სასამართლო
იეჰოვა ღმერთი, როგორც სამყაროს შემოქმედი, უზენაეს ძალაუფლებას ფლობს. ისრაელი ერისთვის, ისევე როგორც მთელი სამყაროსთვის, ის იყო და არის მოსამართლე, წესების დამდგენი და მეფე (ეს. 33:22). პატრიარქი აბრაამი მას „მთელი დედამიწის მოსამართლედ“ აღიარებდა (დბ. 18:25). ბიბლიაში იეჰოვა უზენაეს მოსამართლედ წარმოაჩენს საკუთარ თავს ისრაელის წინააღმდეგ (მქ. 6:2), აგრეთვე ისრაელის გამო ერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში (ეს. 34:8). ის მოუხმობს თავის ხალხს, რომ მოწმედ დაუდგნენ საქმეში, რომელიც მის ღვთაებრიობაში ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლების დაეჭვებამ აღძრა (ეს. 43:9—12).
პატრიარქალურ საზოგადოებაში. წარღვნის შემდეგ ღმერთმა შეთანხმება დადო მამამთავარ ნოესთან და მის ვაჟებთან, რომლებიც იმ დროს მთელ კაცობრიობას წარმოადგენდნენ (დბ. 9:12—16). ღვთის მიერ ადრე დადგენილ კანონებთან ერთად ნოეს გადაეცა სხვა ძირითადი კანონებიც (დბ. 9:3—6). როგორც მამამთავარი, ნოე იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენდა მის ოჯახზე, მისი ვაჟების ოჯახებსა და მათ შთამომავლებზე (დბ. 9:20—27).
როგორც იეჰოვა არის უდიდესი ოჯახისთავი და მოსამართლე, ისე მიწიერი ოჯახისთავები მთელი თავიანთი სახლეულობის, მათ შორის მონების, მოსამართლეები იყვნენ (დბ. 38:24). ოჯახებს შორის წამოჭრილ სადავო საკითხებს, როცა მათი მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელი იყო, ოჯახისთავები აგვარებდნენ.
იაკობმა მოსამართლეობა იკისრა, როცა ლაბანი მის სახლეულობას თერაფიმის მოპარვას აბრალებდა. მან უთხრა: „ნუ იცოცხლებს, ვისაც უპოვი შენს ღმერთებს“ (დბ. 31:32). იაკობმა არ იცოდა, რომ ისინი რახელმა მოიპარა. ლაბანმა ვერ იპოვა თავისი ღმერთები იაკობის ბანაკში, ამიტომ რახელს ბრალი არ წაუყენეს. როცა იოსები ძმებმა ეგვიპტეში გაყიდეს და მისი სისხლში ამოსვრილი მოსასხამი იაკობს მიუტანეს შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ ის ნადირმა დაგლიჯა, იაკობმა, როგორც მოსამართლემ, დაათვალიერა ნივთმტკიცება და დაასკვნა: „ნადირს ... დაუგლეჯია იოსები!“ (დბ. 37:33). იუდა მოსამართლის როლში გამოვიდა, როცა გაიგო თამარის დაორსულების შესახებ და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მას. მაგრამ, როცა გაირკვა, რომ თამარმა ხრიკს მიმართა და იუდას ის გააკეთებინა, რაც მის ვაჟ შელას მოეთხოვებოდა კანონით, იუდამ საკუთარ თავზე მართლად სცნო თამარი (დბ. 38:24—26).
ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები ყოველთვის უზენაეს მოსამართლედ მიიჩნევდნენ იეჰოვას. ოჯახისთავი, როგორც მოსამართლე, პასუხისმგებელი იყო ღვთის წინაშე, რომელმაც განიხილა ადამისა და ევას (დბ. 3:8—24), კაენის (დბ. 4:9—15), წარღვნამდელი კაცობრიობის (დბ. 6:1—3, 11—13, 17—21), ბაბილონის გოდლის მშენებლების (დბ. 11:1—9), სოდომისა და გომორას (დბ. 18:20—33) და აბიმელექის საქმეები (დბ. 20:3—7).
