ბიბლიის წიგნი 6 — იესო ნავეს ძე
დამწერი: იესო ნავეს ძე
დაწერის ადგილი: ქანაანი
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 1450
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 1473 — დაახლ. ძვ. წ. 1450
1. რა მდგომარეობაში იყო ისრაელი ძვ. წ. 1473 წელს?
იდგა ძვ. წ. 1473 წელი. მოაბის ველი დრამატულ და შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენდა. იქ დაბანაკებული ისრაელები მზად იყვნენ ქანაანში, აღთქმულ მიწაზე შესასვლელად. იორდანის გაღმა მრავალი პატარა სამეფო იყო, რომელთაგან თითოეულს თავისი ჯარი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის მრავალწლიანი ბატონობის გამო დაქუცმაცებულები და დასუსტებულები იყვნენ, ისინი ისრაელისთვის მაინც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ქანაანის მიწას რომ დაუფლებოდნენ, ისრაელებს ჯერ ისეთი გამაგრებული ქალაქები უნდა დაეპყროთ, როგორიც იყო იერიხონი, აი, ხაცორი და ლაქიში. ისრაელებს მრავალი სირთულე ელოდათ. მათ ბევრი გადამწყვეტი ბრძოლა უნდა მოეგოთ. თავისი ხალხის მხარდასაჭერად იეჰოვა დიდ სასწაულებს მოახდენდა, რათა შეესრულებინა თავისი დაპირება და ეს მიწა მათთვის მიეცა. ეს საოცარი მოვლენები, რომლებიც ისრაელთან იეჰოვას ურთიერთობაზე მოწმობდა, თვითმხილველს უნდა შემოენახა წერილობითი სახით. ამ საქმეს ვერავინ შეასრულებდა იესო ნავეს ძეზე კარგად, რომელიც იეჰოვამ მოსეს შემდეგ ხალხის წინამძღოლად დანიშნა (რიცხ. 27:15—23).
2. რატომ იყო იესო ნავეს ძე შესაფერისი წინამძღოლობისა და მომავალი მოვლენების აღწერისთვის?
2 ისრაელის წინამძღოლობისა და მომავალი მოვლენების აღწერისთვის იესო ნავეს ძე სწორედ რომ შესაფერისი კაცი იყო. წინა 40 წლის განმავლობაში ის მოსეს მარჯვენა ხელი იყო უდაბნოში. ‘სიყმაწვილიდან მოსეს ემსახურებოდა’ და დაამტკიცა, რომ კარგი სულიერი წინამძღოლი და ჯარის მეთაური იქნებოდა (რიცხ. 11:28; გამ. 24:13; 33:11; იეს. 1:1). ძვ. წ. 1513 წელს, როცა ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა, სწორედ იესო ნავეს ძე გაუძღვა ისრაელის ჯარს და დაამარცხა ამალეკელები (გამ. 17:9—14). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ აირჩია თავის წარმომადგენლად ეფრემის ტომმა იესო ნავეს ძე — მოსეს ერთგული მსახური და უშიშარი მებრძოლი — სახიფათო დავალების შესასრულებლად, ქანაანის დასაზვერად. ამ შემთხვევის დროს გამოვლენილი ვაჟკაცობისა და ერთგულების წყალობით მან აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება მოიპოვა (რიცხ. 13:8; 14:6—9, 30, 38). ნამდვილად, იესო ნავეს ძე იყო ‘კაცი, რომელსაც ჰქონდა სული’, ‘ბოლომდე მიჰყვებოდა იეჰოვას’ და „სავსე იყო სიბრძნის სულით“. ამიტომაც „ემსახურებოდა ისრაელი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროს“ (რიცხ. 27:18; 32:12; კან. 34:9; იეს. 24:31).
3. რა ამტკიცებს, რომ იესო ნავეს ძე რეალური პიროვნება იყო და იმ წიგნის დამწერი, რომელიც მის სახელს ატარებს?
