იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ლევიანები“
ერთი წელი არც არის გასული მას შემდეგ, რაც ისრაელები ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლდნენ. ახლა ისინი ახალ ერად არიან ჩამოყალიბებული და ქანაანისკენ მიმავალ გზას ადგანან. იეჰოვას განზრახვაა, იქ დაასახლოს წმინდა ერი. მაგრამ ქანაანელთა ცხოვრების წესი და რელიგიური წეს-ჩვეულებები ძალიან გახრწნილია. ამიტომ ჭეშმარიტი ღმერთი ისრაელის კრებულს აძლევს წესებს, რომლებიც ამ ერს, როგორც მის მსახურს, სხვებისგან გამოყოფს. ყოველივე ეს ჩაწერილია ბიბლიის წიგნში „ლევიანები“. ამ წიგნში, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1512 წელს მოსემ დაწერა სინას უდაბნოში, აღწერილია მხოლოდ ერთი მთვარისმიერი თვის განმავლობაში მომხდარი მოვლენები (გამოსვლა 40:17; რიცხვნი 1:1—3). მასში იეჰოვა არაერთხელ მოუწოდებს თავის თაყვანისმცემლებს, იყვნენ წმინდები (ლევიანები 11:44; 19:2; 20:7, 26).
დღეს იეჰოვას მოწმეები არ ექვემდებარებიან ღვთის მიერ მოსეს მეშვეობით მიცემულ რჯულს. ქრისტეს სიკვდილმა გააუქმა რჯული (რომაელთა 6:14; ეფესელთა 2:11—16). მაგრამ „ლევიანებში“ მოცემულმა წესებმა შეიძლება სარგებლობა მოგვიტანოს და ბევრი რამ გვასწავლოს ჩვენი ღმერთის, იეჰოვას, თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით.
წმინდა შესაწირავები — ნებაყოფლობითი და სავალდებულო
რჯულის თანახმად გასაღები ზოგი შესაწირი ნებაყოფლობითი იყო, ზოგი კი — სავალდებულო. მაგალითად, სრულადდასაწველ მსხვერპლს ნებაყოფლობით სწირავდნენ. მსხვერპლშესაწირი მთლიანად აღევლინებოდა, ისევე როგორც იესო ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე ნებაყოფლობით და მთლიანად გაიღო გამოსასყიდ მსხვერპლად. ნებაყოფლობით გაღებული სამშვიდობო შესაწირავი საზიარო იყო. მსხვერპლის ნაწილი სამსხვერპლოზე ღვთისთვის აღევლინებოდა, ხოლო ნაწილს მღვდლები და შემწირველი ჭამდნენ. მსგავსად ამისა, ცხებული ქრისტიანებისთვის ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო საზიარო ვახშამია (1 კორინთელთა 10:16—22).
ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი შესაწირავების გაღება სავალდებულო იყო. პირველს ისეთი ცოდვების გამოსასყიდად იღებდნენ, რომლებიც განზრახ კი არ იყო ჩადენილი, არამედ უნებლიედ. დანაშაულის გამოსასყიდს კი მაშინ სწირავდენენ, როდესაც ვინმეს უფლება იყო შელახული, ან მომნანიებელი შემცოდველს გარკვეულ უფლებებს აღუდგენდნენ — ან ორივე შემთხვევაში. იყო პურეულის ძღვენიც, რომელსაც იეჰოვას გულუხვობის აღიარების ნიშნად აღავლენდნენ. ყოველივე ეს ჩვენთვის საინტერესოა, რადგან რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმების თანახმად აღვლენილი შესაწირავები მიუთითებდა იესო ქრისტესა და მის მიერ გაღებულ შესაწირავზე ან სარგებლობაზე, რომელიც ამ შესაწირავის გაღებით გახდა შესაძლებელი (ებრაელთა 8:3—6; 9:9—14; 10:5—10).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
2:11, 12. რატომ იყო იეჰოვასთვის „საცეცხლო შესაწირავად“ თაფლი მიუღებელი? აქ ფუტკრის თაფლზე არ უნდა იყოს ლაპარაკი. თუმცა ამ მუხლებში მოხსენიებული თაფლის შეწირვა „საცეცხლო შესაწირავად“ არ შეიძლებოდა, იგი მოიხსენიებოდა „მოსავლის პირველ ნაყოფთა“ შორის (2 ნეშტთა 31:5). აქ სიტყვა „თაფლში“, როგორც ჩანს, იგულისხმებოდა ხილის წვენი ან სიროფი. რადგან მასში შეიძლებოდა დუღილის პროცესი მომხდარიყო, ის სამსხვერპლოზე აღსავლენად მიუღებელი იყო.