კანონის შეთანხმების დროს. ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შემდეგ იეჰოვას წარმომადგენელი მოსე ერის მოსამართლე გახდა. თავიდან ის ცდილობდა, ყველა საქმე თავად განეხილა, მაგრამ მათი სიმრავლის გამო დილიდან საღამომდე დაკავებული იყო. ითროს რჩევისამებრ მან უნარიანი კაცები დააყენა ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად (გმ. 18:13—26). თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ ნიშნავდა, რომ ყოველ შვიდ-რვა კაცზე ერთი მოსამართლე მოდიოდა. ეს უბრალოდ ნიშნავდა, რომ ერს ჰყავდა უფლებამოსილი თავკაცები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მარტივ საქმეებს განიხილავდნენ. მაგრამ რთულ და ჩახლართულ საქმეებს ან ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს მოსეს ან საწმინდარში მომსახურე მღვდლებს წარუდგენდნენ.
რთულ საქმეებად ითვლებოდა: ქმრის მიერ ცოლის პატიოსნებაში ეჭვის შეტანა (რც. 5:11—31), სისხლისღვრასთან დაკავშირებული დავა (კნ. 17:8, 9) და ადამიანის ურჩობაში დადანაშაულება, როცა მტკიცებები ბუნდოვანი ან საეჭვო იყო (კნ. 19:15—20). მღვდლები განიხილავდნენ მკვლელობის საქმეს, როცა გაურკვეველი იყო მკვლელის ვინაობა (კნ. 21:1—9).
როგორც წესი, საქმის მაღალ ინსტანციებში გასაჩივრება არ ხდებოდა, მაგრამ თუ ათისთავები ვერ გადაჭრიდნენ საკითხს, მათ შეეძლოთ ის წარედგინათ ორმოცდაათისთავებისთვის ან ასისთავებისთვის და ა. შ., ან პირდაპირ მღვდლებთან ან მოსესთან მისულიყვნენ (გმ. 18:26; კნ. 1:17; 17:8—11).
მსაჯულებად არჩეულები უნდა ყოფილიყვნენ უნარიანები, სანდოები, ღვთისმოშიშები და უკანონო შემოსავლის მოძულეები (გმ. 18:21). უმეტეს შემთხვევაში ისინი იყვნენ მამამთავრები ან ტომთა თავკაცები, ანუ იმ ქალაქის უხუცესები, სადაც მსაჯულობდნენ. ლევიანები, რომლებიც იეჰოვამ ხალხისთვის კანონის მასწავლებლებად დანიშნა, ხშირად მსაჯულების მოვალეობასაც ასრულებდნენ (კნ. 1:15).
ბიბლია არაერთ გაფრთხილებას იძლევა სამართლის გამრუდებაზე, ქრთამის აღებასა და მიკერძოებაზე (გმ. 23:6—8; კნ. 1:16, 17; 16:19; იგ. 17:23; 24:23; 28:21; 29:4). ღარიბისადმი წყალობის გამოვლენის მიზეზი მხოლოდ მისი სიღარიბე არ უნდა ყოფილიყო, არც მდიდარს უნდა მიმხრობოდნენ სიმდიდრის გამო (ლვ. 19:15). უნდა დაეცვათ ხიზნების უფლებები და უსამართლოდ არ უნდა მოპყრობოდნენ მათ. მსაჯულებს არც ისინი უნდა დაეჩაგრათ და არც ქვრივები და ობლები, რომლებიც ერთი შეხედვით უპატრონოები ჩანდნენ, მაგრამ იეჰოვა ჰყავდათ მამად, მოსამართლედ და მფარველად (ლვ. 19:33, 34; გმ. 22:21; 23:9; კნ. 10:18; 24:17, 18; 27:19; ფს. 68:5). შესაბამისად, ხიზნებსაც პატივი უნდა ეცათ ქვეყნის კანონებისთვის (ლვ. 18:26). მაგრამ ისრაელის მთავრებმა და მსაჯულებმა უგულებელყვეს იეჰოვას მიერ დადგენილი წესები და მითითებები, რაც ერისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ერთ-ერთი მიზეზი გახდა (ეს. 1:23; ეზკ. 22:12; 1სმ. 8:3; ფს. 26:10; ამ. 5:12).
