განწმენდა
პროცესი ან ქმედება, რომლის დროსაც ხდება იეჰოვა ღმერთისთვის ან მისი მსახურებისთვის ვინმეს ან რამეს წმენდა, გამოცალკევება ან გამოყოფა. ამგვარად, სიტყვა „განწმენდა“ ხაზს უსვამს მოქმედებას, რომლის დროსაც წარმოიშობა, ჩნდება ან ნარჩუნდება სიწმინდე (იხ. სიწმინდე). ებრაული ზმნა კადაშიდან მომდინარე სიტყვები და ბერძნული ზედსართავი სახელის, ჰაგიოსის, მონათესავე სიტყვები ითარგმნება როგორც „წმინდა“, „განწმენდილი“, „წმინდად გამოცხადებული“ და „გამოცალკევებული“.
იმის განხილვა, თუ როგორ გამოიყენება დედნისეული სიტყვები სხვადასხვა კონტექსტში, გვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ ამ საკითხს. ბიბლიაში ისინი გამოყენებულია: 1) იეჰოვა ღმერთთან, 2) იესო ქრისტესთან, 3) ანგელოზებთან, 4) ადამიანებსა თუ ცხოველებთან, 5) საგნებთან, 6) პერიოდებთან თუ სხვადასხვა შემთხვევებთან და 7) ადგილ-მამულთან. ზოგ შემთხვევაში განწმენდად ნათარგმნი ებრაული სიტყვა საკუთარი თავის მომზადების ან მოწესრიგების აზრს ატარებს. იეჰოვამ მოსეს პირით უთხრა უკმაყოფილო ისრაელებს: „განიწმინდეთ ხვალისთვის ხორცის საჭმელად“ (რც. 11:18). იორდანეს გადაკვეთამდე იესო ნავეს ძემ უბრძანა მათ: „განიწმინდეთ, რადგან ხვალ იეჰოვა საოცრებებს მოიმოქმედებს თქვენ შორის“ (იეს. 3:5). ეს სიტყვა ყოველთვის აღნიშნავს რელიგიურ, სულიერ და ზნეობრივ სიწმინდეს. მასში შეიძლება იგულისხმებოდეს ნებისმიერი რამის მოშორება, რასაც იეჰოვა არ იწონებს ან მისთვის მიუღებელია, მათ შორის ფიზიკური უწმინდურების. ღმერთმა უთხრა მოსეს: „მიდი ხალხთან, განწმინდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ მოსასხამები, . . რადგან მესამე დღეს ჩამოვა იეჰოვა სინას მთაზე მთელი ხალხის თვალწინ“ (გმ. 19:10, 11). ეს სიტყვა დაბანის ანუ ფიზიკური განწმენდის აღსანიშნავად გამოიყენება 2 სამუელის 11:4-ში, სადაც ვკითხულობთ: „ქალი ამ დროს თავისი უწმინდურებისგან განიწმინდებოდა“.
იეჰოვამ უბრძანა ისრაელებს, თავი შორს დაეჭირათ სხვა ხალხებისგან და მორიდებოდნენ მათ უწმინდურ ჩვეულებებს. დახმარების მიზნით მან კანონები მისცა, მათ შორის კანონები საჭმელად ვარგისი და უვარგისი (ანუ წმინდა და უწმინდური) ცხოველების შესახებ. მან ამ კანონების დადგენის მიზეზიც აუხსნა: „მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. განიწმინდეთ და იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“ (ლვ. 11:40—44).
იეჰოვა ღმერთი. იეჰოვა ღმერთი წმინდაა და სრულყოფილად სპეტაკი. როგორც შემოქმედს და სამყაროს უზენაეს მმართველს, მას უფლება აქვს, თავისი ქმნილებებისგან მოითხოვოს, მხოლოდ მას სცენ თაყვანი. ამიტომ ის ამბობს, რომ თავის სიწმინდეს გამოაჩენს და მთელი ქმნილების თვალწინ საკუთარ თავსა და სახელს განწმენდს: „განვდიდდები და განვიწმინდები მრავალი ხალხის თვალწინ, თავს გავუმჟღავნებ მათ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზკ. 38:23). ვისაც ღვთის კეთილგანწყობისა და სიცოცხლის მიღება სურს, უნდა განწმინდოს ის და მისი სახელი, ანუ მის სახელს საკადრისი პატივი უნდა მიაგოს და გამორჩეულად და ყველა სხვა სახელზე აღმატებულად უნდა მიიჩნიოს (ლვ. 22:32; ეს. 8:13; 29:23). იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, უპირველესად რის შესახებ უნდა ელოცათ: «ამიტომ, ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს [ანუ, წმინდად იყოს მიჩნეული] შენი სახელი“» (მთ. 6:9).
