მიჰბაძეთ მათ რწმენას | მირიამი
„უმღერეთ იეჰოვას!“
გოგონა იმალება; სუნთქვაშეკრული და დაძაბული გაფაციცებით გასცქერის ლერწმებს. მდინარე ნილოსი მშვიდად მიუყვება თავის კალაპოტს. დრო საშინლად ნელა გადის, მაგრამ ის მოთმინებით იცდის, ლერწმებს თვალს არ აშორებს და მოზუზუნე მწერებს გამალებით იგერიებს. ლერწმებში წყალშეუვალი კალათაა ჩამალული, რომელშიც მისი პატარა ძმა წევს; თავისი უმწეო და მიტოვებული ძმის შემხედვარეს, სიბრალულისგან გული ყელში ებჯინება. თუმცა მან კარგად უწყის, რომ მშობლებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ; ეს იყო ერთადერთი სწორი გზა ბავშვის გადასარჩენად იმ ავბედით ჟამს.
პატარა გოგონა შესაშურ სიმამაცეს ავლენს, თუმცა ეს არაფერია იმ გაბედულებასთან შედარებით, რასაც ის ცოტა ხანში გამოავლენს. პატარაა, მაგრამ მის გულში დიდი რწმენა იბადება, რწმენა, რომელიც მთელი მისი ცხოვრების თანმდევი გახდება. წლების შემდეგ, უკვე ხანდაზმულს, სწორედ ეს რწმენა წარუმართავს ნაბიჯებს თავისი ერის ისტორიის ყველაზე მშფოთვარე პერიოდში. ეს რწმენა დაეხმარება გოგონას მას შემდეგაც, რაც სერიოზულ შეცდომას დაუშვებს ცხოვრებაში. ვის შესახებ მიდის თხრობა? რას ვსწავლობთ მისგან?
მონობაში აღზრდილი
ამ ამბის თხრობისას ბიბლია გოგონას სახელს არ მოიხსენიებს, თუმცა რთული არ არის მისი ვინაობის დადგენა. მისი სახელია მირიამი. ის ეგვიპტეში მცხოვრები ებრაელი მონების, ამრამისა და იოქებედის, უფროსი შვილია (რიცხვები 26:59). კალათაში მწოლიარე მის პატარა ძმას მოგვიანებით მოსეს დაარქმევენ. მას კიდევ ჰყავს ერთი ძმა, აარონი, რომელიც იმ დროს დაახლოებით სამი წლისაა. მართალია, მირიამის ასაკი არ წერია ბიბლიაში, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის იმ დროს ათ წლამდე იქნებოდა.
მირიამს საკმაოდ შავბნელ პერიოდში მოუწია ცხოვრება. ეგვიპტელები ებრაელებში დიდ საფრთხეს ხედავდნენ, ამიტომაც დაიმონეს ეს ხალხი და ჩაგვრა დაუწყეს მათ. ებრაელები რიცხობრივად იზრდებოდნენ და მეტისმეტად ძლიერდებოდნენ. შეშინებულმა ეგვიპტელებმა, ამის შემხედვარე, კიდევ უფრო სასტიკად დაიწყეს მათი შევიწროება. ფარაონმა ბრძანება გასცა, რომ ყველა ებრაელი ბიჭი დაბადებისთანავე მოეკლათ. მირიამს უსათუოდ ექნებოდა გაგებული ებრაელი ბებიაქალების, შიფრასა და ფუას, დიდი რწმენის ამბავი, რომლებიც ღვთისადმი შიშს ავლენდნენ და ცოცხლებს ტოვებდნენ ახალშობილ ებრაელ ბიჭებს (გამოსვლა 1:8—22).
