იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რიცხვნი“
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელები ერად ჩამოყალიბდნენ. მცირე ხნის შემდეგ მათთვის შესაძლებელი იყო, აღთქმულ მიწაზე შესულიყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად დაახლოებით ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოუწიათ მომთაბარეობა „დიდსა და საშინელ უდაბნოში“ (მეორე რჯული 8:15). რატომ? ამას ბიბლიის წიგნ „რიცხვნში“ ჩაწერილი ისტორიული ცნობები გვატყობინებს. ამ ჩანაწერებმა იეჰოვა ღმერთის მორჩილებისა და მისი წარმომადგენლებისადმი პატივისცემის გამოვლენის აუცილებლობა უნდა გვასწავლოს.
ბიბლიის წიგნი „რიცხვნი“, რომელიც მოსემ უდაბნოში და მოაბის ველებზე დაწერა, 38 წელსა და 9 თვეს ანუ ძვ. წ. 1512 —1473 წლებს მოიცავს (რიცხვნი 1:1; მეორე რჯული 1:3). წიგნის სახელწოდება მომდინარეობს ისრაელების ორი აღწერიდან ანუ აღრიცხვიდან, რომლებიც ერთმანეთისგან 38 წლით იყო დაშორებული (თავები 1—4, 26). მონათხრობი სამ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში აღწერილია მოვლენები, რომლებიც სინას მთასთან მოხდა. მეორე ნაწილში მოთხრობილია ის, რაც ისრაელებს უდაბნოში ცხოვრების პერიოდში გადახდათ. ბოლო ნაწილი კი მოაბის ველებზე მომხდარ მოვლენებს ეხება. ამ მოვლენების წაკითხვისას კარგი იქნება საკუთარ თავს ჰკითხოთ: რას მასწავლის ეს შემთხვევები? მომიტანს დღეს სარგებლობას ამ წიგნში მოცემული რომელიმე პრინციპის გამოყენება?
სინას მთასთან
ისრაელების პირველი აღწერა მაშინ ხდება, როცა ჯერ კიდევ სინას მთის ძირას იმყოფებიან. 20 წლისა და 20 წელზე უფროსი მამაკაცების რიცხვი, ლევიანების გარდა, 603 550–ს შეადგენს. აღრიცხვა, როგორც ჩანს, სამხედრო მიზნებთანაა დაკავშირებული. ბანაკში მყოფთა რიცხვი, ქალების, ბავშვებისა და ლევიანების ჩათვლით, შესაძლოა, სამ მილიონს აჭარბებს.
აღრიცხვის შემდეგ ისრაელებს მითითებები ეძლევათ ლაშქრის განლაგების თაობაზე. ამასთანავე, ლევიანების მოვალეობასთან და კარავში მსახურებასთან დაკავშირებულ წესებს, კარანტინთან, ეჭვიანობის შემთხვევებთან და მოწმიდართა აღთქმასთან დაკავშირებულ კანონებს იღებენ. მე–7 თავში აღწერილია ტომების მთავრების შესაწირავები, რომლებიც მათ სამსხვერპლოს აღმართვის შემდეგ გაიღეს, ხოლო მე–9 თავში პასექის დაცვის წესებია განხილული. ხალხს დაბანაკებისა და ადგილიდან დაძვრის თაობაზეც ეძლევათ მითითებები.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
2:1, 2. რა იყო ის „ნიშნები“, რის ირგვლივაც უდაბნოში სამტომიანი დანაყოფები უნდა დაბანაკებულიყვნენ? ბიბლიაში აღწერილი არ არის, თუ რა იყო ეს ნიშნები. მაგრამ ნათელია, რომ ისინი არ ყოფილა რელიგიური მნიშვნელობის მქონე წმინდა სიმბოლოები. ამ ნიშნებს პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა — ადამიანს მათი მეშვეობით ბანაკში თავისი ადგილი უნდა ეპოვა.
