ლევიანები
[ლევისგან, ლევის]
იაკობის ცოლის, ლეას, მესამე ვაჟის, ლევის შთამომავლები (დბ. 29:32—34). უმეტეს შემთხვევაში ლევიანებში იგულისხმება ლევის ტომი აარონის სამღვდელო საგვარეულოს გამოკლებით, ზოგჯერ კი — მთელი ტომი (იეს. 14:3, 4; 21:1—3). ამიტომ ბიბლიაში ხშირად ვხვდებით ფრაზას „მღვდლები და ლევიანები“ (1მფ. 8:4; 1მტ. 23:2; ეზრ. 1:5; ინ. 1:19). მღვდელმსახურებას მხოლოდ აარონის შთამომავალი მამაკაცები ეწეოდნენ, სხვა ლევიანები კი მათ ეხმარებოდნენ (რც. 3:3, 6—10). ისინი თავიანთ მსახურებას კარვის აგების შემდეგ შეუდგნენ. მსხვერპლშეწირვა მანამდე რომელიმე საგვარეულოს ან ტომის პასუხისმგებლობა არ ყოფილა (გმ. 24:5).
გამოსასყიდი პირმშოების სანაცვლოდ. იეჰოვამ ისრაელის დანარჩენი ტომების პირმშოთა სანაცვლოდ ლევიანები აირჩია თავისთვის (გმ. 13:1, 2, 11—16; რც. 3:41). ლევის ტომში ერთი თვიდან მოყოლებული ყველა მამრის რიცხვი 22 000-ს შეადგენდა. ისინი უნდა ყოფილიყვნენ გამოსასყიდი ისრაელის სხვა ტომების პირმშოთა სანაცვლოდ. სინას უდაბნოში ჩატარებული აღრიცხვის შედეგად გაირკვა, რომ სხვა ტომების პირმშო ვაჟების რიცხვი 22 273-ს შეადგენდა. ამიტომ ღმერთმა მოითხოვა, რომ იმ 273 პირმშოს სანაცვლოდ, რომლებიც ლევიანებს სჭარბობდნენ, აარონისა და მისი ვაჟებისთვის გამოსასყიდად თითოზე 5 შეკელი ($11) მიეცათ (რც. 3:39, 43, 46—51).
მოვალეობები. ლევიანთა ტომი ლევის სამი ვაჟის, გერშონის (იგივე გერშომი), კეჰათისა და მერარის, საგვარეულოებისგან შედგებოდა (დბ. 46:11; 1მტ. 6:1, 16). უდაბნოში ხეტიალის დროს თითოეული საგვარეულო კარავთან ახლოს, თავ-თავის ადგილას უნდა დაბანაკებულიყო. აარონის შთამომავლები კეჰათელთა საგვარეულოდან კარვის წინ, აღმოსავლეთით ბანაკდებოდნენ. სხვა კეჰათელები სამხრეთით ბანაკდებოდნენ, გერშონელები — დასავლეთით, მერარელები კი — ჩრდილოეთით (რც. 3:23, 29, 35, 38). კარვის დადგმა, დაშლა და ტარება ლევიანთა მოვალეობაში შედიოდა. ვიდრე ადგილიდან დაიძვრებოდნენ, აარონი და მისი ვაჟები ხსნიდნენ წმინდისა და წმინდათაწმინდის გამყოფ ფარდას და აფარებდნენ მოწმობის კიდობანს, სამსხვერპლოებს, სხვა წმინდა ნივთებსა თუ მოწყობილობებს. ამ ყველაფრის ტარება კეჰათელებს ევალებოდათ. გერშონელები ატარებდნენ კარვის ქსოვილს, გადასაფარებლებს, ჩამოსაფარებლებს, ეზოს ფარდებსა და კარვის თოკებს (როგორც ჩანს, უშუალოდ კარვის თოკებს). მერარელებს ჩაბარებული ჰქონდათ კარვის ჩარჩოები, სვეტები, საყრდენები, კარვის პალოები და თოკები (კარვის ირგვლივ არსებული ეზოს თოკები) (რც. 1:50, 51; 3:25, 26, 30, 31, 36, 37; 4:4—33; 7:5—9).
დავითის დროს ლევიანების მსახურება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მას დანიშნული ჰყავდა მეთვალყურეები, მთავრები, მსაჯულები, კარიბჭის მცველები და საგანძურის მეთვალყურეები. გარდა ამისა, მრავალი ლევიანი ტაძარში, ტაძრის ეზოებსა და სასადილო ოთახებში მღვდლებს ეხმარებოდა იმ საქმეების შესრულებაში, რომლებიც შესაწირავებს, განწმენდას, აწონვას, აწყვას და ტაძრისა თუ იქ მომსახურეთა დაცვას უკავშირდებოდა. მღვდლების მსგავსად, ლევიანი მუსიკოსებიც მონაცვლეობით მომსახურე 24 ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. ლევიანები დავალებებს წილისყრით ინაწილებდნენ. კარიბჭის მცველებსაც წილისყრით უნაწილებდნენ კარიბჭეებს (1მტ. 23; 25; 26; 2მტ. 35:3—5, 10).
