-
მესიაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
წინასწარმეტყველი, რომელიც მრავალ ნიშანს მოახდენდა. ღმერთს მოსეს მეშვეობით ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა უფრო დიდი წინასწარმეტყველის გამოჩენა (კნ. 18:18). იესოს დროს იუდეველები ამ წინასწარმეტყველის მოლოდინში იყვნენ (ინ. 6:14). პეტრემ იცოდა, რომ მის რელიგიურ მოწინააღმდეგეებსაც კი სჯეროდათ, კანონის 18:18-ში ჩაწერილი მოსეს წინასწარმეტყველება მესიაზე რომ უნდა შესრულებულიყო, რასაც საქმეების 3:22, 23 ადასტურებს. ჭასთან მისულმა სამარიელმა ქალმაც იცოდა, რომ მესია წინასწარმეტყველი უნდა ყოფილიყო (ინ. 4:19, 25, 29). ხალხი მესიისგან ნიშნების მოხდენას ელოდა (ინ. 7:31).
-
-
მოსეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მოსემ იესო ქრისტეზე იეჰოვას შემდეგი სიტყვებიც დაწერა: „მოვუვლენ მათ შენნაირ წინასწარმეტყველს თავიანთი ძმებიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და იმას ილაპარაკებს, რასაც ვუბრძანებ“ (კნ. 18:18, 19). ამ წინასწარმეტყველების ციტირებისას მოციქულმა პეტრემ ცხადყო, რომ ის იესო ქრისტეს ეხებოდა (სქ. 3:19—23).
პეტრემ, იაკობმა და იოანემ, რომლებსაც ნება მიეცათ, ეხილათ იესოს გარდასახვა, დაინახეს, რომ მოსე და ელია იესოს ელაპარაკებოდნენ. მოსე ამ სამი მოციქულისთვის კანონის შეთანხმების, ისრაელის კრებულის თეოკრატიული წყობის, ერის ხსნისა და აღთქმულ მიწაზე ისრაელის უსაფრთხოდ შეყვანის სიმბოლოს წარმოადგენდა. ხილვიდან ჩანდა, რომ იესო ქრისტე ისეთივე საქმეს შეასრულებდა, როგორსაც მოსე და ელია, თუმცა მისი საქმე უფრო დიდი და მასშტაბური იქნებოდა. აშკარა გახდა, რომ ღვთის ძე მოსეზე დიდი წინასწარმეტყველი იყო და მესიის წოდებას იმსახურებდა. გარდა ამისა, მოსე და ელია წმინდა სულით ცხებულ ქრისტიანებსაც განასახიერებდნენ, რომელთაც ქრისტესთან ერთად განდიდების იმედი აქვთ (მთ. 17:1—3; რმ. 8:17; გმც. 11:1—6; იხ. გარდასახვა).
ამ ორი უდიდესი წინასწარმეტყველის, მოსესა და იესო ქრისტეს ცხოვრებას შორის ბევრი მსგავსება არსებობს. ჩვილობაში ორივე გადაურჩა მმართველთა მოწყობილ გენოციდს (გმ. 1:22; 2:1—10; მთ. 2:13—18). იეჰოვამ ეგვიპტიდან მოუხმო მოსესა და თავის პირმშოს, ისრაელ ერს, რომელსაც მოსე წინამძღოლობდა. იესოც, ღვთის პირმშო, ეგვიპტიდან იყო მოხმობილი (გმ. 4:22, 23; ოს. 11:1; მთ. 2:15, 19—21). ორივემ 40 დღე იმარხულა უდაბნოში (გმ. 34:28; მთ. 4:1, 2). ორივე იეჰოვას სახელით იყო გაგზავნილი (იესოს სახელი ნიშნავს, „იეჰოვაა ხსნა“) (გმ. 3:13—16; მთ. 1:21; ინ. 5:43). მოსეს მსგავსად, იესოც იეჰოვას სახელს აცხადებდა (კნ. 32:3; ინ. 17:6, 26). ორივე გამოირჩეოდა თვინიერებითა და თავმდაბლობით (რც. 12:3; მთ. 11:28—30). ორივემ სარწმუნო მტკიცებულებით ცხადყო, რომ ღვთისგან იყვნენ გამოგზავნილები. ორივე ახდენდა შთამბეჭდავ სასწაულებს; თუმცა იესომ მკვდრეთითაც აღადგინა ხალხი (გმ. 14:21—31; ფს. 78:12—54; მთ. 11:5; მრ. 5:38—43; ლკ. 7:11—15, 18—23).
