ერთგულად დაემორჩილეთ ღვთის ხელმძღვანელობას
„უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე“ (ესაია 33:22).
1. რატომ იყო ძველი ისრაელი განსაკუთრებული ერი?
ისრაელის ერად ჩამოყალიბებას ძვ. წ. 1513 წელს ჩაეყარა საფუძველი. იმ დროს მათ არც დედაქალაქი ჰქონდათ და არც სამშობლო; მიწიერი მეფეც კი არ ჰყავდათ. ისინი ყოფილი მონები იყვნენ. მაგრამ ეს ახალი ერი სხვა მხრივაც განსაკუთრებული იყო. იეჰოვა ღმერთი იყო მათი უხილავი მსაჯული, რჯულმდებელი და მეფე (გამოსვლა 19:5, 6; ესაია 33:22). არც ერთ სხვა ერს არ შეეძლო მსგავსი რამის მტკიცება!
2. რა კითხვა წამოიჭრება ისრაელი ერის ორგანიზებასთან დაკავშირებით და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კითხვაზე პასუხის გაგება?
2 იეჰოვა წესრიგისა და მშვიდობის ღმერთია, ამიტომ გონივრულია გვჯეროდეს, რომ ერი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, კარგად ორგანიზებული იქნებოდა (1 კორინთელთა 14:33). ეს მართლაც ასე იყო ისრაელის შემთხვევაში. მაგრამ, როგორ უნდა ეხელმძღვანელა უხილავ ღმერთს მიწიერი, ხილული ორგანიზაციისთვის? მოდი განვიხილოთ, თუ როგორ ხელმძღვანელობდა იეჰოვა ამ ერს და თან ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ ისრაელებისთვის უმთავრესი ღვთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელებისადმი ერთგულად მორჩილება იყო.
როგორ ხელმძღვანელობდა ღმერთი ისრაელს
3. როგორ ხელმძღვანელობდა იეჰოვა ხალხს?
3 იეჰოვა, ისრაელის უხილავი მეფე, თავის ხილულ წარმომადგენლებად ერთგულ მამაკაცებს ნიშნავდა. ისინი იყვნენ ერის თავკაცები, შტოს მეთაურები და უხუცესები, რომლებიც მრჩევლებად და მსაჯულებად მსახურობდნენ (გამოსვლა 18:25, 26; მეორე რჯული 1:15). ამისდა მიუხედავად, არ უნდა დავასკვნათ, რომ ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე ეს პასუხისმგებელი მამაკაცები სრულყოფილი გამჭრიახობით ანუ უშეცდომოდ გაასამართლებდნენ ხალხს. ისინი არასრულყოფილები იყვნენ და არ შეეძლოთ თანამორწმუნეთა გულებში ჩახედვა. მაგრამ ღვთისმოშიშ მსაჯულებს ხალხისთვის სასარგებლო რჩევების მიცემა შეეძლოთ, რადგან ამ რჩევებს იეჰოვას რჯულზე აფუძნებდნენ (მეორე რჯული 19:15; ფსალმუნი 118:97—100).
4. რა მიდრეკილებებისთვის უნდა აერიდებინათ თავი ერთგულ ისრაელ მსაჯულებს და რატომ?
4 მსაჯულებს რჯულის ცოდნაზე მეტი მოეთხოვებოდათ. არასრულყოფილების გამო, ამ უხუცესებს მართებდათ, თავი აერიდებინათ ისეთი უარყოფითი მიდრეკილებებისთვის, როგორიცაა: ეგოიზმი, მიკერძოება და სიხარბე. ამ ყოველივეს ხომ მათ მიერ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეეძლო ემოქმედა. მოსემ უთხრა მათ: „მიკერძოებული ნუ იქნები სასამართლოზე, ერთნაირად მოუსმინეთ მცირეს და დიდს, ნუ შეგეშინდებათ კაცისა, რადგან საღვთო საქმეა სამართალი“. დიახ, ისრაელი მსაჯულები ღვთის სახელით ასამართლებდნენ. რაოდენ საპასუხისმგებლო საქმე ჰქონდათ მათ დაკისრებული! (მეორე რჯული 1:16, 17).
5. მსაჯულების დანიშვნის გარდა, კიდევ როგორ იზრუნა იეჰოვამ თავის ხალხზე?
