო მზის ჩასვლასა და დაღამებას შორის. მაგრამ ფარისეველთა და რაბინთა ტრადიციის დამცველთა შეხედულებით, პირველ საღამოში იგულისხმებოდა მზის ჩასვლის დასაწყისი, ხოლო მეორე საღამოში — უშუალოდ მზის ჩასვლა. აქედან გამომდინარე, რაბინები თვლიან, რომ ცხვარი 14 ნისანის მიწურულს იკვლებოდა და შესაბამისად საპასექო მსხვერპლი 15 ნისანს იჭმებოდა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით პროფესორები დელიჩი და კაილი შემდეგ კომენტარს აკეთებენ: «ზუსტ დროსთან დაკავშირებით იუდეველებში თავიდანვე განსხვავებული შეხედულებები არსებობდა. აბენ ეზრა იზიარებს კარაიმებისა და სამარიელების შეხედულებას და ამბობს, რომ პირველი საღამო იწყებოდა მაშინ, როცა მზე ჰორიზონტს ეფარებოდა და მეორე საღამო, როცა წყვდიადი მოიცავდა არემარეს; აქედან გამომდინარე „ორ საღამოს შორის“ დრო უნდა ყოფილიყო 18:00-19:20 საათი .... რაბინთა აზრით პირველ საღამოდ ითვლებოდა დრო, როცა მზე ჩასვლას იწყებდა, სახელდობრ, 15:00-17:00 საათი, ხოლო მეორე საღამოდ — მზის ჩასვლა. მაშასადამე, „ორ საღამოს შორის“ დრო მოიცავდა 15:00-18:00 საათს. თანამედროვე კომენტატორები არ ტყუიან, აბენ ეზრას შეხედულებასა და კარაიმებისა და სამარიელების ტრადიციას რომ იზიარებენ» (Commentary on the Old Testament, 1973, ტ. I, The Second Book of Moses, გვ. 12; იხ. დღე).
თუ გავითვალისწინებთ ზემოთქმულს და იმას, რაც გამოსვლის 12:17, 18-ში, ლევიანების 23:5—7-სა და მეორე კანონის 16:6, 7-ში წერია, გამოთქმა „ორ საღამოს შორის“ მიუთითებს მზის ჩასვლასა და სრულ დაბნელებას შორის დროზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საპასექო ვახშამი 14 ნისანს იმართებოდა, მზის ჩასვლიდან კარგა ხნის შემდეგ, ვინაიდან ცხვრის დაკვლას, გატყავებასა და კარგად შეწვას საკმაო დრო დასჭირდებოდა. მეორე კანონის 16:6 ებრაელებს მოუწოდებდა: „შესწირე პასექი საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ“. იესომ მოციქულებთან ერთად პასექი „საღამო ხანს“ იზეიმა (მრ. 14:17; მთ. 26:20). სახარება გვამცნობს, რომ უკვე ღამე იყო, როცა პასექის აღნიშვნისთანავე იუდა გარეთ გავიდა (ინ. 13:30). პასექის დროს იესო თავის 12 მოციქულს ბევრ რამეზე ესაუბრა. გარდა ამისა, მოწაფეებისთვის ფეხების დაბანაც გარკვეულ დროს წაიღებდა (ინ. 13:2—5). ასე რომ, იესომ გახსენების საღამო გვიან საღამოს დააწესა (იხ. უფლის ვახშამი).
ეგვიპტეში საპასექო ბატკანი (ან თხა) ოჯახისთავს უნდა დაეკლა. ოჯახის ყველა წევრი შინ უნდა ყოფილიყო, ანგელოზს რომ არ გაენადგურებინა. საპასექო ნადიმი ყველას ფეხდგომელა უნდა ეჭამა, წელზე სარტყელშემორტყმულს, სანდლებშემოსილს დიდ მანძილზე და ოღრო-ჩოღრო გზებზე სასიარულოდ (ყოველდღიურ საქმეებს ისრაელები როგორც წესი ფეხშიშველები აკეთებდნენ). შუაღამით ანგელოზმა ეგვიპტელთა ყველა პირმშო გაანადგურა, ხოლო სისხლნასხურებ სახლებს გვერდი აუარა (გმ. 12:11, 23). ეგვიპტელთა ყველა მამრი პირმშო დაიღუპა, ფარაონის პირმშოთი დაწყებული პატიმრის პირმშოთი დამთავრებული. ეს სასჯელი არ შეხებია პირმშო ოჯახისთავებს, არამედ მხოლოდ მათ შვილებსა და პირუტყვის პირველმოგებულ ნაშიერებს (გმ. 12:29, 30; იხ. პირმშო, პირველმოგებული).