იესო ქრისტე. იეჰოვა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე აირჩია და დედამიწაზე გამოგზავნა, რათა მის სახელთან დაკავშირებული განსაკუთრებული მისია შეესრულებინა და საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის გამოსასყიდად გაეღო. მაგრამ იუდეველებმა არ მიიღეს და არ დააფასეს იგი როგორც ღვთის გამოგზავნილი. მათ უარყვეს, რომ იესო იყო ღვთის ძე და მისგან უფლებამოსილი. ამიტომ იესომ უთხრა მათ: „ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაზე გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი?“ (ინ. 10:36).
მოციქულმა პეტრემ თავის წერილში ქრისტიანებს მოუწოდა: „წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში“. მან ახსნა, რომ ასე მოქმედნი თავს შორს დაიჭერენ ბოროტებისგან და სიკეთეს გააკეთებენ. უცხოტომელები კრძალვასა და შიშს გრძნობენ ადამიანებისა თუ სხვადასხვა რამის მიმართ. ქრისტიანმა კი გულში ქრისტეს უნდა დაუთმოს საკადრისი ადგილი და უფლება მისცეს, განაგოს მისი გრძნობები და აღძვრები. ეს ნიშნავს, რომ მან უნდა აღიაროს ქრისტე, როგორც ღვთის მიერ დანიშნული სიცოცხლის მეთაური, მესიანური მეფე, მღვდელმთავარი და გამომსყიდველი. აგრეთვე მას მუდამ უნდა ახსოვდეს ქრისტეს უმანკო საქციელი და სუფთა სინდისის შესანარჩუნებლად თვითონაც ქრისტიანის შესაფერისად უნდა მოიქცეს. ამგვარად, ქრისტიანი, რომლის გულშიც ქრისტე წმინდაა, შეძლებს საკუთარი პოზიციის რბილად და პატივისცემით დაცვას, თუ ვინმე, თუნდაც მმართველი, მისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს მისი იმედის გამო (1პტ. 3:10—16).
ანგელოზები. იესომ ღვთის ანგელოზებს წმინდა, ანუ განწმენდილი, იეჰოვას წმინდა მსახურებისთვის გამოცალკევებულნი უწოდა (მრ. 8:38; ლკ. 9:26; შდრ. ფს. 103:20). ისინი იეჰოვას წმინდა სამყოფელში მის წმინდა სახეს ხედავენ (მთ. 18:10; ლკ. 1:19).
ადამიანები და ცხოველები. წარსულში ღმერთმა ზოგიერთი ადამიანი აირჩია მისთვის განსაკუთრებული მსახურების შესასრულებლად და განწმინდა ისინი. მან გადაწყვიტა, რომ ლევისტომელი მამაკაცები იზრუნებდნენ წმინდა კარავსა და იქ შესასრულებელ მსახურებაზე, და მოსეს უთხრა: „აი, ისრაელის ძეთაგან ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეთაგან საშვილოსნოს გამღები ყოველი პირმშოს ნაცვლად. ჩემები იქნებიან ლევიანები. ჩემია ყველა პირმშო. იმ დღეს, როცა ყველა პირმშო დავხოცე ეგვიპტის მიწაზე, მაშინ განვწმინდე ჩემთვის ისრაელის ყველა პირმშო, კაცისაც და ცხოველისაც. ისინი ჩემები იქნებიან. მე ვარ იეჰოვა“. 11 ტომის პირმშოების გამოსასყიდად ისრაელებს ლევის ტომის მამაკაცები უნდა წარედგინათ ღვთისთვის. იმ პირმშოთა გამოსასყიდად კი, რომელთა რიცხვიც ლევიანი მამაკაცების რიცხვს აღემატებოდა, თითო კაცზე ხუთი შეკელი ($11) უნდა მიეტანათ საგანძურში. ამგვარად, პირმშოებს აღარ მოეთხოვებოდათ იეჰოვასთვის განსაკუთრებული მსახურების შესრულება (რც. 3:12, 13, 46—48).