5:27. რა იგულისხმება მრუშობაში დამნაშავე ქალის ‘საზარდულის დადამბლავებაში’? სიტყვა „საზარდული“ აქ გამრავლების ორგანოების მნიშვნელობით არის გამოყენებული (დაბადება 46:26). ‘დადამბლავებაში’ იგულისხმება ამ ორგანოების გადაგვარება, რაც შეუძლებელს გახდიდა ნაყოფის ჩასახვას.
რას ვსწავლობთ?
6:1—7. მოწმიდარებს თავი უნდა შეეკავებინათ ყურძნის პროდუქტებისგან და ყოველგვარი დამათრობელი სასმელისაგან, რაც საკუთარი თავისთვის ბევრ რამეზე უარის თქმას ნიშნავდა. მათ თმა უნდა გაეზარდათ, რაც იმის ნიშანი იყო, რომ იეჰოვას ემორჩილებოდნენ ისევე, როგორც ქალები ავლენდნენ ქმრებისადმი ან მამებისადმი მორჩილებას. მოწმიდარები არ უნდა შეხებოდნენ მიცვალებულის სხეულს, თუნდაც ის მათი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი ყოფილიყო. დღეს სრული დროით მსახურები თავგანწირვის სულს ავლენენ — საჭიროების შემთხვევაში უარს ამბობენ საკუთარ მოთხოვნილებებზე და მთლიანად იეჰოვასა და მის ნებას ემორჩილებიან. დაკისრებული პასუხისმგებლობის შესასრულებლად ზოგჯერ მათ შორს, სხვა ქვეყანაში, უწევთ წასვლა, რაც აძნელებს ან შეუძლებელსაც კი ხდის საკუთარი ოჯახის წევრის დაკრძალვაზე ყოფნას.
8:25, 26. ლევიანთა მსახურების სათანადოდ შესრულების მიზნით და მათი ასაკის მხედველობაში მიღების შედეგად, შუა ხნის მამაკაცებს უნდა შეეწყვიტათ მსახურება, რომელიც მათთვის მანამდე სავალდებულო იყო. მიუხედავად ამისა, ასეთ მამაკაცებს შეეძლოთ საკუთარი სურვილით მიხმარებოდნენ სხვა ლევიანებს. მართალია, დღეს არავინ წყვეტს სამეფოს მაუწყებლობას, მაგრამ ამ კანონში ჩადებული პრინციპი ჩვენც მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის. თუ ასაკის გამო ქრისტიანი ამა თუ იმ პასუხისმგებლობას ვერ ასრულებს, მას შეუძლია მსახურების იმ ფორმაში მიიღოს მონაწილეობა, რისი შესრულების ძალაც შესწევს.
მომთაბარეობა უდაბნოში
როცა კარვის თავზე გაჩერებული ღრუბელი მაღლა იწევს, ისრაელები ადგილიდან იძვრიან. ისინი დაახლოებით 38 წლისა და ერთი–ორი თვის შემდეგ მიაღწევენ მოაბის ველებს. მათი მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე, რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ბროშურაში „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“ მე–9 გვერდზეა მოცემული.
კადეშისკენ მიმავალ გზაზე, ფარანის უდაბნოში, ისრაელები სამჯერ მაინც იწყებენ დრტვინვას. პირველი ამბოხება იმით მთავრდება, რომ იეჰოვას ცეცხლი შთანთქავს ზოგ მეამბოხეს. შემდეგ ისრაელები ხორცისთვის დრტვინავენ და იეჰოვა ამ ამბოხებასაც ახშობს. მირიამი და აარონი მოსეს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, რასაც მირიამის დროებით კეთრით დაავადება მოჰყვება.
იმ დროს, როცა ერი კადეშშია დაბანაკებული, მოსე 12 მზვერავს გზავნის აღთქმულ მიწაზე. ისინი 40 დღის შემდეგ ბრუნდებიან. ათი მზვერავის მიერ გადაცემული ცუდი ამბით შეშინებული ხალხი მოსეს, აარონისა და ღვთის ერთგული მზვერავების — იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის — ჩაქოლვას განიზრახავს. იეჰოვა ფიქრობს, რომ ჭირით გაწყვიტოს ისრაელები, მაგრამ მოსე იცავს ხალხს. ამის შემდეგ ღმერთი აცხადებს, რომ ისინი 40 წელი იცხოვრებენ უდაბნოში, ვიდრე ყველა აღრიცხული დაიღუპება.