მირიამს მშობლების მიერ გამოვლენილი რწმენაც არ დარჩებოდა შეუმჩნეველი. ამრამი და იოქებედი სამ თვეს მალავდნენ მესამე შვილს. ისინი არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას და საკუთარი შვილი სასიკვდილოდ არ გაწირეს (ებრაელები 11:23). იმ პერიოდში ბავშვის დამალვა ადვილი საქმე არ გახლდათ, ამიტომ ისინი მალევე დადგნენ ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე. იოქებედს შეუმჩნევლად უნდა დაეტოვებინა ბავშვი სადმე უსაფრთხო ადგილას — იქ, სადაც ვინმე ისეთი იპოვიდა მას, ვინც დაიცავდა და აღზრდიდა. წარმოიდგინეთ, რა ემოციებით ლოცულობდა ამ ბავშვის დედა, როცა ლერწმისგან კალათას წნავდა და თან კუპრითა და ფისით ფარავდა მას, წყალი რომ არ შესულიყო. მან თავისი უსაყვარლესი პატარა ამ კალათით მდინარე ნილოსის ნაპირას ლერწმებში ჩასვა. როგორც ჩანს, სწორედ მან უთხრა მირიამს, დარჩენილიყო ბავშვთან და თვალყური ედევნებინა პატარა ძმისთვის (გამოსვლა 2:1—4).
ძმის მხსნელი
მირიამი სულგანაბული უცდიდა მოვლენების განვითარებას. უცებ ხმები შემოესმა. გაიხედა და დაინახა, რომ მდინარისკენ ახალგაზრდა ქალები მოდიოდნენ, თუმცა ისინი ჩვეულებრივ ეგვიპტელებს არ ჰგავდნენ. ფარაონის ასული და მისი მხლებლები ნილოსზე საბანაოდ ჩამოსულიყვნენ. მირიამს ალბათ შიშისგან გული შეუკრთებოდა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ფარაონის ქალიშვილი მამის ბრძანებას გადავიდოდა და ებრაელ ბავშვს სიკვდილისგან დაიხსნიდა. ალბათ მირიამი ლოცვად დაიღვრებოდა იმ წუთებში.
პირველად ფარაონის ქალიშვილმა მოჰკრა თვალი ლერწმებში ჩამალულ კალათას. მან მსახური გოგონა გაგზავნა მის მოსატანად. ბიბლიაში თხრობა შემდეგნაირად გრძელდება: „ახადა მას და მტირალი ბავშვი დაინახა“. ის მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე: რომელიღაც ებრაელი დედა შვილის გადარჩენას ამ გზით ცდილობდა; კი მიხვდა ამას, მაგრამ ძალიან შეებრალა კალათაში მწოლიარე ეს საყვარელი ბავშვი (გამოსვლა 2:5, 6). მირიამს, რომელსაც წამით არ მოუდუნებია ყურადღება, მხედველობიდან ალბათ არც ფარაონის ქალიშვილის სახის გამომეტყველება გამორჩებოდა. ის მიხვდა, რომ სწორედ ახლა იყო დრო, იეჰოვასადმი რწმენა საქმით დაემტკიცებინა; მოიკრიბა გაბედულება და ფარაონის ქალიშვილთან მიირბინა.
ჩვენ არ ვიცით, რა რეაქციას მოელოდა მონობაში მყოფი ეს პატარა ებრაელი გოგონა მათგან, მაგრამ ბიბლიიდან ჩანს, რომ მან პირდაპირ ჰკითხა ფარაონის ქალიშვილის: „წავიდე, დავუძახო ებრაელ ძიძას, რომ ბავშვს ძუძუ მოაწოვოს?“. ეს ნამდვილად ჭკვიანური კითხვა იყო. ფარაონის ქალიშვილმა იცოდა, რომ თვითონ ბავშვს ძუძუს ვერ მოაწოვებდა; ამიტომ იფიქრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ბავშვს რომელიმე ებრაელი ქალი წაიყვანდა, მის ხალხში აღზრდიდა და იზრუნებდა მასზე; ხოლო როცა ბავშვი წამოიზრდებოდა, წამოიყვანდა სასახლეში, როგორც შვილობილს, და თავად იზრუნებდა მის აღზრდა-განათლებაზე. მირიამს გული სიხარულით აევსებოდა, როცა ფარაონის ქალიშვილისგან მოისმენდა სიტყვას: „წადი!“ (გამოსვლა 2:7, 8).