ამის შემდეგ საშვილოსნოს გამღები ყოველი პირმშო ბიჭი განწმენდილად ითვლებოდა. ისინი ტაძარში უნდა მიეყვანათ და მათ გამოსასყიდად ხუთი შეკელი ($11) უნდა გადაეხადათ (გმ. 13:2; ლვ. 12:1—4; რც. 18:15, 16). ნაზირობის აღთქმის დამდებნი აღთქმის ძალაში ყოფნის დროს იყვნენ განწმენდილები (რც. 6:1—8). განწმენდილებად ითვლებოდნენ შინაური ცხოველების პირველმოგებულნიც. ისრაელებს ისინი ან მსხვერპლად უნდა შეეწირათ, ან ზოგ შემთხვევაში გამოესყიდათ (კნ. 15:19; იხ. პირმშო, პირველმოგებული).
სამღვდელოება. იეჰოვამ აგრეთვე გადაწყვიტა ლევის ტომიდან ერთი საგვარეულოს გამოცალკევება, რომ მის წინაშე მსხვერპლის შემწირველ სამღვდელოებად ემსახურათ. ამისთვის მან აარონი, მისი ვაჟები და მათი მამრობითი სქესის შთამომავლები აირჩია (გმ. 28:1—3, 41). გამოსვლის 29-ე თავში აღწერილია, თუ როგორ მოხდა მათი განწმენდა შესაფერისი შესაწირავებითა და მთელი რიგი სიმბოლური მნიშვნელობის ქმედებებით. განწმენდილნი არიან იეჰოვას მარადიული მღვდელმთავარიც, იესო ქრისტე, და მისი დამხმარე მღვდლებიც, ანუ ქრისტეს ერთგული მიმდევრები, რომლებსაც ღმერთი მისი სხეულის ნაწილებად სცხებს (2თს. 2:13; გმც. 1:6; 5:10).
განწმენდის პროცესი. განსაწმენდად ქრისტეს ცხებულ მიმდევრებს გარკვეული პროცესის გავლა უწევთ. მოციქულმა პავლემ სიტყვა „განწმენდა“ ღვთის თვალში ცოდვისგან განწმენდის მნიშვნელობით გამოიყენა, როცა დაწერა: „თუ თხებისა და ხარების სისხლის შესხურება და დეკეულთა ფერფლის მიფრქვევა შებილწულებს ისე განწმენდს, რომ ხორცი გაუსუფთავდეთ, განა ქრისტეს სისხლი უფრო არ განწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან, რათა წმინდა მსახურება შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს?“ (ებ. 9:13, 14).
„ქრისტეს სისხლით“ წარმოდგენილია მისი, როგორც სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლის ფასი. სწორედ მისი მეშვეობით ჩამოირეცხება ქრისტეს მორწმუნის ცოდვით გამოწვეული დანაშაული. ის სინამდვილეში წმენდს (და არა უბრალოდ სიმბოლური გაგებით [შდრ. ებ. 10:1—4]) მორწმუნის სხეულს ღვთის თვალში და მას სუფთა სინდისს აძლევს. ღმერთი ასეთ ადამიანს მართლად აღიარებს და მას გამოსადეგს ხდის, რათა იესო ქრისტესთან ერთად მღვდლად იმსახუროს (რმ. 8:1, 30). ასეთებს ბიბლია ჰაგიეს, ანუ წმინდებს (წმინდანები, აფ) უწოდებს, რაშიც ღვთისთვის განწმენდილი ადამიანები იგულისხმება (ეფ. 2:19; კლ. 1:12; შდრ. სქ. 20:32, სადაც საუბარია განწმენდილებზე [ტეს ჰეგიასმენეს]).
