თავი
ადამიანის სხეულის ყელსზევითი ნაწილი, რომელშიც მოქცეულია ტვინი, აგრეთვე შეგრძნების მთავარი ორგანოები — მხედველობის, სმენის, ყნოსვისა და გემოვნების ორგანოები. ბიბლიაში „თავი“ (ებრ. როʼშ; ბერძ. კეფალე) ხშირად გვხვდება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.
თავის გაჭეჭყვა, გატეხა. წიგნი „ეკლესიასტე“ მხატვრულად აღგვიწერს ხანდაზმულობის შედეგებს, რაც სიკვდილით სრულდება (ეკ. 12:1—7). „ოქროს თასის დამტვრევაში“ იგულისხმება სიკვდილის დროს „თასში“ ანუ თავის ქალაში მოქცეული ტვინის ფუნქციების შეწყვეტა, ხოლო „თავის გატეხაში“ — სიკვდილი და განადგურება (ფს. 68:21; 74:13, 14). ბიბლიის პირველი წინასწარმეტყველების თანახმად (დბ. 3:15), გველი „ქალის შთამომავალს“ ქუსლს დაუგესლავდა, რის შემდეგაც ის გველს თავს გაუჭეჭყავდა. სხვა მუხლებიდან ვიგებთ, თუ როგორ შესრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება. გველს, იგივე სატანა ეშმაკს, უფსკრულში ჩააგდებდნენ და ათასი წლის მანძილზე უმოქმედოდ ამყოფებდნენ, ხოლო შემდეგ, მალევე სამუდამოდ გაანადგურებდნენ „ცეცხლის ტბაში“, რაც „მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გმც. 20:1—3, 7, 10, 14; 12:9).
თავის აწევა. დამცირებული და განსაცდელში მყოფი მეფე დავითი იეჰოვას თავის ფარს უწოდებდა და იმედოვნებდა, რომ იგი მას კვლავ თავაწეულსა და წელში გამართულს ატარებდა (ფს. 3:3; შდრ. ლკ. 21:28). ფარაონმა თავის მერიქიფეს თავი აუწია ანუ თავის ადგილზე დააბრუნა, მცხობელს კი თავი მოჰკვეთა, რითაც ახდა იოსების მიერ მათთვის ახსნილი სიზმრები (დბ. 40:13, სსგ, 19—22).
კურთხევა, ცხება, დაფიცება. ძველად კურთხევას თავზე ხელის დადებით წარმოთქვამდნენ (დბ. 48:13—20; 49:26). ღვთის კეთილმოსურნეობა, ხელმძღვანელობა და სიბრძნე შედარებულია ლამპარს, რომელიც კაცს თავზე დაჰნათის, აგრეთვე თავზე დადგმულ მშვენიერ გვირგვინს (იობ. 29:3; იგ. 4:7—9). საცხებ ზეთს, როგორც წესი, თავზე ასხამდნენ (ლვ. 8:12; ფს. 133:2). მთაზე ქადაგების დროს იესომ მსმენელებს ურჩია, მარხვის დროს თავზე ზეთი ეცხოთ, რათა გარეგნულად მოწესრიგებულები ყოფილიყვნენ და თავი ასკეტებად არ წარმოეჩინათ ხალხისგან ქება-დიდების მისაღებად (მთ. 6:17, 18). სტუმრისთვის თავზე ზეთის ცხება სტუმართმოყვარეობის გამოვლენის აუცილებელი პირობა იყო (ლკ. 7:46). იუდეველებს ტრადიციად ჰქონდათ საკუთარი თავის (იგივე სიცოცხლის) დაფიცება, რაც იესომ დაგმო (მთ. 5:36, 37; იხ. ფიცი).
გაიგივებულია ადამიანთან. ვინაიდან თავი მართავს სხეულს, ზოგჯერ ის ადამიანთან არის გაიგივებული. იესო ქრისტეს „თავის დასადები ადგილი“ არ გააჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას საკუთარი სახლ-კარი არ ჰქონდა (მთ. 8:20). ნაზირის თავზე გრძელი თმა მის მიერ დადებულ აღთქმაზე მოწმობდა (რც. 6:5, 18—20). მომრავლებულ ცოდვასა და დანაშაულზე წერია, რომ თავს სცილდება (ეზრ. 9:6; ფს. 38:4; შდრ. დნ. 1:10, სსგ). დავითი აფასებდა მართლის შეგონებას და მას ადარებდა ზეთს, რომლის ცხებასაც სიამოვნებით დათანხმდებოდა (ფს. 141:5). ბოროტზე, რომელიც სამართლიან სასჯელს იმსახურებს, ნათქვამია, რომ თავისივე ბოროტება დაატყდება თავს (მსჯ. 9:57; 1სმ. 25:39; იერ. 23:19; 30:23; იოლ. 3:4, 7, სსგ; აბდ. 15; შდრ. ნემ. 4:4). ვინმეს თავზე მისივე სისხლი იმაზე მიუთითებდა, რომ ეს ადამიანი თავისი არასწორი საქციელისთვის სიკვდილს იმსახურებდა და თავად იყო დამნაშავე საკუთარ სიკვდილში (2სმ. 1:16; 1მფ. 2:37; ეზკ. 33:2—4; სქ. 18:6). ვინმეს თავზე მოკლულის სისხლის მიქცევა იმას ნიშნავდა, რომ ეს ადამიანი სისხლის ღვრისთვის გასამართლდებოდა (1მფ. 2:32, 33).
