ქალები, რომლებმაც გული გაუხარეს იეჰოვას
„უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისაგან“ (რუთი 2:12).
1, 2. რა სარგებლობას მოგვიტანს ბიბლიურ დროში მცხოვრები იმ ღვთისმოშიში ქალების მაგალითებზე დაფიქრება, რომლებმაც გული გაუხარეს იეჰოვას?
ორ ქალს ღვთისმოშიშება ფარაონის ნების საწინააღმდეგოდ მოქცევისკენ უბიძგებს. მეძავ ქალს რწმენა აღძრავს, სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს და ისრაელი მზვერავები გადაარჩინოს. ერთი ქალი გასაჭირში გონიერებასა და თავმდაბლობას ავლენს, რითაც მრავალს სიცოცხლეს უნარჩუნებს და იეჰოვას ცხებულს თავიდან აცილებს სისხლისღვრას. ქვრივ ქალს, რომელსაც შვილი ჰყავს, იეჰოვასადმი რწმენა და სტუმართმოყვარეობა აღძრავს, უკანასკნელი ლუკმა ღვთის წინასწარმეტყველისთვის გაიღოს. ეს მხოლოდ რამდენიმე ბიბლიური მაგალითია, თუ როგორ გაუხარეს გული იეჰოვას მისმა ერთგულმა მსახურმა ქალებმა.
2 ის, თუ როგორ ეპყრობა და როგორ აკურთხებს იეჰოვა ასეთ ქალებს, გვიჩვენებს, რომ ადამიანის სქესის მიუხედავად, ღვთისთვის ყველაზე მეტად დასაფასებელი პიროვნების სულიერი თვისებებია. დღევანდელ წუთისოფელში, სადაც უდიდესი ყურადღება გარეგნობასა და მატერიალურ მდგომარეობას ექცევა, რთულია სულიერი თვისებებისთვის უპირატესობის მინიჭება, მაგრამ ამ სირთულის დაძლევა შესაძლებელია. ამას საკუთარი ცხოვრებით ცხადყოფს მილიონობით ღვთისმოშიში ქალი, რომლებიც ღვთის ხალხის უმრავლესობას შეადგენენ. ქრისტიანი ქალები ჰბაძავენ ბიბლიაში მოხსენიებული ღვთისმოშიში ქალების მაგალითს და მათ მსგავსად, რწმენას, გამჭრიახობას, სტუმართმოყვარეობასა თუ სხვა შესანიშნავ თვისებებს ავლენენ. ცხადია, ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული ქალების მიერ გამოვლენილი თვისებები ქრისტიანი მამაკაცებისთვისაც მისაბაძია. ამიტომაც, დაწვრილებით განვიხილოთ, თუ რა არის ბიბლიაში მოთხრობილი იმ ქალების შესახებ, რომლებიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მათ საუკეთესოდ მივბაძოთ (რომაელთა 15:4; იაკობი 4:8).
ქალები, რომლებიც ფარაონს არ დაემორჩილნენ
3, 4. ა) რატომ არ დაემორჩილნენ შიფრა და ფუყა ფარაონს, როდესაც მან ებრაელთა ახალშობილი ვაჟების მოკვლა ბრძანა? ბ) როგორ აკურთხა იეჰოვამ ორი ბებიაქალი გამბედაობისთვის და ღვთისმოშიშებისთვის?
3 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში შემდგარ ნიურნბერგის პროცესზე მრავალი მსჯავრდებული, რომლებსაც ბრალად მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობა ედებოდათ, თავს იმით იმართლებდა, რომ ისინი მხოლოდ ბრძანებებს ასრულებდნენ. მათგან სრულიად განსხვავდებოდა ორი ებრაელი ბებიაქალი, შიფრა და ფუყა. ეს ქალები ძველ ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, როდესაც ქვეყანას მართავდა ტირანი ფარაონი, რომლის სახელიც ჩვენთვის უცნობია. ებრაელების გამრავლებით შეშინებულმა ფარაონმა ამ ბებიაქალებს უბრძანა, რომ ებრაელი ქალი თუ ვაჟს გააჩენდა, ახალშობილი მაშინვე მოეკლათ. როგორ მოიქცნენ ბებიაქალები? „არ აკეთებდნენ, როგორც ეგვიპტის მეფემ უბრძანა: ტოვებდნენ ცოცხლად ვაჟებს“. რატომ ვერ სძლია ამ ქალებს ადამიანისადმი შიშმა? რადგან, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „შეეშინდათ ბებიაქალებს ღვთისა“ (გამოსვლა 1:15, 17; დაბადება 9:6).
