იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იესო ნავეს ძე“
ძვ. წ. 1473 წელს მოაბის ველებზე დაბანაკებული ისრაელები, ალბათ, გულის ფანცქალით ისმენენ შემდეგ სიტყვებს: „გაიარეთ შუა ბანაკში და უბრძანეთ ხალხს, გაიმზადეთ–თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გადალახოთ იორდანე, რათა მიხვიდეთ იმ ქვეყნის მისაღებად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ თქვენ დასამკვიდრებლად“ (იესო ნავეს ძე 1:11). უდაბნოში 40–წლიანი ხეტიალი დასასრულს უახლოვდება.
გავიდა ორ ათეულ წელზე ოდნავ მეტი. ისრაელების წინამძღოლი, იესო ნავეს ძე, ქანაანის შუაგულში დგას და უხუცესებს ეუბნება: „შეხედეთ, წილისყრით გარგუნეთ თქვენ ეს დარჩენილი ხალხი თქვენი ტომების სამკვიდრებლად იორდანედან მოყოლებული და ყველა ხალხი, რომელიც მოვსპე დიდ ზღვამდე, მზის დასავლამდე. და უფალი, თქვენი ღმერთი, თავად აყრის მათ თქვენი პირისაგან და მოსპობს მათ თქვენს წინაშე, და დაიმკვიდრებთ მათ ქვეყანას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს“ (იესო ნავეს ძე 23:4, 5).
ძვ. წ. 1450 წელს იესოს მიერ დაწერილი წიგნი „იესო ნავეს ძე“ ამაღელვებელი ისტორიული ცნობაა. ის 22 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. დღეს ჩვენ აღთქმული ახალი ქვეყნიერების ზღურბლზე ვდგავართ და იმ ისრაელთა მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომლებსაც ძალიან მალე აღთქმული მიწა უნდა დაემკვიდრებინათ. ამიტომ, მოდი დიდი ყურადღება მივაქციოთ წიგნს „იესო ნავეს ძე“ (ებრაელები 4:12).
‘იერიხოს ველებისკენ’
იესო ნავეს ძე მნიშვნელოვან დავალებას იღებს. იეჰოვა მას ეუბნება: „მოსე, ჩემი მსახური, მოკვდა. ახლა ადექი და გადალახე იორდანე მთელ ხალხთან ერთად იმ ქვეყნისაკენ, რომელსაც მე ვაძლევ მათ, ისრაელის ძეთ“ (იესო ნავეს ძე 1:2). იესო ნავეს ძემ რამდენიმე მილიონისგან შემდგარი ხალხის ჯგუფი აღთქმულ ქვეყანაში უნდა შეიყვანოს. ის წინასწარ გზავნის ორ მზვერავს იერიხონში — ქალაქში, რომელიც პირველი უნდა აიღონ. იმ ქალაქში ცხოვრობს მეძავი რახაბი, რომელსაც გაგებული აქვს იეჰოვას მიერ თავისი ხალხის სასარგებლოდ გაკეთებული დიდი საქმეების შესახებ. ის იფარავს და ეხმარება მზვერავებს, ეს უკანასკნელნი კი სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებიან.