აღფრთოვანებული მირიამი მშობლებთან გაიქცა. წარმოიდგინეთ, რა ემოციებით მოუყვებოდა ის დედას ამ ამბავს. იოქებედი ამაში უდავოდ ღვთის ხელს დაინახავდა. ის მირიამთან ერთად ფარაონის ქალიშვილს ეახლა. ალბათ იოქებედი ყველანაირად შეეცდებოდა, დაემალა თავისი სიხარული და აღფრთოვანება, როდესაც ფარაონის ქალიშვილი შემდეგ სიტყვებს ეტყოდა: „აიყვანე ეს ბავშვი, ძუძუ მოაწოვე და მე გადაგიხდი გასამრჯელოს“ (გამოსვლა 2:9).
იმ დღეს მირიამმა ძალიან ბევრი რამ ისწავლა თავისი ღმერთის, იეჰოვას შესახებ. მან დაინახა, როგორ ზრუნავს ის თავის ხალხზე და როგორ ისმენს მათ ლოცვებს. მიხვდა იმასაც, რომ ნებისმიერ ადამიანს, დიდსა თუ პატარას, კაცსა თუ ქალს, შეუძლია გამოავლინოს სიმამაცე და რწმენა. დიახ, იეჰოვა უსმენს თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს (ფსალმუნი 65:2). ეს ყველა ჩვენგანს კარგად უნდა გვახსოვდეს ამ რთულ დროში!
მზრუნველი და
იოქებედი თავს ევლებოდა პატარას. ადვილი წარმოსადგენია, რა ძლიერ შეუყვარდებოდა მირიამს პატარა ძამიკო, რომლის გადარჩენაშიც თავად მიუძღვოდა წვლილი. ალბათ თვითონ ასწავლიდა პატარას ლაპარაკს და სიხარულისგან ცას ეწეოდა, როცა მისი ძმა პირველად წარმოთქვამდა ღვთის სახელს, იეჰოვას. ბავშვი წამოიზარდა და დადგა დრო, რომ ის ფარაონის ქალიშვილისთვის მიეყვანათ (გამოსვლა 2:10). რა თქმა უნდა, განშორება მტკივნეული იქნებოდა ოჯახის თითოეული წევრისთვის. ალბათ როგორ ენდომებოდა მირიამს, კვლავაც ენახა თავისი პატარა ძმა წლების შემდეგ, უკვე გაზრდილი და დავაჟკაცებული, რომელსაც ფარაონის ქალიშვილმა მოსე დაარქვა. კვლავაც ეყვარებოდა მას იეჰოვა, ეგვიპტის სამეფო კარზე ცხოვრების მიუხედავად?
გავიდა დრო და მოსემ თავისი ცხოვრებით გასცა ამ კითხვას პასუხი. ალბათ მირიამი იამაყებდა, როცა გაიგებდა, რომ მისმა პატარა ძმამ სამეფო კარის ყოველგვარ „სიკეთეს“ ღვთისადმი მსახურება არჩია. 40 წლის ასაკში მოსემ თავისი ხალხის დასაცავად აღმართა ხელი — მოკლა ეგვიპტელი, რომელიც ებრაელ მონას ჩაგრავდა. მან კარგად იცოდა, რომ ეგვიპტელის სიკვდილს არავინ შეარჩენდა, ამიტომ გაიქცა ეგვიპტიდან (გამოსვლა 2:11—15; საქმეები 7:23—29; ებრაელები 11:24—26).
ამის შემდეგ, ალბათ მირიამი ვეღარაფერს შეიტყობდა თავისი ძმის შესახებ მომდევნო 40 წლის განმავლობაში, რადგან მოსე შორეულ მიდიანში გადაიხვეწა და მწყემსი გახდა (გამოსვლა 3:1; საქმეები 7:29, 30). დრო გადიოდა. ხანში შესული მირიამი საკუთარი თვალით ხედავდა, რა საშინელ ყოფაში იყო მისი ხალხი; საშველი კი არსაიდან ჩანდა.