3 იესო ნავეს ძეს ჰქონდა გამოცდილება, ცოდნა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლისთვის დამახასიათებელი თვისებები, რაც კარგი საფუძველი იყო იმისთვის, რომ იეჰოვას ბიბლიის დამწერად გამოეყენებინა. იესო ნავეს ძე არ არის გამოგონილი გმირი. ის იეჰოვას მსახური იყო, რომელიც სინამდვილეში ცხოვრობდა. მისი სახელი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც მოიხსენიება (საქ. 7:45; ებრ. 4:8). როგორც იესო ნავეს ძის წინამორბედი მოსე გამოიყენა ღმერთმა იმ მოვლენების დასაწერად, რომლებიც მისი სიცოცხლის განმავლობაში მოხდა, ისევე გამოიყენა იესო ნავეს ძეც იმ მოვლენების აღსაწერად, რომელთა თვითმხილველიც თავად იყო. მე-6 თავის 25-ე მუხლიდან ჩანს, რომ წიგნი „იესო ნავეს ძე“ თვითმხილველმა დაწერა. იუდეველთა ტრადიციის თანახმად, წიგნის დამწერად იესო ნავეს ძე ითვლება. ამასთანავე, წიგნში ნათქვამია: „ჩაწერა იესო ნავეს ძემ ეს სიტყვები ღვთის კანონის წიგნში“ (იეს. 24:26).
4. რა ადასტურებს წიგნის უტყუარობას?
4 იერიხონის განადგურების შემდეგ იესო ნავეს ძემ წყევლა უწინასწარმეტყველა ყველას, ვინც შეეცდებოდა ამ ქალაქის აღდგენას, რაც საოცრად შესრულდა დაახლოებით 500 წლის შემდეგ ისრაელის მეფე ახაბის დროს (იეს. 6:26; 1 მეფ. 16:33, 34). წიგნის უტყუარობას ისიც ამტკიცებს, რომ ბიბლიის სხვა წიგნების დამწერებიც მოიხსენიებენ მასში აღწერილ მოვლენებს. ესენი იყვნენ ფსალმუნმომღერლები (ფსალმ. 44:1—3; 78:54, 55; 105:42—45; 135:10—12; 136:17—22), ნეემია (ნეემ. 9:22—25), ესაია (ეს. 28:21), მოციქული პავლე (საქ. 13:19; ებრ. 11:30, 31) და მოწაფე იაკობი (იაკ. 2:25).
5. ა) რომელ პერიოდს მოიცავს წიგნი „იესო ნავეს ძე“? ბ) რატომ შეეფერებოდა იესოს თავისი სახელი?
5 წიგნი „იესო ნავეს ძე“ მოიცავს დაახლოებით 23-წლიან პერიოდს, ძვ. წ. 1473 წელს ქანაანში შესვლიდან დაახლოებით ძვ. წ. 1450 წლამდე; როგორც ვარაუდობენ, იესო ნავეს ძე ამ წელს მოკვდა. სახელი „იესო“ (ებრაულად „იეჰოშუა“), რაც ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“, სავსებით შეეფერება იესოს, რომელიც აღთქმული მიწის დაპყრობის პერიოდში ისრაელის წინამძღოლი იყო. ხსნისთვის მთელ დიდებას ის იეჰოვას მიაგებდა. სეპტუაგინტაში წიგნს ჰქვია „იესუს“ („იეჰოშუას“ ბერძნული ეკვივალენტი), საიდანაც მოდის სახელი იესო. თავისი შესანიშნავი თვისებების — გაბედულების, მორჩილებისა და ერთგულების გამო, იესო ნავეს ძე „ჩვენს უფალ იესო ქრისტეს“ განასახიერებდა (რომ. 5:1).
შინაარსი
6. რა ნაწილებად შეგვიძლია დავყოთ წიგნი „იესო ნავეს ძე“?
6 შინაარსობრივად წიგნი ოთხ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: 1) აღთქმულ მიწაზე შესვლა, 2) ქანაანის დაპყრობა, 3) მიწის დანაწილება და 4) იესო ნავეს ძის გამოსათხოვარი სიტყვები. წიგნი ცოცხალი ენით არის დაწერილი და შეიცავს უამრავ მძაფრ სიუჟეტს.
7. როგორ გაამხნევა და რა რჩევა მისცა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს?
7 აღთქმულ მიწაზე შესვლა (1:1—5:12). იეჰოვამ იცოდა, რომ იესო ნავეს ძეს წინ მრავალი სირთულე ელოდა, ამიტომ გაამხნევა და ურჩია: „მოიკრიბე გამბედაობა, გამაგრდი . . . არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი, იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად. ხომ გიბრძანე, გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! . . . ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (1:7—9). იესო ნავეს ძემ მთელი დიდება მიაგო იეჰოვას, როგორც წინამძღოლსა და მეთაურს, და დაუყოვნებლივ დაიწყო მზადება მდინარე იორდანის გადასაკვეთად. ისრაელებმა ის მოსეს საქმის გამგრძელებლად აღიარეს, ერთგულება შეჰფიცეს და ქანაანის დასაპყრობად გაემართნენ.