4 ბებიაქალები იეჰოვაზე ამყარებდნენ იმედს და ისიც, როგორც „ფარი“, იცავდა მათ ფარაონის რისხვისგან (2 მეფეთა 22:31; გამოსვლა 1:18—20). იეჰოვამ სხვაგვარადაც აკურთხა ეს ქალები — ბიბლიაში ნათქვამია, რომ «უშენებდა იგი მათ სახლებს [„მისცა მათ თავიანთი ოჯახები“, აქ]». გარდა ამისა, იეჰოვამ პატივი მიაგო ქალებს იმით, რომ მათი სახელები და საქციელი მომავალი თაობებისთვის ბიბლიაში ჩაიწერა, მაშინ როდესაც ფარაონის სახელი სამუდამო დავიწყებას მიეცა (გამოსვლა 1:21; 1 მეფეთა 2:30ბ; იგავები 10:7).
5. რით ჰგავს ბევრი ქრისტიანი ქალი შიფრასა და ფუყას და როგორ აკურთხებს მათ იეჰოვა?
5 არიან დღესაც შიფრასა და ფუყას მსგავსი ქალები? დიახ. ყოველწლიურად მრავალი ასეთი ქალი უშიშრად ქადაგებს ხალხის გადამრჩენ ბიბლიურ ცნობას იმ ქვეყნებში, სადაც ეს „მეფის ბრძანებით“ აკრძალულია. ასეთი მოქმედებით ისინი საკუთარ თავისუფლებასა და სიცოცხლესაც კი საფრთხეში აგდებენ (ებრაელთა 11:23; საქმეები 5:28, 29). ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღძრული ეს გულადი ქალები არ უშვებენ, რომ ვიღაცის ბრძანებით ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება შეწყვიტონ. ამის შედეგად, ბევრი ქრისტიანი ქალი წინააღმდეგობასა და დევნას ხვდება (მარკოზი 12:30, 31; 13:9—13). როგორც შიფრასა და ფუყას ერთგულებას ხედავდა, იეჰოვა ამ შესანიშნავი გამბედავი ქალების ერთგულებასაც ხედავს. ის ასეთი ქალებისადმი სიყვარულს იმით გამოავლენს, რომ „სიცოცხლის წიგნში“ დატოვებს მათ სახელებს, თუ ბოლომდე შეინარჩუნებენ ერთგულებას (ფილიპელთა 4:3; მათე 24:13).
ყოფილი მეძავი გულს უხარებს იეჰოვას
6, 7. ა) რა იცოდა რახაბმა იეჰოვასა და მის ხალხზე და რა გავლენა მოახდინა ამან მასზე? ბ) როგორ მიაგებს პატივს ღვთის სიტყვა რახაბს?
6 ძვ. წ. 1473 წელს ქანაანის ქალაქ იერიხოში ერთი მეძავი, სახელად რახაბი, ცხოვრობდა. ამ ქალისთვის, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი რამ იყო ცნობილი. როცა ორმა ისრაელმა მზვერავმა თავი მის სახლს შეაფარა, რახაბმა მათთან საუბარში ეგვიპტიდან ისრაელის სასწაულებრივ გამოსვლასთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალი მოიხსენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენიდან 40 წელი იყო გასული. მან ისიც იცოდა, თუ როგორ დაამარცხეს ისრაელებმა მოგვიანებით ამორეველი მეფეები — სიხონი და ყოგი. ყურადღება მიაქციეთ, რა გავლენა მოახდინა მასზე ამ ამბების გაგებამ. აი, რა უთხრა მან მზვერავებს: „მე ვიცი, რომ თქვენ მოგცათ უფალმა ეს ქვეყანა . . . რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლა ცაში, და დაბლა მიწაზე“ (იესო ნავეს ძე 2:1, 9—11). დიახ, რახაბზე დადებითად იმოქმედა და გულში იეჰოვასადმი რწმენა ჩაუნერგა იმ ყოველივემ, რაც მან იეჰოვაზე და ისრაელის საკეთილდღეოდ მის მოქმედებაზე გაიგო (რომაელთა 10:10).