ეგვიპტის თავზე დატეხილი ათი სასჯელი, განსაკუთრებით კი მეათე — პირმშოების სიკვდილი — რეალურად ეგვიპტის ღმერთებზე აღსრულებული სასჯელი იყო (გმ. 12:12). ვერძი ეგვიპტელთა ღმერთ რას წმინდა ცხოველად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, საპასექო კრავის სისხლის წირთხლებზე სხურება ეგვიპტელთა შეურაცხყოფა იყო. ეგვიპტელები ხარსაც წმინდად მიიჩნევდნენ, ამიტომ ხარების პირველმოგებულთა განადგურება დიდი დარტყმა იქნებოდა ღმერთ ოსირისისთვის. ფარაონი ღვთაება რას ძედ ითვლებოდა. ასე რომ, ფარაონის პირმშოს სიკვდილი, როგორც ღვთაება რას, ისე ფარაონის უსუსურობაზე მეტყველებდა.
უდაბნოში და აღთქმულ მიწაზე. ცნობილია, რომ ისრაელებმა პასექი უდაბნოში მხოლოდ ერთხელ იზეიმეს (რც. 9:1—14). მისი აღნიშვნა იქ, სავარაუდოდ, ორი მიზეზის გამო იქნებოდა შეზღუდული. პირველი: იეჰოვას მითითებისამებრ ისრაელებს პასექი მაშინ უნდა ეზეიმათ, როცა აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ (გმ. 12:25; 13:5); მეორე: უდაბნოში დაბადებულები წინადაცვეთილი არ ყოფილან (იეს. 5:5), არადა პასექის მოზეიმე ყველა მამრი წინადაცვეთილი უნდა ყოფილიყო (გმ. 12:45—49).
სად და როდის აღინიშნა. ებრაული წერილების თანახმად ებრაელებმა პასექი აღნიშნეს: 1) ეგვიპტეში (გმ. 12), 2) სინას უდაბნოში ძვ. წ. 1512 წლის 14 ნისანს (რც. 9), 3) აღთქმულ მიწაზე, ძვ. წ. 1473 წელს, როცა გილგალში ყველა მამრი წინადაცვითეს (იეს. 5), 4) ხიზკიას მიერ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღორძინების შემდეგ (2მტ. 30), 5) იოშიას თაოსნობით (2მტ. 35) და 6) ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ (ეზრ. 6). გარდა ამისა, 2 მატიანის 35:18-ში ნახსენებია სამუელისა და მეფეების დროს გამართული პასექი. აღთქმულ მიწაზე დამკვიდრების შემდეგ ისრაელებს პასექი იმ ადგილას უნდა აღენიშნათ, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევდა თავისი სახელის დასამკვიდრებლად, და არა სახლებსა თუ სხვადასხვა ქალაქში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს რჩეული ადგილი იერუსალიმი იყო (კნ. 16:1—8).
დამატებები. ისრაელის აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ პასექის დღესასწაულმა ზოგიერთი ცვლილება განიცადა და მრავალი წესიც დაემატა. ისრაელები აღარ ნადიმობდნენ ფეხდგომელად, აღარც სამგზავრო აღჭურვილობა სჭირდებოდათ, რადგან უკვე ღვთის მიერ ნაბოძებ მიწაზე ცხოვრობდნენ. პირველ საუკუნეში პასექს ტრადიციულად მარცხენა გვერდზე წამოწოლილები ჭამდნენ, აქედან გამომდინარე ნათელია, რატომ წერია ერთ-ერთ მოწაფეზე, რომ ის მკერდზე მიეყრდნო იესოს (ინ. 13:23, სსგ). რაც შეეხება ღვინოს, ეგვიპტეში საპასექო ნადიმზე ებრაელებს ღვინო არ დაულევიათ და ამაზე არც რაიმე მითითება ჰქონდათ იეჰოვასგან მიღებული. ღვინის სმა მოგვიანებით შემოიღეს. საპასექო ნადიმზე საკვებთან ერთად ღვინის დალევის საწინააღმდეგო იესოს არაფერი ჰქონდა. როცა თავისი გახსენების დღეს აწესებდა, იესომ ღვინო თვითონაც დალია და შემდეგ მოციქულებსაც მისცა (ლკ. 22:15—18, 20).
