სული (I)
წმინდა წერილების მიხედვით „სული“ (ებრ. ნეფეშ [נֶפֶשׁ] და ბერძ. ფსიქე [ψυχή]) არის ცალკეული ადამიანი ან ცხოველი; ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლე.
დღესდღეობით „სულის“ ფართოდ გავრცელებული კონოტაცია არ შეესაბამება იმ ებრაული და ბერძნული სიტყვების მნიშვნელობას, რომლებიც ღვთისგან ინსპირირებულმა ბიბლიის დამწერებმა გამოიყენეს. ამ მოსაზრებას დროთა განმავლობაში ბევრმა დაუჭირა მხარი. პროფესორი ჩ. ო. ბრიგზი ნეფეშის გამოყენების შემთხვევების დეტალური გამოკვლევის შემდეგ ჯერ კიდევ 1897 წელს ერთ ჟურნალში წერდა: «თანამედროვე ინგლისურ ენაში [ისევე როგორც ქართულში] „სულის“ მნიშვნელობა ძალიან განსხვავდება ებრაული נפש-ის [ნეფეშ] მნიშვნელობისგან. აქედან გამომდინარე, დაუკვირვებელი მკითხველი ადვილად შეიძლება შევიდეს შეცდომაში» (Journal of Biblical Literature, ტ. XVI, გვ. 30).
მოგვიანებით, როცა „ამერიკის ებრაულმა საგამომცემლო საზოგადოებამ“ თორას (ბიბლიის ხუთწიგნეული) ახალი თარგმანი გამოაქვეყნა, მთავარმა რედაქტორმა, „გაერთიანებული ებრაული კოლეჯის“ პროფესორმა, ჰ. მ. ორლინსკიმ, განაცხადა, რომ სიტყვა „სული“ ამ თარგმანში ფაქტობრივად არ არის ნახსენები. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ „აქ განსჯის საგანია ებრაული სიტყვა ნეფეშ“. შემდეგ დასძინა: „სხვა მთარგმნელებმა ეს სიტყვა სულად თარგმნეს, რაც სრულებით გამორიცხავს მის ნამდვილ მნიშვნელობას. ბიბლია არ ამბობს, რომ სული გვაქვს. ნეფეშ თვითონ ადამიანია, ცოცხალი არსება, რომელსაც სჭირდება საკვები, რომლის ძარღვებშიც სისხლი ჩქეფს, ადამიანი მთელი თავისი არსით“ (The New York Times, 12 ოქტომბერი, 1962).
როგორ წარმოიშვა სწავლება ადამიანის უხილავი და უკვდავი სულის შესახებ?
სულის შესახებ აზრთა სხვაობა იმიტომ არსებობს, რომ ის მნიშვნელობები, რომლებიც მას შესძინეს, ებრაული და ბერძნული წერილებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ წარმართი ბერძენი ფილოსოფოსების შეხედულებებიდან. მაგალითად, ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი თავის „ფედონში“ სოკრატეს ნათქვამს ციტირებს: „როცა სული ... წმინდად და შეურყვნელად ეყრება სხეულს, მისივე მსგავს სამყაროში გადადის იგი, ღვთაებრივ, უხილავ, უკვდავსა და ბრძნულ სამყაროში, სადაც, ყველა ძველ ცდომათა, სიშლეგეთა, შიშთა ... თუ სხვა კაცურ გულისთქმათაგან განრინებული,.. უკვდავთა სიახლოვით იშვებს და იხარებს მარადის“ (გამომცემლობა „ნაკადული“, 1966, თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა, XXIX, გვ. 51).
ბერძნული ფილოსოფიური მოძღვრებისგან განსხვავებით, რომლის თანახმად ფსიქე არის არამატერიალური, უსხეულო, უხილავი და უკვდავი, ფსიქე და ნეფეშ წმინდა წერილების მიხედვით, როცა ცოცხალ მიწიერ ქმნილებებთან გამოიყენება, გულისხმობს მატერიალურს, სხეულებრივს, ხილულსა და მოკვდავს.
„ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ (1967, ტ. XIII, გვ. 467) აღნიშნულია: «[ნეფეშ] უფრო ფართო გაგებით გამოიყენება, ვიდრე ჩვენეული „სული“ და ნიშნავს სიცოცხლეს (გმ. 21:23; კნ. 19:21) ყველა თავისი გამოვლინებით: სუნთქვა (დბ. 35:18; იობ. 41:13 [21]), სისხლი [დბ. 9:4; კნ. 12:23; ფს. 140 (141):8], სურვილი (2სმ. 3:21; იგ. 23:2). ძველ აღთქმაში „სული“ მთლიანი ადამიანია, როგორც ცოცხალი არსება, და არა მისი ნაწილი. ანალოგიურად, ახალაღთქმისეული გაგებით ის არის ცალკეული ადამიანის, ცნობიერების მქონე სუბიექტის სიცოცხლე (მთ. 2:20; 6:25; ლკ. 12:22, 23; 14:26; ინ. 10:11, 15, 17; 13:37)».
„ახალი ამერიკული ბიბლიის“ (კათოლიკური თარგმანი) ბიბლიურ-თეოლოგიური სიტყვების ლექსიკონში ნათქვამია: «ახალ აღთქმაში „სულის ხსნა“ (მრ. 8:35) ადამიანის ხორციელი სხეულისგან გამიჯნული რაღაც „სულიერი ნაწილის“ (პლატონისეული გაგებით) ხსნას კი არ ნიშნავს, არამედ თავად ადამიანის ხსნას, რომელიც არის ცოცხალი, რომელსაც სურს, უყვარს, შეუძლია და ა. შ., იგი კონკრეტულია და ფიზიკური» (The New American Bible, გამომცემლობა P. J. Kenedy & Sons, ნიუ-იორკი, 1970, გვ. 27, 28).
ნეფეშის ფუძის მნიშვნელობა, როგორც ჩანს, „სუნთქვაა“ და იგი პირდაპირი გაგებით შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მსუნთქავი“. კელერისა და ბაუმგარტნერის ლექსიკონი (Veteris Testamenti Libros, ლეიდენი, 1958, გვ. 627) მას ასე განმარტავს: „სუნთქვა, რაც ადამიანსა და ცხოველს აცოცხლებს (დბ. 1:20), სული (ბერძნული შეხედულებისგან აბსოლუტურად განსხვავებული), რომელიც სისხლშია დბ. 9:4; ლვ. 17:11; კნ. 12:23: (249-ჯერ) ... სული = ცოცხალი არსება, ინდივიდი, ადამიანი“.
ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონები ფსიქეს ასე განმარტავენ: „სიცოცხლე“, „ცნობიერი მე ან ადამიანის შინაგანი სამყარო, რომლისთვისაც დამახასიათებელია ემოციები, სურვილები და განცდები“, „ცოცხალი არსება“. ამავე ლექსიკონების მიხედვით არაბიბლიურ ბერძნულ წყაროებში ეს სიტყვა ცხოველებთანაც გამოიყენება. ცნობილია, რომ ეს ნაშრომები უპირველეს ყოვლისა იმ სიტყვებს განიხილავს, რომლებიც ბერძნულ კლასიკურ ლიტერატურაში გვხვდება. აქედან გამომდინარე, მათში მოცემულია ის მნიშვნელობებიც, რომლებსაც წარმართი ბერძენი ფილოსოფოსები სძენდნენ ფსიქეს, მაგალითად: „სხეულს გაყრილი სული“, „უსხეულო და უკვდავი სული“, „სამყაროს სული“, და „მოძრაობისა და სიცოცხლის არამატერიალური საწყისი“. ვინაიდან წარმართი ბერძენი ფილოსოფოსების სწავლებით სული სიკვდილის დროს ტოვებდა ადამიანს, ფსიქე პეპლის მიმართაც გამოიყენებოდა, რომელიც მეტამორფოზას განიცდის — მუხლუხი მოფარფატე მწერად გარდაიქმნება (ჰ. ლიდელისა და რ. სკოტის Greek-English Lexicon, გადამუშავებულია ჰ. ჯოუნზის მიერ 1968, გვ. 2026, 2027; დონეგანის New Greek-English Lexicon, 1836, გვ. 1404).