წინასწარმეტყველი მირიამი
მირიამი ალბათ 80 წელს იქნებოდა გადაცილებული, როცა კვლავ შეხვდა თავის ძმას, რომელიც ღვთის დავალებით ებრაელი ხალხის სახსნელად დაბრუნდა ეგვიპტეში. მირიამის ძმები, მოსე და აარონი, ფარაონის წინაშე წარდგნენ და ღვთის ხალხის გათავისუფლება მოითხოვეს. აარონი ღმერთმა მოსეს წარმომადგენლად დანიშნა. მირიამი ალბათ ყველანაირად მხარში ედგა თავის ძმებს, რომელთაც ფარაონმა არაერთხელ უთხრა უარი მოთხოვნებზე, რის გამოც იეჰოვამ ათი სასჯელი დაატეხა თავს ეგვიპტის მიწას. მას შემდეგ, რაც ღმერთმა უკანასკნელი სასჯელი მოუვლინა ეგვიპტეს, რომლის დროსაც პირმშოები დაეხოცათ ფარაონსა და მის ხალხს, დადგა დრო დიდებული თავისუფლების — ისრაელმა დატოვა ეგვიპტე. წარმოიდგინეთ, როგორი შემართებით დაეხმარებოდა მირიამი თავის თანამემამულეებს, რომელთაც წინ მოსე მიუძღოდა, რომ გაეღწიათ მტარვალთა ქვეყნიდან (გამოსვლა 4:14—16, 27—31; 7:1—12:51).
ცოტა ხანში ისრაელი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა: ისინი წითელ ზღვასა და ეგვიპტელ მეომრებს შორის მოექცნენ. მირიამმა თავისი თვალით ნახა, როგორ დადგა მოსე ხალხის წინ, როგორ აღმართა კვერთხი, როგორ გაყო ზღვა შუაზე და როგორ შეუძღვა ხალხს მშრალ ფსკერზე. ამ მოვლენამ უთუოდ განუმტკიცა რწმენა მირიამს და დაარწმუნა, რომ ემსახურებოდა ღმერთს, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეეძლო, თავისი განზრახვის შესასრულებლად (გამოსვლა 14:1—31).
ყველაფერი დამთავრდა. ისრაელმა უსაფრთხოდ გადაკვეთა ზღვა. ფარაონმა და მისმა ჯარმა ზღვის ფსკერზე დაიდეს სამუდამოდ ბინა. მირიამმა კიდევ ერთხელ დაინახა, რომ იეჰოვა დედამიწაზე არსებულ ყველაზე ძლიერ ჯარზეც კი ბევრად აღმატებულია! ხალხმა სიხარულით იეჰოვას განმადიდებელი სიმღერა შემოსძახა. მირიამმა ხელში დაირა აიღო, შეუერთდა მას ყველა ქალი და იეჰოვა ასეთი სიტყვებით განადიდეს: „უმღერეთ იეჰოვას, რადგან დიდად განდიდდა. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი“ (გამოსვლა 15:20, 21; ფსალმუნი 136:15).
ეს იყო მირიამის ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი მომენტი. სწორედ ამ დროს მოიხსენიებს ბიბლია მირიამს წინასწარმეტყველად. ის პირველი ქალია, რომელსაც ბიბლია წინასწარმეტყველს უწოდებს. წმინდა წერილებში სულ რამდენიმე ქალია მოხსენიებული წინასწარმეტყველად და მათ შორის ერთ-ერთია მირიამი, რომელიც ამგვარ განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდა იეჰოვას წინაშე (მსაჯულები 4:4; 2 მეფეები 22:14; ესაია 8:3; ლუკა 2:36).
ბიბლია შეგვახსენებს, რომ იეჰოვა თითოეულს გვაკვირდება და აფასებს ჩვენს თავმდაბლობას, მოთმინებას და სურვილს, ხოტბა შევასხათ მის სახელს. ყველას შეგვიძლია რწმენა საქმეებით დავუმტკიცოთ იეჰოვას, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ასაკსა თუ სქესს. ასეთი რწმენა გულს უხარებს მას; იეჰოვა არასოდეს ივიწყებს თავის ერთგულებს და გულუხვად აჯილდოებს მათ (ებრაელები 6:10; 11:6). მართლაც, მირიამი რწმენის გამოვლენის შესანიშნავი მაგალითია!
სიამაყემ სძლია
პასუხისმგებლობებს და განსაკუთრებულ დავალებებს კურთხევებთან ერთად გარკვეული საშიშროებაც ახლავს თან. იმ დროს, როცა ისრაელი მონობიდან გათავისუფლდა, მირიამი ალბათ ყველაზე ცნობილი ქალი იყო მთელ ერში. დასძლევდა მას სიამაყე და ამბიცია? (იგავები 16:18). სამწუხაროდ, ასეც მოხდა, თუმცა მცირე ხნით.
