ომი
ბრძოლა, რომელიც მიმართულია მტრის დასამორჩილებლად ან გასანადგურებლად. ებრაულ წერილებში ომის აღსანიშნავად რამდენიმე სიტყვა გამოიყენება. ერთ-ერთი მათგანი ნაწარმოებია ზმნური ფუძიდან კარავ, რაც ახლოს მისვლას ნიშნავს. ბერძნულ წერილებში ომის აღმნიშვნელი არსებითი სახელია პოლემოს და ზმნა სტრატევო, რომლის ფუძეც დაბანაკებულ ჯარს ნიშნავს.
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ნიმროდი „შევიდა ასურეთში“; როგორც ჩანს, ის სემის ვაჟის, აშურის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ ქალაქები ააშენა (დბ. 10:11). აბრაამის დროს ელამის მეფე ქედარლაომერს 12 წელი ჰყავდა რამდენიმე ქალაქი (ყველა მათგანი, სავარაუდოდ, მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროს გარშემო იყო განლაგებული) დამორჩილებული და მათ მკვიდრთ იძულებით ამუშავებდა. როცა ეს ქალაქები ქედარლაომერს აუჯანყდნენ, მან თავის მოკავშირეებთან ერთად მათ წინააღმდეგ გაილაშქრა, სძლია სოდომსა და გომორას, წაიღო მათი ქონება, ხოლო აბრაამის ძმისშვილი ლოტი და მისი ოჯახი ტყვედ წაიყვანა. მაშინ აბრაამმა თავის მსახურთაგან 318 ძლიერი ვაჟკაცი შეკრიბა და სამ მოკავშირესთან ერთად ქედარლაომერს დაედევნა, ტყვეები გაათავისუფლა და მისი ნაძარცვი წამოიღო, მაგრამ თავისთვის არაფერი აუღია. ეს არის პირველი წერილობითი ცნობა ღვთის მსახურის მიერ წარმოებული ომის შესახებ. იეჰოვამ მოიწონა აბრაამის ბრძოლა თავისი მსახურის დასახსნელად, რაც იქიდან ჩანს, რომ უზენაესი ღვთის მღვდელმა, მელქისედეკმა ბრძოლიდან დაბრუნებული აბრაამი აკურთხა (დბ. 14:1—24).
ღვთის მითითებით წარმოებული ომები. იეჰოვას „მამაცი მეომარი“, „ლაშქართა ღმერთი“ და „ბრძოლაში ძლიერი“ ეწოდება (გმ. 15:3; 2სმ. 5:10; ფს. 24:8, 10; ეს. 42:13). როგორც შემოქმედსა და სამყაროს უზენაეს ხელისუფალს, მას აქვს უფლება და სამართლიანობის გრძნობაც ავალდებულებს, დასაჯოს ან ვინმეს დაასჯევინოს უკანონობის მოქმედნი, და აწარმოოს ომი მათ წინააღმდეგ, ვინც ჯიუტად უგულებელყოფს მის სამართლიან ნორმებს. იეჰოვა სამართლიანად მოიქცა, როცა წარღვნით გაანადგურა ბოროტები, მოსპო სოდომი და გომორა და მიწასთან გაასწორა ფარაონის ჯარი (დბ. 6:5—7, 13, 17; 19:24; გმ. 15:4, 5; შდრ. 2პტ. 2:5—10; იუდ. 7).
ისრაელი, როგორც ღვთის განაჩენის აღმსრულებელი. იეჰოვამ ისრაელს აღთქმულ მიწაზე, სადაც თავად მიიყვანა, თავისი განაჩენის აღსრულება დაავალა, რაც მათთვის წმინდა მოვალეობა იყო. ეგვიპტიდან გამოსვლამდე ისრაელს საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონია (გმ. 13:17). მაგრამ იეჰოვამ ისრაელს მასზე მრავალრიცხოვან და ძლიერ „შვიდ ერზე“ გაამარჯვებინა, რითაც „ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, ისრაელის რაზმების ღმერთმა“ თავისი სახელი განადიდა. ამგვარად გამოჩნდა, რომ „იეჰოვა არც მახვილით იხსნის და არც შუბით, რადგან იეჰოვასია ბრძოლა“ (კნ. 7:1; 1სმ. 17:45, 47; შდრ. 2მტ. 13:12). მართალია, ომების წარმოების დროს ისრაელები სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ, მაგრამ ამგვარად მათ შეეძლოთ დაემტკიცებინათ, რომ ბოლომდე იეჰოვას მორჩილები იყვნენ (კნ. 20:1—4).