5 იეჰოვამ სხვა მხრივაც იზრუნა თავისი ხალხის სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. აღთქმულ მიწაზე შესვლამდე უბრძანა მან ისრაელებს, რომ აეგოთ კარავი, რომელიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი იქნებოდა. ღმერთმა ასევე დანიშნა სამღვდელოება, რომელსაც ხალხისთვის რჯული უნდა ესწავლებინა, შეეწირა ცხოველური მსხვერპლი და დილა–საღამოს ეკმია საკმეველი. ღმერთმა ისრაელის პირველ მღვდელმთავრად მოსეს უფროსი ძმა, აარონი, დააყენა; აარონის ვაჟები კი მამის დამხმარეებად დანიშნა (გამოსვლა 28:1; რიცხვნი 3:10; მეორე ნეშტთა 13:10, 11).
6, 7. ა) როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მღვდლებს იმ ლევიანებთან, რომლებიც მღვდლებად არ მსახურობდნენ? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ იქიდან, რომ ლევიანები მრავალი სახის დავალებას ასრულებდნენ? (კოლასელთა 3:23).
6 მილიონობით ადამიანის სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა შრომატევადი საქმე იყო, თანაც მღვდლები ძალიან ცოტანი იყვნენ. ამიტომ, იეჰოვამ მათ დასახმარებლად ლევიანთა შტოს სხვა წევრები აირჩია. ღმერთმა უთხრა მოსეს: „ჩააბარე ლევიანები აარონს და მის შვილებს; მათ უნდა ჰყავდეთ ისინი ჩაბარებულნი ისრაელიანთაგან“ (რიცხვნი 3:9, 39).
7 ლევიანები კარგად იყვნენ ორგანიზებული. იეჰოვამ გამოჰყო სამი ოჯახი — გერშონიანები, კეჰათიანები და მერარიანები — და თითოეულმა თავისი დანიშნულება მიიღო (რიცხვნი 3:14—17, 23—37). თუმცა ზოგი დავალება უფრო მნიშვნელოვანი ჩანდა, ყველა აუცილებელი იყო. ლევიანები კეჰათის შტოდან შეთანხმების კიდობანთან და კარვის მოწყობილობასთან ყველაზე ახლოს მსახურობდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ლევიანები, მიუხედავად იმისა კეჰათის შტოდან იქნებოდნენ თუ არა, არაჩვეულებრივი უპირატესობით სარგებლობდნენ (რიცხვნი 1:51, 53). სამწუხაროდ, ყველა როდი აფასებდა ასეთ მსახურებას. ნაცვლად იმისა, რომ ერთგულად დამორჩილებოდნენ ღვთის ხელმძღვანელობას, მათი უკმაყოფილება სიამაყეში, პატივმოყვარეობასა და შურიანობაში გადაიზარდა. ერთ–ერთი მათგანი იყო კორახი.
„ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?“
8. ა) ვინ იყო კორახი? ბ) რატომ უყურებდა კორახი მღვდლობას ადამიანური თვალსაზრისით?
8 მიუხედავად იმისა, რომ კორახი ლევიანთა და კეჰათიანთა მამისსახლის თავკაცი არ იყო, ისრაელის ერთ–ერთი საგვარეულოს პატივცემულ თავკაცად ითვლებოდა (რიცხვნი 3:30, 32). თავისი მოვალეობების შესრულებისას კორახს აარონსა და მის ძეებთან ახლო ურთიერთობა უწევდა (რიცხვნი 4:18, 19). ის საკუთარი თვალით ხედავდა მათ არასრულყოფილებას და შეიძლება ფიქრობდა: „ისინი ნამდვილად არასრულყოფილები არიან, მე კი მათი მორჩილება მიწევს! არც თუ ისე დიდი ხნით ადრე აარონმა ოქროს ხბო ჩამოასხა. ამ ხბოს გამო მრავალი ჩაება კერპთაყვანისმცემლობაში. ახლა კი აარონი, მოსეს ძმა, მღვდელმთავრად მსახურობს! ნამდვილად მოსეს გავლენით სარგებლობს! აარონის შვილებმა — ნადაბმა და აბიჰუმ — ხომ ისეთი უკიდურესი უპატივცემულობა გამოავლინეს თავიანთი დანიშნულებისადმი, რომ იეჰოვამ სიკვდილითაც კი დასაჯა ისინი!“a (გამოსვლა 32:1—5; ლევიანნი 10:1, 2). მართალია ზუსტად არ ვიცით, რას ფიქრობდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: კორახი მღვდლობას მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით აფასებდა. ასეთი სახით, ის აუჯანყდა მოსესა და აარონს, საბოლოო ჯამში კი — იეჰოვას (პირველი მეფეთა 15:23; იაკობი 1:14, 15).