რამდენიმე თვის შემდეგ მოსესთან შორეული მიდიანიდან ჩამოვიდნენ მისი ცოლი ციფორა, ორ ვაჟთან ერთად და სიმამრი ითრო. მოსე ციფორაზე მიდიანში ორმოცწლიანი ხიზნობის დროს დაქორწინდა. როგორც ჩანს, ციფორა გარკვეული ხნით მამის სახლში ცხოვრობდა, ახლა კი მამამ ის ისრაელის ბანაკში, ქმართან დააბრუნა (გამოსვლა 18:1—5). წარმოიდგინეთ, რა ცნობისმოყვარეობას გამოიწვევდა ისრაელ ერში მათი გამოჩენა! ალბათ ყველას მოუნდებოდა იმ კაცის ცოლის გაცნობა, რომელიც ღმერთმა მათ წინამძღოლად აირჩია.
მირიამიც მსგავსი განწყობით შეხვდა ციფორას გამოჩენას? შესაძლოა თავიდან ასეც იყო, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მას სიამაყემ სძლია. ის ალბათ შიშობდა, რომ ციფორა მის ადგილს დაიკავებდა და ახლა ის გახდებოდა ყველაზე ცნობილი ქალი ისრაელ ერში. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ფაქტია, რომ მირიამმა და აარონმა უარყოფითად დაიწყეს ციფორაზე საუბარი. ასეთი საუბრები, ხშირ შემთხვევაში სიძულვილსა და ბოღმაში გადაიზრდება ხოლმე. სწორედ ასე მოხდა აარონისა და მირიამის შემთხვევაშიც. თავიდან მათი საუბრები მხოლოდ ციფორას ეხებოდა; ისინი ჩიოდნენ, რომ ის ქუშელიa იყო და არა ებრაელი. მაგრამ ცოტა ხანში მოსეზეც დაიწყეს ლაპარაკი. ისინი ამბობდნენ: „მარტო მოსეს პირით ლაპარაკობს იეჰოვა?! განა ჩვენი პირითაც არ ლაპარაკობს?!“ (რიცხ. 12:1, 2).
კეთროვანი მირიამი
მირიამისა და აარონის უარყოფითი განწყობა უფრო მწვავდებოდა. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ იეჰოვა განსაკუთრებული სახით იყენებდა მოსეს. მათ სურდათ, თავად ჰქონოდათ მეტი ძალაუფლება და გავლენა. ამის მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ მოსე ბოროტად იყენებდა თავის უფლებამოსილებას? ცხადია, მოსესაც ჰქონდა ნაკლოვანებები, მაგრამ ის ამაყი ან ამბიციური ადამიანი ნამდვილად არ ყოფილა. ბიბლიაში მის შესახებ ვკითხულობთ: „მოსე უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“. ასე რომ, მირიამი და აარონი სახიფათო გზას ადგნენ. როგორც ბიბლიაში წერია, იეჰოვა უსმენდა მათ ლაპარაკს (რიცხვები 12:2, 3).
იეჰოვამ სამივე და-ძმა შეხვედრის კარავთან მოიხმო. ზეციდან ღრუბლის სვეტი ჩამოვიდა და კარვის შესასვლელთან დადგა, რაც მისი იქ ყოფნის ნიშანი იყო. შემდეგ იეჰოვას ხმა გაისმა. მან მირიამსა და აარონს შეახსენა, თუ როგორი განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მოსესთან და რაოდენ დიდი ნდობა გამოავლინა მის მიმართ, როცა წინამძღოლად აირჩია. იეჰოვამ ჰკითხა მათ: „რატომ არ შეგეშინდათ, ჩემი მსახური მოსეს წინააღმდეგ რომ ილაპარაკეთ?“. ამის გაგონებაზე მირიამი და აარონი ალბათ შიშისგან აცახცახდებოდნენ. მოსესადმი უპატივცემულობის გამოვლენა იეჰოვას თვალში მისდამი გამოვლენილ უპატივცემულობას ნიშნავდა (რიცხვები 12:4—8).