ბრძოლა მხოლოდ ღვთის მიერ დადგენილ საზღვრებში. ღმერთმა მკაცრად აუკრძალა ისრაელებს იმ ტერიტორიების დაპყრობა, რომელთა მიცემას არ დაჰპირებია, და იმ ერებზე თავდასხმა, რომელთა წინააღმდეგ გალაშქრება მათთვის არ უბრძანებია. მათ ეკრძალებოდათ ედომთან, მოაბთან და ამონთან ბრძოლა (კნ. 2:4, 5, 9, 19). თუმცა მოგვიანებით, როცა ეს ერები მათ თავს დაესხნენ, ისრაელებს ბრძოლით მოუწიათ თავის დაცვა, რაშიც მათ ღმერთი დაეხმარა (მსჯ. 3:12—30; 11:32, 33; 1სმ. 14:47).
მსაჯულების დროს, როცა ამონის მეფემ ისრაელზე თავდასხმა განიზრახა, თავისი განზრახვის გასამართლებლად ისრაელებს ამონის მიწის მიტაცებაში დასდო ბრალი. ამონის მეფის ბრალდების გასაბათილებლად იფთახმა მას ისტორიული ფაქტები შეახსენა. შემდეგ იფთახმა გაილაშქრა ამონელთა წინააღმდეგ შემდეგი პრინციპის საფუძველზე: „იმას განვდევნით, ვისაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი განგვადევნინებს“. იფთახი მომხდურს ღვთისგან ბოძებულ ერთ გოჯ მიწასაც არ დაუთმობდა (მსჯ. 11:12—27; იხ. იფთახი).
საომრად განწმენდილნი. ძველად ისრაელის ჯარს გალაშქრებამდე განწმენდა მოეთხოვებოდა (იეს. 3:5; იერ. 6:4; 51:27, 28). ომის დროს ისრაელის ჯარს, რომელშიც არაებრაელებიც შედიოდნენ (მაგალითად, ურია ხეთელი, სავარაუდოდ, წინადაცვეთილი პროზელიტი), რიტუალური სიწმინდე უნდა დაეცვა. ომიანობის დროს ჯარისკაცებს თავიანთ ცოლებთანაც კი ეკრძალებოდათ სქესობრივი ურთიერთობა. შესაბამისად, ისრაელის ჯარს არც მეძავები ახლდნენ თან. დაბანაკებული ჯარი არაფრით უნდა გაუწმინდურებულიყო (ლვ. 15:16, 18; კნ. 23:9—14; 2სმ. 11:11, 13).
როცა ისრაელი ღმერთს ორგულობდა, ღმერთი მას უცხო ერთა ჯარებს ანადგურებინებდა, რომლებიც „განწმენდილებად“ ითვლებოდნენ, ანუ „გამოყოფილნი“ იყვნენ იმისათვის, რომ იეჰოვას მათი მეშვეობით თავისი სამართლიანი განაჩენი აღესრულებინა (იერ. 22:6—9; აბკ. 1:6). მაგალითად, იმ ჯარებს (ძირითადად, მიდიელები და სპარსელები), რომლებმაც ბაბილონი გაანადგურეს, იეჰოვა „ჩემს განწმენდილებს“ უწოდებს (ეს. 13:1—3).
ისრაელში ხარბი ცრუწინასწარმეტყველები „ომს უცხადებდნენ“ მას, „ვინც პირში არაფერს“ ჩაუდებდათ. ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოს ხალხის ჩაგვრის უფლებას ღმერთი აძლევდათ. ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა და ღვთის მსახურთა დევნასა და ხოცვაში მათაც მიუძღოდათ ბრალი (მქ. 3:5; იერ. 2:8; გდ. 4:13).