იეჰოვა დამატებით წესებს იძლევა. კორახი და მისი მომხრეები მოსესა და აარონის წინააღმდეგ ჯანყდებიან, მაგრამ მეამბოხეებს ცეცხლი ანადგურებს და მიწა შთანთქავს. მეორე დღეს მოსესა და აარონს მთელი ერი უპირისპირდება. შედეგად იეჰოვა მუსრს ავლებს 14 700 კაცს. იმის საჩვენებლად, რომ აარონს ირჩევს მღვდელმთავრად, იეჰოვა მის კვერთხს აყვავებს. შემდეგ იეჰოვა ლევიანების მოვალეობებთან და ხალხის განწმენდასთან დაკავშირებულ შემდგომ მითითებებს იძლევა. წითელი დეკეულის ფერფლის გამოყენება წინასწარმეტყველურად წარმოადგენს იესოს მსხვერპლის მეშვეობით განწმენდას (ებრაელთა 9:13, 14).
ისრაელის ძეები კადეშში ბრუნდებიან, სადაც მირიამი კვდება. ხალხი ისევ უჯანყდება მოსესა და აარონს. მიზეზი უწყლობაა. მოსე და აარონი ხალხს სასწაულით აძლევენ წყალს, მაგრამ ამ სასწაულის მოხდენისას მათ მხედველობიდან რჩებათ იეჰოვას სახელის განწმენდა, რის გამოც აღთქმულ მიწაზე შესვლის შესაძლებლობას კარგავენ. ისრაელი კადეშიდან იძვრება და აარონი ჰორის მთაზე კვდება. ედომისთვის გვერდის ავლისას ისრაელებს მოთმინება აღარ ყოფნით და ღვთისა და მოსეს წინააღმდეგ ლაპარაკს იწყებენ. იეჰოვა მათ შხამიანი გველებით სჯის. მოსე კიდევ ერთხელ ასრულებს შუამავლის როლს და ღმერთი მითითებას აძლევს მას, რომ სპილენძის გველი აღმართოს ძელზე, რათა დაკბენილებმა ამ გველს შეხედონ და ცოცხლები დარჩნენ. სპილენძის გველით ჩვენი მარადიული კეთილდღეობისთვის იესოს ძელზე გაკვრაა წარმოდგენილი (იოანე 3:14, 15). ისრაელები ამორეველ მეფეებს — სიხონსა და ყოგს, ამარცხებენ და ხელში იგდებენ მათ საბადებელსა და მიწებს.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
12:1. რატომ აუჯანყდნენ მირიამი და აარონი მოსეს? ნამდვილი მიზეზი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ მირიამს მეტი გავლენის მოპოვება სურდა. როცა ისრაელებს მოსეს ცოლი, ციფორა, შეუერთდა უდაბნოში, მირიამს შესაძლოა შეეშინდა, რომ ბანაკში ყველაზე გავლენიან ქალად აღარ ჩათვლიდნენ (გამოსვლა 18:1—5).
12:9—11. რატომ დაავადდა კეთრით მხოლოდ მირიამი? როგორც ჩანს, ის იყო მოსეს წინააღმდეგ დრტვინვის ინიციატორი და აარონი დაარწმუნა, მისი მხარე დაეკავებინა. მოგვიანებით აარონი სწორად მოიქცა, როცა შეცდომა აღიარა.
21:14, 15. რა წიგნია მოხსენიებული ამ მუხლებში? ბიბლიაში რამდენიმე წიგნია მოხსენიებული, რომლებსაც ბიბლიის დამწერები იყენებდნენ ინფორმაციის წყაროდ (იესო ნავეს ძე 10:12, 13; 3 მეფეთა 11:41; 14:19, 29). „უფლის ბრძოლების წიგნი“ ერთ–ერთი ასეთი წიგნი იყო. მასში იეჰოვას ხალხის ბრძოლების შესახებ ისტორიული ცნობები გადმოიცემოდა.
