გამოეხმაურეთ „საყვირის ხმას“!
იეჰოვას მსახურები დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ღმერთი გვხელმძღვანელობს და სულიერად გვაძლიერებს (2 ტიმ. 3:1). ამიტომ თითოეულის პასუხისმგებლობაა, მივყვეთ მის ხელმძღვანელობას. იეჰოვა ძველ დროშიც ხელმძღვანელობდა თავის ხალხს. მაგალითად, უდაბნოში ხეტიალის დროს მღვდლები ერისთვის მითითებების მისაცემად საყვირებს აყვირებდნენ, რასაც ხალხი უყოყმანოდ უნდა გამოხმაურებოდა.
იეჰოვამ მოსეს ორი ვერცხლის საყვირი გამოაჭედვინა. ამ საყვირების მეშვეობით მღვდლები კრებულს „შესაკრებად და ბანაკის ასაშლელად“ მოუხმობდნენ (რიცხ. 10:2). ისინი საყვირებს სხვადასხვა ხმაზე ახმიანებდნენ და ამგვარად ერს სხვადასხვა მითითებას აძლევდნენ (რიცხ. 10:3—8). ღვთის ხალხი დღესაც სხვადასხვა სახით იღებს მითითებებს. მოდი პარალელი გავავლოთ ძველ დროსთან და ვიმსჯელოთ, რა სამი საშუალებით გვხელმძღვანელობს იეჰოვა: 1) თავის ხალხს დიდ შეკრებებზე იწვევს; 2) კრების ზედამხედველებს ამზადებს და 3) ორგანიზაციულ ცვლილებებს ახდენს.
დიდი შეკრებები
მთელი კრებული აღმოსავლეთით კარვის შესასვლელთან რომ შეკრებილიყო, მღვდლები ორივე საყვირს ახმიანებდნენ (რიცხ. 10:3). საყვირების ხმა კარვის გარშემო ოთხ დანაყოფად დაბანაკებულ 12-ვე ტომს ესმოდა. კარვის შესასვლელის სიახლოვეს დაბანაკებულნი, ცხადია, მალე მივიდოდნენ შეკრების ადგილას, მოშორებით დაბანაკებულებს კი მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდებოდათ. ასე იყო თუ ისე, ფაქტია, იეჰოვას სურდა, მისი მითითებების მოსასმენად უკლებლივ ყველა შეკრებილიყო.
ღმერთი დღესაც უხმობს თავის ხალხს შეკრებებზე, იქნება ეს რეგიონული კონგრესები თუ სხვა სულიერი ღონისძიებები, სადაც საჭირო დასწავლებას და მითითებებს ვიღებთ. მთელ მსოფლიოში იეჰოვას ხალხი ერთი და იგივე სულიერი პროგრამით სარგებლობს. ყველა, ვინც ეხმაურება ამ მოწვევას, დიდ სიხარულს განიცდის. ასეთ შეხვედრებზე დასასწრებად ზოგს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევს. თუმცა სულიერი პროგრამის შემდეგ კიდევ ერთხელ რწმუნდებიან, რომ ეს ნამდვილად ღირდა ძალისხმევად.
რის თქმა შეიძლება მათზე, ვინც საცხოვრებელი ადგილმდებარეობის გამო ვერ ახერხებს ასეთ შეხვედრებზე დასწრებას? საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ხშირად ისინიც ისმენენ სულიერ პროგრამას და ერთად შეკრებილი და-ძმების გვერდით გრძნობენ თავს. მაგალითად, მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის მონახულების დროს ბენინის ფილიალმა ტრანსლაციით გადასცა პროგრამა მაღაროელებით დასახლებულ ნიგერის ქალაქ არლიტში, რომელიც საჰარის უდაბნოშია გაშენებული. ამ პროგრამის მოსასმენად არლიტში 21 ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ დაინტერესებულებიც. სიშორის მიუხედავად, მათ ისეთი განცდა დაეუფლათ, რომ ბენინში შეკრებილ ხალხს შორის იყვნენ, რომელთა რიცხვიც 44 131-ს აღწევდა. ერთმა ძმამ ასეთი სიტყვები მისწერა ფილიალს: „მთელი გულით გიხდით მადლობას ამ პროგრამის ტრანსლაციისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით თქვენს სიყვარულში“.
კრების ზედამხედველების მომზადება
როცა მღვდელი ერთ საყვირს აყვირებდა, შეხვედრის კარავთან მხოლოდ თავკაცები — ისრაელის ათასისთავები იკრიბებოდნენ (რიცხ. 10:4). ისინი მოსესგან საჭირო მითითებებსა და ხელმძღვანელობას იღებდნენ, რათა უკეთ გაძღოლოდნენ თავიანთ ტომებს. თქვენ რომ ყოფილიყავით ამ მამაკაცების ადგილას, ალბათ, ყველაფერს იღონებდით, რომ დაუყოვნებლივ მისულიყავით მითითებების მოსასმენად.