ვინაიდან მსაჯულები იეჰოვას წარმომადგენლები იყვნენ, ისინი პატიოსნები უნდა ყოფილიყვნენ და იეჰოვას კანონის თანახმად უნდა გაესამართლებინათ. შესაბამისად, მსაჯულების წინაშე დგომა იეჰოვას წინაშე დგომას ნიშნავდა (კნ. 1:17; 19:17; იეს. 7:19; 2მტ. 19:6). სიტყვები „კრებული“ და „კრება“ უმეტეს შემთხვევაში მიუთითებს საყოველთაო შეკრებაზე, თუმცა ბიბლიაში, მაგალითად რიცხვების 35:12, 24, 25-სა და მათეს 18:17-ში, კრებულის ანუ კრების წინაშე საქმის წარდგენაში იგულისხმება ხალხის წარმომადგენელი მსაჯულების წინაშე საქმის წარდგენა.
სასამართლო ქალაქის კარიბჭესთან იყო (კნ. 16:18; 21:19; 22:15, 24; 25:7; რთ. 4:1), ანუ ქალაქის კარიბჭესთან ახლომდებარე მოედანზე. ამ მოედანზე შეკრებილ ხალხს კანონს უკითხავდნენ და დადგენილებებს უცხადებდნენ (ნემ. 8:1—3). კარიბჭესთან ადვილი იყო სამოქალაქო საქმეებისთვის მოწმეების ნახვა, მაგალითად ქონების გაყიდვის ან მსგავსი საქმეების დროს, რადგან დღის მანძილზე ქალაქში შემსვლელ-გამსვლელი არ ილეოდა. ამასთან, კარიბჭესთან სასამართლო სახალხოდ იმართებოდა, რაც მსაჯულებს აღძრავდა, პროცესისა და განაჩენის გამოტანის დროს სიფრთხილე და სამართლიანობა გამოეჩინათ. როგორც ჩანს, კარიბჭესთან ახლოს იყო ადგილი, სადაც მოსამართლეები სხდებოდნენ (იობ. 29:7). თავისი ქალაქის, რამას გარდა, სამუელი დადიოდა ბეთელში, გილგალსა და მიცფაში და „სამართალს განიკითხავდა ისრაელში ყველა ამ ადგილას“ (1სმ. 7:16, 17).
ხალხს პატივი უნდა ეცა მსაჯულებისთვის, რადგან ისინი იეჰოვას წარმომადგენლები იყვნენ (გმ. 22:28; სქ. 23:3—5). როცა მღვდლებს, საწმინდარში მომსახურე ლევიანებს ან მსაჯულებს (მაგ., მოსეს ან სამუელს) განაჩენი გამოჰქონდათ, ის საბოლოო იყო და ვინც არ გაითვალისწინებდა, სიკვდილით ისჯებოდა (კნ. 17:8—13).
თუ ვინმეს გაჯოხვას მიუსჯიდნენ, ის მსაჯულის წინაშე უნდა დაეწვინათ და გაეჯოხათ (კნ. 25:2). სამართალი მაშინვე უნდა აღსრულებულიყო. დაყოვნება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ საქმე რთული იყო და გადაწყვეტილება იეჰოვასგან უნდა მიეღოთ. ბრალდებული გადაწყვეტილების მიღებამდე დაკავებული იყო (ლვ. 24:12; რც. 15:34). კანონი არ ითვალისწინებდა პატიმრობას. თავისუფლების აღკვეთას მხოლოდ მოგვიანებით, ერის დაკნინების შემდეგ და წარმართთა ბატონობის დროს მიმართავდნენ (2მტ. 18:25, 26; იერ. 20:2; 29:26; ეზრ. 7:26; სქ. 5:19; 12:3, 4).