ჯარში გაწვევა. იეჰოვას ბრძანებისამებრ ისრაელ მამაკაცებს ჯარში 20 წლის ასაკიდან იწვევდნენ. იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, რომ ისინი 50 წლამდე იყვნენ სამხედრო სამსახურში („იუდეველთა სიძველენი“, წ. III, თ. 12, აბზ. 4). ვინაიდან ისრაელი იეჰოვას ომებს აწარმოებდა, საომრად არ მიჰყავდათ ისინი, ვისაც ბრძოლის ეშინოდა, რადგან მხდალი და სუსტი რწმენის მქონე თანამებრძოლებს საბრძოლო სულისკვეთებას გაუნელებდა. სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებოდა ის, ვისაც სახლი ახალი აშენებული ჰქონდა და ვისაც ახალჩაყრილი ვენახიდან მოსავალი ჯერ არ ჰქონდა აღებული. ეს გამონაკლისი იმიტომ იყო დაშვებული, რომ კაცს თავისი შრომის ნაყოფით გაეხარა. ახალდაქორწინებული კაცი ჯარიდან ერთი წლით თავისუფლდებოდა, რაც მემკვიდრის ყოლის საშუალებას აძლევდა. აქედან ჩანდა, როგორ ზრუნავდა იეჰოვა ოჯახებზე (რც. 1:1—3, 44—46; კნ. 20:5—8; 24:5). სამხედრო სამსახურისგან საწმინდარში მომსახურე ლევიანებიც თავისუფლდებოდნენ. ეს იმაზე მეტყველებდა, რომ იეჰოვასთვის ხალხის სულიერი კეთილდღეობა სამხედრო თავდაცვაზე მნიშვნელოვანი იყო (რც. 1:47—49; 2:32, 33).
ქალაქებზე იერიშის მიტანა და მათი ალყაში მოქცევა. იეჰოვამ ისრაელს მისცა მითითებები, თუ როგორ უნდა დაეპყროთ ქანაანი. კანონის 7:1, 2-ში მოხსენიებული შვიდი ერი დიდიან-პატარიანად უნდა ამოეწყვიტათ და მათი ქალაქები გაენადგურებინათ (კნ. 20:15—17). კანონის 20:10—15-ის თანახმად, სხვა ქალაქებისთვის დაზავება უნდა შეეთავაზებინათ. დაზავება მტრის ინტერესებში შედიოდა, რადგან იმის გარანტია ჰქონდათ, რომ ქალაქის მცხოვრებთ არ დახოცავდნენ, მათ ქალებს არ გააუპატიურებდნენ და არ ააწიოკებდნენ. ამგვარად ისინი მასობრივ სისხლისღვრასაც აირიდებდნენ თავიდან. თუ ქალაქი არ დანებდებოდა, ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი უნდა დაეხოცათ, რათა მოგვიანებით ეს ქალაქი არ აჯანყებულიყო. ქალები და ბავშვები ცოცხლები უნდა დაეტოვებინათ. კანონის 21:10—14-დან კარგად ჩანს, რომ ქალებში ქალწულები იგულისხმებოდნენ, რადგან ამ მუხლებში ნათქვამია, რომ ტყვე ქალს, რომელიც ისრაელის საცოლე გახდებოდა, დედ-მამა უნდა გამოეტირებინა და არა ქმარი. უფრო ადრე ისრაელებს მითითება მიეცათ, რომ მიდიანის დაპყრობის დროს მხოლოდ ქალწულები დაეტოვებინათ ცოცხლად. ეს მითითება ისრაელს ცრუთაყვანისმცემლობისგან და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან იცავდა (რც. 31:7, 17, 18; ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ იყო ქანაანელებისთვის ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანი, იხ. სტატიაში ქანაანი, ქანაანელი [ისრაელის მიერ ქანაანის დაპყრობა]).
საალყო ნაგებობების ასაგებად ნაყოფის მომცემი ხეები არ უნდა მოეჭრათ (კნ. 20:19, 20). ბრძოლის დროს მტრის ცხენებისთვის მყესები უნდა გადაეჭრათ, ბრძოლისთვის გამოუსადეგარი რომ გამხდარიყვნენ, ბრძოლის შემდეგ კი მათ ხოცავდნენ (იეს. 11:6).
ქრისტიანული ბრძოლა. ქრისტიანები პირდაპირი გაგებით „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ“ კი არ იბრძვიან (ეფ. 6:12), არამედ სულიერ ომში არიან ჩაბმულნი. პავლე მოციქულმა ეს ბრძოლა შეადარა „ცოდვის კანონსა“ და „ღვთის კანონს“ ანუ „გონების კანონს“ (ქრისტიანის გონება ღვთის გონებას უნდა შეესაბამებოდეს) შორის ჭიდილს, რომელიც ქრისტიანში მიმდინარეობს (რმ. 7:15—25).