ძველი ბერძენი მწერლები პირადი თუ რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე ფსიქეს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებდნენ, რის გამოც არ იყვნენ თანმიმდევრული. ერთ თეოლოგიურ ჟურნალში პლატონის შესახებ, რომლის ფილოსოფიური იდეები საფუძვლად დაედო „სულის“ თანამედროვე გაგებას (ასეა საყოველთაოდ აღიარებული), ნათქვამია: „ის სულის სამ ნაწილზე მსჯელობს და ამბობს, რომ ერთ-ერთი არის გონებრივი და აუცილებლად უკვდავი, ხოლო დანარჩენი ორი მოკვდავი; ის ამავდროულად განიხილავს ერთ სხეულში მყოფ ორ სულს და ამბობს, რომ ერთი უკვდავი და ღვთიურია, ხოლო მეორე მოკვდავი“ (The Evangelical Quarterly, ა. მაკკეიგი, ლონდონი, 1931, ტ. III, გვ. 121, Thoughts on the Tripartite Theory of Human Nature).
ვინაიდან არაბიბლიურ წყაროებში ამგვარი არათანმიმდევრულობა შეინიშნება, მხოლოდ წმინდა წერილებიდან თუ გავიგებთ, რა მნიშვნელობას დებდნენ ღვთივშთაგონებული დამწერები ფსიქესა და ნეფეშში. ებრაული წერილების მასორეტულ ტექსტში ნეფეში 754-ჯერ გვხვდება, ხოლო ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უესტკოტისა და ჰორტის ტექსტში ფსიქე — 102-ჯერ, რაც მთლიანობაში 856-ია (იხ. აქ, დანართი 2ა, გვ. 1747). ამ სიტყვების გამოყენების სიხშირე შესაძლებელს ხდის იმის გარკვევას, თუ როგორ ესმოდათ ბიბლიის დამწერებს ეს სიტყვები და ჩვენ როგორ უნდა გვესმოდეს. გამოკვლევას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ მართალია ამ სიტყვებს ფართო გაგება აქვთ და სხვადასხვა ელფერიც დაჰკრავთ, კლასიკური პერიოდის ბერძნული ფილოსოფიური ნაშრომებისგან განსხვავებით ბიბლიის დამწერთა წიგნებში ადამიანის არსთან დაკავშირებით არათანმიმდევრულობა, გაურკვევლობა და დისჰარმონია არ შეიმჩნევა.
პირველი მიწიერი სულები. ნეფეშს პირველად დაბადების 1:20—23-ში ვხვდებით. მეხუთე შემოქმედებით დღეს ღმერთმა თქვა: «„აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები [ნეფეშ] და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა“. დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა და ყველა ცოცხალი სულის [ნეფეშ] შექმნა, რომლებიც წყლებში აფუთფუთდნენ, მათი გვარისდა მიხედვით და ყველა ფრინველისა მათი გვარისდა მიხედვით». მეექვსე შემოქმედებითი დღის აღწერისას ნეფეში აგრეთვე გამოყენებულია შინაური ცხოველების, ქვეწარმავლებისა და გარეული ცხოველების მიმართ, რომლებიც ცოცხალ სულებად მოიხსენიებიან (დბ. 1:24).