9, 10. რაში დაადანაშაულეს მოსე კორახმა და მისმა მხარდამჭერებმა და რა უნდა სცოდნოდათ მათ კარგად?
9 კორახი გავლენიანი კაცი იყო და ამიტომ არ გასჭირვებია თანამოაზრეთა შემოკრება. მან დათანთან და აბირამთან ერთად 250 მხარდამჭერის მოძებნა შეძლო, რომლებიც საზოგადოების თავკაცები იყვნენ. ისინი ერთად შეკრებილნი მივიდნენ მოსესა და აარონთან და უთხრეს: „წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?“ (რიცხვნი 16:1—3).
10 აჯანყებულებს უნდა სცოდნოდათ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მოსეს ძალაუფლებას ეჭვქვეშ არ დააყენებდნენ. არც თუ დიდი ხნის წინათ აარონსა და მირიამსაც მსგავსი რამ დაემართათ. ფაქტობრივად, ისინიც კორახის მსგავსად მსჯელობდნენ! რიცხვნის 12:1, 2–ის თანახმად, ისინი უკმაყოფილებას ასე გამოხატავდნენ: „ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაკებოდა?“. იეჰოვას ყველაფერი ესმოდა. მან უბრძანა მოსეს, აარონსა და მირიამს, შეკრებილიყვნენ სადღესასწაულო კარვის წინ, სადაც გამოაჩენდა, თუ ვის ირჩევდა ხელმძღვანელად. შემდეგ, იეჰოვამ ნათლად განაცხადა: „თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი“. ამის შემდეგ, იეჰოვამ მირიამს კეთრი შეჰყარა მცირე ხნით (რიცხვნი 12:4—7, 10).
11. როგორ მოიქცა მოსე კორახთან დაკავშირებულ სიტუაციაში?
11 კორახსა და მის მომხრეებს კარგად უნდა ხსომებოდათ ეს შემთხვევა. მათი მოქმედება მიუტევებელი იყო. მიუხედავად ამისა, მოსე მოთმინებით შეეცადა მათ დარწმუნებას. მან მოუწოდა, მეტი მადლიერება გამოევლინათ მიღებული უპირატესობებისთვის და უთხრა: „ნუთუ გეცოტავებათ, ისრაელის ღმერთმა რომ გამოგყოთ ისრაელის საზოგადოებიდან და დაგიახლოვათ?“. არა, ეს არ ყოფილა მცირე რამ! ლევიანებს ისედაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრათ. რაღა უნდოდათ მეტი? მოსემ მათ გულისნადებს შემდეგი სიტყვებით ახადა ფარდა: „ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?“b (რიცხვნი 12:3; 16:9, 10). როგორი რეაგირება მოახდინა იეჰოვამ მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აჯანყებაზე?
ისრაელის მსაჯული მოქმედებას იწყებს
12. რაზე იყო დამოკიდებული ღმერთთან ისრაელის კარგი და ხანგრძლივი ურთიერთობა?
12 რჯულის მიცემისას იეჰოვამ უთხრა ისრაელებს, რომ მორჩილების შემთხვევაში მათ „წმიდა ერად“ აქცევდა და ეს ასე იქნებოდა მანამ, სანამ ისინი იეჰოვას ხელმძღვანელობას დაემორჩილებოდნენ (გამოსვლა 19:5, 6). ახლა კი, როდესაც ხალხი აშკარად აჯანყდა, ისრაელის მსაჯული და რჯულმდებელი უნდა ამოქმედებულიყო! მოსემ უთხრა კორახს: „შენ და მთელი შენი დასი უფლის წინაშე გამოცხადდებით ხვალ — შენ, ისინი და აარონი. აიღეთ თითოეულმა თქვენ–თქვენი საცეცხლურები, საკმეველი ჩადეთ მასში და მიიტანეთ უფლის წინაშე თქვენ–თქვენი საცეცხლურები, ორასორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აარონმა თქვენ–თქვენი საცეცხლურები“ (რიცხვნი 16:16, 17).