მაშასადამე, თავიდან იეჰოვა ღმერთი მისი სიტყვისადმი რწმენით იესო ქრისტესთან იზიდავს მათ, ვინც ქრისტეს თანამემკვიდრეები ხდებიან (ინ. 6:44; 17:17; 2თს. 2:13). როგორც იეჰოვას მიერ მოწონებულნი, ისინი იბანენ, იწმინდებიან და მართლად აღიარებულნი ხდებიან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით (1კრ. 6:11). ამგვარად, ქრისტე მათთვის „სიბრძნე ... სიმართლე, სიწმინდე და გამოსასყიდით გამათავისუფლებელი“ ხდება (1კრ. 1:30). ასეთებზე მოციქულმა პავლემ თქვა: „განმწმენდელიც [ანუ ქრისტე] და განწმენდილნიც ყველანი ერთისგან არიან, ამიტომაც არ რცხვენია, რომ მათ ძმები უწოდოს“ (ებ. 2:11). სულით შობის მეშვეობით ისინი „ღვთის ძეები“ და მისი მხოლოდშობილი ძის „ძმები“ ხდებიან (რმ. 8:14—17; ინ. 3:5, 8).
აუცილებელია შენარჩუნება. განწმენდა ცალმხრივი პროცესი არ არის. აუცილებელია სიწმინდის შენარჩუნება, რაშიც მნიშვნელოვან როლს თავად მორწმუნე თამაშობს. ის ან შეინარჩუნებს სიწმინდეს, ან დაკარგავს მას.
იესო ქრისტემ მაგალითი დაუტოვა განწმენდილებს (ინ. 13:15). მან ლოცვაში ღმერთს უთხრა: „ჩემს თავს განვწმენდ მათი გულისთვის, რათა ისინიც განიწმინდონ ჭეშმარიტებით“ (ინ. 17:19). მან შეინარჩუნა უმწიკვლობა და გამოცალკევებული დარჩა, რათა თავისი მიმდევრები განეწმინდა. ისინი მიწიერი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ინარჩუნებდნენ სიწმინდეს. ამიტომ მათ თავი შორს უნდა დაიჭირონ ყოველივე სამარცხვინოსგან და სამარცხვინო საქმეების ჩამდენთაგან, რათა „საპატიო მიზნისთვის განკუთვნილი ჭურჭელი ... განწმენდილი და პატრონისთვის სასარგებლო, ყოველი კარგი საქმისთვის გამზადებული“ იყვნენ (2ტმ. 2:20, 21). მათ უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ქრისტემ საკუთარი სისხლით იყიდა და ღვთის ნებით არიან „განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით“ (ებ. 10:10). ბიბლია მოუწოდებს მათ, რომ განწმენდისკენ ისწრაფონ, „რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს“ (ებ. 12:14).
მიუხედავად არასრულყოფილებისა, რაც მათ ცოდვისკენ უბიძგებს, განწმენდილებს შეუძლიათ სიწმინდის შენარჩუნება. პავლემ განწმენდილები გააფრთხილა სიწმინდის დაკარგვის საშიშროების შესახებ და შეახსენა, რომ ისინი ახალი „შეთანხმების სისხლმა“ განწმინდა (ებ. 10:29; ლკ. 22:20). ქრისტე, ახალი შეთანხმების შუამავალი, ეხმარება მათ შეთანხმების პირობების შესრულებაში — მორჩილების გამოვლენასა და წმინდა საქციელით ცხოვრებაში, რის წყალობითაც ისინი სიწმინდეს ინარჩუნებენ. „მან ერთი შესაწირავით სამუდამოდ სრულყოფილი გახადა ისინი, ვინც წმინდავდებიან“ (ებ. 10:14). მას, როგორც შუამავალსა და მღვდელმთავარს, „შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს“ (ებ. 7:25). მაგრამ, თუ ისინი ცოდვიან ცხოვრებას დაუბრუნდებიან, აღარ დარჩება მსხვერპლი მათი ცოდვებისთვის. მათ მხოლოდ სასამართლოსა და განადგურების მოლოდინი ექნებათ (ებ. 10:26, 27).
ასე რომ, განწმენდილებმა აღარ უნდა იცხოვრონ ისე, როგორც განწმენდამდე და აღარც ძველ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდნენ. მოციქული მოუწოდებს მათ: „ღვთის ნებაა, რომ განიწმინდოთ, მოერიდოთ სიძვას, რომ ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით ... ღმერთმა უწმინდურებისკენ კი არ მოგვიწოდა, არამედ სიწმინდისკენ“ (1თს. 4:3, 4, 7).