7 რწმენამ რახაბი მოქმედებისკენ აღძრა. მან „მშვიდობიანად მიიღო მზვერავები“ და მოგვიანებით, როდესაც ისრაელებმა იერიხოზე იერიში მიიტანეს, საკუთარი თავისა და ნათესავების გადასარჩენად, მათი მითითებისამებრ მოიქცა (ებრაელთა 11:31; იესო ნავეს ძე 2:18—21). უეჭველია, რახაბის რწმენამ, რაც მან საქმეებით დაამტკიცა, გული გაუხარა იეჰოვას; ვინაიდან იეჰოვამ ქრისტიანი მოწაფე იაკობი აღძრა, რომ რახაბის სახელი, როგორც ქრისტიანებისთვის მისაბაძი მაგალითი, აბრაამის, ღვთის მეგობრის, სახელთან ერთად მოეხსენიებინა. იაკობმა დაწერა: „ასევე რახაბ მეძავი. განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა?“ (იაკობი 2:25).
8. როგორ აკურთხა იეჰოვამ რახაბი ერთგულებისა და მორჩილებისთვის?
8 იეჰოვამ მრავალმხრივ აკურთხა რახაბი. უპირველესად, ღმერთმა სასწაულებრივად გადაარჩინა დაღუპვას როგორც ის, ისე ყველა, ვინც კი თავი მის სახლს შეაფარა — „მამამისის სახლი და ყველა, ვინც მას ჰყავდა“. შემდეგ ღმერთმა მათ ნება დართო, დარჩენილიყვნენ „ისრაელში“, სადაც, როგორც მკვიდრთ, ისე უნდა მოპყრობოდნენ (იესო ნავეს ძე 2:13; 6:22—25; ლევიანები 19:33, 34). კურთხევები ამით არ ამოწურულა. იეჰოვამ რახაბს პატივი დასდო, რომ იესო ქრისტეს წინაპარი გამხდარიყო. მართლაც რომ დიდი სიკეთე გამოავლინა მან ერთ დროს კერპთაყვანისმცემელი ქანაანელი ქალისადმიa (ფსალმუნები 129:3, 4).
9. როგორ ამხნევებს ზოგიერთ ქალს რახაბისა და პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგი ქრისტიანი ქალისადმი იეჰოვას დამოკიდებულება?
9 რახაბის მსგავსად, პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, ზოგიერთმა ქალმა უზნეო ცხოვრება მიატოვა იმისათვის, რომ ქრისტიანი გამხდარიყო და ღვთისმოსაწონად ეცხოვრა (1 კორინთელთა 6:9—11). უეჭველია, ზოგი მათგანი ძველი ქანაანის მსგავს გარემოში გაიზარდა, სადაც უზნეობა იმდენად იყო გავრცელებული, რომ ნორმალურადაც კი ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, მათ შეიცვალეს ცხოვრების წესი, რისკენაც ისინი საღვთო წერილის საფუძვლიან ცოდნაზე დაფუძნებულმა რწმენამ აღძრა (რომაელთა 10:17). ამიტომაც, „ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავის თავს მათი ღმერთი უწოდოს“ (ებრაელთა 11:16). მართლაც რომ დიდი პატივია!
გონივრული მოქმედებისთვის კურთხეული
10, 11. ნაბალსა და დავითს შორის შექმნილმა როგორმა მდგომარეობამ აღძრა აბიგაილი მოქმედებისკენ?
10 ღვთის ერთგული ქალები ძველად შესანიშნავად ავლენდნენ გონიერებას, რის გამოც მათ ღვთის ხალხს შორის ღირსეული ადგილი დაიკავეს. ერთ–ერთი ასეთი ქალი მდიდარი ებრაელი მემამულის, ნაბალის, ცოლი იყო. აბიგაილის გონიერებამ მრავალი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა და დავითს, ისრაელის მომავალ მეფეს, სისხლი არ დააღვრევინა. აბიგაილის შესახებ შეგვიძლია 1 მეფეთა 25–ე თავში წავიკითხოთ.