ადამიანის შექმნის შემდეგ ღმერთმა მას ცხოველებზე ზრუნვა დაავალა და კიდევ ერთხელ გამოიყენა ნეფეში ცხოველების მიმართ: «ყველა სხვა ცხოველს — ცოცხალ სულს [სიტყვასიტყვით „რომელშიც ცოცხალი სულია“ (ნეფეშ)], მწვანე მცენარეულობა მივეცი საჭმელად» (დბ. 1:30). ცხოველებს სულები შემდეგ მუხლებშიც ეწოდებათ: დაბადების 2:19; 9:10—16; ლევიანების 11:10, 46; 24:18; რიცხვების 31:28; ეზეკიელის 47:9. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც ცხოველების მიმართ ნეფეშის ბერძნული ეკვივალენტი ფსიქე არის გამოყენებული, მაგალითად, გამოცხადების 8:9-სა და 16:3-ში, სადაც ზღვის ბინადრებზეა საუბარი.
მაშასადამე, წმინდა წერილები ნათლად აჩვენებს, რომ ნეფეში და ფსიქე ადამიანზე დაბლა მდგომი ცხოველების მიმართ გამოიყენება. იგივე სიტყვები ადამიანის აღსანიშნავადაც გამოიყენება.
ადამიანი — სული. ზუსტად იგივე ებრაული ფრაზა ნეფეშ ხაიჲაჰ (ცოცხალი სული), რომელიც ცხოველების მიმართ იქნა ნახმარი, ადამის მიმართაც იქნა გამოყენებული. მაშინ, როცა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისგან შექმნა, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ის „ცოცხალ სულად იქცა“ (დბ. 2:7). ადამი ცხოველებისგან განსხვავდებოდა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ის იყო ნეფეში (სული) და ცხოველები — არა, არამედ იმიტომ, რომ როგორც წმინდა წერილებიდან ჩანს, ის „ღვთის ანარეკლად“ იყო შექმნილი (დბ. 1:26, 27). მას ისეთივე ზნეობრივი თვისებები ჰქონდა, როგორიც ღმერთს აქვს. ის სხვადასხვა უნარითა და გონიერებით ცხოველებს ბევრად აღემატებოდა; ამიტომ უნდა ჰყოლოდა მასზე დაბალ საფეხურზე მდგომი ცოცხალი არსებები მორჩილებაში (დბ. 1:26, 28). ადამის ორგანიზმი ცხოველებთან შედარებით უფრო რთული აგებულებისა იყო და მეტი შესაძლებლობა ჰქონდა (შდრ. 1კრ. 15:39). გარდა ამისა, ადამს შეეძლო მარადიულად ეცოცხლა, თუმცა დაკარგა ეს შესაძლებლობა. ცხოველების მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობაზე კი არსად არაფერი წერია (დბ. 2:15—17; 3:22—24).
ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანს „ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა [ნეშამაჰ]“, მაგრამ იმავეს არ ამბობს ცხოველებზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის შექმნა უფრო დეტალურადაა აღწერილი, ვიდრე ცხოველების. გარდა ამისა, დაბადების 7:21—23-ში, სადაც საუბარია წარღვნის დროს „ყოველი ხორციელის“ განადგურებაზე, ადამიანებთან ერთად ცხოველებიც არიან ნახსენები: „მოისპო ყოველივე, რაც სუნთქავდა [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა], რასაც სასიცოცხლო ძალა ჰქონდა — ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო“. როგორც ჩანს, სიცოცხლის სუნთქვა ცხოველებსაც შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა მისცა.
ადამიანის სასიცოცხლო ძალაც ანუ სულიც (ებრ. რუახ, ბერძ. პნევმა) არაფრით განსხვავდება ცხოველის სასიცოცხლო ძალისგან, რაზეც ეკლესიასტეს 3:19—21-ც მოწმობს, სადაც ვკითხულობთ: „ყველას ერთი სული [ვერუახ] აქვს“.