2:13. რატომ უნდა დაემატებინათ მარილი „ყოველი მსხვერპლისთვის“? ეს იმისათვის არ კეთდებოდა, რომ შესაწირავი გემრიელი გაეხადათ. მთელ მსოფლიოში მარილი მაკონსერვირებელ, შემნახველ საშუალებად გამოიყენება. შესაწირავებთან ერთად მარილი, ალბათ, იმიტომ უნდა მიეტანათ, რომ ის გაფუჭებისა და გახრწნისგან დაცვის სიმბოლოა.
რას ვსწავლობთ:
3:17. ძველად ცხოველის ქონს საუკეთესო ნაწილად მიიჩნევდნენ. ამიტომ მისი ჭამის აკრძალვა, როგორც ჩანს, ისრაელებში იმ აზრს ნერგავდა, რომ საუკეთესო ნაწილი იეჰოვას ეკუთვნოდა (დაბადება 45:18). ეს შეგვახსენებს, რომ ის, რასაც იეჰოვას ვუძღვნით, საუკეთესო უნდა იყოს (იგავები 3:9, 10; კოლასელთა 3:23, 24).
7:26, 27. ისრაელებს არ უნდა ეჭამათ სისხლი. ღვთის თვალში სისხლი სიცოცხლესთან არის გაიგივებული. „ხორციელის სიცოცხლე სისხლშია“, — ნათქვამია ლევიანების 17:11-ში. სისხლისგან თავის შეკავება დღესაც მოეთხოვებათ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს (საქმეები 15:28, 29).
წმინდა სამღვდელოების ჩამოყალიბება
ვის დაეკისრა სხვადასხვა ვალდებულების და, მათ შორის, მსხვერპლის შეწირვის პასუხისმგებლობა? ეს საქმე ღმერთმა მღვდლებს მიანდო. ღვთის მითითებით, მოსემ ჩაატარა აარონის მღვდელმთავრად და მისი ოთხი ძის მღვდლად დანიშვნის ცერემონიალი. ეს ცერემონიალი, როგორც ჩანს, შვიდ დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც სამღვდელოებამ მსახურება დაიწყო.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
9:9. რა მნიშვნელობაა ჩადებული სამსხვერპლოს საძირკველთან სისხლის დაღვრასა და სხვადასხვა ადგილას მის მოსხურებაში? ამით ნაჩვენები იყო, რომ იეჰოვა იღებდა გამოსყიდვის მიზნით გაღებულ სისხლს. მთელი გამოსყიდვის ღონისძიება სისხლზეა დაფუძნებული. „თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, — წერდა მოციქული პავლე, — და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9:22).
10:1, 2. რა შედიოდა ცოდვაში, რომელიც აარონის ძეებმა, ნადაბმა და აბიჰუმ, ჩაიდინეს? ნადაბისა და აბიჰუს მიერ თავიანთი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვამ მღვდლებს აუკრძალა კარავში მსახურებისას ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელის დალევა (ლევიანები 10:9). ეს იმის მიმანიშნებელია, რომ აარონის ორი ძე აღნიშნულ შემთხვევაში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იყო. მაგრამ მათი სიკვდილით დასჯის მიზეზი ის იყო, რომ „მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რომელიც არ უბრძანებია უფალს მათთვის“.
რას ვსწავლობთ:
10:1, 2. დღეს იეჰოვას მსახურები, რომლებსაც პასუხისმგებლობა აკისრიათ, ღვთის მოთხოვნებს უნდა ასრულებდნენ. გარდა ამისა, ისინი კადნიერად არ უნდა იქცეოდნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებისას.
10:9. ღვთის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისას ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ არ უნდა ვიყოთ.
