ᲓᲘᲓᲘ ᲑᲐᲑᲘᲚᲝᲜᲘ
წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ხილვებიდან ვიგებთ დიდი ბაბილონის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის, მისი აღწერილობისა და დაცემის შესახებ (გმც. 14:8; 16:19; თ-ები 17, 18; 19:1—3).
გამოცხადების 17:3—5-ში დიდი ბაბილონი აღწერილია ძვირფასეულობით შემკულ, ძოწისფერ და ალისფერ სამოსში გამოწყობილ ქალად, რომელიც შვიდთავიან და ათრქიან მხეცზე ზის. მას შუბლზე აწერია სახელი «საიდუმლო: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“». მასზე აგრეთვე ნათქვამია, რომ „მრავალ წყალზე“ ზის, რომლებიც „ნიშნავს ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს“ (გმც. 17:1—15).
დიდი ბაბილონის სიმდიდრე და ძალაუფლების მასშტაბები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ის შუამდინარეთის ქალაქ ბაბილონთან გავაიგივოთ. ძვ. წ. 539 წელს სპარსელი კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობის შემდეგ ის აღარ ბატონობდა მსოფლიოზე და მისი ტყვეები, მათ შორის იუდეველები, გათავისუფლდნენ. მართალია, მოციქულების დროს (შესაბამისად, იოანეს დროსაც) და მათი სიკვდილის შემდეგ ქალაქი კვლავაც არსებობდა, მაგრამ ის აღარ ითვლებოდა მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქად. საბოლოოდ ის გაპარტახდა. აქედან გამომდინარე, დიდი ბაბილონი სიმბოლურ ქალაქად უნდა მივიჩნიოთ, რომლის პირველსახე ძველი ქალაქი ბაბილონი იყო. ვინაიდან ამ საიდუმლოებით მოცულ ქალაქს ძველი ქალაქის სახელი ჰქვია, მდინარე ევფრატთან გაშენებული ბაბილონის თავისებურებების მოკლე განხილვა დაგვეხმარება, გავიგოთ, რას წარმოადგენს იოანეს ხილვაში ნანახი სიმბოლური ქალაქი.
ძველი ბაბილონის თავისებურებანი. შინარის ველზე ქალაქ ბაბილონის დაარსება და ბაბილონის გოდლის აგების მცდელობა ერთსა და იმავე პერიოდს უკავშირდება (დბ. 11:2—9). გოდლისა და ქალაქის მშენებელთა მთავარი მიზანი ღვთის სახელის განდიდება კი არა, საკუთარი სახელის განთქმა იყო. ზიკურათი (საფეხურებად აგებული საკულტო კოშკები), რომლებიც ძველი ბაბილონის ნანგრევებსა და შუამდინარეთის სხვა ადგილებში აღმოაჩინეს, ადასტურებს, რომ ბაბილონის გოდოლი მისი არქიტექტურის მიუხედავად, რელიგიური ხასიათის ნაგებობა იყო. ტაძრის მშენებლობის შესაჩერებლად იეჰოვა ღმერთის მიერ მიღებული რადიკალური ზომები იმის მაჩვენებელია, რომ მშენებლობას ცრურელიგიური საფუძველი ჰქონდა. მაშინ როცა ქალაქის ებრაული სახელი „ბაბელი“ არევ-დარევას ნიშნავს, მისი შუმერული (კა-დინგირ-რა) და აქადური (ბაბ-ილუ) ეკვივალენტები ნიშნავს ღვთის კარიბჭეს. ასე რომ, ქალაქში დარჩენილებმა სახელს ფორმა შეუცვალეს, რათა უარყოფითი მნიშვნელობა აღარ ჰქონოდა, თუმცა ეს შეცვლილი სახელი ქალაქს რელიგიასთან მაინც აკავშირებდა.
ბიბლიაში ბაბილონი იმ ქალაქების ჩამონათვალის თავში მოიხსენიება, რომლებითაც საფუძველი ჩაეყარა ნიმროდის სამეფოს (დბ. 10:8—10). ებრაულ წერილებში ძველი ქალაქი ბაბილონი მოხსენიებულია იეჰოვა ღმერთისა და მისი ხალხის უძველეს მტრად.
თუმცა ბაბილონი ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში იმპერიის დედაქალაქი გახდა, მთელი თავისი არსებობის მანძილზე ის განსაკუთრებით რელიგიურ ცენტრად იყო ცნობილი, რომლის გავლენაც მრავალ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.
პროფესორი მორის ჯესტროუ უმცროსი თავის ნაშრომში ბაბილონის გავლენის შესახებ წერდა: „ქრისტიანობამდელ ძველ მსოფლიოში ბაბილონელთა რელიგიამ გავლენა მოახდინა ეგვიპტეზე, სპარსეთსა და საბერძნეთზე … ბაბილონურმა შეხედულებებმა აშკარად იქონია გავლენა სპარსეთში მითრას კულტზე. თუ გავითვალისწინებთ, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ რომაელები ამ კულტთან დაკავშირებულ საიდუმლოებებს, შეგვიძლია კიდევ ერთი რგოლი დავამატოთ იმ ჯაჭვს, რომელიც ძველი კულტურის გადმონაშთებს აკავშირებს ევფრატის ველზე არსებულ ცივილიზაციასთან“. ბოლოს ჯესტროუ ამბობს, რომ „ბაბილონურმა რელიგიურმა მსოფლმხედველობამ და იმ რეგიონში გავრცელებულმა თაყვანისმცემლობამ ღრმა კვალი დატოვა ძველ მსოფლიოზე“ (The Religion of Babylonia and Assyria, 1898, გვ. 699—701).