ტრადიციული ებრაული წყაროებიდან ცნობილია, რომ პასექზე წითელი ღვინო ისმებოდა და ოთხი სასმისის ჩამოტარება ხდებოდა, თუმცა სასმისების რაოდენობა ყოველთვის ოთხით არ შემოიფარგლებოდა. ნადიმის დროს 113—118 ფსალმუნებს მღეროდნენ; 118-ე დამაგვირგვინებელი ფსალმუნი იყო. არ არის გამორიცხული, რომ იესომ და მისმა მოციქულებმა ვახშმის ბოლოს სწორედ ეს ფსალმუნი იმღერეს (მთ. 26:30).
საპასექო სამზადისი. პასექის მოახლოებასთან ერთად იერუსალიმში დიდი მზადება იწყებოდა, ვინაიდან კანონის თანახმად პასექის დაცვა ყველა ებრაელ მამაკაცსა და ყველა წინადაცვეთილ ხიზანს მოეთხოვებოდა (რც. 9:9—14). პასექამდე იერუსალიმში უამრავი ხალხი ჩადიოდა. რიტუალური განწმენდისთვის ისინი დღესასწაულამდე ადიოდნენ იერუსალიმში (ინ. 11:55). გადმოცემის თანახმად, დაახლოებით ერთი თვით ადრე მუშებს ხიდებისა და გზების შეკეთებას ავალებდნენ, რომ მომლოცველებს დაბრკოლება არ შექმნოდათ. ვინაიდან მიცვალებულთან შეხება ადამიანს აუწმინდურებდა, იერუსალიმში მიმავალთაგან ვინმე რომ არ გაუწმინდირებულიყო, უსაფრთხოებისთვის გარკვეულ ზომებს მიმართავდნენ. თუ ვინმე მინდორში დაიღუპებოდა, მინდორშივე მარხავადნენ, ამიტომ დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე ამ საფლავებს ათეთრებდნენ, გამვლელთათვის ადვილად შესამჩნევი რომ ყოფილიყო (The Temple, ა. ედერშაიმი, 1874, გვ. 184, 185). აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ შეადარა იესომ მწიგნობრები და ფარისევლები „შეთეთრებულ სამარხებს“ (მთ. 23:27).
პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩამოსულებს საცხოვრებლებს ახვედრებდნენ. აღმოსავლური ტიპის სახლები ისე იყო მოწყობილი, რომ დაძინება ყველა ოთახში შეიძლებოდა. თითო ოთახში რამდენიმე კაცი თავსდებოდა. დასაძინებლად ბანებსაც იყენებდნენ. ზოგი იერუსალიმის გარეთაც ათევდა ღამეს, ხშირად ზეთისხილის მთის ფერდობებზე გაშენებულ ახლომდებარე სოფლებში — ბეთფაგესა და ბეთანიაში (მრ. 11:1; 14:3).
მოვლენების თანმიმდევრობა. მათზე, ვინც იესო პილატესთან მიიყვანეს, ნათქვამია: „თვითონ არ შესულან სასახლეში, რომ არ წაბილწულიყვნენ და პასექის ჭამა შეძლებოდათ“ (ინ. 18:28). ეს ებრაელები უცხოტომელის საცხოვრებელში შესვლას უწმინდურებად თვლიდნენ (სქ. 10:28). როცა ისინი პილატეს სასახლესთან მივიდნენ, „ახალი გათენებული იყო“, აქედან გამომდინარე, საპასექო ვახშამი უკვე ჩავლილი იყო. აღსანიშნავია, რომ იმ დროს პასექის დღესაც და უფუარობის დღესასწაულსაც ზოგჯერ პასექად მოიხსენიებდნენ. ამ საკითხს ბიბლეისტი ალფრედ ედერშაიმი შემდეგნაირად ხსნის: პასექის დროს ნებაყოფლობით შესაწირავს იღებდნენ, ხოლო მეორე დღეს, 15 ნისანს, უფუარობის დღესასწაულის პირველ დღეს კიდევ ერთი, სავალდებულო შესაწირავი მიჰქონდათ. იუდეველებს ის აფიქრებდათ, რომ თუ პილატეს სასახლეში შესვლით წაიბილწებოდნენ, ამ შესაწირავის ჭამას ვეღარ შეძლებდნენ (The Temple, 1874, გვ. 186, 187).
„უფუარობის დღესასწაულის პირველი დღე“. კითხვას ბადებს შემდეგი მუხლიც: «უფუარობის დღესასწაულის პირველ დღეს იესოსთან მოწაფეები მივიდნენ და ჰკითხეს: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“» (მთ. 26:17).