მოსე იყო ღმერთსა და ისრაელ ერს შორის დადებული შეთანხმების შუამავალი, ხოლო იესო — ღმერთსა და „წმინდა ერს“, „ღვთის ისრაელს“ შორის დადებული ახალი შეთანხმების შუამავალი (1პტ. 2:9; გლ. 6:16; გმ. 19:3—9; ლკ. 22:20; ებ. 8:6; 9:15). ორივე მოსამართლე, კანონმდებელი და წინამძღოლი იყო (გმ. 18:13; 32:34; დნ. 9:25; მლ. 4:4; მთ. 23:10; ინ. 5:22, 23; 13:34; 15:10). მოსემ, როგორც ღვთის სახლზე, ანუ ისრაელ ერზე დაყენებულმა მსახურმა, ერთგულება დაამტკიცა. იესომაც დაამტკიცა, რომ ერთგულად უხელმძღვანელებდა ღვთის სახლს, სულიერ ისრაელს, ანუ კრებას, რომელიც თავად დააფუძნა (რც. 12:7; ებ. 3:2—6). მსგავსება მათ შორის იმაშიც იყო, რომ ღმერთმა მოსესა და იესოს სიკვდილის შემდეგ მათი ცხედრები გააქრო (კნ. 34:5, 6; სქ. 2:31; იუდ. 9).
უდაბნოში მოსეს 40-წლიანი ხიზნობის ბოლოს, როცა ის სიმამრის ფარას მწყემსავდა, ღვთის ანგელოზი ხორების მთის ძირში სასწაულებრივად გამოეცხადა ცეცხლმოკიდებულ ბუჩქში. იქ იეჰოვამ დაავალა მოსეს, ეგვიპტიდან გამოეყვანა ღვთის ხალხი (გმ. 3:1—15). ამგვარად, ღმერთმა დანიშნა ის თავის წინასწარმეტყველად და წარმომადგენლად. ამის შემდეგ ის მართებულად შეიძლებოდა წოდებულიყო ცხებულად, ანუ ქრისტედ. ამ დიდი პატივის მისაღებად მოსეს უარი ჰქონდა ნათქვამი „ეგვიპტის განძზე“ და „არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ“ და შეურაცხყოფილი ყოფილიყო. მას „ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ ცხებულობის გამო შეურაცხყოფა მიაჩნდა“ (ებ. 11:24—26).
-
-
წინასწარმეტყველიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იესო ქრისტე იყო მოსეს დაპირებული წინასწარმეტყველი, რომელსაც ხალხი დიდი ხანია ელოდებოდა (ინ. 1:19—21, 25—27; 6:14; 7:40; კნ. 18:18, 19; სქ. 3:19—26). მის მიერ მოხდენილმა სასწაულებმა და უჩვეულო წვდომის უნარმა ბევრი დაარწმუნა, რომ ის წინასწარმეტყველი იყო (ლკ. 7:14—16; ინ. 4:16—19; შდრ. 2მფ. 6:12). იეჰოვასთან ახლოს მასავით არავინ ყოფილა (იერ. 23:18; ინ. 1:18; 5:36; 8:42). ის ძველად მცხოვრები წინასწარმეტყველების სიტყვებს ხშირად ციტირებდა იმის დასადასტურებლად, რომ ღვთისგან იყო დანიშნული და უფლებამოსილი (მთ. 12:39, 40; 21:42; ლკ. 4:18—21; 7:27; 24:25—27, 44; ინ. 15:25). მან იწინასწარმეტყველა, როგორ გასცემდნენ და მოკლავდნენ, როგორც წინასწარმეტყველი მოკვდებოდა იერუსალიმში, რომელსაც „წინასწარმეტყველთა დამხოცველი“ უწოდა, მოწაფეები მიატოვებდნენ, პეტრე სამჯერ უარყოფდა და ღმერთი მესამე დღეს მკვდრეთით აღადგენდა. ამ წინასწარმეტყველებებიდან ბევრს საფუძვლად ედო ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები (ლკ. 13:33, 34; მთ. 20:17—19; 26:20—25, 31—34). იესომ იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურებაც იწინასწარმეტყველა (ლკ. 19:41—44; 21:5—24). მის მსმენელთა სიცოცხლეში ამ ყოველივეს ზედმიწევნით შესრულებამ განამტკიცა მათი რწმენა, რომ შესრულდებოდა ის წინასწარმეტყველებებიც, რომლებიც იესომ თავის მოსვლასთან დაკავშირებით წარმოთქვა (შდრ. მთ. 24; მრ. 13; ლკ. 21).
-