მზვერავების დაბრუნების შემდეგ, იესო ნავეს ძე და ხალხი მზად არიან, გზას გაუდგნენ და იორდანე გადალახონ. მდინარე ნაპირებიდან გადმოდის, მაგრამ ეს ისრაელებს დაბრკოლებას ვერ უქმნის, რადგან მდინარის აყოლებით იეჰოვა წყლის დინებას აჩერებს, ხოლო ქვემოთ მყოფ წყალს საშუალებას აძლევს, მკვდარ ზღვაში ჩაიწრიტოს. იორდანეზე გადასვლის შემდეგ ისრაელები იერიხონის მახლობლად, გილგალში, ბანაკდებიან. ოთხი დღის შემდეგ, აბიბის მე–14 დღეს, საღამოს, ისინი იერიხოს ველებზე პასექს აღნიშნავენ (იესო ნავეს ძე 5:10). მომდევნო დღეს ჭამენ იმ ქვეყნის ზოგიერთ ნაყოფს და მანანით უზრუნველყოფა წყდება. ამ დროისთვის, იესო ნავეს ძეს წინადაცვეთილი ჰყავს ყველა ის მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომლებიც უდაბნოში დაიბადნენ.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
2:4, 5. რატომ შეჰყავს შეცდომაში რახაბს მეფის კაცები, რომლებიც მზვერავებს ეძებენ? რახაბი საფრთხეში იგდებს თავს და იფარავს მზვერავებს, რადგან იეჰოვასადმი რწმენა განუვითარდა. ამიტომ ის არანაირად არ არის ვალდებული, მზვერავების ადგილმდებარეობის შესახებ უთხრას კაცებს, რომლებიც ღვთის ხალხისთვის ზიანის მიყენებას აპირებენ (მათე 7:6; 21:23—27; იოანე 7:3—10). რახაბი ‘საქმეებით მართლად იყო აღიარებული’ და ამ საქმეებში შედიოდა მეფის კაცების არასწორი მიმართულებით გაგზავნაც (იაკობი 2:24—26).
5:14, 15. ვინ არის „უფლის მხედრობის თავი“? აღთქმული ქვეყნის აღების დაწყების შემდეგ იესო ნავეს ძის განსამტკიცებლად მისული უფლის მხედრობის თავი, როგორც ჩანს, სხვა არავინაა, თუ არა „სიტყვა“ — იესო ქრისტე განკაცებამდე (იოანე 1:1; დანიელი 10:13). რამდენად გამამხნევებელია, რომ განდიდებული იესო ქრისტე დღეს არის ღვთის ხალხთან, რომელიც სულიერ ომშია ჩაბმული!
რას ვსწავლობთ:
1:7—9. ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა, მასში ნათქვამზე რეგულარულად დაფიქრება და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება აუცილებელია იმისათვის, რომ სულიერ წარმატებებს მივაღწიოთ.
1:11. იესო ნავეს ძე ხალხს ეუბნება, რომ გაიმზადონ საგზალი. ის არ ამბობს, რომ უმოქმედოდ იყვნენ და უცადონ, თუ რას მისცემს მათ იეჰოვა. იესოს მიერ ნათქვამი სიტყვები, ‘ნუ წუხხართ ცხოვრებისთვის აუცილებელზე’ და დაპირება — ‘ეს ყოველივე შეგემატებათ’ (კს), იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი უნდა ვაკეთოთ საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად (მათე 6:25, 33).
2:4—13. იეჰოვას დიდი საქმეების შესახებ მოსმენისა და იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ გადამწყვეტი ჟამია, რახაბი იღებს გადაწყვეტილებას, დადგეს ღვთის თაყვანისმცემელთა მხარეს. თუ თქვენ უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ბიბლიას სწავლობთ, და გესმით, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ, განა არ უნდა გადაწყვიტოთ, რომ ღმერთს ემსახუროთ? (2 ტიმოთე 3:1).
3:15. იერიხონში გაგზავნილ მზვერავებს კარგი ამბავი მოაქვთ. ამიტომ იესო ნავეს ძე სწრაფად მოქმედებს და არ ელოდება, როდის დაიწევს წყლის დონე იორდანეში. თაყვანისმცემლობის საკითხთან დაკავშირებულ საქმეებში ჩვენც გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და არ ველოდოთ იმას, თუ როდის დადგება უფრო ხელსაყრელი დრო.
4:4—8, 20—24. იორდანეს კალაპოტიდან აღებული 12 ქვა სამახსოვრო ქვები იყო ისრაელებისთვის. დღეს იეჰოვას მიერ მტრებისგან თავისი ხალხის დასახსნელად მოქმედებაც იმის შემახსენებელია, რომ ის მათთან არის.
ისრაელები ისევ და ისევ იმარჯვებენ
ქალაქი იერიხონი ‘ჩაკეტილია და არავინ არის არც გამომსვლელი და არც შემსვლელი’ (იესო ნავეს ძე 6:1). როგორ შეიძლება მისი აღება? იეჰოვა ეუბნება იესო ნავეს ძეს, თუ რა გააკეთოს. მალე კედლები ინგრევა და ქალაქი ნადგურდება. მხოლოდ რახაბი და მისი ოჯახი რჩება უვნებელი.