რას ვსწავლობთ?
11:27—29. მოსე იმის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როცა სხვები იეჰოვას მსახურებაში პასუხისმგებლობებს იღებენ. მოსე ამბიციურად არ ისწრაფვოდა დიდებისკენ და არ სურდა, რომ ღვთის მსახურებაში მხოლოდ თავად ჰქონოდა პასუხისმგებლობები. პირიქით, ის მოხარული იყო, როცა ელდადმა და მედადმა წინასწარმეტყველება დაიწყეს.
12:2, 9, 10; 16:1—3, 12—14, 31—35, 41, 46—50. იეჰოვა თავის თაყვანისმცემელთაგან მოელის, რომ პატივისცემას გამოავლენენ იმ ადამიანებისადმი, რომელთაც ძალაუფლებას აძლევს.
14:24. ქვეყნიერებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უმთავრესია „სხვა სულის“ ანუ აზროვნების განვითარება. ის განსხვავებული უნდა იყოს წუთისოფლის სულისგან.
15:37—41. ისრაელების სამოსლის კიდეზე გაკეთებული ფოჩების დანიშნულება იყო, მათთვის შეეხსენებინა, რომ ღვთის თაყვანისმცემლობისთვის იყვნენ გამოყოფილნი და მის მცნებებს უნდა დამორჩილებოდნენ. განა ჩვენც ღვთის ნორმებით არ უნდა ვიცხოვროთ და განსხვავებულები არ უნდა ვიყოთ ქვეყნიერებისგან?
მოაბის ველებზე
როცა ისრაელები მოაბის ველებზე ბანაკდებიან, მოაბელები შიშით ძრწიან. ამიტომაც მოაბის მეფე ბალაკი ბილყამს (ბალაამს) იქირავებს, რათა მან ისრაელები დაწყევლოს. მაგრამ იეჰოვას ნებით ბალაამი ღვთის ერს აკურთხებს. შემდეგ მოაბელი და მიდიანელი ქალები აცდენენ ისრაელ მამაკაცებს უზნეობითა და კერპთაყვანისმცემლობით. შედეგად, იეჰოვა 24 000 შემცოდველს ანადგურებს. მოსვრა მთავრდება, როცა ფინხასი იეჰოვას წინაშე ჩადენილ უზნეობას არ იწყნარებს.
მეორე აღრიცხვის შედეგად ვლინდება, რომ პირველი აღრიცხვისას სიაში შეტანილი მამაკაცებიდან ცოცხალი აღარავინაა იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის გარდა. იესო ნავეს ძე მოსეს საქმის გამგრძელებლად ინიშნება. ისრაელებს მითითებები ეძლევათ სხვადასხვა მსხვერპლის შეწირვასა და აღთქმების დადებასთან დაკავშირებით. ისრაელი შურს იძიებს მიდიანელებზე. რეუბენის, გადისა და მენაშეს ტომის ნახევარი იორდანეს აღმოსავლეთით სახლდება. ისრაელს მითითებები ეძლევა იორდანეს გადალახვასა და მიწების ხელში ჩაგდების თაობაზე. დგინდება ქვეყნის საზღვრები. სამკვიდრებელი წილისყრით ნაწილდება. ლევიანელებს 48 ქალაქი ეძლევათ. აქედან 6 თავშესაფარი ქალაქია.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
22:20—22. რატომ აღიგზნო იეჰოვას რისხვა ბილყამზე? იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა ბილყამისთვის, რომ არ უნდა დაეწყევლა ისრაელები (რიცხვნი 22:12). მიუხედავად ამისა, წინასწარმეტყველი გაჰყვა ბალაკის მსახურებს ისრაელების დაწყევლის მიზნით. ბილყამს სურდა მოაბის მეფისთვის ესიამოვნებინა და მისგან ჯილდო მიეღო (2 პეტრე 2:15, 16; იუდა 11). მაშინაც კი, როდესაც ბილყამმა დაწყევლის ნაცვლად იძულებით აკურთხა ისრაელები, ის მეფის კეთილგანწყობილების მოპოვებას შეეცადა და ისრაელი მამაკაცების შესაცდენად ბაალის თაყვანისმცემელი ქალების გამოყენება შესთავაზა (რიცხვნი 31:15, 16). ასე რომ, იეჰოვას რისხვის მიზეზი ბილყამის აშკარა სიხარბე იყო.