13. ა) რატომ იყო აჯანყებულების მხრიდან კადნიერების გამოვლენა იეჰოვას წინაშე საკმევლის მიტანა? ბ) როგორ მოექცა იეჰოვა აჯანყებულებს?
13 ღვთის რჯულის თანახმად, საკმევლის კმევა მხოლოდ მღვდლებს შეეძლოთ. თავად იმ აზრს, რომ იეჰოვასთვის ეკმიათ იმ ლევიანებს, რომლებიც მღვდლებად არ მსახურობდნენ, გონს უნდა მოეყვანა ისინი (გამოსვლა 30:7; რიცხვნი 4:16). მაგრამ კორახი და მისი თანამოაზრეები უკან დახევას არ აპირებდნენ! მეორე დღეს „შეკრიბა კორახმა მათ [მოსესა და აარონის] წინააღმდეგ მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის წინ“. შემდეგ მუხლებში ვკითხულობთ: „ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს: გამოეყავით ამ საზოგადოებას და ერთ წამში მოვსპობ მათ“. მაგრამ მოსე და აარონი შეევედრნენ უფალს, რომ არ დაეღუპა მთელი ერი. იეჰოვამ ისმინა მათი ვედრება. რაც შეეხება კორახსა და მის მომხრეებს: „გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი“ (რიცხვნი 16:19—22, 35)c.
14. რატომ მიიღო იეჰოვამ მკაცრი ზომები ისრაელიანთა წინააღმდეგ?
14 საოცარია, მაგრამ ისრაელებმა, რომლებმაც ნახეს, თუ როგორ გაუსწორდა იეჰოვა აჯანყებულებს, ვერაფერი ისწავლეს ამ შემთხვევიდან. „აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი“. ისრაელებმა შეთქმულთა მხარე დაიკავეს! ამჯერად იეჰოვას მოთმინების ფიალა აივსო. ახლა თვით მოსე და აარონიც კი ვეღარ გამოექომაგებოდნენ ხალხს. იეჰოვამ ურჩთა შემუსვრა დაიწყო და „გაწყდა მუსვრის დროს თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი, კორახის მიზეზით დახოცილთა გარდა“ (რიცხვნი 17:6—14).
15. ა) რა მიზეზები ჰქონდათ ისრაელებს იმისთვის, რომ უყოყმანოდ დამორჩილებოდნენ მოსესა და აარონს? ბ) რას ვიგებთ ამ შემთხვევიდან იეჰოვას შესახებ?
15 რა უაზროდ დაკარგა ამდენმა ხალხმა სიცოცხლე! ცოტათი მაინც დაფიქრებულიყვნენ იმაზე, რაც მოხდა; ეკითხათ საკუთარი თავისთვის: ვინ იყო ის ორი მამაკაცი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, ფარაონთან მივიდნენ და ისრაელების გათავისუფლება მოითხოვეს? ვის მოუხმო იეჰოვამ ხორების მთაზე ისრაელიანთა გათავისუფლების შემდეგ, რომ პირისპირ დალაპარაკებოდა უფლის ანგელოზს? უდავოა, მოსესა და აარონის ცხოვრება იეჰოვასადმი მათ ერთგულებასა და ხალხისადმი სიყვარულზე მოწმობდა (გამოსვლა 10:28; 19:24; 24:12—15). ანჯაყებულთა განადგურება იეჰოვას სიამოვნებას არ ჰგვრიდა. მაგრამ როდესაც ნათელი გახდა, რომ ხალხი თავისას არ იშლიდა, მან გადამწყვეტი ზომები მიიღო (ეზეკიელი 33:11). ყოველივე ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. რატომ?
დღეს როგორ ხელმძღვანელობს ღმერთი
16. ა) რა აშკარა მტკიცებებს უნდა დაერწმუნებინა პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველები, რომ იესო იეჰოვას წარმომადგენელი იყო? ბ) რატომ და ვისით შეცვალა იეჰოვამ ლევიანთა სამღვდელოება?
