კორახი
[შესაძლოა ნიშნავს მელოტს, სიმელოტეს].
1. ესავის ვაჟი, რომელიც ხიველ ცოლთან, ოჰოლიბამასთან შეეძინა. ოჰოლიბამამ მას სამი ვაჟი გაუჩინა. კორახი დაიბადა ქანაანში, ვიდრე ესავი სეირის მთიან მხარეში გადავიდოდა (დბ. 36:2, 5—8, 14; 1მტ. 1:35). ის ედომის ერთ-ერთი თავკაცი იყო (დბ. 36:18).
დაბადების 36:16-ში თავკაცი კორახი ელიფაზის ვაჟად და ესავის შვილიშვილად არის მოხსენიებული. თუმცა მისი სახელი დაბადების 36:11, 12-სა და 1 მატიანის 1:36-ში ელიფაზის შთამომავლებს შორის არ წერია. სამარიულ ხუთწიგნეულში ეს სახელი არ გვხვდება დაბადების 36:16-ში. ზოგი ბიბლეისტის აზრით, ეს სახელი გადამწერის შეცდომის გამო მოხვდა მასორეტულ ტექსტში.
2. იუდასტომელი ხებრონის ერთ-ერთი ვაჟი (1მტ. 2:43).
3. კეჰათელი ლევიანი იცჰარის საგვარეულოდან (გმ. 6:16, 18, 21; 1მტ. 6:1, 2, 22 [შესაძლოა იცჰარს ამინადაბიც ერქვა]); უდაბნოში ისრაელის ხეტიალის დროს კორახმა ეჭვქვეშ დააყენა მოსესა და აარონის უფლებამოსილება. მას შეუერთდნენ რეუბენელი დათანი, აბირამი და ონი, და კრებულის 250 თავკაცი, „სახელოვანი კაცები“ (რც. 16:1, 2). ისინი აცხადებდნენ, რომ „მთელი კრებული წმინდა“ იყო და იეჰოვა იყო მათ შორის. ისინი ედავებოდნენ მოსესა და აარონს: „რატომ აღზევდით იეჰოვას კრებულზე?“ (რც. 16:3—11). მოგვიანებით მოსემ თავისთან იხმო დათანი და აბირამი, მაგრამ ისინი არ მივიდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მას არ ჰქონდა მათი მოხმობის უფლება (რც. 16:12—15). იეჰოვამ მოსეს პირით შეუთვალა კორახს, მის კრებულსა და მღვდელმთავარ აარონს, საკმევლიანი საცეცხლურებით წარმდგარიყვნენ მის წინაშე (რც. 16:16, 17).
მეორე დღეს კორახი და მასთან ერთად 250 კაცი საკმევლიანი საცეცხლურებით ხელში დადგნენ შეხვედრის კარვის შესასვლელში. მაშინ იეჰოვას დიდება გამოეცხადა მთელ კრებულს და ღმერთმა მოსესა და აარონს უთხრა: „გამოეყავით ამ კრებულს, რომ თვალის დახამხამებაში გავანადგურო!“. მაგრამ მოსემ და აარონმა უშუამდგომლეს ხალხს. ამიტომ ღმერთმა დაავალა მოსეს, ხალხი შორს გაეყვანა კორახის, დათანისა და აბირამის კარვებისგან. მოსე ასეც მოიქცა (რც. 16:18—27). „დააღო მიწამ პირი და შთანთქა მთელი მათი სახლეულობა, კორახის ხალხი და მთელი მათი ქონება. ისინი და ყველა მათიანი ცოცხლად ჩაცვივდნენ სამარეში, დაფარა ისინი მიწამ“ (რც. 16:28—34).
ვერც შეხვედრის კარვის წინ საკმევლიანი საცეცხლურებით მდგომნი გაექცნენ სასჯელს, რადგან „გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან და შთანთქა ორას ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი“ (რც. 16:35). კორახი მათ შორის იყო და ღვთისგან გამოსულმა ცეცხლმა ისიც ფერფლად აქცია (რც. 26:10).
კორახის თანამზრახველების საცეცხლურებისგან ლითონის თხელი ფირფიტები დაამზადეს სამსხვერპლოს მოსაჭედად. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ „ისინი წმინდა გახდა, რადგან იეჰოვას წარუდგინეს“. ეს ნიშანი უნდა ყოფილიყო ისრაელის ძეებისთვის (რც. 16:36—40). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის განაჩენი ასე შთამბეჭდავად აღსრულდა, ისრაელის მთელმა კრებულმა მეორე დღესვე დაიწყო მოსესა და აარონის წინააღმდეგ დრტვინვა. ისინი ადანაშაულებდნენ მათ: „თქვენ, თქვენ დახოცეთ იეჰოვას ხალხი!“. ღვთის რისხვა აენთო მათზე და მოსესა და აარონის მუდარის მიუხედავად, იეჰოვამ 14 700 კაცი გაჟლიტა. ჟლეტა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც აარონმა ხალხისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულა (რც. 16:41—50). ამის შემდეგ აარონის მღვდლობა მის კვერთხზე გამოსული კვირტებით განმტკიცდა (რც. 17).
ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ კორახის ვაჟებმა მხარი არ აუბეს მამას ურჩობაში. მათზე ნათქვამია, რომ „კორახის ვაჟები არ დახოცილან“ (რც. 26:9—11). მოგვიანებით კორახის შთამომავლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ლევიანთა მსახურებაში (იხ. კორახელი).
იუდას წიგნის დამწერმა ერთმანეთს შეადარა კაენი, ბალაამი და კორახი, როცა ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ თავი დაეცვათ ხორციელად მოაზროვნე ადამიანებისგან, რომლებიც „კორახის მსგავსად ურჩობისკენ აქეზებდნენ სხვებს“. აშკარაა, რომ კორახი საკუთარ დიდებას ეძებდა. მან ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას მიერ დანიშნული მამაკაცების უფლებამოსილება, იურჩა და თავისი არასწორი ქმედებებისთვის სამართლიანად დაისაჯა სიკვდილით (იუდ. 10, 11).