სული — ცოცხალი არსება. როგორც ზემოთ ითქვა, ადამიანი „ცოცხალ სულად იქცა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავად იყო სული. მას არ ჰქონია არამატერიალური, უსხეულო და უხილავი სული. პავლე მოციქულს დაბადების 2:7-დან ციტატა მოჰყავს 1 კორინთელების 15:45—47-ში: «წერია კიდეც: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული [ფსიქენ ზოსან]“ ... პირველი კაცი მიწისგანაა, მტვრისგან არის შექმნილი». მისი ნათქვამი იმაზე მოწმობს, რომ ქრისტიანული სწავლება არაფრით განსხვავდებოდა ებრაული წერილების სწავლებისგან.
როგორც „დაბადება“ ცხადყოფს, ფიზიკური სხეული და სიცოცხლის სუნთქვა არის ის, რაც ადამიანს ან ცხოველს ცოცხალ სულად აქცევს. ფრაზა «რაც სუნთქავდა, რასაც სასიცოცხლო ძალა [სიტყვასიტყვით „სულის სუნთქვა“ (რუახ)] ჰქონდა» (დბ. 7:22) იმის მაჩვენებელია, რომ ყველა ქმნილებას, ადამიანსა თუ ცხოველს, სასიცოცხლო ძალას ანუ „სულს“ ჰაერი უნარჩუნებს. სასიცოცხლო ძალა ნებისმიერი ქმნილების თითოეულ უჯრედშია (იხ. სიცოცხლე; სული (II)).
ვინაიდან ნეფეშ თავად ცოცხალი არსებაა, მას უნდა გააჩნდეს ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურება. ბიბლია ნეფეშს ზუსტად ასე აღწერს. მასზე (სულზე) ნათქვამია, რომ ის ჭამს ხორცს, ქონს, სისხლსა თუ სხვა რამეს (ლვ. 7:18, 20, 25, 27; 17:10, 12, 15; კნ. 23:24); მას შივდება ან სურს საჭმელ-სასმელი (კნ. 12:15, 20, 21; ფს. 107:9; იგ. 19:15; 27:7; ეს. 29:8; 32:6; მქ. 7:1), ის მსუყდება (იგ. 11:25), მარხულობს (ფს. 35:13), ეხება უწმინდურს, მაგალითად ლეშს (ლვ. 5:2; 7:21; 17:15; 22:6; რც. 19:13), გირაოდ მიჰყავთ ან იტაცებენ (კნ. 24:6, 7), საქმეს აკეთებს (ლვ. 23:30), ცივი წყლით გრილდება (იგ. 25:25), იყიდება (ეზკ. 27:13, სქ), დადებული აღთქმისამებრ იწირება (ლვ. 27:2), რკინით იბორკება (ფს. 105:18), ძილი უკრთება (ფს. 119:28) და სულს ღაფავს (იერ. 15:9).
აღსანიშნავია, რომ მრავალ მუხლში გვხვდება „ჩემი სული“, „მისი სული“, „შენი სული“ და ეს იმიტომ, რომ ნეფეშ და ფსიქე ნიშნავს თავად ადამიანს. ეს სიტყვები შეიძლება პირის ნაცვალსახელითაც გადმოიცეს. ერთი ლექსიკონის თანახმად (Lexicon in Veteris Testamenti Libros, გვ. 627) „ჩემი ნეფეში“ იგივეა, რაც „მე“ (დბ. 27:4, 25; ეს. 1:14), „შენი ნეფეში“ — „შენ“ (დბ. 27:19, 31; ეს. 43:4; 51:23), „მისი ნეფეში“ — „იგი“ (რც. 30:2, 5—12; ეს. 53:10).
იმავეს თქმა შეიძლება ბერძნულ ფსიქეზეც. ვაინის ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებით ლექსიკონში ნათქვამია, რომ ფსიქე შეიძლება «პირის ნაცვალსახელის ეკვივალენტადაც იქნეს გამოყენებული ხაზგასმის მიზნით: პირველი პირი (ინ. 10:24, „ჩვენ“; ებ. 10:38); შდრ. დბ. 12:13; რც. 23:10; მსჯ. 16:30; ფს. 120:2 („მე“); მეორე პირი (2კრ. 12:15; ებ. 13:17)» და ა. შ. (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 4, გვ. 54).