მეფეების დროს. ისრაელის სამეფოს დამყარების შემდეგ ყველაზე რთულ საქმეებს წარუდგენდნენ მეფეს ან საწმინდარში მომსახურე მღვდლებს. კანონის 17:18, 19-ის თანახმად, მეფეს მოეთხოვებოდა, ტახტზე ასვლისთანავე გადაეწერა კანონი და ყოველდღე ეკითხა, რათა რთული საქმეების გასარჩევად სათანადოდ მომზადებული ყოფილიყო. წინასწარმეტყველმა ნათანმა ბათ-შებასა და ხეთელი ურიას საქმე დავითს განახილვინა და საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოატანინა (2სმ. 12:1—6). იოაბმა გამჭრიახობა გამოავლინა და აბესალომის საქმეზე თეკოელი ქალი მიუგზავნა დავითს (2სმ. 14:1—21). თავის სიკვდილამდე დავითმა 6 000 უნარიანი ლევიანი დანიშნა ისრაელში მთავრებად და მსაჯულებად (1მტ. 23:4). მეფე სოლომონი ცნობილი გახდა, როგორც ბრძენი მოსამართლე. საქმემ, რომელიც ორი მეძავის დედობას ეხებოდა, მას ფართოდ გაუთქვა სახელი (1მფ. 3:16—28). იეჰოშაფატმა რელიგიური რეფორმები გაატარა იუდაში და გააძლიერა მართლმსაჯულების სისტემა (2მტ. 19:5—11).
ვინ იყვნენ ებრაელთა სინედრიონის წევრები?
სინედრიონი ებრაელთა უზენაესი სასამართლო იყო. ის იერუსალიმში მდებარეობდა. 71 წევრისგან შემდგარ ამ სასამართლოს დიდ სინედრიონს უწოდებდნენ. იესოს დედამიწაზე მსახურების დროს მისი წევრები იყვნენ მღვდელმთავარი და მღვდელმთავრად ნამსახურები სხვა მღვდლები (ერთ პერიოდში შეიძლებოდა რამდენიმე ყოფილ მღვდელმთავარს ეცხოვრა, რადგან მათ რომის ხელისუფლება ნიშნავდა), მღვდელმთავრის ოჯახის წევრები, უხუცესები, ტომთა და საგვარეულოთა თავკაცები და მწიგნობრები ანუ კანონის მცოდნეები (სქ. 4:5, 6). ისინი ფარისეველთა და სადუკეველთა სექტების წევრები იყვნენ (სქ. 23:6).
მღვდელმთავარი იწვევდა სინედრიონს, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა (სქ. 5:17, 21, 27; 7:1; 22:5; 23:2). იესოს საქმის მოსმენას მღვდელმთავარი კაიაფა უძღვებოდა, თუმცა პირველად იესო დასაკითხად ანას მიუყვანეს (მთ. 26:3, 57; მრ. 14:53, 55, 60, 63; 15:1; ლკ. 22:54; ინ. 18:12, 13, 19—24). პავლეს გასამართლების დროს სინედრიონს მღვდელმთავარი ანანია უძღვებოდა (სქ. 23:2).
თალმუდის თანახმად (თოსეფთა, სანჰედრინი 7:1), სინედრიონის სხდომა დილის შესაწირავის მიტანიდან საღამოს შესაწირავის მიტანამდე გრძელდებოდა. სხდომები არ იმართებოდა შაბათობით და დღესასწაულების დროს. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები სინედრიონს დღის საათებში უნდა განეხილა და განაჩენიც ამავე საათებში გამოეტანა. თუ განსასჯელს დამნაშავედ სცნობდნენ, განაჩენი მეორე დღეს უნდა გამოეცხადებინათ. აქედან გამომდინარე, სასამართლო განხილვები არ უნდა გაემართათ შაბათის ან დღესასწაულის წინა დღეს, რაც იესოს გასამართლების დროს არ გაუთვალისწინებიათ.
მიშნაში ნათქვამია: „ერთმანეთი რომ კარგად დაენახათ, სინედრიონის წევრები ნახევარწრიულად ისხდნენ. მათ წინ, ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ, მოსამართლეთა ორი მწერალი იდგა, რომლებიც იწერდნენ როგორც ბრალდებულის გამართლების მსურველ მოსამართლეთა, ისე მის დამნაშავედ აღიარების მსურველთა სიტყვებს“ (სანჰედრინი 4:3, ნათარგმნია ჰ. დენბის ინგლისური თარგმანიდან).