შემდეგი გამარჯვება ისრაელებს სატახტო ქალაქ აიში ელით. იქიდან დაბრუნებული მზვერავები ამბობენ, რომ ქალაქში არც ისე ბევრი მოსახლეა და ამიტომ მის ასაღებად ბევრი მებრძოლი არ არის საჭირო. მაგრამ ქალაქის ასაღებად გაგზავნილი დაახლოებით 3 000 მებრძოლი იძულებულია აიდან უკან გამოიქცეს. რატომ? იეჰოვა არ არის ისრაელებთან. იერიხონის დაპყრობისას ცოდვას ჩადის ყაქანი, მამაკაცი იუდას ტომიდან. საქმის მოგვარების შემდეგ იესო ნავეს ძე კვლავ ილაშქრებს აის წინააღმდეგ. აის მეფეს, რომელმაც ერთხელ უკვე სძლია ისრაელებს, დიდი სურვილი აქვს, კვლავ შეებრძოლოს მათ. მაგრამ იესო ნავეს ძე სარგებლობს აის მოსახლეობის მეტისმეტი გულდაჯერებულობით და ქალაქს იპყრობს.
გაბაონი ‘დიდი ქალაქია, აღემატება აის და ყველა იქაური კაცი მამაცი მებრძოლია’ (იესო ნავეს ძე 10:2). მაგრამ ისრაელების მიერ იერიხონისა და აის აღების შესახებ ამბის გაგების შემდეგ, გაბაონელებს შეცდომაში შეჰყავთ იესო ნავეს ძე და მოტყუებით მშვიდობის შესახებ შეთანხმებას აღწევენ. მეზობელი ერები ამას საშიშროების შემქმნელ ქმედებად მიიჩნევენ. სხვა ხუთი სამეფოს მეფეები ერთიანდებიან და გაბაონის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ისრაელი იხსნის გაბაონელებს და ბოლომდე ანადგურებს მათ მოწინააღმდეგეებს. იესო ნავეს ძის ხელმძღვანელობით ისრაელები შემდეგ სამხრეთით და დასავლეთით მდებარე ქალაქებს იპყრობენ; აგრეთვე ამარცხებენ ჩრდილოეთის მეფეებს. იორდანეს დასავლეთით დამარცხებულ მეფეთა სრული რიცხვი 31–ია.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
10:13. როგორ არის ასეთი რამ შესაძლებელი? „განა უფლისთვის“, ზეცისა და დედამიწის შემოქმედისთვის, „შეუძლებელია რამე?“ (დაბადება 18:14). იეჰოვას საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია არეგულიროს დედამიწის ბრუნვა და, ამგვარად, დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მზე და მთვარე თითქოს წყვეტს მოძრაობას. ან ღმერთს შეუძლია არაფერი შეცვალოს დედამიწისა და მთვარის მოძრაობაში, მაგრამ მზისა და მთვარის სხივები ისე გარდატეხოს, რომ ამ ორი მანათობლიდან წამოსული სინათლე კვლავაც ანათებდეს დედამიწაზე. ასე იყო თუ ისე, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში „არ ყოფილა ასეთი დღე არც უწინ და არც მის შემდგომ“ (იესო ნავეს ძე 10:14).
10:13. რა არის სიმართლის წიგნი? ეს წიგნი მოხსენიებულია 2 მეფეთა 1:18–შიც, სადაც საუბარია „მშვილდზე“ — სამგლოვიარო სიმღერაზე, რომელიც ისრაელის მეფე საულისა და მისი ძის, იონათანის, გარდაცვალებისას დაიწერა. როგორც ჩანს, ამ წიგნში თავმოყრილი იყო ისტორიული ან ეპიკური ჟანრის სიმღერები თუ პოემები; როგორც ჩანს, ეს წიგნი ებრაელებისთვის საკმაოდ ცნობილი იყო.