სული, როგორც სიცოცხლე. ნეფეშ და ფსიქე აგრეთვე აღნიშნავს სიცოცხლეს, არა როგორც აბსტრაქტულ ძალას ან პირველსაწყისს, არამედ ინდივიდის — ადამიანის ან ცხოველის — სიცოცხლეს.
როცა რახელმა ბენიამინი გააჩინა, ნეფეში (სული ანუ სიცოცხლე) ამოუვიდა და მოკვდა (დბ. 35:16—19) ანუ შეწყვიტა არსებობა; წინასწარმეტყველმა ელიამ კი სარეფთელი ქვრივის გარდაცვლილ ვაჟს ნეფეში (სული ანუ სიცოცხლე) ჩაუბრუნა და „გაცოცხლდა იგი“ ანუ განაგრძო არსებობა (1მფ. 17:17—23).
ცოცხალი ქმნილების არსებობა უსისხლოდ წარმოუდგენელია (დაღვრილი სისხლი ადამიანის თუ სხვა ქმნილების სიცოცხლის სიმბოლოა [დბ. 4:10; 2მფ. 9:26; ფს. 9:12; ეს. 26:21]). ამიტომ წერია წმინდა წერილებში ნეფეშზე (სული), რომ ის „სისხლშია“ (დბ. 9:4; ლვ. 17:11, 14; კნ. 12:23). რა თქმა უნდა, ეს აზრი პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ, რადგან ბიბლიაში ასეთ ფრაზასაც ვხვდებით: „თქვენი სულების სისხლი“ (დბ. 9:5, სქ.; შდრ. იერ. 2:34, სქ.). ამასთანავე, ზემოთ განხილულ მუხლებს ლოგიკურად ვერ დავუკავშირებთ მხოლოდ და მხოლოდ სისხლს ან მისი ცხოველქმედების უნარს.
ნეფეშ (სული) არ არის გამოყენებული მესამე შემოქმედებით „დღეს“ შექმნილ მცენარეულობასთან არც „დაბადებაში“ (დბ. 1:11—13) და არც სხვაგან, რადგან მცენარეებს სისხლი არ გააჩნია.
ბერძნული სიტყვა ფსიქე ცოცხალი არსების მნიშვნელობით გვხვდება შემდეგ მუხლებში: მათე 6:25; 10:39; 16:25, 26; ლუკა 12:20; იოანე 10:11, 15; 13:37, 38; 15:13; საქმეები 20:10. ღვთის მსახურებს მკვდრეთით აღდგომის იმედი აქვთ და იციან, რომ თუ მოკვდებიან, კვლავ იცოცხლებენ, როგორც „სულები“ ანუ ცოცხალი ქმნილებები. ამიტომ თქვა იესომ: „ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სულს [თავის სიცოცხლეს], იხსნის მას. აბა, რას არგებს კაცს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, სულს კი დაკარგავს? ანდა რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“ (მრ. 8:35—37). მან აგრეთვე თქვა: „ვისაც თავისი სული უყვარს, სპობს მას, ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნიერებაში, მარადიული სიცოცხლისთვის დაიცავს მას“ (ინ. 12:25). ამ და სხვა მუხლების დახმარებით შეგვიძლია სწორად გავიგოთ მათეს 10:28-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“. ადამიანებმა სხეული რომც მოსპონ, სამუდამოდ მას მაინც ვერ გაანადგურებენ, რადგან ღვთის თვალში ის კვლავ ცოცხალია (შდრ. ლკ. 20:37, 38) და ღმერთს შეუძლია თავის ერთგულს დაუბრუნოს სიცოცხლე აღდგომის მეშვეობით. ღვთის მსახურებისთვის „სულის“ ანუ სიცოცხლის დაკარგვა დროებითი მოვლენაა და არა მარადიული (შდრ. გმც. 12:11).