ყოველწლიურად ისრაელის მღვდელმთავარი თხას აზაზელისთვის თავზე ხელებს ადებდა (ცოდვებს თხას გადასცემდა) და ხალხის ცოდვებს აღიარებდა, რის შემდეგაც ცხოველს უდაბნოში უშვებდნენ, რათა თან წაეღო ხალხის ცოდვები (ლვ. 16:7—10, 21, 22). ბიბლიის სხვა მუხლებიდან ვიგებთ, რომ იესო ქრისტემ „თვითონ ატარა ჩვენი სნეულებები, იტვირთა ჩვენი ტკივილები“ და „მრავალთა ცოდვები“ (ეს. 53:4, 5; ებ. 9:28; 1პტ. 2:24).
მღვდლები და სხვები, ვისთვისაც შესაწირავი იკვლებოდა, თავზე ხელებს ადებდნენ ცხოველს, რაც იმის აღიარება იყო, რომ ის მათთვის იკვლებოდა (ლვ. 1:2—4; 8:14; რც. 8:12).
განდიდება, დამცირება და სიძულვილი. ზოგიერთ ერში მიღებული იყო დაღუპული მეომრებისთვის პატივის მისაგებად თავქვეშ მახვილის ამოდება და ისე დამარხვა (ეზკ. 32:27). „ბრძენის თვალები მის თავშია“ , იმ გაგებით, რომ ბრძენმა კარგად იცის, საით უნდა წავიდეს (ეკ. 2:14, ბსგ). თავზე მტვრის, მიწის თუ ნაცრის დაყრა მწუხარების, გლოვისა და დამცირების ნიშანი იყო (იეს. 7:6; 1სმ. 4:12; 2სმ. 13:19). როცა ფსალმუნმომღერალი ღვთის ხალხის ჭირ-ვარამს იხსენებდა, ამბობდა, რომ მტერმა თავზე გადაუარა ისრაელს. ის, როგორც ჩანს, იმ ჩაგვრას გულისხმობდა, რომელსაც ღვთის ერი ძლიერი, სასტიკი და ამაყი ქვეყნიური ხალხისგან (ებრ.ʼენოშ ნიშნავს მოკვდავ კაცს) იტანდა (ფს. 66:12; შდრ. ეს. 51:23). თავის დახრა თავმდაბლობის ან გლოვის ნიშანი იყო (ეს. 58:5), ხოლო თავის გაქნევა — აბუჩად აგდების, სიძულვილის ან გაოცების (ფს. 22:7; იერ. 18:15, 16; მთ. 27:39, 40; მრ. 15:29, 30).
მტრებისთვის სიკეთის კეთება. ბიბლია მოგვიწოდებს, მტრებს კეთილად მოვეპყროთ, რადგან ამით ნაკვერჩხლებს დავაგროვებთ მათ თავზე (რმ. 12:20; იგ. 25:21, 22). ამ მეტაფორას საფუძვლად მადნის გადადნობის ძველი ტრადიცია დაედო. მადანს ნაკვერჩხლებზე დებდნენ და ზემოდანაც ნაკვერჩხლებს აყრიდნენ. მსგავსადვე, ჩვენი სიკეთით შეგვიძლია ადამიანის გული გავალღოთ, რაც მას „ცუდი მინარევებისგან“ გათავისუფლებასა და კარგი თვისებების წარმოჩენაში დაეხმარება.
მეთაურობა. თავში აგრეთვე ოჯახის, ტომის, ერისა და ქვეყნის მეთაური იგულისხმება (მსჯ. 11:8; 1სმ. 15:17; 1მფ. 8:1; 1მტ. 5:24). მამამთავარი იგივე პატრიარქია (ბერძ. პატრიარქეს) (სქ. 2:29; 7:8, 9; ებ. 7:4). „სათავეში ყოფნა“ გაძღოლას გულისხმობს (მქ. 2:13). თუ ისრაელი ღმერთს დაემორჩილებოდა, სხვა ერების თავში მოექცეოდა, იმ გაგებით, რომ ვერავინ დაჩაგრავდა და მატერიალური დოვლათიც არ მოაკლდებოდა. უფრო მეტიც, სხვა ერები გახდებოდნენ მისი მოვალენი (კნ. 28:12, 13), ხოლო თუ ისრაელები არ დაემორჩილებოდნენ ღმერთს, თავად ისესხებდნენ ხიზნებისგან, რომლებიც მათი თავები გახდებოდნენ (კნ. 28:43, 44).