არქეოლოგი ვ. ჩაილდი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ ბაბილონური რელიგია აღმოსავლეთით, ინდოეთშიც გავრცელდა: „სვასტიკა და ჯვარი, რომლებიც ხშირად გამოსახული იყო ბეჭდებსა თუ დაფებზე, ადრეულ წინაისტორიულ პერიოდში ბაბილონსა და ელამში რელიგიური და მაგიური სიმბოლოები იყო. ისინი დღემდე ინარჩუნებს მსგავს მნიშვნელობას ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში“ (New Light on the Most Ancient East, 1957, გვ. 185). ასე რომ, ძველი ბაბილონის რელიგიამ ღრმა კვალი დატოვა ბევრ ხალხსა და ერზე. რელიგიური გავლენა უფრო ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივი და ძლიერი იყო, ვიდრე პოლიტიკური.
სიმბოლური ბაბილონის მსგავსად, ძველი ბაბილონი, ფაქტობრივად, წყლებზე იჯდა, რადგან ის მდინარე ევფრატის ორივე სანაპიროზე იყო გაშენებული და მასში უამრავი არხი და წყლით სავსე თხრილი იყო გაყვანილი (იერ. 51:1, 13; გმც. 17:1, 15). ეს წყლები ქალაქს იცავდა და წარმოადგენდა მაგისტრალს, რომლის მეშვეობითაც გემებს სხვადასხვა კუთხიდან სიმდიდრე და ფუფუნების საგნები შეჰქონდათ ქალაქში. აღსანიშნავია, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, დიდ ბაბილონზე ღვთის განაჩენის აღსრულებამდე ევფრატის წყალი უნდა დამშრალიყო (გმც. 16:12, 19).
სიმბოლური ბაბილონის თავისებურებანი. დიდ ბაბილონად წოდებული სიმბოლური ქალი „დიდ ქალაქს ნიშნავს, რომელიც იმეფებს დედამიწის მეფეებზე“. ამგვარად, ის ფაქტობრივად ზის ანუ მისი ძალაუფლება ვრცელდება „ხალხებზე, ჯგუფებზე, ერებსა და ენებზე“ (გმც. 17:1, 15, 18). სამეფო, რომელიც სხვა სამეფოებზე და ერებზე იბატონებს, იმპერიაა. დიდი ბაბილონი საკუთარ თავს მიწიერ მეფეებზე მაღლა აყენებს და მათზე ძალაუფლება და გავლენა აქვს. ის ამხედრებულია სიმბოლურ შვიდთავიან მხეცზე. ბიბლიაში მხეცები გაბატონებული პოლიტიკური ძალების სიმბოლოს წარმოადგენს (იხ. ᲛᲮᲔᲪᲔᲑᲘ, ᲡᲘᲛᲑᲝᲚᲣᲠᲘ).
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დიდი ბაბილონი პირდაპირი გაგებით რომელიმე იმპერიაა — ბაბილონი ან რომი. მაგრამ როგორც გავიგეთ, ბაბილონის იმპერიამ იოანეს წინასწარმეტყველურ ხილვამდე დიდი ხნით ადრე შეწყვიტა არსებობა. რაც შეეხება რომს, მისი მმართველობა განსხვავდებოდა დიდი ბაბილონისთვის დამახასიათებელი ქმედებებისა და მმართველობის მეთოდებისგან. დიდი ბაბილონი არის მეძავი, რომელიც დედამიწის მეფეებთან მეძაობს, თავისი სიძვის ღვინით ათრობს მათ და ხალხები სპირიტიზმით შეჰყავს შეცდომაში (გმც. 17:1, 2; 18:3, 23). ამის საპირისპიროდ, რომმა მოიპოვა ძალაუფლება და შეინარჩუნა ის ძლიერი ჯარით და ყველა პროვინციასა თუ კოლონიაში თავისი კანონების შესრულების მკაცრი მოთხოვნით. ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ამ ფაქტის შესახებ წერია: „შეუძლებელია ბაბილონის რომთან გაიგივება. ბაბილონში ერთ იმპერიაზე ან კულტურაზე მეტი იგულისხმება. მას გეოგრაფიული საზღვრები ან რომელიმე ეპოქა კი არ განსაზღვრავს, არამედ გაბატონებული კერპთაყვანისმცემლობა. ის იმ მხეცის სამეფოსთან ერთად არსებობს, რომელმაც გახრწნა და დაიმონა კაცობრიობა და რომელიც კრავმა უნდა დაამარცხოს კაცობრიობის გასათავისუფლებლად (გმც. 17:14)“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 1, გვ. 338).