რას ვსწავლობთ:
6:26; 9:22, 23. იერიხონის განადგურებისას იესო ნავეს ძის მიერ წარმოთქმული წყევლა დაახლოებით 500 წლის შემდეგ შესრულდა (3 მეფეთა 16:34). ნოეს მიერ თავისი შვილიშვილის, ქანაანის, მიმართ წარმოთქმული წყევლა კი მაშინ ახდა, როდესაც გაბაონელები მუშები გახდნენ (დაბადება 9:25, 26). იეჰოვას სიტყვა ყოველთვის სრულდება.
7:20—25. ზოგმა შეიძლება ყაქანის მიერ ჩადენილი ქურდობა უმნიშვნელო დარღვევად მიიჩნიოს და იფიქროს, რომ ამას სხვებისთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებია. მათ შეიძლება ასეთივე თვალსაზრისი ჰქონდეთ წვრილმან ქურდობასა და მცირე დარღვევებზე, რომლებსაც ბიბლია განსჯის. მაგრამ იესო ნავეს ძის მსგავსად, ჩვენც მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ ზეწოლას, დავარღვიოთ კანონი ან ბიბლიის ზნეობრივი ნორმები.
9:15, 26, 27. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ შეთანხმებებს და შევასრულოთ ჩვენი სიტყვა.
იესო ნავეს ძე ბოლო მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას იწყებს
ხანდაზმული, 90 წელს მიღწეული იესო ნავეს ძე მიწის დანაწილებას იწყებს. ეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი დავალებაა! რეუბენისა და გადის ტომებს, ასევე მენაშეს ნახევარ ტომს უკვე მიღებული აქვთ მიწა იორდანეს აღმოსავლეთ ნაწილში. დანარჩენ ტომებს დასავლეთ ნაწილში ახლა უნაწილდებათ მიწები.
კარავს დგამენ ეფრემის ტერიტორიაზე — შილოში. ქალებ იეფუნეს ძე სამკვიდროდ ღებულობს ხებრონს, ხოლო იესო ნავეს ძე — თიმნათ–სერახს. ლევიანებს ეძლევათ 48 ქალაქი, მათ შორის 6 თავშესაფარი ქალაქია. რეუბენის, გადისა და მენაშეს ნახევარი ტომის წარმომადგენლები იორდანეს აღმოსავლეთით, თავიანთ სამკვიდროში დაბრუნების შემდეგ ‘შესახედად დიდ სამსხვერპლოს’ აგებენ (იესო ნავეს ძე 22:10). იორდანეს დასავლეთით დასახლებული სხვა ტომები ამას განდგომილებად მიიჩნევენ და ლამის ტომებს შორის ომი იწყება; მაგრამ ამბის გარკვევის შედეგად სისხლისღვრას თავიდან ირიდებენ.
თიმნათ–სერახში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ იესო ნავეს ძე კრებს უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ისრაელის ზემდგომებს და მათ მოუწოდებს, განმტკიცდნენ და იეჰოვასადმი ერთგულება შეინარჩუნონ. მოგვიანებით იესო ნავეს ძე შექემში უყრის თავს ისრაელის ყველა ტომს. აქ ის მოკლედ მოიხსენიებს, თუ როგორ მოქმედებდა იეჰოვა აბრაამიდან მოყოლებული და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ‘ეშინოდეთ უფლისა და ემსახურებოდნენ მას წრფელად’. ხალხი აღძრულია, უპასუხოს: „უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას“ (იესო ნავეს ძე 24:14, 15, 24). ამის შემდეგ იესო ნავეს ძე 110 წლის ასაკში კვდება.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
13:1. აქ მოყვანილი სიტყვები ხომ არ ეწინააღმდეგება იესო ნავეს ძეს 11:23–ში ჩაწერილ სიტყვებს? არა, რადგან აღთქმული ქვეყნის აღება ორ ეტაპს მოიცავდა — ნაციონალური ომები, რომლის დროსაც ქანაანის მიწაზე 31 მეფე იქნა დამარცხებული და, ამგვარად, ქანაანელთა ძალაუფლება დამხობილი; და ისრაელის თორმეტი ტომისთვის მიწის სრულ საკუთრებაში გადაცემა და პირადული ხასიათის საქმეების მოგვარება (იესო ნავეს ძე 17:14—18; 18:3). თუმცა ისრაელებმა ბოლომდე ვერ განდევნეს ქანაანელები, ისინი ისრაელებს ვერავითარ საფრთხეს ვერ უქმნიდნენ (იესო ნავეს ძე 16:10; 17:12). იესო ნავეს ძის 21:44–ში ისრაელთა შესახებ ნათქვამია: „მოასვენა ისინი უფალმა ყოველი მხრიდან“.
