ზღვა
დედამიწაზე არსებული წყლის მასა ერთად აღებული; მლაშე ან მტკნარი წყლის დიდი მასა, მოცულობით ოკეანეზე პატარა, რომელსაც მთლიანად ან ნაწილობრივ გარს აკრავს ხმელეთი. წყალს დედამიწის ზედაპირის 70%-ზე მეტი უჭირავს.
იეჰოვა — ზღვის შემოქმედი და მმართველი. ბიბლიაში არაერთგან ვკითხულობთ, რომ ზღვები იეჰოვამ შექმნა და ხმელეთისგან მესამე შემოქმედებით დღეს გამოაცალკევა (დბ. 1:9, 10, 13; ნემ. 9:6; სქ. 4:24; 14:15; გმც. 14:7). მასში იმასაც ვკითხულობთ, რომ ის მართავს და აკავებს ზღვებს (იობ. 26:12; ფს. 65:7; 89:9; იერ. 31:35). დედამიწაზე ყოფნისას მამისგან ბოძებული ძალით ღვთის ძესაც შეეძლო ზღვის მართვა (მთ. 8:23—27; მრ. 4:36-41; ინ. 6:17—20). სანაპიროებისა და მიმოქცევის წყალობით, თითქოსდა დაკეტილი კარიბჭეებით შემოკავებული წყალი, დადგენილ საზღვრებს არ სცდება. აქედანაც ჩანს, რომ ზღვებს ღმერთი მართავს (იობ. 38:8—11; ფს. 33:7; იგ. 8:29; იერ. 5:22; იხ. ქვიშა). როგორც ეს ფაქტი, ისე ზღვის როლი წყლის წრებრუნვაში (ეკ. 1:7; ამ. 5:8) ამტკიცებს, რომ ზღვა იეჰოვას საოცარ საქმეთა ნაყოფია (ფს. 104:24, 25). ხატოვანი ენით თუ ვიტყვით, ზღვებიც უძღვნიან ქება-დიდებას თავიანთ შემოქმედს (ფს. 96:11; 98:7).
ზღვები ისრაელის ტერიტორიაზე. ისრაელის ტერიტორიაზე არსებულ ზღვებს შორის ყველაზე ცნობილი „დიდი ზღვა“, იგივე ხმელთაშუა ზღვა იყო, რომელსაც აგრეთვე „დასავლეთის ზღვას“ ან უბრალოდ „ზღვას“ უწოდებდნენ (იეს. 1:4; კნ. 11:24; რც. 34:5). მის გარდა იყო წითელი ზღვა, იგივე ეგვიპტელთა ზღვა (გმ 10:19; ეს. 11:15), მარილოვანი ზღვა, იგივე არაბას ანუ აღმოსავლეთის ზღვა (კნ. 3:17; ეზკ. 47:18) და გალილეის ზღვა, იგივე ქინერეთის ანუ ტიბერიადის ზღვა (მთ. 4:18; რც. 34:11; ინ. 6:1; იხ. გალილეის ზღვა; დიდი ზღვა; წითელი ზღვა; მარილოვანი ზღვა). ხშირად კონტექსტი განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება კონკრეტულ მუხლში მოხსენიებულ ზღვაში (გმ. 14:2 [შდრ. 13:18-ს]; მრ. 2:13 [შდრ. 2:1-ს]). „ზღვად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ზოგჯერ მდინარეებთან დაკავშირებითაც გამოიყენება (იერ. 51:36 [ნაგულისხმევია ევფრატი]; ეს. 19:5 [ნაგულისხმევია ნილოსი]).