ღვთის სიტყვა და სული. განწმენდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვთის სიტყვა. სიწმინდის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი ზედმიწევნით გათვალისწინება (სქ. 20:32). ღმერთი მორწმუნესა და განწმენდილს თავის ძლიერმოქმედ ძალას, წმინდა სულს აძლევს, რაც მას სიწმინდისკენ სწრაფვაში ეხმარება. ის აგრეთვე ეხმარება მას, რომ მორჩილი იყოს და წმინდად იცხოვროს (1პტ. 1:2). ღვთის სულის წყალობით მისი მსხვერპლი განწმენდილი და ღვთისთვის მოსაწონი ხდება (რმ. 15:16). ყოველგვარი უწმინდურება ღვთის სულის უგულებელყოფაა და ანაღვლიანებს მას (ეფ. 4:30; 1თს. 4:8; 5:19). შედეგად, ქრისტიანი შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ წმინდა სული დაგმოს, რაც არ ეპატიება (მთ. 12:31, 32; ლკ. 12:8—10).
ადგილების განწმენდა. იეჰოვას სამყოფელი ან ის ადგილები, სადაც ის სიმბოლური გაგებით იმყოფება, განწმენდილია, ანუ წმინდაა. უდაბნოში აგებულ კარავს, აგრეთვე მოგვიანებით სოლომონისა და ზერუბაბელის მიერ აშენებულ ტაძრებს (აღადგინა და გააფართოვა ჰეროდე დიდმა) მიკდაშს და კოდეშს, ანუ გამოცალკევებულს და წმინდას უწოდებდნენ. ვინაიდან ამ ნაგებობების გარშემო ცოდვილი ხალხი ცხოვრობდა, ისინი შეწირული ცხოველების სისხლის შესხურებით პერიოდულად სიმბოლური გაგებით უნდა განწმენდილიყო უწმინდურებისგან (ლვ. 16:16).
იერუსალიმი. მსგავსად, დიდი მეფის ქალაქი იერუსალიმი (ფს. 48:1, 2; 135:21) და ის ადგილი, სადაც ეს ქალაქი იდგა, წმინდად ითვლებოდა (ეს. 48:1, 2; 52:1; ნემ. 11:1; დნ. 9:24). შესაბამისად, წმინდაა ზეციერი ქალაქი, ახალი იერუსალიმი, სადაც მხოლოდ განწმენდილებს შეუძლიათ შესვლა. ყოველგვარი უწმინდურების (სპირიტიზმი, უზნეობა, მკვლელობა, კერპთაყვანისმცემლობა და სიცრუე) ჩამდენთ ეკრძალებათ იქ შესვლა (გმც. 21:2; 22:14, 15, 19).
ედემის ბაღი. ედემის ბაღში იეჰოვა წარმომადგენლის მეშვეობით ელაპარაკებოდა ადამსა და ევას და მითითებებს აძლევდა მათ. ეს ბაღი სუფთა, უნაკლო და სრულყოფილი ადგილი იყო, სადაც ადამიანი ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობით ტკბებოდა (დბ. 1:28; 2:8, 9; 3:8, 9; კნ. 32:4). ამიტომ ურჩობის შემდეგ ღმერთმა ადამი და ევა ბაღიდან გააძევა. იეჰოვამ სამოთხე გამოაცალკევა ანუ განწმინდა, რათა იქ წმინდა, მართალ ადამიანებს ეცხოვრათ. ცოდვის ჩადენის შემდეგ ადამი და ევა ბაღიდან იმიტომ გააძევეს, რომ სიცოცხლის ხიდან არ შეეჭამათ ნაყოფი და, ცოდვის მიუხედავად, მარადიულად არ ეცხოვრათ (დბ. 3:22—24).
ცეცხლმოდებული ბუჩქი და სინას მთა. როცა იეჰოვამ (თავისი სახელით, რომელიც მარადიულად უნდა ხსომებოდათ) მოსე თავისი ხალხის მონობიდან დასახსნელად ეგვიპტეში გაგზავნა, თავისი ანგელოზი გაუგზავნა, რომელიც მოსეს ცეცხლმოდებული ბუჩქიდან ეჩვენა (გმ. 3:15, 16). ბუჩქთან მიახლოებულ მოსეს იეჰოვას წარმომადგენელმა ანგელოზმა უბრძანა: „გაიხადე სანდლები ფეხიდან, რადგან წმინდა [კოდეშ ] მიწაზე დგახარ“ (გმ. 3:1—5).
