სიძვა
კანონიერი ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა; ებრაული ზმნა ზანაჰ და მისი მონათესავე სიტყვები ატარებს აღვირახსნილი ცხოვრების, უზნეო სქესობრივი კავშირის, სიძვის ანუ მეძაობის მნიშვნელობას (დბ. 38:24; გმ. 34:16; ოს. 1:2; ლვ. 19:29). სიძვად ითარგმნა ბერძნული სიტყვა პორნია. ამ სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობის შესახებ ბ. ფ. უესტკოტი აღნიშნავს: „ეს არის ზოგადი სიტყვა, რომელიც ნებისმიერ უკანონო სქესობრივ კავშირს გულისხმობს: 1) მრუშობას (ოს. 2:2, 4, LXX; მთ. 5:32; 19:9); 2) უკანონო ქორწინებას (1კრ. 5:1); 3) სიძვას, ჩვეულებრივი გაგებით, როგორც ეს [ეფ. 5:3-შია]“ (Saint Paul’s Epistle to the Ephesians, 1906, გვ. 76). ახალი აღთქმის ერთ ლექსიკონში პორნია განიმარტება, როგორც „პროსტიტუცია, გარყვნილება, სიძვა, ნებისმიერი უკანონო სქესობრივი კავშირი“ (Greek-English Lexicon of the New Testament, გადამუშავებულია ფ. ვ. გინგრიხისა და ფ. დანკერის მიერ, 1979, გვ. 693). პორნია გულისხმობს სულ მცირე ერთი ადამიანის სასქესო ორგანოს უკიდურესად უზნეო გამოყენებას; ამასთან, ამაში ნებაყოფლობით მონაწილეობს სულ მცირე ორი ან მეტი ადამიანი (იმავე სქესის ან საპირისპირო სქესის), ან ცხოველი (იუდ. 7). მოძალადის საქციელი სიძვაა, მაგრამ გაუპატიურებული ადამიანი არ არის სიძვაში დამნაშავე.
როცა ღმერთმა პირველი მამაკაცი და ქალი შეაუღლა, თქვა: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დბ. 2:24). ამგვარად ღმერთმა დაადგინა მონოგამია, რაც გამორიცხავდა თავაშვებულ სქესობრივ ცხოვრებას. ამასთან, ღვთის განზრახვაში არ შედიოდა გაყრა და სხვაზე დაქორწინება (იხ. გაყრა).
პატრიარქალურ საზოგადოებაში ღვთის ერთგულ მსახურებს სძულდათ სიძვა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ ჩაიდენდა მას — დაუქორწინებელი, დანიშნული თუ დაქორწინებული, და ღვთის წინაშე ჩადენილ ცოდვად მიაჩნდათ (დბ. 34:1, 2, 6, 7, 31; 38:24—26; 39:7—9).
მოსეს კანონით. მოსეს კანონის თანახმად, თუ კაცი სიძვას ჩაიდენდა ქალწულთან, რომელიც არ იყო დანიშნული, ცოლად უნდა მოეყვანა ის, მამამისისთვის ურვადი (50 ვერცხლის შეკელი; $110) უნდა მიეცა და არასდროს უნდა გაყროდა მას. კაცს მაშინაც უნდა გადაეხადა მამისთვის ურვადი, თუ ქალს არ მიათხოვებდნენ (გმ. 22:16, 17; კნ. 22:28, 29). მაგრამ, თუ ქალი დანიშნული იქნებოდა, კაცი ქვებით უნდა ჩაექოლათ. თუ ქალი თავდასხმის დროს ყვიროდა, მას არ სჯიდნენ, მაგრამ თუ არ ყვიროდა (რითაც თანხმობას აცხადებდა), ისიც უნდა ჩაექოლათ (კნ. 22:23—27).