8. ა) როგორ გამოავლინა რახაბმა რწმენა? ბ) რით ცხადყო იეჰოვამ, რომ „ცოცხალი ღმერთი“ იყო?
8 ისრაელებმა იერიხონის დასაზვერად ორი კაცი გაგზავნეს. მეძავმა რახაბმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და დამალა მზვერავები, რითაც იეჰოვასადმი რწმენა გამოავლინა. თავის მხრივ, მზვერავებმა შეჰფიცეს რახაბს, რომ იერიხონის განადგურების დროს მას არაფერს დაუშავებდნენ. მზვერავებმა კარგი ამბავი მიუტანეს იესო ნავეს ძეს, რომ იმ მიწის მკვიდრთ ისრაელების შიშით გული შეუკრთათ. ამიტომ იესო ნავეს ძე დაუყოვნებლივ დაიძრა მდინარე იორდანისკენ, რომელიც იმ დროისთვის ადიდებული იყო. იეჰოვამ ამჯერადაც დაამტკიცა, რომ მხარს უჭერდა იესო ნავეს ძეს და, როგორც მოსეს დროს, „ცოცხალი ღმერთი“ ისევ ისრაელს შორის იყო (3:10). როგორც კი მღვდლებმა, რომლებიც შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ, ფეხი შედგეს მდინარე იორდანეში, დინება შეწყდა და ზემოდან მომავალი წყალი კედლად აღიმართა, რამაც ისრაელებს მშრალ ფსკერზე გავლის შესაძლებლობა მისცა. იესო ნავეს ძემ 12 ქვა აიღო სამახსოვროდ მდინარის შუაგულიდან და სხვა 12 ქვა ჩააწყო მდინარეში იმ ადგილზე, სადაც მღვდლები იდგნენ; ამოვიდნენ თუ არა მღვდლები მდინარიდან, წყალი თავის კალაპოტს დაუბრუნდა.
9. რა მოხდა გილგალში?
9 მდინარის გადაკვეთის შემდეგ ისრაელები იორდანესა და იერიხონს შორის მდებარე გილგალში დაბანაკდნენ, სადაც იესო ნავეს ძემ სამახსოვრო ქვები დააწყო მომავალი თაობებისთვის და უთხრა ხალხს: „რათა იცოდეს დედამიწის მთელმა ხალხმა, რომ ძლიერი ხელი აქვს იეჰოვას, რათა ყოველთვის გეშინოდეთ იეჰოვასი, თქვენი ღვთისა“ (4:24) (იესო ნავეს ძის 10:15-დან ჩანს, რომ ისრაელებს გარკვეული დროის განმავლობაში მთავარი ბანაკი გილგალში ჰქონდათ). აქ წინადაიცვითეს ისრაელის ძეებმა, რადგან უდაბნოში მოგზაურობის დროს მათი წინადაცვეთა არ მომხდარა. ისრაელებმა იზეიმეს პასექი; შეწყდა მანანა და მათ იმ მიწის ნაყოფის ჭამა დაიწყეს.
10. რა მითითება მისცა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს იერიხონის ასაღებად და როგორ მოიქცა ისრაელი?
10 ქანაანის დაპყრობა (5:13—12:24). თავდასხმის პირველი ობიექტი, იერიხონი, ბანაკთან ახლოს იყო. მაგრამ როგორ უნდა აეღოთ ეს ჩარაზული, გალავნიანი ქალაქი? (6:1). დაწვრილებითი მითითებების მისაცემად იესო ნავეს ძესთან იეჰოვამ თავისი „ლაშქრის მეთაური“ გაგზავნა (5:14). ექვსი დღის მანძილზე ისრაელს დღეში ერთხელ უნდა შემოევლო ქალაქისთვის. წინ შეიარაღებულები უნდა წასულიყვნენ, მათ უნდა მიჰყოლოდნენ მღვდლები, რომელთაგან ზოგი ვერძის საყვირებს დააყვირებდა, ზოგი კი — შეთანხმების კიდობანს წაიღებდა. მეშვიდე დღეს ქალაქისთვის შვიდჯერ უნდა შემოევლოთ. იესო ნავეს ძემ ზედმიწევნით გადასცა ხალხს ეს მითითებები. ჯარმა ზუსტად ისე შემოუარა იერიხონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ. სიტყვა არავის დაუძრავს. ისმოდა მხოლოდ ნაბიჯებისა და მღვდლების საყვირების ხმა. ბოლო დღეს მეშვიდედ შემოვლის შემდეგ იესო ნავეს ძემ ნიშანი მისცა ხალხს, რომ ყიჟინა დაეცათ. მათაც „დიდი საომარი ყიჟინა“ დასცეს და იერიხონის გალავანი ჩამოიქცა (6:20). ისინი ერთიანად შეიჭრნენ ქალაქში, დაიპყრეს ის და ცეცხლს მისცეს. გადარჩა მხოლოდ ღვთისმოშიში რახაბი და მისი სახლეულობა.