24:2. იყო თუ არა აბრაამის მამა, თერახი, კერპთაყვანისმცემელი? თავიდან თერახი არ იყო იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემელი. ის, როგორც ჩანს, ურის პოპულარულ ღვთაებას, მთვარის ღმერთს, სინს, სცემდა თაყვანს. იუდაელთა გადმოცემის თანახმად, თერახი, შესაძლოა, აკეთებდა კიდეც კერპებს. მაგრამ, როდესაც აბრაამი ღვთის მითითებისამებრ ტოვებს ურს, თერახიც მასთან ერთად მიდის ხარანში (დაბადება 11:31).
რას ვსწავლობთ:
14:10—13. ქალებ იეფუნეს ძე 85 წლის კი იყო, მაგრამ რთული დავალების (ხებრონის ადგილობრივ მკვიდრთაგან გაწმენდა) შესრულება ითხოვა. ის ტერიტორია ყენაკელებით — უჩვეულოდ დიდი ზომის ადამიანებით — იყო დასახლებული. იეჰოვას დახმარებით ეს გამოცდილი მებრძოლი იმარჯვებს და ხებრონი თავშესაფარი ქალაქი ხდება (იესო ნავეს ძე 15:13—19; 21:11—13). ქალებ იეფუნეს ძის მაგალითი აღგვძრავს, თავი არ ავარიდოთ რთული თეოკრატიული დავალებების შესრულებას.
22:9—12, 21—33. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა სხვებს არასწორი მოტივები არ მივაწეროთ.
„არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა“
ხანდაზმული იესო ნავეს ძე ისრაელის პასუხისმგებელ მამაკაცებს ეუბნება: „არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ“ (იესო ნავეს ძე 23:14). მართლაც, იესო ნავეს ძის მიერ ჩაწერილი ისტორიული ცნობა ამ სიტყვების ნათელი დადასტურებაა!
„ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, — წერდა მოციქული პავლე, — ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ტყუილად არ გვაქვს ღვთის აღთქმების შესრულების იმედი. არც ერთი აღთქმა არ დარჩება შეუსრულებელი. ყველა შესრულდება.
[რუკა 10 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
იესო ნავეს ძის მეთაურობით დაპყრობილი ტერიტორია.
ბაშანი
გალაადი
არაბა
ნეგები
მდინარე იორდანე
მარილოვანი ზღვა
იაბოკის ხევი
არნონის ხევი
ხაცორი
მადონი
ლაშარონი
შიმრონი
იოკნეამი
დორი
მეგიდო
კედეში
თაანახი
ხეფერი
თირცა
აფეკი
თაფუახი
ბეთელი
აი
გილგალი
იერიხონი
გეზერი
იერუსალიმი
მაკედა
იარმუთი
ადულამი
ლიბნა
ლაქიში
ეგლონი
ხებრონი
დებირი
არადი
[სურათი 9 გვერდზე]
იცით თუ არა, მეძავი რახაბი რატომ იქნა აღიარებული მართლად?
[სურათი 10 გვერდზე]
იესო ნავეს ძემ ისრაელებს მოუწოდა: „გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას“.
[სურათი 12 გვერდზე]
ყაქანის ქურდობა უმნიშვნელო შეცდომა არ ყოფილა — მას სერიოზული შედეგები მოჰყვა.
[სურათი 12 გვერდზე]
„რწმენით იერიხონის გალავანი . . . დაინგრა“ (ებრაელები 11:30).