მოკვდავია და ექვემდებარება განადგურებას. მათეს 10:28-ში ნათქვამია, რომ ღმერთს „სულის [ფსიქენ] დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“. აქედან გამომდინარე, ფსიქე არ არის უკვდავი და მოუსპობელი. ფაქტობრივად, არც ებრაულ და არც ბერძნულ წერილებში არსად არ არის ნეფეში და ფსიქე დახასიათებული, როგორც უკვდავი და მოუსპობელი (იხ. უკვდავება; უხრწნელობა). პირიქით, ებრაული და ბერძნული წერილების ბევრ მუხლში ნეფეში და ფსიქე (სული) წარმოდგენილია, როგორც მოკვდავი (დბ. 19:19, 20; რც. 23:10; იეს. 2:13, 14; მსჯ. 5:18; 16:30; 1მფ. 20:31, 32; ფს. 22:29; ეზკ. 18:4, 20; მთ. 2:20; 26:38; მრ. 3:4; ებ. 10:39; იაკ. 5:20), მოსაკვეთი ანუ გასანადგურებელი (დბ. 17:14; გმ. 12:15; ლვ. 7:20; 23:29; იეს. 10:28—39; ფს. 78:50; ეზკ. 13:19; 22:27; სქ. 3:23; გმც. 8:9; 16:3) მახვილით (იეს. 10:37; ეზკ. 33:6) ან გაგუდვით (იობ. 7:15), დახრჩობის საფრთხის წინაშე მყოფი (იონ. 2:5), საფლავსა და სამარეში ჩამავალი (იობ. 33:22; ფს. 89:48) ან იქიდან დახსნილი (ფს. 16:10; 30:3; 49:15; იგ. 23:14).
მკვდარი სული. ბიბლიაში რამდენჯერმე გვხვდება გამოთქმა „მკვდარი სული“, რაც უბრალოდ მკვდარს ნიშნავს (იხ. სქოლიო ლვ. 19:28; 21:1, 11; 22:4; რც. 5:2; 6:6; ანგ. 2:13; შდრ. რც. 19:13).
სურვილი. ზოგჯერ სიტყვა ნეფეში გამოხატავს სურვილს, რომელიც იპყრობს ადამიანს და იქამდე არ ასვენებს, ვიდრე თავის მიზანს არ მიაღწევს. მაგალითად, იგავების 13:2-ში ნათქვამია, რომ ვერაგთა სული ძალადობით არის სავსე (შდრ. დბ. 34:3; ფს. 27:12; 35:25; 41:2). იუდადან დარჩენილებზე ვკითხულობთ, რომ „სული მიუწევთ“ იუდას მიწაზე დასაბრუნებლად (იერ. 44:14; შდრ. იგ. 23:1—3; აბკ. 2:5).
მთელი სულით მსახურება. როგორც აღინიშნა, „სული“ უმთავრესად ადამიანს ნიშნავს. თუმცაღა ზოგიერთი მუხლი მოგვიწოდებს, ვეძებოთ ღმერთი, გვიყვარდეს ის და ვემსახუროთ მას „მთელი გულითა და სულით“ (კნ. 4:29; 11:13, 18); გარდა ამისა, კანონის 6:5-ში ნათქვამია: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“, ხოლო იესომ თქვა, რომ ღმერთს უნდა ვემსახუროთ მთელი სულითა და ძალით, და აგრეთვე „მთელი გონებით“ (მრ. 12:30; ლკ. 10:27). იბადება კითხვა: რატომ არის გული, ძალა და გონება სულთან ერთად მოხსენიებული, თუკი სული ისედაც მოიცავს გულს, ძალასა და გონებას? სავარაუდო პასუხის მისაღებად შემდეგი მაგალითი გამოგვადგება: ვინმემ შეიძლება თავი (თავისი სული) მონად მიჰყიდოს ბატონს და გახდეს მისი საკუთრება, თუმცა ის შეიძლება არ ემსახურებოდეს ბატონს მთელი გულით, უხალისოდ აკეთებდეს საქმეს და არ ცდილობდეს ბატონის გულის გახარებას; ბატონის ინტერესების ხელშეწყობას ის შეიძლება არ ახმარდეს მთელ თავის ძალასა და გონებრივ შესაძლებლობებს (შდრ. ეფ. 6:5; კლ. 3:22). ასე რომ, იესომ სულთან ერთად გული, ძალა და გონება, როგორც ჩანს, იმიტომ მოიხსენია, რომ გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორები ჩვენი ბატონის, იეჰოვასადმი და ჩვენი გამომსყიდველის, იესოსადმი მსახურებაში. ის, ვინც „მთელი სულით“ ემსახურება ღმერთს, მთლიანად არის ჩაბმული ღვთის მსახურებაში მთელი თავისი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობებით (შდრ. მთ. 5:28—30; ლკ. 21:34—36; ეფ. 6:6—9; ფლ. 3:19; კლ. 3:23, 24).