ცხადია, დღეს უხუცესები არც კრების თავკაცები არიან და არც ღვთის სამწყსოზე ბატონობენ (1 პეტ. 5:1—3). თუმცა ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საუკეთესოდ დამწყემსონ ღვთის ფარა. მაგალითად, უხუცესები სიხარულით გადიან მომზადებას სამეფო მსახურების სკოლაში. მსგავსი სწავლების კურსები ეხმარება მათ, უფრო ხარისხიანად შეასრულონ თავიანთი დავალება, რაც კრების ყველა წევრზე დადებითად აისახება. შესაძლოა პირადად არ გაგივლიათ ასეთი მომზადება, მაგრამ ცოდნა, რომელსაც ეს ძმები იღებენ, ეჭვგარეშეა, თქვენს სულიერ კეთილდღეობასაც ემსახურება.
ორგანიზაციული ცვლილებები
ზოგჯერ მღვდლები საყვირებს ცვალებად ხმაზე აყვირებდნენ იმის მისანიშნებლად, რომ მთელი ბანაკი დაძრულიყო (რიცხ. 10:5, 6). ბანაკის გადაადგილება საკმაოდ ორგანიზებულად ხდებოდა, რისთვისაც ყველას დიდი შრომა უწევდა. შესაძლოა ზოგს არც კი ეხალისებოდა ამ მითითების თანახმად მოქმედება. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი?
ალბათ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ადგილის შეცვლა საკმაოდ ხშირად და მოულოდნელად უწევდათ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღრუბელი, რომელიც ისრაელებს წინ მიუძღოდა, ზოგჯერ „საღამოდან დილამდე რჩებოდა“, ზოგჯერ კი ორი დღე, ერთი თვე ან უფრო დიდი ხნით (რიცხ. 9:21, 22). რიცხვების 33-ე თავში მოხსენიებულია დაახლოებით 40 ადგილი, სადაც ისრაელები იყვნენ დაბანაკებულები.
ზოგჯერ შესაძლოა ისინი ჩრდილს აფარებდნენ თავს. „დიდ და შიშის მომგვრელ უდაბნოში“ ასეთ ადგილას დაბანაკება მართლაც სასიამოვნო იქნებოდა (კან. 1:19). თუ ეს ნამდვილად ასე იყო, მაშინ გასაგებია, რატომ შეიძლებოდა გასჭირვებოდა ზოგს ასეთი გარემოს დატოვება.
არ არის გამორიცხული, რომ ბანაკის გადაადგილების დროს ზოგის მოთმინება გამოცდილიყო. მართალია, საყვირის ხმა ყველას ესმოდა, მაგრამ ყველა ერთდროულად ვერ დაიძვრებოდა. საყვირის ცვალებადი ხმა იმის ნიშანი იყო, რომ პირველები იუდას, ისაქარისა და ზებულონის ტომები უნდა დაძრულიყვნენ, რომლებიც კარვის აღმოსავლეთით იყვნენ დაბანაკებულები (რიცხ. 2:3—7; 10:5, 6). ამის შემდეგ მღვდლები მეორედ ახმიანებდნენ საყვირს ცვალებად ხმაზე, რათა სამხრეთით დაბანაკებული სამტომიანი დანაყოფი დაძრულიყო. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მთელი ბანაკი არ დაიძვრებოდა.
თქვენც ხომ არ აღმოჩენილხართ მსგავს მდგომარეობაში? შეიძლება გაგიჭირდათ ამა თუ იმ ორგანიზაციულ ცვლილებასთან შეგუება, რადგან ფიქრობდით, რომ ერთიმეორის მიყოლებით მეტისმეტად ბევრი ცვლილება მოხდა; ან შეჩვეული იყავით ყველაფერს და არ გინდოდათ, რამე შეცვლილიყო. როგორც უნდა ყოფილიყო, ალბათ, თქვენი მოთმინებაც გამოიცადა და სიახლესთან შესაგუებლად დრო დაგჭირდათ. ასე რომ, თუ ყველანაირად ვეცდებით, ფეხი ავუწყოთ ცვლილებებს, დავრწმუნდებით, რომ ეს სიახლეები საქმის წინსვლასაც ემსახურება და ჩვენს სულიერ კეთილდღეობასაც.
უდაბნოში ხეტიალის დროს იეჰოვა მილიონებს უკვალავდა გზას. რომ არა მისი მზრუნველობა და ხელმძღვანელობა, ცოცხალი აღარავინ დარჩებოდა. დღესაც იეჰოვას ხელმძღვანელობის წყალობით ვინარჩუნებთ რწმენას ცოცხლად. მოდი ერთგული ისრაელების მსგავსად ჩვენც გამოვეხმაუროთ „საყვირის ხმას“ და მივყვეთ იეჰოვას ხელმძღვანელობას!