30:6—8. შეუძლია ქრისტიან მამაკაცს თავისი ცოლის აღთქმის გაუქმება? აღთქმებთან დაკავშირებით, იეჰოვა დღეს ინდივიდუალურად უდგება თავის თაყვანისმცემლებს. მაგალითად, იეჰოვასთვის თავის მიძღვნა პირადი აღთქმაა (გალატელთა 6:5). ქმარს უფლება არა აქვს, გააუქმოს ასეთი აღთქმა. მაგრამ ცოლი უნდა მოერიდოს ისეთი აღთქმის დადებას, რომელიც ღვთის სიტყვას ან ქმრის წინაშე მის მოვალეობებს ეწინააღმდეგება.
რას ვსწავლობთ?
25:11. ფინხასმა იეჰოვას თაყვანისმცემლობისადმი ერთგულების გამოვლენის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა! განა ჩვენც არ უნდა აღგვძრას კრებაში სიწმიდის შენარჩუნების სურვილმა, რომ უხუცესების წინაშე უზნეობის ნებისმიერი შემთხვევა ვამხილოთ?
35:9—29. ვისაც ადამიანი უნებლიედ შემოაკვდებოდა, სახლიდან თავშესაფარ ქალაქში უნდა გაქცეულიყო და იქ უნდა დარჩენილიყო განსაზღვრული პერიოდი. ეს იმას გვასწავლის, რომ სიცოცხლე წმინდაა და უნდა დავაფასოთ.
35:33. უდანაშაულო ადამიანის სისხლით წაბილწულ მიწას მხოლოდ სისხლის დამღვრელის სისხლი გამოისყიდის. ამის შესაბამისად, იეჰოვა გაანადგურებს ბოროტეულებს, ვიდრე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა! (იგავები 2:21, 22; დანიელი 2:44).
ღვთის სიტყვა მოქმედია
პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ იეჰოვასადმი და მათდამი, ვისაც მის ხალხში პასუხისმგებლობები აქვს დაკისრებული. ბიბლიის წიგნ „რიცხვნში“ ეს კარგად არის ხაზგასმული. ის ბევრ რამეს გვასწავლის კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით!
წიგნ „რიცხვნში“ მოთხრობილი შემთხვევებიდან ვხედავთ, რომ ის, ვინც ყურადღებას არ აქცევს სულიერობას, ადვილად შეიძლება გაებას ისეთი ცოდვის მახეში, როგორიც დრტვინვა, უზნეობა და კერპთაყვანისმცემლობაა. ამ წიგნში მოცემული ზოგი მაგალითის — გასათვალისწინებელი შემთხვევის გამოყენება — შესაძლებელი იქნება „ადგილობრივ მოთხოვნილებებში“ იეჰოვას მოწმეთა კრებების სამსახურებრივ შეხვედრებზე. მართლაც ღვთის სიტყვა ‘ცოცხალი და მოქმედია’ ჩვენს ცხოვრებაში (ებრაელთა 4:12).
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
კარვის თავზე გაჩერებული სასწაულებრივი ღრუბლით იეჰოვა ისრაელთა დაბანაკებასა და ადგილიდან დაძვრას ხელმძღვანელობდა.
[სურათები 26 გვერდზე]
იეჰოვა იმსახურებს მორჩილებას; ის ჩვენგან თავისი წარმომადგენლებისადმი პატივისცემის გამოვლენას მოელის.