ქორწინების სიწმინდეს ხაზს უსვამდა კანონი, რომლის თანახმადაც სიკვდილით ისჯებოდა ქალი, რომელიც გათხოვების დროს თავს ქალწულად ასაღებდა, სინამდვილეში კი სიძვა ჰქონდა ჩადენილი. თუ კაცი ცილს დასწამებდა ცოლს ასეთ დანაშაულში, ეს სიმამრის შეურაცხყოფა იყო. ცილისწამებისთვის კაცი მსაჯულებს უნდა დაესაჯათ (სავარაუდოდ, გაეჯოხათ) და 100 შეკელი ვერცხლით ($220) დაეჯარიმებინათ, რასაც შემდეგ ქალის მამას აძლევდნენ (კნ. 22:13—21). თუ მღვდლის ასული მეძავი გახდებოდა, ის შეურაცხყოფდა მამის წმინდა მსახურებას. ის უნდა მოეკლათ და შემდეგ დაეწვათ, როგორც სისაძაგლე (ლვ. 21:9; იხ. აგრეთვე ლვ. 19:29). თუ სიძვას (მრუშობა) ჩაიდენდნენ დაქორწინებულები, ისინი არღვევდნენ მეშვიდე მცნებას, ამიტომ ორივე სიკვდილით ისჯებოდა (გმ. 20:14; კნ. 5:18; 22:22).
თუ კაცი სიძვას ჩაიდენდა მოახლესთან, რომელიც სხვა კაცზე იყო დანიშნული, მაგრამ ჯერ არ იყო გამოსყიდული ან გათავისუფლებული, ამას სასჯელი უნდა მოჰყოლოდა, თუმცა არ უნდა მოეკლათ ისინი (ლვ. 19:20—22). როგორც ჩანს, მიზეზი ის იყო, რომ ქალი გათავისუფლებული არ იყო და სრული უფლებებით არ სარგებლობდა, როგორც თავისუფალი დანიშნული ქალი. ვინაიდან გამოსასყიდი არ იყო გადახდილი ან მხოლოდ ნაწილი იყო გადახდილი, ის ჯერ კიდევ თავისი ბატონის მსახურად რჩებოდა.
როცა ანგარებიანმა წინასწარმეტყველმა ბალაამმა ვერ დაწყევლა ისრაელი თავისი ჯადოქრობით, მან ისრაელთა არასწორი სქესობრივი სურვილები გამოიყენა მათთვის ღვთის რისხვის დასატეხად. მოაბელი ქალების მეშვეობით მან ისრაელები ფეორის ბაალის უწმინდურ ფალოსურ თაყვანისმცემლობაში ჩააბა, რის გამოც 24 000 ისრაელი მოკვდა (რც. 25:1—9; 1კრ. 10:8 (როგორც ჩანს, 1 000 თავკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ძელებზე დაკიდეს [რც. 25:4], დანარჩენები მახვილით ან ჭირით დაიხოცნენ)).
ქრისტიანებისთვის აკრძალულია. იესო ქრისტემ აღადგინა ღვთის მიერ ქორწინებისთვის დადგენილი თავდაპირველი ნორმა — მონოგამია (მთ. 5:32; 19:9). მან ცხადყო, რომ სიძვა ისეთივე ბოროტება იყო, როგორიც მკვლელობა, ქურდობა, ბოროტი აზრები, ცრუმოწმეობა და მკრეხელობა. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი მოდის შიგნიდან, ანუ ადამიანის გულიდან, და ბილწავს მას (მთ. 15:19, 20; მრ. 7:21—23). მოგვიანებით ქრისტიანული კრების ხელმძღვანელმა საბჭომ, რომელიც მოციქულებისა და იერუსალიმში მცხოვრები უხუცესებისგან შედგებოდა, დაახლოებით ახ. წ. 49 წელს ქრისტიანებს მისწერა, თავი შეეკავებინათ სიძვისგან, და ის ისეთივე ცოდვად მიიჩნია, როგორიც კერპთაყვანისმცემლობა და საკვებად სისხლის გამოყენება იყო (სქ. 15:20, 29; 21:25).
მოციქული პავლე სიძვას მოიხსენიებდა ღვთის სულის ნაყოფის საპირისპირო ხორცის საქმეებს შორის და აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ ხორცის საქმეების ჩამდენნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებდნენ (გლ. 5:19—21). ის ურჩევდა ქრისტიანებს, ჩაეკლათ სიძვა საკუთარ სხეულში (კლ. 3:5). პავლე შეახსენებდა მათ, რომ ქრისტიანებს, რომლებიც წმინდები უნდა ყოფილიყვნენ, არც კი უნდა ელაპარაკათ სიძვაზე. მსგავსად, ისრაელებს არ უნდა ეხსენებინათ წარმართი ღვთაებების სახელები, რაც იმას ნიშნავდა, რომ პატივისცემით არ უნდა ელაპარაკათ მათზე (თუმცა შვილები უნდა გაეფრთხილებინათ) (ეფ. 5:3; გმ. 23:13).