მოგვიანებით, როცა კანონის შეთანხმების მიცემისას ხალხი სინას მთასთან იყო შეკრებილი, იეჰოვამ მოსეს უბრძანა: „საზღვრები დაადგინე მთასთან და წმინდად ჰყავი ის“. მიზეზი ის იყო, რომ იეჰოვა იქ თავისი ანგელოზების მეშვეობით იმყოფებოდა (გმ. 19:23; გლ. 3:19). სიკვდილით დაისჯებოდა ყველა, ვინც საზღვარს იქით გადავიდოდა, რადგან ნებართვის გარეშე არავის შეუძლია მიუახლოვდეს იეჰოვას სამყოფელს (გმ. 19:12, 13). თუმცა მოსეს, ღვთის დანიშნულ შუამავალს, შეეძლო ახლოს მისვლა. ამგვარად, ის განასახიერებდა ზეციერი სიონის მთასთან მიახლოებული ცხებული ქრისტიანების დიდებულ შუამავალს, იესო ქრისტეს (ებ. 12:22—24).
თავშესაფარი ქალაქები და საომარი ბანაკები. ისრაელში ზოგი ქალაქი განსაკუთრებული მიზნისთვის იყო გამოყოფილი. მათში თავის შეფარება შეეძლო უნებლიე მკვლელობის ჩამდენთ. ეს ქალაქები განწმედილი, ანუ წმინდად შერაცხილი იყო (იეს. 20:7—9).
განწმენდილი იყო ისრაელის საომარი ბანაკიც, რადგან ღმერთი „დადიოდა“ იქ. ამიტომ აუცილებელი იყო ბანაკში ზნეობრივი, სულიერი და ფიზიკური სიწმინდის დაცვა (კნ. 23:9—14; 2სმ. 11:6—11).
საგნებისა და ნივთების განწმენდა. კარავი და ტაძარი განწმენდილი ნაგებობები იყო, ამიტომ ყველაფერი, რაც მათში იყო, წმინდა, განწმენდილი უნდა ყოფილიყო. შეთანხმების კიდობანი, საკმევლის სამსხვერპლო, წარსადგენი პურების მაგიდა, სალამპრე, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო, აუზი, მთელი მოწყობილობა, საკმეველი, საცხები ზეთი და მღვდლების ტანსაცმელიც კი, ყველაფერი განწმენდილი იყო. მათი გამოყენება და გადაადგილება შეეძლოთ მხოლოდ განწმენდილ ადამიანებს — მღვდლებსა და ლევიანებს (გმ. 30:25, 32, 35; 40:10, 11; ლვ. 8:10, 11, 15, 30; რც. 4:1—33; 7:1). კარავში მომსახურე მღვდლები წმინდა მსახურებას ასრულებდნენ იმ ადგილას, რომელიც ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი იყო, «როგორც ღმერთმა უბრძანა მოსეს, როცა ის კარავს ამთავრებდა: „ყველაფერი იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე, რაც მთაზე იხილე“» (ებ. 8:4, 5).
შესაწირავები და საკვები. შესაწირავები განწმენდილი იყო, რადგან ისინი განწმენდილ სამსხვერპლოზე წესისამებრ იწირებოდა (მთ. 23:19). მღვდლებისთვის განკუთვნილი წილი წმინდა იყო და მხოლოდ მღვდლის სახლეულობას შეეძლო ეჭამა. გაუწმინდურებულ მღვდელს ეკრძალებოდა მისი ჭამა (ლვ. 2:3; 7:6, 32—34; 22:1—13). წარსადგენი პურიც წმინდა, განწმენდილი იყო (1სმ. 21:4; მრ. 2:26).