დრაკონის შვიდი თავი. იოანე მოციქულის მიერ ხილვაში ნანახ დრაკონს, რომელიც ეშმაკს განასახიერებს, შვიდი თავი აქვს (გმც. 12:3, 9). დედამიწაზე მყოფ „მხეცსაც“, რომელსაც დრაკონისგან აქვს ძალაუფლება მიღებული, და „ალისფერ მხეცსაც“ შვიდ-შვიდი თავი აქვთ. შვიდი თავი მსოფლიო იმპერიების სიმბოლოა (გმც. 13:1; 17:3, 9, 10; შდრ. დნ. 2:32, 37, 38-ს, სადაც მეფე ნაბუქოდონოსორის დინასტიას „თავი“ ეწოდება). აქედან გამომდინარე, დრაკონის გვირგვინდადგმული შვიდი თავი, როგორც ჩანს, ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულ შვიდ მსოფლიო იმპერიაზე სატანის ბატონობას ნიშნავს (ეფ. 6:12; იხ. მხეცები, სიმბოლური).
ქრისტიანული კრების თავი. იესო ქრისტე ქრისტიანული კრების თავია, კრება კი მისი სხეულია და შედგება 144 000 წევრისგან (ეფ. 1:22, 23; კლ. 1:18; გმც. 14:1). ვინაიდან უკვდავი და მარადცოცხალია, ქრისტე დედამიწაზე სხვადასხვა დროს მცხოვრებ სულითშობილ ქრისტიანებს ყოველთვის აძლევდა იმას, რაც მათ სულიერ ზრდასა და ღვთის განდიდებაში დაეხმარებოდა (1კრ. 12:27; ეფ. 4:15, 16; კლ. 2:18, 19). როგორც ფიზიკურ ტაძარს ჰქონდა „კუთხის თავი“ (ზქ. 4:7), ისე სულიერ ტაძარს ჰყავს „კუთხის თავი“ — იესო (სქ. 4:8—11; 1პტ. 2:7). ღვთის განგებით იგი ყველა მმართველობისა და ძალაუფლების თავიც არის, თუმცა ყველაფრის თავი მაინც ღმერთია (კლ. 2:10; 1კრ. 11:3). ბიბლიის თანახმად, როგორც ქრისტეა კრების თავი, ისეა ქმარი ცოლის თავი. ამ შედარებით ბიბლია ქმარს ასწავლის, როგორ უნდა უხელმძღვანელოს ცოლს, უყვარდეს ის და იზრუნოს მასზე, ხოლო ცოლს, როგორ უნდა ემორჩილებოდეს ქმარს (ეფ. 5:22—33).
პავლე მოციქულმა იმ პრინციპის საფუძველზე, რომ ღმერთი, როგორც ქრისტეს თავი, უზენაესი მეთაურია, ხოლო კაცი ქალის თავია (თუმცა მას აბსოლუტური ძალაუფლება არ აქვს მიცემული), ჩამოაყალიბა პრინციპი, რომლითაც ქრისტიანული კრება ხელმძღვანელობს. ქალმა კაცისთვის ღვთისგან დაკისრებული მეთაურობის აღიარების ნიშნად კრებაში ლოცვისას და წინასწარმეტყველებისას თავზე უნდა დაიფაროს, ანუ თავზე „ძალაუფლების ნიშანი“ უნდა ჰქონდეს (1კრ. 11:3—16; იხ. თმა; თავსაბურავი; მეთაურობა).
სხვა მნიშვნელობები. თავის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა გვხვდება ისეთ კონტექსტებშიც, სადაც საუბარია კარვის, მისი ეზოსა და ტაძრის სვეტების თავებზე, ანუ ბუღაურებზე (გმ. 36:37, 38; 38:17; 1მფ. 7:16), მთების მწვერვალებზე (დბ. 8:5), ხეებისა და ბუჩქების კენწეროებზე (1მტ. 14:15), კიბის თავზე (დბ. 28:12, სსგ), კვერთხის წვერზე (ესთ. 5:2) და ა.შ. ეს სიტყვა რაღაცის დასაწყისის აღსანიშნავადაც გამოიყენება, მაგალითად, გზის (ეზკ. 21:21) ან წელიწადის (გმ. 12:2). ებრაელები ახალი წლის პირველ დღეს როშ-ჰაშანას უწოდებენ, რაც სიტყვასიტყვით წელიწადის თავს ნიშნავს (იხ. ჟესტები და პოზები).