წმინდა თაყვანისმცემლობა სიწმინდეს მოითხოვს
წმინდა და უწმინდური ცხოველების შესახებ კანონები ისრაელებისთვის ორმხრივ იყო სასარგებლო. ამ კანონების დაცვა მათ საზიანო მიკროორგანიზმებით დაინფიცირებისგან იცავდა; ამასთანავე, მათი საშუალებით მეზობლად მყოფი ერებისგან გამიჯნულნი რჩებოდნენ. სხვა კანონები ეხებოდა მკვდართან შეხების შედეგად გაუწმინდურებას, ნამშობიარები ქალის განწმენდას, კეთრთან დაკავშირებულ პროცედურებს, ასევე კაცისა თუ ქალის ორგანიზმიდან გამონადენის გამოსვლისა და ამით გაუწმინდურების საკითხებს. მღვდლებს უნდა ეზრუნათ იმ პიროვნებებზე, ვინც უწმინდური ხდებოდა.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
12:2, 5. რატომ ხდიდა მშობიარობა ქალს „უწმიდურს“? სასქესო ორგანოები იმისათვის იყო შექმნილი, რომ სრულყოფილი სიცოცხლისთვის მიეცა დასაბამი. მაგრამ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გავლენით, შთამომავლობას არასრულყოფილება და ცოდვა გადაეცემოდა. მშობიარობის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასევე მენსტრუაციითა და თესლის გადმოღვრით ‘გაუწმიდურება’, ისრაელებს მემკვიდრეობით გადმოცემული ცოდვიანობის შესახებ შეახსენებდა (ლევიანები 15:16—24; ფსალმუნები 50:7; რომაელთა 5:12). განწმენდის შესახებ მოთხოვნები ისრაელებს იმის გაგებაში დაეხმარებოდა, რომ კაცობრიობის ცოდვების დასაფარავად და სრულყოფილების აღსადგენად გამომსყიდველური მსხვერპლის გაღება იყო საჭირო. ამგვარად, რჯული გახდა ‘მათი წარმმართველი ქრისტესაკენ’ (გალატელთა 3:24).
15:16—18. რა არის ამ მუხლებში მოხსენიებული „თესლდენა“? როგორც ჩანს, ეს მიუთითებს როგორც ღამის, ისე სქესობრივი ურთიერთობის დროს თესლის გადმოღვრაზე.
რას ვსწავლობთ:
11:45. იეჰოვა ღმერთი წმინდაა და თავისი მსახურებისგანაც სიწმინდეს მოითხოვს. ისინი წმინდები უნდა იყვნენ — უნდა შეინარჩუნონ ფიზიკური თუ სულიერი სიწმინდე (2 კორინთელთა 7:1; 1 პეტრე 1:15, 16).
12:8. იეჰოვამ ღარიბებს ნება დართო, შედარებით ძვირად ღირებული ცხვრის ნაცვლად, მსხვერპლად ჩიტები მიეტანათ. ღმერთი გაგებით ეკიდება ღარიბებს.
აუცილებელია სიწმინდის შენარჩუნება
ცოდვების გამოსასყიდად უმნიშვნელოვანესი შესაწირავები გამოსყიდვის დღეს იწირებოდა. მღვდლებისა და ლევიანთა ცოდვების გამოსასყიდად ხარი აღევლინებოდა. ერთი თხა ისრაელის არასამღვდელო შტოებისთვის იწირებოდა, მეორეს კი უდაბნოში ცოცხლად უშვებდნენ მას შემდეგ, რაც მღვდელი მას „ჰკიდებდა“ ხალხის ცოდვებს. ორივე თხა ცოდვის გამოსასყიდ ერთ შესაწირავად ითვლებოდა. ყოველივე ეს მიუთითებდა იმაზე, რომ იესო ქრისტე მსხვერპლად იქნებოდა შეწირული და ცოდვებსაც „წაიღებდა“.
ხორცის ჭამასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული კანონები ხაზს უსვამს იეჰოვას თაყვანისმცემლობაში სიწმინდის შენარჩუნების აუცილებლობას. შესაბამისად, მღვდლებსაც სიწმინდე უნდა შეენარჩუნებინათ. ყოველწლიურად სამი დღესასწაული დიდი სიხარულისა და შემოქმედისადმი მადლობის შეწირვის დრო იყო. იეჰოვამ თავის ხალხს მისცა კანონები, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად ეხებოდა: ღვთის სახელის უმართებულოდ გამოყენებას, შაბათისა და ვერძობის წლის (იუბილე) დაცვას, ღარიბებისა და მონების მიმართ დამოკიდებულებას. მორჩილების გამოვლენისთვის აღთქმული კურთხევები დაპირისპირებულია იმ უბედურებებთან, რომლებიც ურჩებს დაატყდებოდათ თავს. მოცემულია კანონები აღთქმათა და შეფასებათა შესახებ შესაწირავებთან დაკავშირებით; ცხოველის პირველმოგებულისა და მეათედის შესახებ; აქვე აღნიშნულია, რომ მეათედი „უფლის სიწმინდეა“.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
16:29. როგორ უნდა ‘დაემდაბლებინათ’ თავი ისრაელებს? ისრაელები ამას გამოსყიდვის დღეს აკეთებდნენ, რითაც ცხადყოფდნენ, რომ თავიანთი ცოდვების მიტევებას ეძიებდნენ. იმ დროს მარხვა, როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო იმის აღიარებასთან, რომ ცოდვილები იყვნენ. ამიტომ ყველაზე მეტად დასაშვები ვერსია ის არის, რომ ამ მუხლში თავის ‘დამდაბლება’ მარხვაზე მიუთითებს.