11 ამბავი იმით იწყება, რომ დავითი თავის მეომრებთან ერთად ნაბალის ფარის მახლობლად დაბანაკებულა და სიკეთეს უკეთებს თანამოძმეს — დღედაღამ უსასყიდლოდ იცავს მის საქონელს. დავითს საკვების მარაგი როცა ელევა, ათ ჭაბუკს გზავნის ნაბალთან და დახმარებას სთხოვს. ნაბალს საშუალება ეძლევა, მადლიერება გამოხატოს დავითისადმი და პატივი სცეს მას, როგორც იეჰოვას ცხებულს. მაგრამ ის სრულიად საწინააღმდეგოდ იქცევა — განრისხებული შეურაცხყოფს დავითს და ჭაბუკებს ხელცარიელს უშვებს. ამის გაგონებაზე დავითი 400 შეიარაღებულ მეომარს კრებს და შურის საძიებლად მიემართება. ამ დროს აბიგაილი ქმრის უკმეხი პასუხის შესახებ იგებს. ის დაუყოვნებლივ იღებს გონივრულ გადაწყვეტილებას — გულის მოსალბობად დავითს უხვად უგზავნის სანოვაგეს. შემდეგ კი თავად მიდის მასთან შესახვედრად (მუხლები 2—20).
12, 13. ა) როგორ გამოავლინა აბიგაილმა გონიერება და აგრეთვე ერთგულება იეჰოვასა და მისი ცხებულისადმი? ბ) როგორ მოიქცა აბიგაილი შინ დაბრუნებისას და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
12 დავითთან შეხვედრისას აბიგაილი თავმდაბლურად სთხოვს მას შეწყალებას, რაც ცხადყოფს, რომ დიდ პატივს სცემს იეჰოვას ცხებულს. „ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან უფლის ომებს ეწევა ჩემი ბატონი“, — ამბობს აბიგაილი და რწმენას გამოთქვამს, რომ იეჰოვა დავითს ისრაელის მეფედ დაადგენს (მუხლები 28—30). ამავე დროს, აბიგაილი საკმაოდ დიდ გამბედაობას ავლენს, როდესაც დავითს ეუბნება, რომ ცხელ გულზე შურისძიება სისხლისღვრამდე მიიყვანს (მუხლები 26, 31). აბიგაილის თავმდაბლობას, პატივისცემით მოპყრობასა და საღ აზრს დავითი გონს მოჰყავს. ის აბიგაილს პასუხობს: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს. და კურთხეული იყოს შენი გონიერება და კურთხეული იყავი შენ, რომ არ გამიშვი სისხლის ღვრამდე“ (მუხლები 32, 33).
13 სახლში დაბრუნებული აბიგაილი მზად არის, გაბედულად შეატყობინოს ქმარს, რომ დავითს ძღვენი მიართვა. მაგრამ მისი მისვლისას ნაბალი „ძალიან მთვრალია“ და აბიგაილი ამბავს მოგვიანებით ატყობინებს. რა რეაქცია აქვს ნაბალს? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნაბალი „გაქვავდა“, რაშიც, შესაძლოა, რაღაცა დამბლის დაცემის მსგავსი იგულისხმება. ათ დღეში ის ღვთის ხელით კვდება. ნაბალის სიკვდილის გაგების შემდეგ დავითი ცოლად თხოულობს აბიგაილს, რომელმაც მეფე აშკარად მოხიბლა და საკუთარი თავის მიმართ დიდი პატივისცემით განაწყო. აბიგაილი დავითს ცოლობაზე თანხმდება (მუხლები 34—42).
შეგიძლიათ მიბაძოთ აბიგაილს?
14. აბიგაილის რომელ თვისებებს ვისურვებდით, უფრო მეტად რომ გამოგვევლინა?
