-
აარონიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ამის შემდეგ ღმერთმა ბრძანა, აეღოთ 12 კვერთხი ისრაელის 12 ტომის წარსადგენად და დაედოთ მოწმობის კარავში. ლევის ტომის კვერთხზე აარონის სახელი ეწერა (რც. 17:1—4). მომდევნო დღეს მოსე შევიდა კარავში და ნახა, რომ აარონის კვერთხი დაიკვირტა, გაიფურჩქნა და მწიფე ნუში მოისხა (რც. 17:8). ამით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ იეჰოვამ აარონის ლევიანი ვაჟები მღვდლებად აირჩია, თავად აარონი კი — მღვდელმთავრად. ამის შემდეგ სერიოზულად აღარასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ აარონის საგვარეულოს მღვდლობის საკითხი. დაკვირტული კვერთხი „ურჩობის ძეებისთვის ნიშნად“ მოწმობის კიდობანში ჩადეს, თუმცა, როგორც ჩანს, ურჩების სიკვდილისა და ერის აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ კვერთხი ამოიღეს, რადგან თავისი დანიშნულება უკვე შესრულებული ჰქონდა (რც. 17:10; ებ. 9:4; 2მტ. 5:10; 1მფ. 8:9).
-
-
აბირამიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
აბირამი და მისი ძმა დათანი მხარს უჭერდნენ ლევიან კორახს, რომელიც მოსესა და აარონის წინააღმდეგ წავიდა. თავიდან მათთან ერთად იყო კიდევ ერთი რეუბენელი, ონი, თუმცა მისი სახელი შემდეგ აღარსად მოიხსენიება (რც. 16:1). 250 სახელოვან თავკაცთან ერთად ისინი მოსესა და აარონს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ თვითნებურად აღზევდნენ კრებულზე (რც. 16:1—3). მოსეს მიერ კორახისთვის ნათქვამი სიტყვებიდან აშკარაა, რომ კორახსა და მის ლევიან მომხრეებს აარონისთვის მღვდლობის წართმევა უნდოდათ (რც. 16:4—11). თუმცა რეუბენელ აბირამსა და დათანს ეს საკითხი არ აღელვებდათ. მოსეს უნდოდა, მათ ცალკე დალაპარაკებოდა, მაგრამ უარი მიიღო. მათი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ისინი მხოლოდ მოსეს ერჩოდნენ, აარონზე კი სიტყვაც არ დასცდენიათ. მათ არ მოსწონდათ, როგორ წინამძღოლობდა მოსე ერს და შეუთვალეს: „გინდა გაგვიბატონდე კიდეც?!“. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ მოსემ დაპირება ვერ შეასრულა და ვერ შეიყვანა ერი მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა. ამ ბრალდებების საპასუხოდ წარმოთქმულ ლოცვაში მოსე საკუთარ თავს იცავდა და არა აარონს (რც. 16:12—15).
აქედან გამოჩნდა, რომ დაუმორჩილებლობა ორ მიზანს ემსახურებოდა და მიმართული იყო არა მხოლოდ აარონის მღვდლობის წინააღმდეგ, არამედ მოსეს მდგომარეობის წინააღმდეგ, რომელიც ღვთის მითითებებს გადასცემდა ხალხს (ფს. 106:16). ისე ჩანდა, თითქოს ადვილი იქნებოდა ხალხის გადაბირება, რადგან ცოტა ხნით ადრე ხალხი დრტვინავდა მოსეს წინააღმდეგ, ახალი მეთაურის არჩევაზე ლაპარაკობდა, რომ ერი ეგვიპტეში დაებრუნებინათ, და მოსესა და აარონის მხარდაჭერისთვის იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის ჩაქოლვაც კი უნდოდათ (რც. 14:1—10). რეუბენი იაკობის პირმშო იყო, მაგრამ ჩადენილი დანაშაულის გამო დაკარგა პირმშოს უფლებები (1მტ. 5:1). დათანი და აბირამი შესაძლოა იმის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ლევიანი მოსეს ძალაუფლების წინააღმდეგ, რომ თავიანთი წინაპრის დაკარგული პირველობის დაბრუნება სურდათ. მაგრამ რიცხვების 26:9-დან ჩანს, რომ მათ მხოლოდ მოსესა და აარონის წინააღმდეგ კი არ გაილაშქრეს, არამედ „იეჰოვას წინააღმდეგ“, რომელმაც ძალაუფლებით აღჭურვა მოსე და აარონი.
-