უფსკრული. პარკჰერსტის ლექსიკონის თანახმად, ბერძნული სიტყვა აბისსოს, რაც ნიშნავს ძალიან ან მეტისმეტად ღრმას და ხშირად „უფსკრულად“ ითარგმნება, ზოგჯერ ზღვის აღსანიშნავადაც გამოიყენება, რადგან ზღვას დიდი, ერთი შეხედვით, უსასრულო სიღრმე აქვს (რმ. 10:6, 7; შდრ. კნ. 30:12, 13; Greek and English Lexicon to the New Testament, ლონდონი, 1845, გვ. 2). გამოცხადების 11:7-ში სიმბოლური ენით აღწერილ „უფსკრულიდან ამომავალ მხეცზე“ ამავე წიგნის 13:1-ში ნათქვამია, რომ „ზღვიდან“ ამოდიოდა (იხ. უფსკრული).
წყლის ბინადართა წარმოშობა. „დაბადება“ მოგვითხრობს, რომ ღმერთმა ცხოველების შექმნამდე წყლის ბინადრები და ფრინველები შექმნა. მასში ვკითხულობთ: «შემდეგ თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა“. დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა და ყველა ცოცხალი სულის შექმნა, რომლებიც წყლებში აფუთფუთდნენ, მათი გვარისდა მიხედვით და ყველა ფრინველისა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. აკურთხა ღმერთმა ისინი: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ ზღვები; გამრავლდეს ფრინველი დედამიწაზე“. დადგა საღამო და დადგა დილა, — მეხუთე დღე» (დბ. 1:20—23).
ღვთის სიტყვები, „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები“, არ ნიშნავს იმას, რომ ზღვას უნდა წარმოეშვა სიცოცხლის პირველყოფილი ფორმა, რომლისგანაც ყველა სხვა ცხოველი წარმოიშობოდა. ზემოთ მოყვანილ მუხლებში აგრეთვე ნათქვამია, რომ „დაიწყო ღმერთმა [წყლის ბინადართა] შექმნა ... მათი გვარისდა მიხედვით“. გარდა ამისა, ღმერთმა მეექვსე დღეს ცხოველების შექმნისას თქვა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები მათი გვარისდა მიხედვით“. ღმერთს ზღვისთვის არ უბრძანებია, ხმელეთის ბინადარნი წარმოეშვა, არამედ თვითონ შექმნა ცხოველთა თითოეული სახეობა მათთვის შესაფერის საარსებო გარემოში დასასახლებლად (დბ. 1:24, 25).
გადატანითი მნიშვნელობით. აღთქმული ქვეყნის საზღვრები „წითელი ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე [ხმელთაშუა ზღვამდე] და უდაბნოდან მდინარემდე [ევფრატამდე]“ უნდა ყოფილიყო, ხოლო ცხებული მეფის სამფლობელო — „ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე“, რაც, როგორც ჩანს, მთელ დედამიწას გულისხმობს (გმ. 23:31; ზქ. 9:9, 10; შდრ. დნ. 2:34, 35, 44, 45). ამაზე მეტყველებს მათესა და იოანეს მიერ ზაქარიას წინასწარმეტყველების ახსნა. ამ წინასწარმეტყველებაში ზაქარიას ფსალმუნის 72:8-დან მოჰყავს ციტატა (მთ. 21:4—9; ინ. 12:12—16).
ურიცხვი ურდო. იერემიამ ბაბილონზე თავდამსხმელთა ხმა „აღელვებული ზღვის“ ხმას შეადარა (იერ. 50:42). აქედან გამომდინარე, როდესაც იწინასწარმეტყველა, რომ ზღვა გადაუვლიდა ბაბილონს, იგი, როგორც ჩანს, გულისხმობდა მიდიელთა და სპარსელთა ურიცხვი ურდოს თავდასხმას (იერ. 51:42; შდრ. დნ. 9:26).