14 ხედავთ აბიგაილის პიროვნებაში თვისებებს, რომლებიც გინდათ, რომ თქვენ — როგორც მამაკაცებმა, ისე ქალებმა — უკეთესად გამოავლინოთ? შეიძლება გსურთ, უფრო გონივრულად მოიქცეთ, როდესაც სირთულეები წამოგეჭრებათ; ან შესაძლოა, სურვილი გაქვთ, უფრო მშვიდად ილაპარაკოთ და საღი აზროვნების უნარი არ დაკარგოთ, როდესაც თქვენ გარშემო მყოფნი ემოციებს ჰყვებიან და მდგომარეობიდან გამოდიან. თუ ასეა, განა არ უნდა ილოცოთ ამაზე? იეჰოვა გვპირდება, რომ სიბრძნეს, გამჭრიახობასა და განსჯის უნარს მისცემს ყველას, ვინც კი ‘რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვს’ (იაკობი 1:5, 6; იგავები 2:1—6, 10, 11).
15. განსაკუთრებით რა შემთხვევაშია ქრისტიანი ქალებისთვის მნიშვნელოვანი აბიგაილისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენა?
15 ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანი ქალისთვის, რომლის ქმარიც მორწმუნე არ არის და ცხოვრებაში ბიბლიურ პრინციპებს თითქმის ან სულ არ იყენებს. შესაძლოა, ის ბევრს სვამს. იმედს არ ვკარგავთ, რომ ასეთი მამაკაცები შეიძლება შეიცვალონ. ბევრმა მათგანმა უკვე შეიცვალა ცხოვრების წესი. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ცოლების რბილმა ხასიათმა, პატივისცემით მოპყრობამ და წმინდა ქცევამ შეასრულა (1 პეტრე 3:1, 2, 4).
16. ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, როგორ შეუძლია ქრისტიან დას ცხადყოს, რომ ღმერთთან ურთიერთობას ყველაფერზე მეტად აფასებს?
16 როგორი პრობლემების ატანაც უნდა გიწევდეთ ოჯახში, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ყოველთვის თქვენ გვერდითაა (1 პეტრე 3:12). ამიტომაც შეეცადეთ, სულიერად უფრო მეტად გაძლიერდეთ. ილოცეთ სიბრძნისთვის და სიმშვიდისთვის. დაუახლოვდით იეჰოვას ბიბლიის რეგულარული შესწავლის, ლოცვის, წაკითხულზე დაფიქრებისა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობის მეშვეობით. აბიგაილის ღვთისადმი სიყვარულსა და იეჰოვას ცხებული მსახურის მიმართ დამოკიდებულებაზე გავლენა ვერ მოახდინა ქმრის ურწმუნოებამ და არასწორმა აზროვნებამ. აბიგაილმა ღვთის სამართლიანი პრინციპებით იხელმძღვანელა. ისეთ ოჯახშიც კი, სადაც ქმარი ღვთის ერთგული მსახურია, ქრისტიან ცოლს უნდა ესმოდეს, რომ პირადი ძალისხმევაა საჭირო საკუთარი სულიერობის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად. მართალია, ქმარს აკისრია მის სულიერ და მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვის ბიბლიური პასუხისმგებლობა, მაგრამ საბოლოოდ, ის თვითონ უნდა ‘იღვწოდეს შიშითა და ძრწოლით თავის სახსნელად’ (ფილიპელთა 2:12; 1 ტიმოთე 5:8).
მან „წინასწარმეტყველის საზღაური“ მიიღო
17, 18. ა) როგორ გამოიცადა ცარფათელი ქვრივის რწმენა? ბ) რა რეაქცია ჰქონდა ქვრივს ელიას თხოვნაზე და როგორ აკურთხა იეჰოვამ ამისთვის?
17 წინასწარმეტყველ ელიას დროს მცხოვრები ღარიბი ქვრივის მიმართ იეჰოვას მიერ გამოვლენილი მზრუნველობიდან ვხედავთ, რომ მისთვის ძვირფასია ყველა, ვინც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად საკუთარ ძალ–ღონესა და მატერიალურ სახსრებს არ იშურებს. ხანგრძლივი გვალვის გამო ელიას დღეებში ბევრმა გმოსცადა შიმშილი, მათ შორის ცარფათში მცხოვრებმა ქვრივმა და მისმა პატარა ვაჟმაც. როცა საკვები გამოელიათ და ერთხელღა შეეძლოთ ჭამა, მათ სტუმარი, წინასწარმეტყველი ელია, ეწვიათ. მან უცნაური რამ ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ქვრივის გასაჭირი, სთხოვა მისთვის „პატარა ხმიადი“ გამოეცხო დარჩენილი მცირეოდენი ზეთითა და ფქვილით. ამასთანავე, ქვრივს ასეთი რამ უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამ ქვეყანაში’“ (3 მეფეთა 17:8—14).