11. როგორ გამოსწორდა მდგომარეობა აიზე მეორედ თავდასხმის დროს?
11 შემდეგ მათ დასავლეთით ქალაქ აიზე მიიტანეს იერიში. ისრაელებს ეგონათ, რომ კვლავ ადვილად გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ხელი მოეცარათ, რადგან აის მეომრებმა ქალაქის დასაპყრობად მისული 3 000 მეომარი უკუაქციეს. რატომ დამარცხდნენ ისრაელები? მიატოვა ისინი იეჰოვამ? დამწუხრებული იესო ნავეს ძე პასუხს იეჰოვასგან ითხოვდა. იეჰოვამ გამოააშკარავა, რომ ბანაკში ვიღაც მისი ბრძანების საწინააღმდეგოდ მოიქცა — იერიხონში გასანადგურებელი ნივთები მოიპარა და გადამალა. მათ უნდა აღმოეფხვრათ ეს ბოროტება ბანაკიდან, რათა იეჰოვას კვლავაც ეკურთხებინა ისრაელი. ღვთის ხელმძღვანელობით გამოაშკარავდა, რომ დამნაშავე აქანი იყო და ხალხმა ის და მისი ოჯახი ჩაქოლა. იეჰოვას რისხვა დაცხრა და ისრაელებმა ისევ გაილაშქრეს აის წინააღმდეგ. იეჰოვამ კიდევ ერთხელ მისცა ხალხს მითითებები აის დასაპყრობად. მებრძოლთა ნაწილმა ქალაქიდან გაიტყუა აიელი მებრძოლები, ჩასაფრებული ისრაელები კი ქალაქში შეიჭრნენ, დაიპყრეს ის და მოსახლეობა მთლიანად გაჟლიტეს (8:26—28). მათ არ დაინდეს თავიანთი მტრები.
12. ღვთის რომელი ბრძანება შეასრულა იესო ნავეს ძემ?
12 იეჰოვას მიერ მოსესთვის მიცემული ბრძანების თანახმად, იესო ნავეს ძემ ებალის მთაზე სამსხვერპლო აუგო იეჰოვას და ქვაზე გადაწერა „მოსეს კანონი“ (8:32). შემდეგ მან მთელი კანონი, ასევე მასში ჩაწერილი კურთხევები და წყევლა, წაუკითხა მთელ კრებულს, რომლის ერთი ნახევარი გერიზიმის მთის წინ იდგა, მეორე ნახევარი კი — ებალის მთის წინ (კან. 11:29; 27:1—13).
13. რა მოჰყვა შედეგად გაბაონელების წინდახედულობას?
13 ისრაელის წარმატებით შეშფოთებულმა რამდენიმე ქანაანელმა მეფემ ერთიანი ძალებით გადაწყვიტა იესო ნავეს ძის შეჩერება. მაგრამ „გაიგეს გაბაონელებმა, რა დამართა იესო ნავეს ძემ იერიხონსა და აის და წინდახედულობა გამოიჩინეს“ (იეს. 9:3, 4). მათ ისრაელებს თავი მოაჩვენეს, თითქოს შორეული ქვეყნიდან იყვნენ და დააფიცეს იესო ნავეს ძე, რომ „ცოცხლებს დატოვებდა“ მათ. როცა მათი სიცრუე გამოაშკარავდა, ისრაელებმა არ დაარღვიეს შეთანხმება. ისინი „შეშის შემგროვებლებად და წყლის მზიდავებად“ დააყენეს, როგორც „ყველაზე მდაბიო მონები“, რითაც ნაწილობრივ შესრულდა ნოეს მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული წყევლა ქანაანზე, ქამის ძეზე (იეს. 9:15, 27; დაბ. 9:25).