16 დღეს არსებობს ახალი „ერი“, რომლის უხილავი მსაჯული, რჯულმდებელი და მეფე იეჰოვაა (მათე 21:43). ეს „ერი“ ახ. წ. პირველ საუკუნეში ჩამოყალიბდა. დროთა განმავლობაში, მოსეს დროინდელი კარავი იერუსალიმის ულამაზესი ტაძრით შეიცვალა, სადაც ლევიანები თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ (ლუკა 1:5, 8, 9). მაგრამ ახ. წ. 29 წელს სულიერ ტაძარს ჩაეყარა საფუძველი, სადაც იესო ქრისტე გახდა მღვდელმთავარი (ებრაელთა 9:9, 11). კვლავ წამოიჭრა კითხვა ღმერთის ხელმძვანელობის შესახებ. როგორ უხელმძღვანელებდა იეჰოვა ამ ახალ „ერს“? იესომ დაამტკიცა, რომ ღვთისადმი ურყევად ერთგული იყო. მას უყვარდა ადამიანები და მრავალ სასწაულს ახდენდა. მაგრამ თავიანთი ჯიუტი წინაპრების მსგავსად, ლევიანთა უმრავლესობამ უარი თქვა იესოს მიღებაზე (მათე 26:63—68; საქმეები 4:5, 6, 18; 5:17). საბოლოო ჯამში, იეჰოვამ ლევიანთა სამღვდელოება, სრულიად განსხვავებული, სამეფო სამღვდელოებით შეცვალა, რომელიც დღესაც მოქმედებს.
17. ა) ვინ წარმოადგენს სამეფო სამღვდელოებას? ბ) როგორ იყენებს იეჰოვა სამეფო სამღვდელოებას?
17 ვისგან შედგება დღევანდელი სამეფო სამღვდელოება? მოციქული პეტრე თავის პირველ ღვთივსულიერ წერილში პასუხობს ამ კითხვაზე. ქრისტეს სხეულის ცხებულ წევრებს პეტრე სწერდა: „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ“ (1 პეტრე 2:9). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ცხებულები, რომლებიც იესოს კვალს მიჰყვებიან, შეადგენენ „სამეფო სამღვდელოებას“. მათ პეტრემ „წმინდა ერიც“ უწოდა. იეჰოვა მათი მეშვეობით ხელმძღვანელობს და სულიერად მოძღვრავს თავის ხალხს (მათე 24:45—47).
18. რა კავშირია დანიშნულ უხუცესებსა და სამეფო სამღვდელოებას შორის?
18 სამეფო სამღვდელოებას მხარს უჭერენ დანიშნული უხუცესები, როგორც მათი წარმომადგენლები. ისინი საპასუხისმგებლო მოვალეობებს ასრულებენ მთელ დედამიწაზე იეჰოვას ხალხის კრებებში. უხუცესები იმსახურებენ ჩვენს პატივისცემასა და გულითად მხარდაჭერას მიუხედავად იმისა, სულით ცხებულები არიან თუ არა. რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვა ამ მოწიფულ მამაკაცებს თავისი სულიწმიდით ნიშნავს (ებრაელთა 13:7, 17). როგორ ხდება ეს დანიშვნა?
19. როგორ ინიშნებიან უხუცესები სულიწმიდით?
19 უხუცესები შეესაბამებიან ღვთის სულიწმიდით შთაგონებულ სიტყვაში მოცემულ მოთხოვნებს (1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:5—9). მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ისინი სულიწმიდით ინიშნებიან (საქმეები 20:28). უხუცესებმა საფუძვლიანად უნდა იცოდნენ ღვთის სიტყვა. უდიდესი მსაჯულის მსგავსად, რომელმაც დანიშნა ისინი, უხუცესებსაც უნდა სძულდეთ მიკერძოება განაჩენის გამოტანისას (მეორე რჯული 10:17, 18).
20. რას აფასებთ გამრჯე უხუცესებში?
20 ნაცვლად იმისა, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილება, ნამდვილად უნდა დავაფასოთ ჩვენი გამრჯე უხუცესები! მათი თავდაუზოგავი მსახურება, რომელიც ხშირად ათწლეულები გრძელდება, მათდამი ნდობას გვინერგავს. ისინი გულდასმით ემზადებიან და უძღვებიან კრების შეხვედრებს, ჩვენ მხარდამხარ ქადაგებენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ და საჭიროების შემთხვევაში ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს გვაძლევენ (მათე 24:14, აქ; ებრაელთა 10:23, 25; 1 პეტრე 5:2). ისინი გვაკითხავენ, როცა ავად ვხდებით და გლოვისას გვანუგეშებენ. უხუცესები ერთგულად და პირნათლად იცავენ სამეფოს ინტერესებს. იეჰოვას სულია მათზე და ღმერთი იწონებს მათ (გალატელთა 5:22, 23).