18 თქვენ როგორ გამოეხმაურებოდით ასეთ უჩვეულო სათხოვარს? ცარფათში მცხოვრებმა ქვრივმა, რომელმაც, როგორც ჩანს, ელია იეჰოვას წინასწარმეტყველად აღიარა, „ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა“. როგორ მოექცა მას იეჰოვა გამოვლენილი სტუმართმოყვარეობისთვის? მან სასწაულებრივად იზრუნა იმაზე, რომ ქვრივს, მის ვაჟსა და ელიას გვალვის პერიოდში საკვები არ მოჰკლებოდათ (3 მეფეთა 17:15, 16). დიახ, ცარფათში მცხოვრებმა ქვრივმა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ იყო, „წინასწარმეტყველის საზღაური“ მიიღო იეჰოვასგან (მათე 10:41). ღვთის ძემაც პატივისცემით მოიხსენია ეს ქვრივი, როდესაც ურწმუნო ხალხს თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში მისი მაგალითი მოუყვანა (ლუკა 4:24—26).
19. როგორ ჰბაძავს დღეს ბევრი ქრისტიანი ქალი ცარფათში მცხოვრები ქვრივის მაგალითს და როგორ უყურებს მათ იეჰოვა?
19 დღეს ბევრი ქრისტიანი ქალი იქცევა ცარფათში მცხოვრები ქვრივივით. მაგალითად, ქრისტიანი დები, რომელთაგან ბევრს მატერიალურად უჭირს და ოჯახები ჰყავს სარჩენი, უანგაროდ ავლენენ სტუმართმოყვარეობას მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი ცოლების მიმართ. სხვები სადილად ეპატიჟებიან სრული დროით მსახურებს, ეხმარებიან გაჭირვებულებს ან სხვაგვარად იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებსა თუ სახსრებს სამეფოს საქმის მხარდასაჭერად (ლუკა 21:4). ხედავს იეჰოვა მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს? რა თქმა უნდა. „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10).
20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 პირველ საუკუნეში ღვთისმოშიშ რამდენიმე ქალს წილად ხვდა პატივი, იესოსა და მის მოციქულებს მომსახურებოდნენ. მომდევნო სტატიაში ვნახავთ, თუ როგორ გაუხარეს იეჰოვას გული ამ ქალებმა და განვიხილავთ იმ ქრისტიანი ქალების მაგალითებს, რომლებიც დღეს სირთულეების მიუხედავად, ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას.
[სქოლიოები]
a იესოს გენეალოგიაში, რომელიც მათეს სახარებაშია ჩაწერილი, სახელებითაა მოხსენიებული ოთხი ქალი — თამარი, რახაბი, რუთი და მარიამი. ღვთის სიტყვა ოთხივე მათგანს პატივს მიაგებს (მათე 1:3, 5, 16).
გასამეორებლად
• როგორ გაუხარეს გული იეჰოვას მისმა ერთგულმა მსახურმა ქალებმა
• შიფრამ და ფუყამ?
• რახაბმა?
• აბიგაილმა?
• ცარფათელმა ქვრივმა?
• როგორ დაგვეხმარება თითოეულ ჩვენგანს ამ ქალების საქციელზე დაფიქრება? მოიყვანეთ მაგალითები.
[სურათები 9 გვერდზე]
ბევრი ერთგული ქალი „მეფის ბრძანების“ მიუხედავად ღვთისადმი მსახურებას განაგრძობდა.
[სურათი 10 გვერდზე]
რატომ არის რახაბი რწმენის გამოვლენის მხრივ სამაგალითო?
[სურათი 10 გვერდზე]
აბიგაილის რომელი თვისებების გამოვლენას ისურვებდით?
[სურათი 12 გვერდზე]
ბევრი ქრისტიანი ქალი ცარფათში მცხოვრები ქვრივივით იქცევა.