14. როგორ იბრძოდა იეჰოვა გაბაონში ისრაელისთვის?
14 გაბაონელების გადადგმული ნაბიჯი პატარა საქმე არ იყო, რადგან გაბაონი „დიდი ქალაქი იყო, აიზე დიდი, და იქ ძლიერი ხალხი ცხოვრობდა“ (იეს. 10:2). იერუსალიმის მეფე ადონი-ცედეკმა ეს დიდ საფრთხედ მიიჩნია როგორც თავისთვის, ისე ქანაანის სხვა სამეფოებისთვის. გაბაონელებისთვის ჭკუა რომ ესწავლებინათ და აღარავინ გადასულიყო მტრის მხარეს, ადონი-ცედეკმა სხვა ოთხ მეფესთან ერთად (ხებრონის, იარმუთის, ლაქიშისა და ეგლონის ქალაქ-სამეფოების მეფეები) მათ წინააღმდეგ გაილაშქრა. გაბაონელებთან დადებული შეთანხმების გამო იესო ნავეს ძემ ისრაელ მეომრებთან ერთად მთელი ღამე იარა, რომ ამ ხუთი მეფის ჯარს შებრძოლებოდა. იეჰოვა კვლავ ჩაერია ბრძოლაში და ზებუნებრივი ძალები და ნიშნები გამოიყენა მტრების დასამარცხებლად. ზეციდან წამოსულმა ძლიერმა სეტყვამ იმაზე მეტი დახოცა, ვიდრე ისრაელთა მახვილმა. ამის შემდეგ გასაოცარი რამ მოხდა: „გაჩერებული იყო მზე ზეცის შუაგულში და მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას“ (10:13). შედეგად მტრის ჯარმა სრული კრახი განიცადა. ქვეყნიერებაში ზოგი განათლებული ადამიანი ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს ეს სასწაულებრივი მოვლენა, მაგრამ მორწმუნეებს სჯერათ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვების. მათ კარგად იციან, რომ იეჰოვას შესწევს ძალა, სამყაროში არსებული ძალები თავისი ნებისამებრ მართოს. სინამდვილეში, „იეჰოვა თვითონ იბრძოდა ისრაელისთვის“ (10:14).
15. აღწერეთ, რა თანამიმდევრობით დაიპყრეს ისრაელებმა ქანაანი და როგორ დაგვირგვინდა მათი ბრძოლა ხაცორში.
15 იესო ნავეს ძემ ხუთი მეფის დამარცხების შემდეგ ქალაქი მაკედაც დაიპყრო. ის სწრაფად გაემართა სამხრეთისკენ და გაანადგურა ლიბნა, ლაქიში, ეგლონი, ხებრონი და დებირი — მარილოვან ზღვასა და დიდ ზღვას შორის გორაკებზე მდებარე ქალაქები. იმ დროისთვის მთელმა ქანაანმა შეიტყო მათი შემოსევის შესახებ. ჩრდილოეთში ხაცორის მეფე იაბინმა განგაში ატეხა. მან ხალხი გაუგზავნა იორდანის ორივე ნაპირზე მცხოვრებ მეფეებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ. ისინი ხერმონის მთის სამხრეთით დაბანაკდნენ. მტერი „ზღვის ქვიშასავით ურიცხვი“ იყო (11:4). იეჰოვამ კვლავ დაარწმუნა იესო ნავეს ძე გამარჯვებაში და გააცნო საბრძოლო გეგმა. შედეგად იეჰოვას ხალხის მტრებმა კიდევ ერთხელ იწვნიეს მარცხი. ისრაელებმა ხაცორი ცეცხლს მისცეს, მოკავშირე ქალაქები და მათი მეფეები კი გაანადგურეს. იესო ნავეს ძემ ოცდათერთმეტი მეფე დაამარცხა და გააფართოვა ისრაელის სამფლობელო ქანაანის მიწაზე.
16. როგორ დანაწილდა მიწა ტომებს შორის?