იუდაური ტრადიციის თანახმად, სინედრიონი მოსემ ჩამოაყალიბა (რც. 11:16—25), ხოლო მისი რეორგანიზაცია გადასახლებიდან დაბრუნებისთანავე ეზრამ მოახდინა. მაგრამ არ არსებობს ისტორიული მტკიცებულება იმისა, რომ იმ პერიოდში 70 უხუცესისგან შემდგარი სასამართლო იკრიბებოდა. როგორც ჩანს, სინედრიონი პალესტინაში ბერძენთა ბატონობის დროს დაარსდა. იესოს დედამიწაზე მსახურების დროს რომის მთავრობა სინედრიონს საკმაოდ დიდ თავისუფლებას ანიჭებდა. ის სამოქალაქო და ადმინისტრაციული ძალაუფლებით იყო აღჭურვილი. სინედრიონს ჰყავდა თავისი ხელქვეითები და ჰქონდა ეჭვმიტანილთა დაკავებისა თუ დაპატიმრების უფლება (მთ. 26:47; სქ. 4:1—3; 9:1, 2). რელიგიურ საკითხებში მის ავტორიტეტს იუდეველთა დიასპორებიც აღიარებდნენ (იხ. სქ. 9:1, 2). თუმცა დროთა განმავლობაში რომის ბატონობის დროს სინედრიონმა რომაელი გამგებლის (პროკურატორი) ნებართვის გარეშე ვინმეს სიკვდილით დასჯის უფლება დაკარგა (ინ. 18:31). ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ სინედრიონმა არსებობა შეწყვიტა.
იერუსალიმში სინედრიონის გარდა 23 მოსამართლისგან შემდგარი ქვედა ინსტანციის სასამართლოებიც იყო. მიშნას თანახმად (სინედრიონის 1:6), ეს ქვემდგომი სასამართლოები მთელ პალესტინაში სხვა დიდ ქალაქებშიც ფუნქციონირებდა. მოსამართლეთა სრული შემადგენლობა არ იყო საჭირო ყველა საქმის მოსასმენად. მათი რაოდენობა საქმის სიმძიმესა და სირთულეზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, არსებობდა სოფლის სამკაციანი სასამართლოები და სოფლის შვიდი უხუცესისგან შემდგარი სასამართლოები.
სინაგოგები, რომლებსაც, ძირითადად, საგანმანათლებლო დანიშნულება ჰქონდა, ადგილობრივი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. ზოგჯერ მათ ადგილობრივ სინედრიონებად მოიხსენიებდნენ. სინაგოგის მოსამართლეებს უფლება ჰქონდათ, ვინმე გაეშოლტათ ან სინაგოგიდან მოეკვეთათ (მთ. 10:17; მრ. 13:9; ლკ. 21:12; ინ. 9:22; 12:42; 16:2; იხ. მაგალითები [იესო ქრისტეს მიერ მოყვანილი ზოგიერთი ცნობილი მაგალითი (21)]).
