ბიბლიის თვალსაზრისი
წინასწარ არის განსაზღვრული თქვენი მომავალი?
მრავალს სჯერა, რომ მათი ცხოვრება და მომავალი წინასწარ არის განსაზღვრული ზებუნებრივი ძალის მიერ. მათი აზრით, ჩვენი ცხოვრება, დედის მუცლიდან სიკვდილამდე, ღვთის მიერ წინასწარ დაწერილი „სცენარის“ მიხედვით ვითარდება. ისინი ასე მსჯელობენ: „თუ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა, მისთვის უთუოდ ცნობილი უნდა იყოს ყველა წვრილმანი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ“.
თქვენც ასე ფიქრობთ? წინასწარ განსაზღვრავს ღმერთი ჩვენს ბედ-იღბალს? მართლა გვაქვს ნების თავისუფლება, თუ ეს ყველაფერი ილუზიაა? რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ?
ყველაფერს წინასწარ საზღვრავს ღმერთი?
ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთს აქვს მომავლის განსაზღვრის უნარი. ესაიას 46:10-ში ნათქვამია, რომ ის „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს“. მან ადამიანებსაც დააწერინა მრავალი წინასწარმეტყველება (2 პეტრე 1:21). ეს წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება, რადგან ღმერთს აქვს სიბრძნე და იმის ძალა, რომ ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოს. აქედან გამომდინარე, თუ მოისურვებს, ღმერთს შეუძლია არა მარტო გაიგოს, რა მოხდება მომავალში, არამედ თავისი სურვილისამებრ წარმართოს კიდეც მოვლენები. მაგრამ განაგებს ღმერთი თითოეული ადამიანის ბედ-იღბალს და განსაზღვრავს, რამდენი ადამიანი გადარჩება? ბიბლიიდან კარგად ჩანს, რომ ეს ასე არ არის.
ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ღმერთი თავად ირჩევს, წინასწარ რა განსაზღვროს და რა არა. მაგალითად, მან იწინასწარმეტყველა, რომ დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას „უამრავი ხალხი“ ანუ მრავალი მართალი ადამიანი გადაურჩებოდა (გამოცხადება 7:9, 14). აღსანიშნავია, რომ ღმერთს არ დაუკონკრეტებია მათი რიცხვი, რადგან ის წინასწარ არ განსაზღვრავს თითოეული ადამიანის მომავალს. ის დიდი ოჯახის მოსიყვარულე მამას ჰგავს და იცის, რომ მისი ზოგიერთი შვილი აუცილებლად გამოეხმაურება მის სიყვარულს, მაგრამ ის წინასწარ არ განსაზღვრავს მათ რიცხვს.
მომავლის წინასწარ განსაზღვრის უნარს ღმერთი ისევე იყენებს, როგორც ძალას. ის ყოვლისშემძლე ღმერთია და აქედან გამომდინარე, მისი ძალა განუსაზღვრელია (ფსალმუნი 91:1; ესაია 40:26, 28). მაგრამ უმართავია მისი ძალა? არა. მაგალითად, მას დანიშნულ დრომდე არ გამოუყენებია თავისი ძალა ბაბილონის წინააღმდეგ, რომელიც ძველ ისრაელს მტრობდა. „თავს ვიკავებდი“, — თქვა ღმერთმა (ესაია 42:14). ის იმავე პრინციპით მოქმედებს, როცა საქმე რაიმეს წინასწარ განჭვრეტას ან განსაზღვრას ეხება. იეჰოვა თავად საზღვრავს, როდის გამოიყენოს ეს უნარი, რათა არ წაგვართვას მისგანვე ბოძებული ნების თავისუფლება.
ის ფაქტი, რომ იეჰოვა ყოველთვის არ იყენებს ამ უნარს, მის ყოვლისშემძლეობას ეჭვქვეშ არ აყენებს. პირიქით, ეს ფაქტი მის სიდიადეზე მიუთითებს და უფრო გვაყვარებს მას. მისი უზენაესობა მხოლოდ მის ყოვლისმცოდნეობასა და ძალაში კი არა ჩანს, არამედ იმაშიც, რომ მას უყვარს თავისი გონიერი ქმნილებები და აფასებს მათ თავისუფალ ნებას.