მოსეს დროს ლევიანები 30 წლის ასაკიდან იწყებდნენ თავიანთი ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულებას, რაშიც კარვისა და მისი ნივთების ტარებაც იგულისხმებოდა (რც. 4:46—49). ზოგიერთი მოვალეობის შესრულებას ისინი 25 წლიდან იწყებდნენ, მაგრამ ამაში, როგორც ჩანს, მძიმე სამუშაო, მაგალითად კარვის გადატანა, არ შედიოდა (რც. 8:24). მეფე დავითის დროს ლევიანებს მსახურების დაწყება 20 წლიდან შეეძლოთ. როგორც თავად დავითმა ახსნა, ამის მიზეზი ის იყო, რომ კარვის (რომელიც მალე ტაძრით შეიცვლებოდა) ტარება მეტად აღარ იქნებოდა საჭირო. ლევიანებისთვის მსახურების შესრულება 50 წლამდე იყო სავალდებულო (რც. 8:25, 26; 1მტ. 23:24—26; იხ. ასაკი). მათ კარგად უნდა სცოდნოდათ კანონი, რადგან ხშირად უწევდათ საჯაროდ მისი კითხვა და ხალხისთვის სწავლება (1მტ. 15:27; 2მტ. 5:12; 17:7—9; ნემ. 8:7—9).
საარსებო წყარო. ლევიანების ძირითადი საარსებო წყარო სხვა ტომების მიერ გაღებული მეათედები იყო, რაშიც მოსავლისა და საქონლის მეათედი შედიოდა. თავის მხრივ, ლევიანები თავიანთი წილიდან მეათედს მღვდლებს აძლევდნენ (რც. 18:25—29; 2მტ. 31:4—8; ნემ. 10:38, 39). მართალია, ლევიანები სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებულნი იყვნენ, მაგრამ მღვდლებთან ერთად ნადავლიდან ისინიც იღებდნენ წილს (რც. 1:45—49; 31:25—31; იხ. მეათედი). ლევიანებს ქანაანის მიწაზე სამკვიდრო არ მიუღიათ, რადგან მათი წილი იეჰოვა იყო (რც. 18:20). მაგრამ მთელ აღთქმულ მიწაზე ისრაელის სხვა ტომებმა მათ 48 ქალაქი გამოუყვეს (რც. 35:1—8).
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამცველები. ბევრი ლევიანი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობით გამოირჩეოდა. ამაზე მოწმობს ოქროს ხბოს ჩამოსხმის შემდეგ მომხდარი მოვლენები და მოგვიანებით, ისრაელის სამეფოს გაყოფის შემდეგ ლევიანების გადასვლა იერობოამის სამეფოდან იუდასა და იერუსალიმში (გმ. 32:26; 2მტ. 11:13, 14). გარდა ამისა, ლევიანები ისრაელში წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაში ერთგულად უჭერდნენ მხარს მეფეებს — იეჰოშაფატს, ხიზკიასა და იოშიას, გამგებლებს — ზერუბაბელსა და ნეემიას, აგრეთვე მღვდელსა და გადამწერ ეზრას (2მტ. 17:7—9; 29:12—17; 30:21, 22; 34:12, 13; ეზრ. 10:15; ნემ. 9:4, 5, 38).
მართალია, ზოგიერთი ლევიანი ქრისტეს მიმდევარი გახდა, მაგრამ მთლიანობაში მათ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენაში ღვთის ძისთვის მხარი არ დაუჭერიათ (სქ. 4:36, 37). რწმენა მრავალმა ლევიანმა მღვდელმაც მიიღო (სქ. 6:7). ახ. წ. 70 წელს, იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურების დროს, ლევიანთა საგვარეულო ნუსხები განადგურდა ან დაიკარგა, რითაც ლევიანთა მსახურება დასრულდა. მიუხედავად ამისა, „ლევის ტომი“ სულიერი ისრაელის ნაწილად არის მოხსენიებული (გმც. 7:4, 7).
ამ ტომის სახელი საფუძვლად დაედო ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის სახელწოდებას. ამ წიგნში ვხვდებით ვრცელ მონათხრობს ლევიანებსა და მათ მოვალეობებზე.