განსაკუთრებული ერთგულება
ეს ფრაზა იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა არ იწყნარებს მეტოქეობას, ანუ სხვა ღმერთების თაყვანისცემას. ებრაული სიტყვა კანნაʼ მხოლოდ ღვთის მიმართ გამოიყენება და ნიშნავს „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნს, მოშურნეს“ (გმ. 20:5; იხ. მოშურნე, მოშურნეობა).
ღმერთი თავის კუთვნილ დიდებას არავის დაუთმობს (ეს. 42:8). ვინც ღვთისადმი განსაკუთრებულ ერთგულებას არ გამოიჩენს, მის რისხვას დაიტეხს (კნ. 4:24; 5:9; 6:15). იეჰოვასთვის ისრაელი „ცოლი“ იყო და როგორც „ქმარი“, მისგან განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვდა. თუ ისრაელი მისდამი ასეთ ერთგულებას გამოიჩენდა, იეჰოვა მას თავგამოდებით დაიცავდა (ეზკ. 36:5). მაგრამ თუ ისრაელი მას ეურჩებოდა და სხვა ღმერთებს დაუწყებდა თაყვანისცემას, ეს მრუშობაში ჩაეთვლებოდა, რის გამოც იეჰოვას სამართლიან რისხვას დაიტეხდა და მას თავისი სახელისადმი მოშურნეობას აღუძრავდა (კნ. 32:16, 21; ეზკ. 16:38, 42).
რა იგულისხმება განსაკუთრებულ ერთგულებაში, რასაც იეჰოვა თავისი მსახურებისგან მოითხოვს?
„განსაკუთრებული“ სხვებისგან განსხვავებულს, გამორჩეულს, საგანგებოს ნიშნავს, ხოლო ერთგულება — უსაზღვრო სიყვარულით გამსჭვალვას და თავდადებას. ამგვარად, ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულება ნიშნავს იმას, რომ არავის და არაფერს მივცეთ ღვთის კუთვნილი ადგილი ჩვენს გულში და ეს ჩვენი ცხოვრებით დავადასტუროთ. მხოლოდ იეჰოვა უნდა იკავებდეს ჩვენს გულში ასეთ განსაკუთრებულ, საპატიო ადგილს.
იეჰოვა ღმერთი არ იწყნარებს მეტოქეობას. ღვთის თითით დაწერილი ათი მცნებიდან მეორე მცნება ადამიანებისგან იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვდა: „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი ... არასოდეს გაიჩინო სხვა ღმერთები ჩემ გარდა ... რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ“ (კნ. 5:6—9). 1884 წელს გამოცემულ ფრანგულ ბიბლიაში (ა. დრიუს თარგმანი) გამოსვლის 34:14 შემდეგნაირადაა ნათარგმნი: „ღმერთს სურს, რომ განსაკუთრებულად გვიყვარდეს ის“, ანუ მის მსგავსად არავინ უნდა გვიყვარდეს. იესომ სწორედ ეს იგულისხმა, როცა მასთან გამოსაცდელად მისულ იუდეველს დაელაპარაკა (მთ. 22:37). იეჰოვა იყო ისრაელის ღმერთი და მეფე, მათი სარწმუნოებისა და სახელმწიფოს მეთაური. ამიტომ იმ ებრაელს, რომელიც პირველ და მეორე მცნებებს დაარღვევდა და სხვა ღმერთებს დაუწყებდა მსახურებას, სახელმწიფოს ღალატში დაედებოდა ბრალი, რაც უმძიმესი დანაშაული იყო და უმკაცრეს სასჯელს იმსახურებდა. ერთხელ, როცა ისრაელი ცრუ ღმერთის თაყვანისმცემლობასა და უზნეობაში ჩაება, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნმა ღმერთმა ისინი კინაღამ გაანადგურა. რომ არა აარონის შვილიშვილი, რომელმაც მყისვე მიიღო ზომები და არ შეიწყნარა იეჰოვასადმი მეტოქეობა, ისრაელი ვერ გადარჩებოდა (რც. 25:11).