სიძვის გამო ქრისტიანი შეიძლება კრებიდან გაირიცხოს (1კრ. 5:9—13; ებ. 12:15, 16). როგორც მოციქული ამბობს, სიძვის ჩამდენი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს, რადგან გამრავლების ორგანოებს უკუღმართობის ჩასადენად იყენებს. ის თავის სულიერობას დიდ ზიანს აყენებს, ღვთის კრებას ბღალავს და თავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაინფიცირების საფრთხეში იგდებს (1კრ. 6:18, 19). ის თანაქრისტიანების უფლებებს ხელყოფს (1თს. 4:3—7), რადგან 1) კრებას აუწმინდურებს და სამარცხვინო საქმით რეპუტაციას ულახავს (ებ. 12:15, 16), 2) ზნეობრივ სიწმინდეს უკარგავს მას, ვისთანაც სიძვას სჩადის და, თუ ის დაუქორწინებელია, ართმევს შესაძლებლობას, ზნეობრივად წმინდამ შექმნას ოჯახი, 3) ბღალავს საკუთარი ოჯახის ზნეობრივ სიწმინდეს და 4) შეურაცხყოფს მის მშობლებს, ქმარს ან საქმროს, ვისთანაც სიძვას სჩადის. ის უგულებელყოფს არა ადამიანს, რომლის კანონები ან განსჯის სიძვას, ან არა, არამედ ღმერთს, რომელიც ამ ცოდვისთვის დაუსჯელს არ ტოვებს (1თს. 4:8).
სიმბოლური მნიშვნელობა. იეჰოვა ღმერთმა ცოლად მოიხსენია ისრაელი ერი, რომელთანაც შეთანხმება ჰქონდა დადებული (ეს. 54:5, 6). როცა ისრაელმა უორგულა ღმერთს, არაფრად ჩააგდო ის და დახმარებისთვის სხვებს, მაგალითად ეგვიპტესა და ასურეთს, მიმართა და მათთან შეთანხმება დადო, ის დაემსგავსა ორგულ და მრუშ ცოლს, მეძავს, რომელიც ნებისმიერთან სჩადის სიძვას (ეზკ. 16:15, 25—29). მსგავსად ამისა, მრუშები ეწოდებათ ღვთისადმი მიძღვნილ იმ ქრისტიანებს ან მათ, ვისაც ასეთებად მოაქვთ თავი, რომლებიც ორგულობენ ღმერთს — ებმებიან ცრუთაყვანისმცემლობაში და მეგობრობენ ქვეყნიერებასთან (იაკ. 4:4).
ფ. ცორელი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ზოგ კონტექსტში სიტყვა პორნია ნიშნავს „ჭეშმარიტი რწმენიდან სრულად ან ნაწილობრივ განდგომას და ჭეშმარიტი ღვთის, იაჰვეს უცხო ღმერთებზე გაცვლას [4მფ. 9:22; იერ. 3:2, 9; ოს. 6:10 და ა. შ.; რადგან ღვთის კავშირი თავის ხალხთან ერთგვარ სულიერ ცოლქმრობად ითვლებოდა]: გმც. 14:8; 17:2, 4; 18:3; 19:2“ (Lexicon Graecum Novi Testamenti, პარიზი, 1961, სვტ. 1106; კავები ავტორისაა. სეპტუაგინტაში მე-4 მეფეები შეესაბამება მასორული ტექსტის მე-2 მეფეებს).
ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილი დიდი ბაბილონი რელიგიას უკავშირდება. მასში შემავალი სხვადასხვა სექტა, „ქრისტიანული“ თუ წარმართული, აცხადებს, რომ მათი თაყვანისმცემლობა ჭეშმარიტია. მაგრამ ძალაუფლებისა და მატერიალური გამორჩენის მიზნით ის ამ ქვეყნიერების მმართველებთან იჭერს კავშირს და „დედამიწის მეფეები“ მეძაობენ მასთან. მისი უწმინდური და ბინძური საქციელი ღვთის თვალში სისაძაგლეა და მისმა სიძვამ დედამიწაზე დიდი სისხლის ღვრა და ტანჯვა გამოიწვია (გმც. 17:1—6; 18:3). მისი საქციელის გამო მასზე აღსრულდება ღვთის მიერ მეძავთათვის გამოტანილი განაჩენი — განადგურება (გმც. 17:16; 18:8, 9).