19:27. როგორ უნდა გავიგოთ მითითება „არ შეიკრიჭოთ თმის კიდე“ ან „არ წაახდინო კიდე შენი წვერისა“? როგორც ჩანს, ებრაელებს ეს კანონი იმიტომ მიეცათ, რომ წვერი ან თმა წარმართთა ჩვეულებების მიხედვით არ შეეკრიჭათ (იერემია 9:25, 26; 25:23; 49:32). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ იუდაელებს არ შეეძლოთ წვერის ან თმის შეკრეჭა (2 მეფეთა 19:24).
25:35—37. ნებისმიერ შემთხვევაში არასწორი იქნებოდა, თუ ისრაელები ფულს პროცენტებზე გაასესხებდნენ? თუ ფული რაიმე საქმის წამოსაწყებად იქნებოდა გასესხებული, გამსესხებელს შეეძლო, გარკვეული პროცენტები აეღო. მაგრამ რჯული კრძალავდა პროცენტების აღებას, თუ სესხი გაჭირვებულის მდგომარეობის შესამსუბუქებლად გაიცემოდა. გაჭირვებაში მყოფი მოყვასის ხარჯზე ფულის მოგება, ღვთის კანონის თანახმად, არასწორი იყო (გამოსვლა 22:25).
26:19. როგორ შეიძლებოდა ‘ზეცა გამხდარიყო ვითარცა რკინა და მიწა — ვითარცა სპილენძი’? გვალვიანი სეზონების დროს ქანაანში ზეცა მნახველს მყარ და გაუმტარ რკინას მოაგონებდა. წვიმის გარეშე მიწა სპილენძის ფერს იღებდა და მეტალს ჰგავდა.
26:26. რას ნიშნავს სიტყვები: „ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში“? ჩვეულებრივ, თითოეულ ქალს ცალკე თონე სჭირდება პურის გამოსაცხობად. ამ სიტყვებით საკვების ისეთი უკმარისობაა ნაჩვენები, რომ ერთი თონე ათივე ქალს ეყოფოდა მთელი თავიანთი პურის გამოსაცხობად. ეს იყო ერთ-ერთი ნაწინასწარმეტყველები შედეგი, რაც სიწმინდის დაუცველობას მოჰყვებოდა.
რას ვსწავლობთ:
20:9. სიძულვილი და ავგულობა იეჰოვას თვალში მკვლელობის ტოლფასია. ამიტომ მშობლების შეურაცხყოფისთვის ისევე ისჯებოდნენ, როგორც მკვლელობისთვის. განა ეს თანამორწმუნეებისადმი სიყვარულის გამოვლენისკენ არ აღგვძრავს? (1 იოანე 3:14, 15).
22:32; 24:10—16, 23. იეჰოვას სახელს ჩირქს არავინ უნდა სცხებდეს. პირიქით, მის სახელს ხოტბას უნდა ვასხამდეთ და მისი განწმენდისთვის უნდა ვლოცულობდეთ (ფსალმუნები 7:18; მათე 6:9).
რა გავლენას ახდენს წიგნი „ლევიანები“ ჩვენს თაყვანისმცემლობაზე?
დღეს იეჰოვას მოწმეები რჯულს არ ექვემდებარებიან (გალატელთა 3:23—25). მაგრამ წიგნ „ლევიანებს“ შეუძლია ჩვენს თაყვანისმცემლობაზე გავლენის მოხდენა, რადგან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისს გვაცნობს.
თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის მოსამზადებლად ბიბლიის ყოველკვირეული პროგრამით გათვალისწინებული მონაკვეთის კითხვისას, ეჭვგარეშეა, თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ის, რომ ღმერთი თავისი მსახურებისგან სიწმინდეს მოითხოვს. ბიბლიის ეს წიგნი იმისკენაც აღგძრავთ, რომ საუკეთესო გაიღოთ უზენაესისთვის და მის განსადიდებლად ყოველთვის შეინარჩუნოთ სიწმინდე.
[სურათი 21 გვერდზე]
შესაწირავები, რომლებიც რჯულის მოთხოვნის თანახმად აღევლინებოდა, იესო ქრისტესა და მის მიერ გაღებულ მსხვერპლზე მიუთითებდა.
[სურათი 22 გვერდზე]
უფუარობის დღესასწაული ძალიან სასიხარულო მოვლენა იყო.
[სურათი 23 გვერდზე]
ყოველწლიური დღესასწაულები, მაგალითად კარვობის დღესასწაული, იეჰოვასთვის მადლობის შეწირვის დრო იყო.