მღვდლებისთვის იეჰოვას მიერ მიცემული საკვების მსგავსად, განწმენდილია ის საკვებიც, რომელსაც ის ქრისტიან მსახურებს აძლევს, რადგან წმინდა უნდა იყოს ყველაფერი, რასაც მისი განწმენდილი მსახურები იღებენ ან რაშიც მონაწილეობენ. მოციქულმა პავლემ ქრისტიანები გააფრთხილა იმ უსინდისო ადამიანების შესახებ, რომელთაც თვალთმაქცურად წმინდებად მოჰქონდათ თავი, კრძალავდნენ დაქორწინებას და აიძულებდნენ სხვებს, მორიდებოდნენ საჭმელს, „რომელიც ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების საფუძვლიანად მცოდნეებმა მადლიერებით ჭამონ. ღვთის შექმნილი ყველაფერი კარგია და, თუ მადლიერებით იჭმება, არაფერია უარსაყოფი, რადგან ღვთის სიტყვითა და ლოცვით განიწმინდება“ (1ტმ. 4:1—5). თუ ღვთის სიტყვაში რაიმე საკვები წმინდად არის გამოცხადებული, ის წმინდაა. ღვთის თვალში წმინდაა ქრისტიანიც, რომელიც ლოცვით ღმერთს მადლობას უხდის ასეთი საკვებისთვის და ჭამს მას, როგორც განწმენდილს.
მეათედები. ისრაელების მიერ შესაწირავად გაღებული მარცვლეულისა თუ ხილის მეათედი და საქონლიდან თუ ფარიდან ყოველი მეათე ცხოველი განწმენდილად ითვლებოდა. სხვა მიზნით მეათედების გამოყენება იკრძალებოდა (ლვ. 27:30, 32). მსგავსად, ვერავინ დარჩება უდანაშაულო ღვთის თვალში, თუ ბოროტად გამოიყენებს იმას, რაც განწმენდილია ან გალანძღავს ღვთის მიერ განწმენდილ ადამიანებს, მათ შორის ქრისტეს ცხებულ ძმებს. იესომ ეს კარგად დაანახვა იუდეველებს, რომლებიც მას მკრეხელობაში ადანაშაულებდნენ (ინ. 10:36). პეტრე მოციქულმა იწინასწარმეტყველა, რომ განადგურება არ ასცდებოდა ბოროტ ადამიანებს — „თავხედებს, თავნებებს, [რომლებიც] არ თრთიან დიდებით მოსილთა [იეჰოვას განწმენდილთა] წინაშე და გმობენ მათ“ (2პტ. 2:9—12; შდრ. იუდ. 8).
პერიოდები და სხვადასხვა შემთხვევები. ბიბლიაში ჩაწერილია, თუ რა გააკეთა ღმერთმა დედამიწაზე შემოქმედებითი საქმიანობის დასასრულს: „ღმერთმა მეშვიდე დღისთვის დაასრულა თავისი საქმე ... [და] ისვენებს. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდად გამოაცხადა“ (დბ. 2:2, 3). ამიტომ ეს „დღე“ ადამიანებისთვის წმინდა მსახურებისა და იეჰოვასადმი მორჩილების დღე უნდა ყოფილიყო. მათ არ უნდა შეებღალათ ის მხოლოდ საკუთარი საქმეების კეთებით. ადამმა და ევამ შებღალეს ეს „დღე“, როცა უზენაესი მმართველისგან, იეჰოვასგან დამოუკიდებლად ცხოვრება აირჩიეს, ანუ აირჩიეს იმის კეთება, რაც თავად სურდათ. როგორც ებრაელების 3:11, 13-სა და 4:1—11-დან ჩანს, ღვთის დასვენების დღე კვლავ გრძელდება. ვინაიდან ღმერთმა ეს „დღე“ განწმინდა, ანუ თავისი განზრახვის შესასრულებლად გამოჰყო, სწორედ ამ „დღეს“ შესრულდება ბოლომდე მისი განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით (შდრ. ეს. 55:10, 11).
განწმენდილად ითვლებოდა შაბათები, დღესასწაულების დროს ზოგიერთი დღე და სხვა პერიოდები, მაგალითად იუბილეს წელი (გმ. 31:14; ლვ. 23:3, 7, 8, 21, 24, 27, 35, 36; 25:10).