21. რას უნდა ათვითცნობიერებდნენ უხუცესები და რატომ?
21 რა თქმა უნდა, უხუცესები სრულყოფილები არ არიან. ისინი ათვითცნობიერებენ თავიანთ შეზღუდულ შესაძლებლობებს და არ ცდილობენ, იბატონონ სამწყსოზე, „ღვთის სამკვიდრებელზე“. პირიქით, ეს მოწიფული მამაკაცები ‘ხელს უწყობენ თავიანთი ძმების სიხარულს’ (1 პეტრე 5:3; 2 კორინთელთა 1:24). მოკრძალებულ, გამრჯე უხუცესებს უყვართ იეჰოვა და იციან, რომ რაც უფრო უკეთ მიჰბაძავენ მას, მით მეტ სარგებლობას მოუტანენ კრებას. ამიტომ, ისინი გამუდმებით ცდილობენ, განავითარონ ღვთისმოსაწონი თვისებები — სიყვარული, თანარგძნობა და მოთმინება.
22. როგორ გაგიძლიერათ იეჰოვას ხილული ორგანიზაციისადმი რწმენა კორახის შემთხვევის განხილვამ?
22 რა ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვაა ჩვენი უხილავი მმართველი, ხოლო იესო ქრისტე — ჩვენი მღვდელმთავარი; სამეფო სამღვდელოების ცხებული წევრები და ერთგული ქრისტიანი უხუცესები კი გვასწავლიან და გვმოძღვრავენ! მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ორგანიზაცია, რომელსაც ადამიანები ხელმძღვანელობენ, სრულყოფილი არ არის, ჩვენ სიხარულით ვემსახურებით იეჰოვას ერთგულ თანამორწმუნეებთან ერთად, რომლებიც სიამოვნებით ემორჩილებიან ღვთის ხელმძღვანელობას!
[სქოლიოები]
a აარონის სხვა ორი ვაჟი, ელიაზარი და ითამარი, იეჰოვას სამაგალითო მსახურები იყვნენ (ლევიანნი 10:6).
b კორახის თანამოაზრეები, დათანი და აბირამი, რეუბენის შტოდან იყვნენ. როგორც ჩანს, ისინი მღვდლობაზე პრეტენზიას არ აცხადებდნენ, უბრალოდ უკმაყოფილონი იყვნენ მოსეს წინამძღოლობით, ვინაიდან მათი მოლოდინი აღთქმული მიწის შესახებ არ გამართლდა (რიცხვნი 16:12—14).
c პატრიარქების დროს, ყოველი ოჯახის თავი წარადგენდა მეუღლესა და შვილებს ღვთის წინაშე; ის მათთვის მსხვერპლსაც სწირავდა (დაბადება 8:20; 46:1; იობი 1:5). მაგრამ რჯულის მიცემის შემდეგ, იეჰოვამ აარონის ოჯახის წევრები დანიშნა მღვდლებად და სწორედ მათ უნდა შეეწირათ მსხვერპლი. როგორც ჩანს, ამ 250 აჯანყებულს არ სურდა დამორჩილებოდა ამ ცვლილებას.
რა ვისწავლეთ?
• როგორ ხელმძღვანელობდა იეჰოვა ისრაელებს?
• რატომ იყო მოსესა და აარონის წინააღმდეგ კორახის აჯანყება მიუტევებელი?
• რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, თუ როგორ მოექცა იეჰოვა ამბოხებულებს?
• როგორ გამოვავლინოთ მადლიერება იეჰოვას დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის?
[სურათი 9 გვერდზე]
აფასებთ ნებისმიერ დავალებას, რომელსაც იეჰოვა გაძლევთ?
[სურათი 10 გვერდზე]
„რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?“.
[სურათი 13 გვერდზე]
სულიწმიდით დანიშნული უხუცესები სამეფო სამღვდელოების წარმომადგენლებად მსახურობენ.