16 მიწის დანაწილება (13:1—22:34). თუმცა ისრაელმა ბევრი გამარჯვება მოიპოვა, მრავალი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიპყრო და მოკავშირე მეფეებსაც სძლია, „მიწის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დასაუფლებელი“ იყო (13:1). 90 წელს მიღწეულ იესო ნავეს ძეს კიდევ ერთი დიდი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. მას უნდა დაენაწილებინა მიწა ცხრა ტომისა და მენაშეს ნახევარი ტომისთვის. რეუბენის ტომმა, გადის ტომმა და მენაშეს ტომის ნახევარმა უკვე მიიღეს მიწები იორდანის აღმოსავლეთით. ლევიანებს იქ არ მიუღიათ სამკვიდრო, რადგან „იეჰოვა, ისრაელის ღმერთი“ იყო მათი სამკვიდრო (13:33). იესო ნავეს ძემ ელეაზარ მღვდლის დახმარებით დაიწყო იორდანის დასავლეთით მიწების დანაწილება. 85 წლის ქალებ იეფუნეს ძემ, რომელსაც იეჰოვას მტრების დამარცხების სურვილი არ განელებოდა, ითხოვა ხებრონის მთიანი მხარე, ანაკიმების სამკვიდრო მიეცათ (14:12—15). ტომებს მიწა წილისყრით დაუნაწილდათ. ამის შემდეგ იესო ნავეს ძემ ეფრემის მთიანი მხარე, თიმნათ-სერახი ითხოვა. „იეჰოვას ბრძანებით“ მას მისცეს ეს ქალაქი (19:50). შეხვედრის კარავი შილოში დადგეს, რომელიც ასევე ეფრემის მთიან მხარეში მდებარეობდა.
17. როგორ გადანაწილდა ქალაქები თავშესაფრისა და ლევიანებისთვის?
17 იორდანის ორივე მხარეს სამ-სამი თავშესაფარი ქალაქი გამოყვეს მათთვის, ვისაც უნებლიედ შემოაკვდებოდა ვინმე. იორდანის დასავლეთით ეს ქალაქები იყო: გალილეაში — კედეში, ეფრემში — შექემი და იუდას მთიან მხარეში — ხებრონი. აღმოსავლეთით რეუბენის სამკვიდროში იყო ბეცერი, გალაადში — რამოთი და ბაშანში — გოლანი. ეს ქალაქები „წმინდად შერაცხეს“ (20:7). თითოეული ტომის კუთვნილი მიწიდან ლევიანებს საცხოვრებლად წილისყრით მისცეს ორმოცდარვა ქალაქი თავის საძოვრებიანად, მათ შორის ექვსი თავშესაფარი ქალაქი. ისრაელმა ‘დაიმკვიდრა ის მიწა და ცხოვრობდა იქ’. „ყველაფერი შესრულდა“, რასაც იეჰოვა დაჰპირდა ისრაელს (21:43, 45).
18. როგორ დაიძაბა ვითარება იორდანის აღმოსავლეთით და დასავლეთით მცხოვრებ ტომებს შორის და როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა?
18 რეუბენის, გადისა და მენაშეს ნახევარი ტომიდან ის მეომრები, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე იყვნენ იესო ნავეს ძესთან, თავიანთ სამკვიდროს დაუბრუნდნენ იორდანის გაღმა. იესო ნავეს ძემ მოუწოდა მათ, ერთგულები დარჩენილიყვნენ და აკურთხა. გზად მათ მდინარე იორდანესთან დიდი სამსხვერპლო ააგეს. ამის გამო სიტუაცია დაიძაბა. იეჰოვას თაყვანისმცემლობის ადგილი უკვე იყო შილოში, სადაც შეხვედრის კარავი იდგა, ამიტომ დასავლეთში მცხოვრებმა ტომებმა იორდანის აღმოსავლეთით სამსხვერპლოს აგება ვერაგობად და ორგულობად მიიჩნიეს და აღმოსავლეთში მცხოვრები „მოჯანყე“ ტომების წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტეს. მაგრამ სისხლი არ დაღვრილა. იორდანის აღმოსავლეთით მცხოვრებმა ტომებმა მოძმეებს აუხსნეს, რომ სამსხვერპლო მსხვერპლშეწირვისთვის არ აუგიათ. ის იქნებოდა ‘მოწმობის ნიშანი მათ [იორდანის აღმოსავლეთით და დასავლეთით მცხოვრებ ტომებს] შორის, რომ ჭეშმარიტი ღმერთია იეჰოვა’ (22:34).
19, 20. ა) რა გამოსათხოვარი სიტყვები უთხრა იესო ნავეს ძემ ისრაელებს? ბ) რა არჩევნის წინაშე დააყენა მან ხალხი და როგორ გაუსვა ხაზი სწორ არჩევანს?
