მეცნიერულად ზუსტი წიგნი
„განა აქამდეც არ მოგწერე რჩევითა და ცოდნით, ჭეშმარიტი სიტყვების ჭეშმარიტება რომ დამენახვებინა შენთვის, რათა ჭეშმარიტი სიტყვები დაგებრუნებინა?!“ (იგავები 22:20, 21).
რით გამოირჩევა ეს წიგნი? უძველეს წიგნებში მოხსენიებული მკურნალობის მეთოდები თანამედროვე მედიცინის თვალსაზრისით არასაიმედო და სახიფათოა. დღესაც კი მეცნიერებს დროდადრო უწევთ თავიანთი ნაშრომების გადახედვა და თანამედროვე მედიცინის მიღწევების გათვალისწინება. ღვთის სიტყვის თანახმად, ბიბლიის ავტორი არის შემოქმედი, რომლის სიტყვაც „მარადიულად რჩება“ (1 პეტრე 1:25).
მაგალითი: მოსეს კანონი მოუწოდებდა ისრაელებს, რომ განავალი მიწაში ჩაეფლოთ „ბანაკის გარეთ“ (კანონი 23:12, 13). თუ ისინი შეეხებოდნენ მკვდარ ცხოველს ან ადამიანს, ტანსაცმელი უნდა გაერეცხათ (ლევიანები 11:27, 28; რიცხვები 19:14—16). რაც შეეხება კეთროვნებს, ისინი განცალკევებული უნდა ყოფილიყვნენ სხვებისგან მანამ, სანამ ხელმეორედ შემოწმებისას მღვდელი არ დარწმუნდებოდა, რომ ავადმყოფს არ ჰქონდა კეთრი ან დაავადება არ იყო გადამდები (ლევიანები 13:1—8).
რა დასკვნამდე მივიდა თანამედროვე მედიცინა? დაავადებებს თავიდან ავიცილებთ, თუ მოვაწესრიგებთ საპირფარეშოს, ყოველთვის დავიბანთ ხელებს და ავადმყოფობის შემთხვევაში სხვებისგან იზოლირებული ვიქნებით. თუ არ გვაქვს საპირფარეშო და იქ, სადაც ვცხოვრობთ, არც საკანალიზაციო სისტემაა, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (დკც) გვირჩევენ: „წყლის ნებისმიერი რეზერვუარიდან, სულ მცირე, 30 მეტრის მოშორებით მოისაქმეთ და შემდეგ თქვენი განავალი ჩაფალით“. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯდმო) ცნობით, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა შემთხვევები 36 პროცენტით იკლებს, როდესაც მოსახლეობა უსაფრთხოების ამგვარ ზომებს იცავს. მას შემდეგ 200 წელიც კი არ არის გასული, რაც ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი აინფიცირებდნენ ბევრ პაციენტს იმის გამო, რომ გვამთან შეხების შემდეგ ხელებს არ იბანდნენ. დკც-ის აზრით, „ხელების დაბანა კვლავ ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება დაავადების გავრცელების თავიდან ასარიდებლად“. რა შეიძლება ითქვას კანის ან სხვა გადამდები დაავადებებით დასნეულებული ადამიანების იზოლირებაზე? ახლახან ერთ ჟურნალში ნათქვამი იყო: „ეპიდემიის საწყის სტადიაზე ავადმყოფის სხვებისგან იზოლირება და კარანტინი შეიძლება დაავადების გავრცელების შეჩერების ერთადერთი საშუალება იყოს“ (Saudi Medical Journal).
თქვენ რას ფიქრობთ? არის სხვა რომელიმე რელიგიურ წიგნში მოხსენიებული ჰიგიენის ნორმები, რომელიც თანამედროვე მედიცინას ასე უწყობს ფეხს? განა ამ მხრივ უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!
[ჩანართი 6 გვერდზე]
„შეუძლებელია, არ გაგაოცოთ ჰიგიენის ნორმებმა, რომელთა დაცვაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა“, — ექიმები ალდო კასტელანი და ალბერტ ჩალმერზი (MANUAL OF TROPICAL MEDICINE)