რით განსხვავდება ნეფეში რუახისგან და პნევმა ფსიქესგან. ნეფეშ და ფსიქე არ უნდა აგვერიოს რუახსა და პნევმაში, ვინაიდან მათ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ. ებრაელების 4:12-ში ღვთის სიტყვაზე წერია, რომ ის „აღწევს ხორცისა [ფსიქე] და სულის [პნევმა], სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე“ (შდრ. აგრეთვე ფლ. 1:27; 1თს. 5:23). როგორც უკვე აღინიშნა, ნეფეშ და ფსიქე თავად ცოცხალი არსებაა, ხოლო რუახ და პნევმა უმთავრესად ცოცხალი არსების ანუ სულის სასიცოცხლო ძალაა, თუმცა დედნისეულ ენებზე ამ სიტყვებს სხვა მნიშვნელობებიც აქვთ.
ბერძნულ ფსიქესა და პნევმას შორის სხვაობის უკეთ დანახვაში დაგვეხმარება კორინთელების მიმართ მიწერილი პირველი წერილი, რომელშიც პავლე მსჯელობს ქრისტიანების სულიერ აღდგომაზე. ის „ხორციელ სხეულს [ფსიქიკონ, სიტყვასიტყვით მშვინვიერი]“ „სულიერ სხეულს [პნევმატიკონ]“ უპირისპირებს. მაშასადამე, პავლეს იმის თქმა სურს, რომ სიკვდილამდე ცხებულ ქრისტიანებს მშვინვიერი სხეული აქვთ, პირველი ადამიანის, ადამის მსგავსად, ხოლო განდიდებული იესო ქრისტეს მსგავსად აღდგომისას სულიერ სხეულს იღებენ (1კრ. 15:42—49). მსგავს განსხვავებას აკეთებს იუდაც, როცა «ხორციელ ადამიანებზე [ფსიქიკე, სიტყვასიტყვით „მშვინვიერი“ (ადამიანები)]» ამბობს, რომ მათ «სულიერობა [სიტყვასიტყვით „სული“ (პნევმა)] არა აქვთ» (იუდ. 19).
ღვთის სული. ზემოხსენებული განხილვიდან გამომდინარე, გამოდის რომ, იქ, სადაც ღმერთი თავის სულზე (ლვ. 26:11, 30; ფს. 24:4; ეს. 42:1) ლაპარაკობს, სული ანთროპომორფული მნიშვნელობითაა გამოყენებული ანუ ღმერთს ფიზიკური და ადამიანური თავისებურებები მიეწერება (მაგალითად, მასზე ნათქვამია, რომ აქვს თვალები, ხელები და ა. შ.), რაც აადვილებს ღვთის წარმოდგენასა და აღქმას. სადაც იეჰოვა ამბობს: „ჩემი ნეფეშ“, საკუთარ თავს გულისხმობს. სინამდვილეში, „ღმერთი არის სული [პნევმა]“ (ინ. 4:24; იხ. იეჰოვა [ღვთის დიდებულების აღწერილობა]).