გარდა ამისა, თუ ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ყველაფერი, მათ შორის დედამიწის ზურგზე მომხდარი ყველა უბედურება და ბოროტება, განა ის არ გამოდის დამნაშავე ყველას ტანჯვა-წამებაში?! თუ დავფიქრდებით, ბედისწერის შესახებ მრწამსი სინამდვილეში შეურაცხყოფს ღმერთს. ასეთი მრწამსით ღმერთი გამოდის სასტიკი, უსამართლო და უსიყვარულო ანუ იმის საპირისპირო, რასაც ბიბლია ამბობს მასზე (კანონი 32:4).
არჩევანი თქვენზეა
თავისი მსახურის, მოსეს მეშვეობით, ღმერთმა ასეთი სიტყვები უთხრა ისრაელ ერს: „სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ . . . აირჩიე სიცოცხლე . . . თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას. შენი სიცოცხლე და დღეგრძელობაა იგი“ (კანონი 30:19, 20). ღვთის ეს სიტყვები აზრმოკლებული და არაგულწრფელი იქნებოდა, მას რომ წინასწარ ჰქონოდა განსაზღვრული, ვის ეყვარებოდა ის და ვის არა. თქვენი აზრით, ასე უსამართლოდ მოიქცეოდა „სამართლიანობის მოყვარული“ და სიყვარულის ღმერთი?! (ფსალმუნი 37:28; 1 იოანე 4:8).
ისრაელისთვის ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები ჩვენთვის უფრო აქტუალურია, რადგან ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება იმაზე მოწმობს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული კარს არის მომდგარი (მათე 24:3—9; 2 ტიმოთე 3:1—5). ჩვენ როგორ უნდა ავირჩიოთ სიცოცხლე? საბოლოო ჯამში, ჩვენგანაც იგივე მოითხოვება, რაც ძველი ისრაელებისგან.
როგორ უნდა „აირჩიოთ სიცოცხლე“?
ჩვენ სიცოცხლეს ავირჩევთ, თუ გვეყვარება იეჰოვა, მოვუსმენთ მის ხმას და მივეკვრებით მას. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ კარგად გავიცნობთ ღმერთს და შევასრულებთ მის მოთხოვნებს. ლოცვის დროს იესო ქრისტემ ასეთი სიტყვებით მიმართა ღმერთს: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
ამ ძვირფას ცოდნას ბიბლია გვაძლევს, რომელსაც მართებულად ეწოდება ღვთის სიტყვა (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16). ღვთისგან ბოძებული ეს ძღვენი იმის დანახვაში გვეხმარება, რომ ღმერთს წინასწარ არ განუსაზღვრავს ჩვენი მომავალი. მას სურს, რომ ჩვენ გააზრებული გადაწყვეტილებები მივიღოთ იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ის გვაძლევს (ესაია 48:17, 18).
ბიბლიის მეშვეობით, ფაქტობრივად, ღმერთი გვეუბნება: „აი, რა მაქვს განზრახული ადამიანებისა და დედამიწისთვის და აი, რა უნდა გააკეთო მარადიული სიცოცხლის მისაღებად. ახლა შენზეა დამოკიდებული, მომისმენ თუ არა“. ღმერთი სრულყოფილად იყენებს მომავლის წინასწარ განსაზღვრის უნარს და, ამგვარად, აფასებს ჩვენს თავისუფალ ნებას. ახლა ჯერი თქვენზეა: „მოუსმენთ მის [ღვთის] ხმას და მიეკვრებით მას“, რათა იცოცხლოთ?!
დაფიქრებულხართ?
◼ როგორ იყენებს ღმერთი წინასწარ განჭვრეტის უნარს? (კანონი 30:19, 20; ესაია 46:10)
◼ რატომ არ განსაზღვრავს ღმერთი წინასწარ ყველაფერს, მათ შორის ყველა იმ უბედურებას, რომლებიც ადამიანებს ატყდებათ თავს? (კანონი 32:4)
◼ საბოლოო ჯამში, რაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი? (იოანე 17:3)
[ჩანართი 13 გვერდზე]
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი თავად ირჩევს, წინასწარ რა განსაზღვროს და რა არა.