19 იესო ნავეს ძის გამოსათხოვარი სიტყვები (23:1—24:33). „გავიდა ხანი მას შემდეგ, რაც დაასვენა იეჰოვამ ისრაელი მტრებისგან; მოხუცებული და ხანში შესული იყო იესო ნავეს ძე“, როცა მთელ ისრაელს გამოსათხოვარი სიტყვების სათქმელად მოუხმო (23:1). სიცოცხლის ბოლომდე თავმდაბალმა იესომ თქვა, რომ მტრებზე ყველა გამარჯვება იეჰოვას დამსახურება იყო. ისრაელები კვლავაც იეჰოვას ერთგულები უნდა ყოფილიყვნენ. მან მოუწოდა მათ: „დიდი გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ, რომ დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც მოსეს კანონის წიგნშია ჩაწერილი, და არ გადაუხვიოთ მისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ“ (23:6). ისინი უნდა მორიდებოდნენ ცრუღმერთების თაყვანისცემას, ‘ყოველთვის გაფრთხილებოდნენ თავიანთ სულებს და ჰყვარებოდათ იეჰოვა, თავიანთი ღმერთი’ (23:11). ისინი არანაირ კომპრომისზე არ უნდა წასულიყვნენ დარჩენილ ქანაანელებთან, არ უნდა დაქორწინებულიყვნენ მათზე და თაყვანი არ უნდა ეცათ მათი ღმერთებისთვის, თორემ იეჰოვას რისხვა დაატყდებოდათ.
20 იესო ნავეს ძემ ისრაელის ყველა ტომი შექემში შეკრიბა და მათი მთავრები იეჰოვას წინაშე წარადგინა. მან იეჰოვას სიტყვებით გაახსენა ხალხს, რა გააკეთა იეჰოვამ მათთვის აბრაამის მოხმობისა და ქანაანის მიწაზე მიყვანიდან ისრაელის მიერ აღთქმული მიწის დაუფლებამდე. მან კვლავ შეახსენა მათ, მორიდებოდნენ ცრუღმერთებს და მოუწოდა: „გეშინოდეთ იეჰოვასი და უბიწოებითა და ჭეშმარიტებით ემსახურეთ მას“. მართლაც, მათ უნდა ‘ემსახურათ იეჰოვასთვის’! შემდეგ პირდაპირ განუცხადა: „დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით, იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა . . . თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ, მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით“. მოსეს მსგავსად, მან დამაჯერებლად შეახსენა ისრაელებს, რომ იეჰოვა „წმინდა ღმერთია . . . განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი“. ისინი არ უნდა გაჰკარებოდნენ უცხო ღმერთებს! ხალხმა ერთხმად მიუგო იესო ნავეს ძეს: „იეჰოვას, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და მის ხმას მოვუსმენთ!“ (24:14, 15, 19, 24). სანამ დაიშლებოდნენ, იესო ნავეს ძემ შეთანხმება დაუდო მათ, ჩაწერა ის სიტყვები ღვთის კანონის წიგნში და მოწმობის ნიშნად დიდი ქვა აღმართა. მოკვდა იესო ნავეს ძე ღრმა სიბერეში 110 წლისა და თიმნათ-სერახში დამარხეს.
რატომ არის სასარგებლო
21. წიგნ „იესო ნავეს ძეში“ ჩაწერილი რჩევებიდან რომელია განსაკუთრებით სასარგებლო?
21 ნუთუ გულგრილს გტოვებთ იესო ნავეს ძის გამოსათხოვარი სიტყვები, რომლებითაც მან ხალხს ღვთის ერთგული მსახურებისკენ მოუწოდა?! ალბათ, თქვენც იზიარებთ იესო ნავეს ძის სიტყვებს, რომლებიც მან 3 400 წლის წინათ წარმოთქვა: „მე და ჩემი სახლეულობა იეჰოვას ვემსახურებით“. თუ იეჰოვასადმი მსახურების დროს მძიმე გამოცდებს ხვდებით ან მოწყვეტილი ხართ და-ძმებს, განა ძალებს არ გმატებთ სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ აღთქმულ მიწაზე შესვლამდე იესო ნავეს ძეს უთხრა: „ოღონდ მოიკრიბე გამბედაობა, გამაგრდი“?! განა არ რწმუნდებით, რომ სასარგებლოა ღვთის რჩევა, ‘დღედაღამ ვიკითხოთ ბიბლია, რათა გზა წარგვემართოს’?! ეს ბრძნული რჩევა მართლაც სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც მას გაითვალისწინებს (24:15; 1:7—9).