ქრისტიანული ბრძოლა მძიმეა და გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. მაგრამ ღვთის მსახური დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქრისტეს მეშვეობით გამოვლენილი ღვთის წყალობისა და წმინდა სულის დახმარებით გაიმარჯვებს (რმ. 8:35—39). ამ ბრძოლის შესახებ იესომ თქვა: „ძალ-ღონე არ დაიშუროთ ვიწრო კარში შესასვლელად“ (ლკ. 13:24). პეტრემ თანამორწმუნეებს ურჩია: „ერიდეთ ხორციელ სურვილებს, რომლებიც სულს ებრძვიან [მის წინააღმდეგ სამხედრო სამსახურს ეწევიან (სტრატევონტე), Int]“ (1პტ. 2:11; შდრ. იაკ. 4:1, 2).
ბოროტი სულების წინააღმდეგ. ქრისტიანებს ცოდვის კანონის გარდა ბრძოლა უწევთ დემონების წინააღმდეგ, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მათი სისუსტეებით და ცოდვისკენ უბიძგებენ მათ (ეფ. 6:12). ამასთანავე, თავიანთი გავლენის ქვეშ მყოფთა მეშვეობით დემონები ცდილობენ აცდუნონ, წინააღმდეგობა გაუწიონ და შეავიწროონ ქრისტიანები, რათა მათ ღმერთს უღალატონ (1კრ. 7:5; 2კრ. 2:11; 12:7; შდრ. ლკ. 4:1—13).
ცრუ სწავლებების წინააღმდეგ. მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად, მას და მის თანამსახურებს ქრისტიანულ კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობების შესასრულებლადაც უწევდათ ბრძოლა (2კრ. 10:3). კორინთის კრება იმ კადნიერ ადამიანთა გავლენის ქვეშ მოექცა, რომელთაც პავლემ „ცრუმოციქულები“ უწოდა. ისინი ზოგიერთ ქრისტიანს გამორჩეულად ექცეოდნენ, რაც კრებაში განხეთქილებასა და დაყოფას იწვევდა (2კრ. 11:13—15). ამიტომ, ისინი ადამიანთა, კერძოდ, აპოლოსის, პავლესა და კეფას მიმდევრებად იქცნენ (1კრ. 1:11, 12). ამ კრების წევრებმა სულიერი ხედვა დაკარგეს — მხედველობიდან გამორჩათ, რომ ეს მამაკაცები მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს წარმომადგენლები იყვნენ და შეხმატკბილებულად ერთ საერთო მიზანს ემსახურებოდნენ. ასეთი აზროვნების გამო პავლემ მათ ხორციელნი უწოდა (1კრ. 3:1—9). ნაცვლად იმისა, რომ ძმების სულიერი მოწიფულობა დაეფასებინათ, ისინი მათ ხორციელად აფასებდნენ ანუ ყურადღებას მათ გარეგნობას, უნარსა და ნიჭს აქცევდნენ. ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რომ კრებაში ღვთის სული მოქმედებდა და პავლეს, პეტრესა და აპოლოსის მსახურებას ეს სული წარმართავდა ისევ და ისევ ღვთის განსადიდებლად.
ამიტომაც სწერდა მათ პავლე: „იმას გევედრებით, რომ მანდ ყოფნისას არ მომიწიოს ისე გაბედულად მოქცევა, როგორც ვაპირებ, რადგან გადაწყვეტილი მაქვს, მკაცრ ზომებს მივმართო ზოგიერთების წინააღმდეგ, რომელთაც ჰგონიათ, რომ ხორციელად დავდივართ. თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის, რადგან მას ღვთისგან აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა დასამხობად. ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს, ყოველ აზრს ვატყვევებთ ქრისტესთვის დასამორჩილებლად“ (2კრ. 10:2—5).
ეფესოში კრებაზე საზრუნავად დატოვებულ ტიმოთეს პავლემ მისწერა: „ამ ბრძანებას შენ განდობ, შვილო, ტიმოთე, იმ წინასწარმეტყველებათა თანახმად, რომლებიც პირდაპირ შენზე მიუთითებდა, რათა მათი მეშვეობით განაგრძო ღირსეულ ბრძოლაში მონაწილეობა და გქონდეს რწმენა და სუფთა სინდისი“ (1ტმ. 1:18, 19). ტიმოთეს ბრძოლა უწევდა არა მარტო საკუთარ ცოდვილ სხეულთან და ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეებთან, არამედ კრებაში შემოპარულ ცრუ სწავლებებთან და კრების გამხრწნელებთან (1ტმ. 1:3—7; 4:6, 11—16). ტიმოთეს უნდა გაეძლიერებინა კრება განდგომილთათვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომლებიც, პავლეს სიტყვების თანახმად, მოციქულთა სიკვდილის შემდეგ გამოჩნდებოდნენ (2ტმ. 4:3—5). ასე რომ, ტიმოთე მართლაც მძიმე ბრძოლაში იყო ჩაბმული.