ღვთისგან გაუცხოებული ადამიანები. ესაიამ დედამიწაზე მცხოვრები ბოროტი ხალხი, ღვთისგან გაუცხოებული ადამიანები, შეადარა აღელვებულ ზღვას, „რომელიც ვერ წყნარდება და რომლის წყლებიც ზღვის წყალმცენარეებსა და ტალახს ატივტივებს“ (ეს. 57:20). გამოცხადების 17:1-სა და 15-ის თანახმად, „წყლები“, რომელზეც დიდი ბაბილონი ზის, ნიშნავს „ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს“. ესაიამ ღვთის სიმბოლური „ქალის“, სიონის, შესახებ იწინასწარმეტყველა: „შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა“ (ეს. 59:20; 60:1, 5). ეს, როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ დედამიწის მცხოვრებთაგან მრავალი დაიწყებდა დენას ღვთის სიმბოლური „ქალისკენ“.
დანიელმა აღწერა „ზღვიდან“ ამომავალი ოთხი „მხეცი“ და ახსნა, რომ ისინი მეფეებს ანუ სამეფოებს განასახიერებდნენ (დნ. 7:2, 3, 17, 23). დანიელის მსგავსად, იოანემაც მოიხსენია „ზღვიდან“ (ანუ ღვთისგან გაუცხოებულ ადამიანთაგან) „ამომავალი ... მხეცი“. მან ამ კონტექსტში აგრეთვე მოიხსენია სიმბოლური გვირგვინები და ტახტი, რითაც „ზღვიდან“ ამომავალი მხეცი პოლიტიკურ ძალებთან გააიგივა (გმც. 13:1, 2). ხილვაში იოანემ აგრეთვე იხილა დრო, როდესაც დამყარდებოდა „ახალი ცა და ახალი დედამიწა“, ხოლო „ზღვა“ ანუ ღვთისგან გაუცხოებულ ადამიანთა ბობოქარი მასები აღარ იარსებებდა (გმც. 21:1).
სუსტი რწმენისანი. ადამიანს, რომელსაც სუსტი რწმენა აქვს და ლოცვისას ეჭვობს, მოწაფე იაკობი ადარებს „ზღვის ტალღას, ქარი რომ აიტაცებს და აქეთ-იქით დააქროლებს“. იგი ვერ ხედავს და ვერ აფასებს ღვთის გულუხვობასა და სიკეთეს. „ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ იეჰოვასგან რამეს მიიღებს. ასეთი კაცი მერყევია, არამდგრადია ნებისმიერ საქმეში“, — წერს იაკობი (იაკ. 1:5—8).
ზნედაცემული ადამიანები. იაკობის ძმა, იუდა, თანაქრისტიანებს აფრთხილებდა, რომ მათ დიდ საფრთხეს შეუქმნიდნენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც კრებაში შეაღწევდნენ და მის გახრწნას შეეცდებოდნენ. ის მათ უწოდებდა „ზღვის მძვინვარე ტალღებს, სამარცხვინო საქმეებით აქაფებულთ“ (იუდ. 4—13). მას შეიძლება მხედველობაში ჰქონდა ესაიას სიტყვები (57:20). იუდა შესაძლოა ფიგურალურად აღწერდა იმ გარყვნილი და უგუნური ადამიანების საქციელს, რომლებიც უპატივცემულობას იჩენდნენ ღვთის კანონებისადმი, აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ ღვთის მიერ დადგენილ ზნეობრივ ნორმებს. ერთ-ერთ ნაშრომში იუდას მე-13 მუხლთან დაკავშირებით აღნიშნულია: „ისინი საზოგადოებას თავიანთი თავაშვებულობის სიბილწეს აჩვენებენ ... ისინი ყველას წინაშე აქაფებენ თავიანთ სამარცხვინო საქმეებს, რათა ამ თვითმარქვიების ავი საქმეების გამო დაიგმოს ეკლესია“ (Cook’s Commentary). სხვა ნაშრომში აღნიშნულია: „მათგან მომდინარე სწავლება ზღვის ქაფივით გამოუსადეგარი და უსარგებლოა და საბოლოოდ, მათივე შერცხვენას ემსახურება“ (Barnes’ Notes on the New Testament, 1974; შდრ., როგორ აღწერს პეტრე ამგვარ ადამიანებს 2 პეტრეს 2:10—22-ში).