იეჰოვამ ისრაელი ბაბილონიდან თავისი სახელის გულისთვის დააბრუნა (ეზკ. 39:25—28). ფ. ფენტონი გამოსვლის 34:14-ს შემდეგნაირად თარგმნის: „მარადცოცხალი თავისი სახელის მოშურნეა“. ვინაიდან თავისი სახელის მოშურნეა და მას განსაკუთრებულად ერთგულობს, ის არ აძლევდა თავის ხალხს სხვა ღმერთების სახელებისთვის პატივის მიგების უფლებას.
ბატონისა და მონის ურთიერთობა. განსაკუთრებული ერთგულება დიდ როლს თამაშობდა ბატონისა და მონის ურთიერთობაშიც. იეჰოვა როგორც შემოქმედი ყველაფრის ბატონ-პატრონია, ამიტომ მას სრული უფლება აქვს, მოითხოვოს განსაკუთრებული ერთგულება თავისი ქმნილებებისგან, რომლებმაც, თავის მხრივ, მისი ნება უნდა შეასრულონ. საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც გაიცნობს იეჰოვას და დააფასებს მასთან ურთიერთობას, თავისი ნებით განსაკუთრებულ ერთგულებას გამოიჩენს მისდამი. სწორედ ასეთ ერთგულებას ითხოვს იეჰოვა, ფორმალური ერთგულება კი მისთვის ყოვლად მიუღებელია (მთ. 15:8, 9). ბატონისა და მონის ურთიერთობისა და იეჰოვასადმი ნებაყოფლობითი ერთგულების მაგალითს თვალნათლივ წარმოგვიდგენს მოსეს კანონი. ებრაელი მონა მსახურების მეშვიდე წელს თავისუფლდებოდა. ბიბლიაში ნათქვამია: „თუ მონა დაჟინებით იტყვის, ძალიან მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლ-შვილი და არ მინდა გათავისუფლებაო, წარადგინოს იგი ჭეშმარიტი ღვთის წინაშე, მიაყენოს კართან ან წირთხლთან, სადგისით გაუხვრიტოს ყური და სამუდამოდ მისი მონა გახდება“ (გმ. 21:2, 5, 6). პავლე თესალონიკეს კრების არაებრაელ წევრებს სწერდა, რომ გაქრისტიანების შემდეგ მათ ნებაყოფლობით აირჩიეს ღვთის ერთგულება, შეწყვიტეს კერპთმსახურება და გახდნენ „ცოცხალი და ჭეშმარიტი ღვთის მონები“ (1თს. 1:9).
იესოს განსაკუთრებული ერთგულება ღვთისადმი. ფილიპელების 2:5—8-დან ვიგებთ, რომ იესო ზეცაშიც და დედამიწაზეც აფასებდა მამის განსაკუთრებულ მდგომარეობას და განსაკუთრებულად ერთგულობდა მას. იესომ ხაზი გაუსვა, რომ კანონში ყველაზე დიდი მცნება მთელი გულით ღვთის სიყვარული იყო (მთ. 22:37). გარდა ამისა, ის განსაკუთრებულად ერთგულობდა იეჰოვას სახელს და თავის მოწაფეებსაც ამისკენ მოუწოდებდა. ლოცვა, რომელიც იესომ თვის მოწაფეებს ასწავლა, ასე იწყებოდა: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მთ. 6:9). იესომ ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულება მაშინ გამოიჩინა, როცა მოშურნეობით აღძრულმა ტაძარი განწმინდა, რითაც შესრულდა წინასწარმეტყველება: „შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე“ (ინ. 2:17; ფს. 69:9). მამისადმი იესოს განსაკუთრებული ერთგულება ყველაზე კარგად 1 კორინთელების 15:24—28-დან ჩანს. როცა იესო ზეციერი სამეფოს მეშვეობით ყველა მმართველობასა და მტერს ბოლოს მოუღებს, ის ამ სამეფოს მამას გადასცემს და თვითონაც მას დაემორჩილება, „რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“.