პავლეს შეეძლო ტიმოთესთვის ეთქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2ტმ. 4:7). წინააღმდეგობის, ტანჯვისა და დევნის მიუხედავად, პავლე სანიმუშო ცხოვრებითა და მსახურებით იეჰოვასა და იესო ქრისტეს ერთგული რჩებოდა (2კრ. 11:23—28). გარდა ამისა, პავლე, როგორც უფალ იესო ქრისტეს მოციქული, პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას — იბრძოდა ქრისტიანული კრების სიწმინდისთვის, რათა ის ყოფილიყო წმინდა ქალწული, „ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი“ (1ტმ. 3:15; 1კრ. 4:1, 2; 2კრ. 11:2, 29; შდრ. 2ტმ. 2:3, 4).
ღმერთი მატერიალურად უჭერს მხარს ქრისტიანებს. სულიერ ბრძოლაში ჩაბმულ ქრისტიანს ღმერთი თავის ჯარისკაცად მიიჩნევს და ამიტომ არ აკლებს ყოველივე აუცილებელს. მათ შესახებ, ვინც სხვებს ემსახურება, მოციქული პავლე ამბობს: „რომელი ჯარისკაცი მსახურობს თავისი ხარჯით?“ (1კრ. 9:7).
ქრისტიანები და ერთა შორის ომები. ქრისტიანები ერებსა თუ სხვადასხვა ჯგუფს შორის მიმდინარე კონფლიქტების დროს ყოველთვის ერთგულად იცავდნენ ნეიტრალიტეტს (ინ. 18:36; ეფ. 6:12). ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხის მიმართ ადრინდელ ქრისტიანებს, იხილეთ სტატიაში ლაშქარი (ადრინდელი ქრისტიანების დროს).
სხვა მნიშვნელობები. ქანაანის მეფე იაბინზე გამარჯვების შემდეგ ბარაკისა და დებორას სიმღერაში მოხსენიებული შემთხვევა ერთ მნიშვნელოვან პრინციპს გვასწავლის: „უცხო ღმერთები აირჩიეს [ისრაელებმა]. მაშინ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან“ (მსჯ. 5:8). როგორც კი ისრაელები ცრუთაყვანისმცემლობის გამო ზურგს აქცევდნენ იეჰოვას, მაშინვე გასაჭირში ცვიოდნენ, მტერი მათი ქალაქების კარიბჭეებს აწყდებოდა. ეს აზრი ეთანხმება ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „თუ იეჰოვა არ იცავს ქალაქს, ტყუილად ფხიზლობს გუშაგი“ (ფს. 127:1).
ეკლესიასტეს 8:8-ში სოლომონმა დაწერა: „არავის აქვს ძალაუფლება სულზე, რომ შეაკავოს ის ... ვერც ომს დააღწევს თავს“. მომაკვდავ ადამიანს არ ძალუძს სიცოცხლის გახანგრძლივება და სულის ანუ სასიცოცხლო ძალის შეკავება. მისი სული მაინც ღმერთს, სიცოცხლის მომცემს დაუბრუნდება. მოკვდავ ადამიანს არ შეუძლია სიკვდილის დღის განსაზღვრა და მისი თავიდან აცილება. შეუძლებელია ადამიანური ძალისხმევით ვინმემ თავი დააღწიოს ბრძოლას, რომელსაც სიკვდილი ეწევა მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ. ცოდვილი ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს სხვა ცოდვილის სიცოცხლის სანაცვლოდ ვერ გაიღებს და მას სიკვდილისგან ვერ დაიხსნის (ფს. 49:6—9). ხსნა მხოლოდ იეჰოვას წყალობით და იესო ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი. „როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილთან ერთად, ისევე რომ ემეფა წყალობას სიმართლის საშუალებით მარადიული სიცოცხლისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით“ (რმ. 5:21).