როგორც ჩანს, მირიამმა განაწყო უარყოფითად აარონი თავიანთი რძლის მიმართ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ იეჰოვამ მხოლოდ მირიამი დასაჯა. ღმერთმა მას კეთრი შეჰყარა. ამ საშინელმა დაავადებამ ის „თოვლივით თეთრად“ დაფარა. აარონმა თავი დაიმდაბლა მოსეს წინაშე და სთხოვდა, იეჰოვას შევედრებოდა მათთვის. მან უთხრა მოსეს: „უგუნურად მოვიქეცით“. მოსემ, ამ თვინიერმა კაცმა, შეჰღაღადა იეჰოვას: „ღმერთო, გევედრები! გევედრები, განკურნე ის!“ (რიცხვები 12:9—13). ორივე ძმის ასეთი გულითადი ვედრება ცხადყოფს, თუ რა ძლიერ უყვარდათ თავიანთი უფროსი და, მიუხედავად მისი შეცდომებისა.
მირიამი გამოჯანმრთელდა
იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა და განკურნა მირიამი გულწრფელი მონანიების გამო. ღვთის მითითებით, მას შვიდი დღე უნდა გაეტარებინა ისრაელის ბანაკის გარეთ. მირიამისთვის ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი, სხვების წინაშე ასე შერცხვენილს დაეტოვებინა ბანაკი. მაგრამ მას რწმენა დაეხმარა. იგი დარწმუნებული იყო მისი ზეციერი მამის, იეჰოვას, სამართლიანობაში და იმაში, რომ ღმერთი სიყვარულიდან გამომდინარე სჯიდა მას. მარტოობის შვიდმა დღემ განვლო. ამ ხნის განმავლობაში ბანაკი ადგილიდან არ დაძრულა. მირიამს კვლავ დასჭირდა რწმენის გამოვლენა — მას თავი უნდა დაემდაბლებინა და ბანაკში დაბრუნებულიყო (რიცხვები 12:14, 15).
იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს (ებრაელები 12:5, 6). ღმერთს ძალიან უყვარდა მირიამი, ამიტომ არ დახუჭა თვალი მის სერიოზულ შეცდომაზე და შეაგონა ის. მირიამისთვის სასჯელი მტკივნეული იყო, მაგრამ ამის წყალობით მან სიცოცხლე შეინარჩუნა. მან რწმენა გამოავლინა, არ უგულებელყო აღმზრდელობითი ზომები და დაიბრუნა იეჰოვას კეთილგანწყობა. მირიამმა ისრაელი ერის უდაბნოში ყოფნის ბოლომდე იცოცხლა. ის 130 წელს იქნებოდა მიღწეული, როდესაც ცინის უდაბნოში, კადეშთან მოკვდაb (რიცხვები 20:1). საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ გამოხატა მირიამისადმი თავისი დადებითი დამოკიდებულება, როცა წინასწარმეტყველ მიქას პირით თავის ხალხს შეახსენა: „ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანე და მონობის სახლიდან გამოგისყიდე. წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი“ (მიქა 6:4).
მირიამის ცხოვრებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ჩვენ უნდა დავიცვათ უმწეოები და გაბედულად დავდგეთ სიმართლის მხარეს, როგორც ეს მირიამმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გააკეთა (იაკობი 1:27). მის მსგავსად, ჩვენც სიხარულით უნდა გავუცხადოთ სხვებს ღვთიური ცნობა (რომაელები 10:15). მისი შემთხვევა საყურადღებოა ჩვენთვის, რომ მოვერიდოთ შურსა და ბოღმას (იგავები 14:30). აგრეთვე, თავმდაბლობით უნდა მივიღოთ იეჰოვასგან მომდინარე შეგონება (ებრაელები 12:5). ამგვარად, შევძლებთ ისეთივე რწმენა განვივითაროთ, როგორიც მირიამს ჰქონდა.
a ჩვეულებრივ, „ქუშელები“ ეთიოპიიდან იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს, „ქუშელებს“ მიდიანელებსაც უწოდებდნენ.
b სამივე დედმამიშვილი ერთსა და იმავე წელს დაიღუპა — ჯერ მირიამი, შემდეგ აარონი, ბოლოს კი მოსე.