იოქებედი
[შესაძლოა ნიშნავს: იეჰოვა დიდებაა]
ლევის ასული, რომელიც გათხოვდა თავისივე ტომელ ამრამზე. მას შეეძინა მირიამი, აარონი და მოსე (გმ. 6:20; რც. 26:59). იოქებედი ღვთისმოშიში ქალი იყო და ენდობოდა თავის ღმერთს, იეჰოვას. ის არ დაემორჩილა ფარაონის ბრძანებას და არ მოკლა ახალშობილი ვაჟი, რომელსაც მოგვიანებით მოსე დაარქვეს. დაბადებიდან სამი თვის შემდეგ, როცა ვეღარ შეძლო ბავშვის სახლში დამალვა, იოქებედმა ის პაპირუსის კალათაში ჩააწვინა და მდინარე ნილოსის პირას ლერწმებში ჩადო. ფარაონის ასულმა იპოვა ბავშვი და იშვილა. თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ მოსე თავისივე დედას მიაბარეს აღსაზრდელად. იოქებედი ქმართან ერთად ძალ-ღონეს არ იშურებდა შვილებისთვის ღვთისმოსაწონი პრინციპების ჩასანერგად, რაც მოგვიანებით კარგად გამოჩნდა მათი ცხოვრებიდან (გმ. 2:1—10).
მასორეტული ტექსტის მიხედვით, იოქებედი ამრამის მამის, კეჰათის და იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამრამმა ცოლად მოიყვანა თავისი მამიდა, რაც იმ დროს აკრძალული არ იყო (გმ. 6:18, 20). მაგრამ ზოგი ბიბლეისტის აზრით, იოქებედი ამრამის მამიდა კი არ იყო, არამედ მისი ბიძაშვილი. ისინი ასეთ დასკვნას ბერძნული სეპტუაგინტის საფუძველზე აკეთებენ, რომელიც ეთანხმება სირიულ ფეშიტასა და იუდაურ ტრადიციებს. მაგალითად, გამოსვლის 6:20-ის პირველი ნაწილი ზოგ თარგმანში შემდეგნაირად არის გადმოტანილი: „იოქაბედი, თავისი [ამრამის] მამის ძმის ასული“ (LXX (ბაგსტერი)); „ამრამმა ბიძამისის ასული, იოხაბერი მოიყვანა ცოლად“ (La); „ამრამი თავის ბიძაშვილ იოკაბადზე დაქორწინდა“ (Fn); „ამრამი თავის ნათესავ იოქაბედზე დაქორწინდა“ (Kx). როდერემის თარგმანში ამ ფრაზის („თავისი მამიდა“) სქოლიოში ნათქვამია: „შესაძლოა, უბრალოდ, მამამისის ნათესავი ქალი“. ტომას სკოტი თავის ნაშრომში წერდა: „სეპტუაგინტისა და იუდაური ტრადიციის თანახმად, იოქებედი ამრამის ბიძაშვილი იყო და არა მამიდა“ (Explanatory Notes,1832). „ყველაზე ავტორიტეტული კრიტიკოსების ვარაუდით, იოქებედი ამრამის უშუალო ბიძაშვილი იყო და არა მამიდა“ (Clarke’s Commentary). როცა რიცხვების 26:59-ში ნათქვამია, რომ იოქებედი „ლევის ასული იყო“, ამაში შეიძლება შვილიშვილი იგულისხმებოდეს, როგორც იმ ბევრ ბიბლიურ მუხლში, რომლებშიც „ვაჟში“ „შვილიშვილი“ იგულისხმება. ფ. ფენტონი თავის თარგმანში შენიშნავს, რომ იმავე მუხლში ფრაზაში „შეეძინა ლევის“, „ებრაულ მეტყველებაში უშუალოდ ლევი კი არ იგულისხმება, არამედ ლევისტომელი. ასაკობრივი სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ შეუძლებელია ლევის იოქებედი შესძენოდა“.
მეორე მხრივ, თუ გამოსვლის 6:20-ის მასორეტული ტექსტი ზუსტია, მაშინ იოქებედი ამრამის მამიდა იყო და არა ბიძაშვილი. თუ იოქებედის მამა ლევი იყო, მაშინ ის სხვა ცოლისგან შეეძინებოდა, რომელიც კეჰათის დედაზე ახალგაზრდა იქნებოდა. მართალია, ამ შემთხვევაში იოქებედი კეჰათის ნახევარდა იყო, მაგრამ ამრამისთვის მაინც მამიდა გამოდიოდა.