22. რომელი თვისებებით უნდა გამოირჩეოდნენ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები?
22 წიგნ „იესო ნავეს ძეში“ ცოცხლად აღწერილი მოვლენები მხოლოდ უძველესი ისტორია როდია. ისინი ნათელს ჰფენს ღვთის პრინციპებს, განსაკუთრებით იმას, რომ იეჰოვა მხოლოდ მორწმუნე და მორჩილ ადამიანებს აკურთხებს. მოციქული პავლე წერდა, რომ „რწმენით იერიხონის გალავანი შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ დაინგრა“ და სწორედ რწმენის წყალობით „რახაბი, მეძავი, არ დაიღუპა ურჩებთან ერთად“ (ებრ. 11:30, 31). იაკობსაც მოჰყავს ქრისტიანებისთვის რწმენის მაგალითად რახაბი, რომელმაც საქმეებით დაამტკიცა თავისი რწმენა (იაკ. 2:24—26).
23. რას შეგვახსენებს წიგნი „იესო ნავეს ძე“?
23 იესო ნავეს ძის 10:10—14-ში აღწერილი უჩვეულო, ზებუნებრივი მოვლენები — როცა მზე ერთ ადგილას გაჩერდა და მთვარე აღარ იძვროდა ადგილიდან, ასევე სხვა სასწაულები, რომლებიც იეჰოვამ თავისი ხალხისთვის მოახდინა — შეგვახსენებს, რომ იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, საბოლოოდ გაანადგუროს ბოროტი მოწინააღმდეგეები, რისი ძალაც შესწევს. ამიტომაც მოიხსენია ესაიამ გაბაონი, რომელიც იესო ნავეს ძისა და დავით მეფის დროს ბრძოლის ადგილი იყო, და თქვა, რომ იეჰოვა ისე წამოიმართება განრისხებული როგორც გაბაონის მახლობლად, „რათა მოიმოქმედოს თავისი უცხო საქმე და აკეთოს თავისი უჩვეულო საქმე“ (ეს. 28:21, 22).
24. როგორ უკავშირდება წიგნი „იესო ნავეს ძე“ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებულ დანაპირებს და როგორ გვარწმუნებს, რომ ყველა ეს დაპირება შესრულდება?
24 აქვს „იესო ნავეს ძეში“ მოხსენიებულ მოვლენებს რაიმე საერთო ღვთის სამეფოსთან? რა თქმა უნდა! აღთქმული მიწის დაპყრობა და მასზე დამკვიდრება უფრო მნიშვნელოვან რამეს უკავშირდება, რაზეც პავლე მოციქულის სიტყვებიც მოწმობს: „იესო ნავეს ძეს რომ შეეყვანა ისინი დასვენებაში, ღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა სხვა დღეზე. ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს“ (ებრ. 4:1, 8, 9). ღვთის ხალხს კვლავაც სჭირდება იმაში დარწმუნება, რომ მათთვის გახსნილია „ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მარადიულ სამეფოში შესასვლელი“ (2 პეტ. 1:10, 11). მათეს 1:5-დან ჩანს, რომ რახაბი იესო ქრისტეს წინაპარი გახდა. ამგვარად, წიგნი „იესო ნავეს ძე“ ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლია, რომელსაც სამეფოს შთამომავლამდე მივყავართ. ის გვიძლიერებს რწმენას, რომ იეჰოვას სამეფოსთან დაკავშირებული დაპირებები აუცილებლად შესრულდება. ღვთის იმ დაპირებების შესახებ, რომლებიც ღმერთმა აბრაამს, ისაკსა და იაკობს, შემდეგ კი მათ შთამომავლებს, ისრაელებს მისცა, ბიბლიაში ნათქვამია: „არც ერთი სასიკეთო დანაპირები არ გამტყუნებულა, რასაც იეჰოვა ისრაელის სახლს დაჰპირდა, ყველაფერი შესრულდა“ (იეს. 21:45; დაბ. 13:14—17). მსგავსად შესრულდება იეჰოვას ის „სასიკეთო დანაპირებიც“, რომელიც ზეციერ სამართლიან მმართველობას ეხება!