„პირველი დღე“ შეიძლება წინა დღეთაც ითარგმნოს. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (ინგლ.) მათეს 26:17-ში სიტყვა პირველთან დასმულ სქოლიოში წერია: „ან წინა დღეს“. ამ ბერძნულ სიტყვას [პროტოს] მოსდევს ნათესაობით ბრუნვაში მდგარი სიტყვა, რაც შეესაბამება იოანეს 1:15, 30-ში გამოყენებულ მსგავს კონსტრუქციას, კერძოდ, „ჩემამდე [პროტოს] არსებობდა“. ლიდელისა და სკოტის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის თანახმად, „ზოგჯერ [პროტოს] გვხვდება იქ, სადაც წესით პროტეროს [ნიშნავს ადრეულს, წინას] უნდა იყოს“ (Greek-English Lexicon, შესწორებულია ჰ. ჯონსის მიერ, ოქსფორდი, 1968, გვ. 1535). იმ დროს პასექი ზოგადად უფუარობის დღესასწაულის პირველ დღედ ითვლებოდა. ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ ებრაელთა შეხედულებას, ბერძნული ტექსტი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოწაფეებმა ეს კითხვა იესოს პასექის წინა დღეს დაუსვეს.
„მზადება“. იოანეს 19:14-ში, რომელშიც პილატეს მიერ იესოს გასამართლების ბოლო ეტაპია აღწერილი, ვკითხულობთ: „ამ დროს მიმდინარეობდა მზადება პასექისთვის. მეექვსე საათი იქნებოდა [დღის 11-12 საათი]“. პასექი უკვე ჩავლილი იყო. ის წინა საღამოს აღინიშნა. საპასექო მზადებასთან დაკავშირებით 31-ე და 42-ე მუხლებშიც ვკითხულობთ. ამ მუხლებში მზადებად ნათარგმნია ბერძნული სიტყვა პარასკევე, რაც, როგორც ჩანს, ყოველკვირეული შაბათის წინა დღეს გულისხმობს და არა უშუალოდ იმ დღეს, რომელიც წინ უსწრებს 14 ნისანს. ყოველკვირეულ შაბათზე ნათქვამია, რომ ის „დიდი შაბათი იყო“. დიდი იმიტომ ეწოდებოდა, რომ უფუარობის დღესასწაულის პირველი დღე, 15 ნისანი იყო და ამავე დროს კვირის მეშვიდე დღე. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღინიშნა, პასექს ზოგჯერ უფუარობის დღესასწაულთანაც აიგივებდნენ (ინ. 19:31; იხ. სამზადისის დღე).
წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. იმ კონტექსტში, სადაც პავლე ქრისტიანებს ზნეობრივად სუფთა ცხოვრებისკენ მოუწოდებს, პასექს გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენიებს. ის ამბობს: „ვინაიდან შეწირულ იქნა ქრისტე, ჩვენი პასექი“ (1კრ. 5:7). პავლე ქრისტე იესოს საპასექო კრავს ადარებს. იოანე ნათლისმცემელმა იესოზე თქვა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (ინ. 1:29). იოანეს შესაძლოა თვალწინ წარმოუდგა საპასექო კრავი ან ვერძი, რომელიც აბრაამმა ისაკის სანაცვლოდ შესწირა, ან სულაც მამალი ბატკანი გაახსენდა, რომელიც ყოველ დილა-საღამოს იერუსალიმში ღვთის სამსხვერპლოზე იწირებოდა (დბ. 22:13; გმ. 29:38—42).
ზოგიერთი საპასექო წეს-ჩვეულება იესოში განსხეულდა. მაგალითად, სისხლმა, რომელიც ეგვიპტეში მყოფი ებრაელების სახლებზე იყო ნასხურები, განადგურებისგან იხსნა პირმშოები. პავლე ცხებულ ქრისტიანებს „პირმშოთა კრებას“ უწოდებს (ებ. 12:23), ხოლო ქრისტეს თავისი სისხლით მათ გამომსყიდველს (1თს. 1:10; ეფ. 1:7). საპასექო კრავისთვის ძვლები არ უნდა დაემტვრიათ. ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იესოს არც ერთი ძვალი არ გადატყდებოდა, და ეს ასეც მოხდა (ფს. 34:20; ინ. 19:36). მაშასადამე, პასექი, რომელსაც ებრაელები საუკუნეების მანძილზე ზეიმობდნენ, იმ კანონის ნაწილი იყო, რომელიც მომავალ მოვლენათა ჩრდილს წარმოადგენდა და რომელიც იესო ქრისტეს „ღვთის კრავად“ წარმოგვიდგენდა (ებ. 10:1; ინ. 1:29).