ქრისტიანულ კრებაში. თუმცა ქრისტიანულ კრებას სახელმწიფოსგან არა აქვს მინიჭებული გასამართლების უფლება, მას შეუძლია ზომები მიიღოს კრების იმ წევრების მიმართ, რომლებიც წესრიგს არღვევენ და შეგონება სჭირდებათ. მას შეუძლია კრებიდან გარიცხოს ასეთები. ამ მიზეზით მოციქული პავლე ეუბნებოდა კრებას, ანუ კრების წარმომადგენელ ზედამხედველებს, თავად გაესამართლებინათ მისი წევრები (1კრ. 5:12, 13). კრებებისა და მათი ზედამხედველებისთვის მიწერილ წერილებში პავლე და პეტრე ხაზს უსვამდნენ იმას, რომ უხუცესები უნდა დაკვირვებოდნენ კრების სულიერ მდგომარეობას, დახმარებოდნენ მას, ვინც მცდარ ან უგუნურ ნაბიჯს გადადგამდა, და შეეგონებინათ ის (2ტმ. 4:2; 1პტ. 5:1, 2; შდრ. გლ. 6:1). განხეთქილების გამომწვევნი და სექტანტური იდეების გამავრცელებელნი კრებაში ზომების მიღებამდე ორჯერ უნდა გაეფრთხილებინათ (ტიტ. 3:10, 11). ვინც არ მოიშლიდა ცოდვის ჩადენას, კრებიდან უნდა გაერიცხათ. ეს იყო დასჯის ერთ-ერთი ფორმა, რაც დაანახვებდა შემცოდველს, რომ კრება არ შეიწყნარებდა მის ცოდვიან ცხოვრებას (1ტმ. 1:20). პავლე არიგებდა მათ, ვისაც კრებაში სამართლებრივი საკითხების განხილვა ევალებოდა, ერთად შეკრებილიყვნენ საქმის მოსასმენად (1კრ. 5:1—5; 6:1—5). ბრალდების სიმართლე მათ მხოლოდ ორი ან სამი მოწმის ჩვენების საფუძველზე უნდა დაეჯერებინათ, წინასწარაკვიატებული აზრის გარეშე აეწონ-დაეწონათ მტკიცებები და ამოჩემებით არაფერი გაეკეთებინათ (1ტმ. 5:19, 21).
იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის მიცემული მითითების თანახმად, თუ ვინმე ვინმეს წინააღმდეგ შესცოდავდა, თავიდან მათ ერთმანეთში უნდა მოეგვარებინათ საქმე. თუ მცდელობა ამაოდ ჩაივლიდა და საქმე სერიოზული იყო, ის კრებისთვის ანუ კრების პასუხისმგებელი ძმებისთვის უნდა წარედგინათ. მოგვიანებით პავლემ ურჩია ქრისტიანებს, რომ უთანხმოებები ასე მოეგვარებინათ და ქვეყნიური სასამართლოებისთვის არ მიემართათ (მთ. 18:15—17; 1კრ. 6:1—8; სასამართლო საქმე).
1 კორინთელების 4:3-ში მოხსენიებული სასამართლო. პავლე ამ მუხლში ამბობს: „თქვენ რომ განმსაჯოთ ან ადამიანურმა სასამართლომ [ბერძ. ანთროპინეს ჰემერას], ჩემთვის დიდი არაფერია“. ეს ბერძნული გამოთქმა სიტყვასიტყვით ნიშნავს ადამიანის დღეს. მიიჩნევა, რომ ის მიუთითებს დანიშნულ დღეზე, ანუ მოსამართლის მიერ სასამართლო საქმის განსახილველად ან განაჩენის გამოსატანად დადგენილ დღეზე.
პავლეს არ დაუმალავს, რომ ის, აპოლოსი და კეფა კორინთის კრებას ეკუთვნოდნენ, ანუ მისი მსახურები იყვნენ (1კრ. 3:21, 22). ამის მიუხედავად, კრების ზოგიერთი წევრი პავლეს აკრიტიკებდა და განსჯიდა. ამგვარი დამოკიდებულება მათი სექტანტური სულისკვეთების, ხორციელი და არა სულიერი აზროვნებისა და ქრისტეს ნაცვლად ადამიანთა მიყოლის შედეგი იყო (1კრ. 9:1—4). პავლემ ოსტატურად დაიცვა თავისი მსახურება (1კრ. 9:5—27) და ჩამოაყალიბა პრინციპი, რომ ქრისტიანის მთავარი საწუხარი არ უნდა იყოს სხვების, გინდ კორინთელებისა და გინდ დანიშნულ დღეს შეკრებილი რომელიმე ადამიანური სასამართლოს მხრიდან განსჯა. პავლეს აფიქრებდა მომავალი სასამართლო დღე, როცა ღმერთი იესოს მეშვეობით გაასამართლებდა მას. სწორედ მან დააყენა პავლე მმართველად და მისგან ამ დავალების ერთგულად შესრულებას ითხოვდა (1კრ. 1:8; 4:2—5; ებ. 4:13).