ებრაულ წერილებში მეძავი ხშირად მოხსენიებულია გადატანითი მნიშვნელობით. ღმერთმა ისრაელი გააფრთხილა, შეთანხმება არ დაედო ქანაანელ ერებთან, რათა გარყვნილება („მეძაობა“, სსგ) არ ჩაედინა მათ ღმერთებთან (გმ. 34:12—16). ისრაელიც და იუდაც განუდგნენ იეჰოვა ღმერთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ამიტომ ღმერთმა სხვა ერებთან და მათ ღმერთებთან მეძაობისთვის გაკიცხა ისინი (ეს. 1:21; იერ. 3:6—10, 13; ეზკ. 16:15—17, 28, 29, 38; ოს. 6:10; 7:11; 8:9, 10). აღსანიშნავია, რომ ღმერთი ისრაელსა და იუდას უბრალოდ პოლიტიკურ სუბიექტებად არ მიიჩნევდა, რომელთაც სხვა სახელმწიფოებთან ჰქონდათ ურთიერთობა. იეჰოვამ გაკიცხა ისინი, რადგან მასთან წმინდა შეთანხმებით იყვნენ შეკრული და, შესაბამისად, წმინდა, ღვთისა და მისი თაყვანისმცემლობისთვის მიძღვნილ ერად უნდა წარედგინათ თავი (იერ. 2:1—3, 17—21).
სიტყვა „მეძავი“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც მსგავსი მნიშვნელობით გამოიყენება. ქრისტიანული კრება შედარებულია ქალწულთან, რომელიც დანიშნულია ქრისტეზე, მის თავსა და მეფეზე (2კრ. 11:2; ეფ. 5:22—27). მოწაფე იაკობმა გააფრთხილა ქრისტიანები, არ ემეგობრათ ქვეყნიერებასთან, რაც სულიერი მრუშობის ტოლფასი იქნებოდა (იაკ. 4:4; შდრ. ინ. 15:19). დიდი ბაბილონისა და მისი „ასულების“ მეძაობაშიც სულიერი ღალატი იგულისხმება („ასულები“ ბიბლიაში ზოგჯერ დიდი ქალაქის მიმდებარე ქალაქების აღსანიშნავად გამოიყენება, მაგალითად, სამარიისა და სოდომის „მიმდებარე ქალაქების“ [ებრ. სიტყვასიტყვით ასულები] აღსანიშნავად; იხ. ეზკ. 16:46—48).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ დიდ ბაბილონზე სიმბოლური მხეცის ათი რქის მიერ გამანადგურებელი იერიშის მიტანისას, მის დამარცხებას იგლოვებენ ისინი, ვისთანაც ის მეძაობდა, ანუ დედამიწის მეფეები, აგრეთვე დიდვაჭრები და მეზღვაურები, რომლებსაც ფუფუნების საგნები, ძვირფასი ტანსაცმელი და სამკაულები მიჰქონდათ მასთან. თუმცა მისი განადგურებისას გადარჩებიან პოლიტიკური და კომერციული სამყაროს წარმომადგენლები, აღსანიშნავია, რომ წინასწარმეტყველებაში გაკვრითაც კი არ არის მოხსენიებული რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი, რომელიც დიდი ბაბილონის დაცემას იგლოვებდა (გმც. 17:16, 17; 18:9—19). წინასწარმეტყველების თანახმად, სიმბოლური ბაბილონის განადგურებიდან რაღაც დროის შემდეგ განაჩენი აღსრულდება დედამიწის მეფეებზე. მათ ათი რქა კი არ გაანადგურებს, არამედ მეფეთა მეფის, ღვთის „სიტყვის“ მახვილი (გმც. 19:1, 2, 11—18).
დიდი ბაბილონის კიდევ ერთი თავისებურება „სიმთვრალეა“. მასზე ნათქვამია, რომ ის „წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლით იყო დამთვრალი“ (გმც. 17:4, 6; 18:24; 19:1, 2). ამგვარად, ის სულიერი გაგებით ძველი ქალაქი ბაბილონის ანალოგია, რადგან მასავით ემტერება ღვთის ხალხს. აღსანიშნავია, რომ იესომ სწორედ რელიგიურ ლიდერებს დააკისრა პასუხისმგებლობა „ყველა მართლის სისხლზე … მართალი აბელის სისხლიდან ზაქარიას, ბარაქიას ძის სისხლამდე“. მართალია, ეს სიტყვები იესოს თანამემამულე (ებრაელთა) რელიგიური წინამძღოლების მისამართით იყო წარმოთქმული და გარკვეული დროის განმავლობაში სწორედ ისინი დევნიდნენ სასტიკად იესოს მიმდევრებს, მაგრამ, როგორც ისტორიამ ცხადყო, მოგვიანებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს იუდეველები კი არა, სხვები დევნიდნენ (თავად იუდეველებიც იდევნებოდნენ) (მთ. 23:29—35).
ზემოხსენებული ფაქტორები საყურადღებო და გასათვალისწინებელია, რათა სწორი წარმოდგენა შეგვექმნას სიმბოლურ დიდ ბაბილონსა და მის ვინაობაზე.