ადგილ-მამულის განწმენდა. ისრაელში ნებისმიერს შეეძლო, თავისი მემკვიდრეობის ნაწილი ღვთისთვის განეწმინდა. ამ მიზნით ის მიწის ნაკვეთს გამოაცალკევებდა და მასზე მოყვანილ მოსავალს ან მღვდლის შეფასებით მინდვრისთვის (ანუ მოსავლისთვის) დადგენილ საფასურს მიიტანდა საწმინდარში. თუ ის გადაწყვეტდა მინდვრის გამოსყიდვას, მღვდლის მიერ დადგენილი საფასურისთვის (დგინდებოდა იუბილეს წლამდე ასაღები მოსავლის რაოდენობით) მეხუთედი უნდა დაემატებინა. ცხადია, საიუბილეო წელს მინდორი თავის პატრონს დაუბრუნდებოდა (ლვ. 27:16—19).
მომდევნო მუხლებში, როგორც ჩანს, საუბარი მიდის მესაკუთრეზე, რომელმაც გამოსყიდვის ნაცვლად თავისი მინდორი სხვას მიჰყიდა. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მინდორი საიუბილეო წელს საწმინდრის სამუდამო საკუთრება ხდებოდა. ამ კანონზე, რომელიც ჩაწერილია ლევიანების 27:20, 21-ში, ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია: „შესაძლოა [აქ] აღწერილია სიტუაცია, როცა კაცი თაღლითურად ყიდდა თავის მინდორს და ითვისებდა მის საფასურს მიუხედავად იმისა, რომ საწმინდრისთვის შეწირვის პირობა ჰქონდა დადებული“ (Cook’s Commentary). ან შეიძლება ამ მუხლებში იგულისხმება სიტუაცია, როცა კაცი იყენებდა თავის მინდორს და აღთქმის შესაბამისად ყოველწლიურად იხდიდა დადგენილ გამოსასყიდს, მაგრამ მოგვიანებით ყიდდა ამ მინდორს ნაღდ ფულზე. ასეთი მინდორი მიძღვნილად ითვლებოდა, რადგან მან საწმინდრისთვის განწმენდილი საკუთარივით გამოიყენა, ვაჭრობის საგნად აქცია და არაფრად ჩააგდო მისი სიწმინდე.
შესაძლოა აქაც გამოყენებული იყო კანონის 22:9-ში ჩაწერილი პრინციპი: „ერთად არ ჩაყარო ორი სხვადასხვა ჯიშის ვაზი, რათა ჩაყრილი ვაზის მთელი მოსავალი, რასაც ვენახში მოიწევ, საწმინდრისა არ გახდეს“. ასეთი ზარალი ლევიანების 19:19-ში ჩაწერილი კანონის დარღვევის შედეგი იყო.
განწმენდილსა და მიძღვნილს შორის განსხვავება ის იყო, რომ მიძღვნილის გამოსყიდვა არ შეიძლებოდა (იხ. გასანადგურებელი, მიძღვნილი). იგივე კანონი ეხებოდა სახლებსაც (ლვ. 27:14, 15). მაგრამ, თუ ვინმე სხვისგან ნაყიდ სამკვიდრო მინდორს განწმენდდა, იუბილეს წელს ეს მინდორი ძველ პატრონს უბრუნდებოდა (ლვ. 27:22—24).
ქორწინება. მოციქული პავლე დაქორწინებულ ქრისტიანებს სწერდა: „ურწმუნო ქმარი ცოლის მეშვეობით განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი განიწმინდება ძმის მეშვეობით. სხვაგვარად, თქვენი შვილები უწმინდურები იქნებოდნენ, ახლა კი წმინდები არიან“. იეჰოვა ქრისტიანის გამო უწმინდურად არ თვლის მის ქორწინებას ურწმუნოსთან. განწმენდილი ქრისტიანის სიწმინდე არ განწმენდს, ანუ ღვთის წმინდად არ აქცევს მის მეუღლეს, მაგრამ მათი ქორწინება წმინდა და ღირსეულია. მორწმუნე მეუღლის ქრისტიანულ საქციელზე დაკვირვება შეიძლება ბევრ რამეში დაეხმაროს ურწმუნო მეუღლეს და ის შეიძლება გადარჩეს (1კრ. 7:14—17). თუ ერთ-ერთი მშობელი მაინც არის მორწმუნე, ქორწინებაში დაბადებული ბავშვები ღვთის თვალში წმინდები არიან და ღვთის მფარველობისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან იმ ბავშვებისგან განსხვავებით, რომელთა მშობლებიც მორწმუნეები არ არიან (იხ. სიწმინდე [სიწმინდე კურთხეულია იეჰოვასგან]).