გედეონი
[მჩეხავი; მომკვეთი]
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსაჯული ისრაელში; მენაშესტომელი იოაშის ვაჟი აბი-ეზერის საგვარეულოდან; გედეონი ცხოვრობდა ოფრაში, რომელიც, როგორც ჩანს, იორდანეს დასავლეთით მდებარეობდა. მისი საგვარეულო უმცირესი იყო მენაშეს ტომში, თავად გედეონი კი — „ყველაზე უმცროსი“ მამამისის სახლში (მსჯ. 6:11, 15).
გედეონი ისრაელის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მშფოთვარე პერიოდში ცხოვრობდა. ისრაელებმა უორგულეს იეჰოვას, რის გამოც თავიანთი შრომის ნაყოფით ვერ გაიხარეს. მრავალი წლის მანძილზე გარშემო მცხოვრები ერები, განსაკუთრებით კი მიდიანელები, „კალიებივით მრავალრიცხოვანნი“ მკის დროს შეესეოდნენ ხოლმე ქვეყანას. შვიდი წლის განმავლობაში მიდიანის ხელი იმდენად დამძიმდა ისრაელზე, რომ მტრისგან საკვების მარაგის დასაცავად მიწისქვეშა სამალავებს აკეთებდნენ (მსჯ. 6:1—6).
იეჰოვამ მხსნელად დანიშნა. მიდიანელებს რომ არ დაენახათ, გედეონი მარცვლეულს ღია ცის ქვეშ კი არა, საწნახელში ცეხვავდა. ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იეჰოვაა შენთან, მამაცო ვაჟკაცო“. გედეონმა ჰკითხა, რატომ ამბობდა ამას, მაშინ როცა მიდიანელები ჩაგრავდნენ მის ხალხს. როცა ანგელოზმა უთხრა, რომ გედეონი დაიხსნიდა ისრაელს, მან მოკრძალებულად აღიარა, რომ უმნიშვნელო კაცი იყო. მაშინ ანგელოზმა დაარწმუნა, რომ იეჰოვა იქნებოდა მასთან. გედეონმა ნიშანი სთხოვა იმაში დასარწმუნებლად, რომ სინამდვილეში იეჰოვას ანგელოზს ელაპარაკებოდა. მან ანგელოზს მიართვა ძღვენი — ხორცი, უფუარი პურები და ნახარში. შემდეგ ანგელოზის მითითებით ხორცი და პურები დიდ ქვაზე დააწყო, ნახარში კი ზემოდან მოასხა. ანგელოზი ჯოხით შეეხო ხორცსა და უფუარ პურებს, ქვიდან ცეცხლი ავარდა და შესაწირავი შთანთქა. ანგელოზი გაქრა (მსჯ. 6:11—22).
იმავე ღამეს იეჰოვამ გამოსაცდელად გედეონს უთხრა, დაენგრია ბაალის სამსხვერპლო, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა, აეჩეხა მის გვერდით მდგარი წმინდა ბოძი, აეგო იეჰოვასთვის სამსხვერპლო და ამ ბოძით დანთებულ ცეცხლზე შეეწირა მამამისის შვიდწლიანი მოზვერი (როგორც ჩანს, ის ბაალის წმინდა მოზვრად ითვლებოდა). წინდახედულმა გედეონმა ეს ღამით ათი მსახურის დახმარებით გააკეთა. როცა ქალაქის მცხოვრებლებმა დილით ნახეს მომხდარი და გაიგეს, რომ ეს გედეონის ჩადენილი იყო, მისი მოკვლა მოითხოვეს. მაგრამ იოაშმა არ გადასცა მათ თავისი შვილი და თქვა, რომ ბაალს თვითონ უნდა დაეცვა თავისი თავი. შემდეგ იოაშმა გედეონს იერუბაალი (ნიშნავს: დაე ბაალმა დაიცვას; დაე ბაალი შეედავოს) დაარქვა და თქვა: „თვითონ დაიცვას ბაალმა თავი, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს“ (მსჯ. 6:25—32).
მიდიანზე გამარჯვება. როცა მიდიანელები, ამალეკელები და აღმოსავლელები კვლავ შეიჭრნენ ისრაელში და იზრეელის ველზე დაბანაკდნენ, იეჰოვას სულმა მოიცვა გედეონი. დასახმარებლად აბიეზერელების მოხმობის შემდეგ გედეონმა მაცნეები დაგზავნა მენაშეში, აშერში, ზებულონსა და ნაფთალში. კიდევ ერთხელ მის მხარდაჭერაში დასარწმუნებლად, გედეონმა სთხოვა იეჰოვას, კალოზე გაფენილი მატყლი დილით ნამიანი ყოფილიყო, მიწა კი — მშრალი. როცა იეჰოვამ ეს სასწაული მოახდინა, ფრთხილმა გედეონმა კიდევ სთხოვა ნიშანი, რაც ისევ დაარწმუნებდა, რომ იეჰოვა მასთან იყო. ამ შემთხვევაში მან სთხოვა, რომ ყველაფერი პირიქით მომხდარიყო — მატყლი მშრალი ყოფილიყო, მიწა კი — ნამიანი (მსჯ. 6:33—40).
გედეონის მოწოდებას 32 000 მეომარი გამოეხმაურა. ისინი დაბანაკდნენ ხაროდის ჭასთან, რომელიც მორეს გორასთან ველზე დაბანაკებული მიდიანელების სამხრეთით იყო. მტრის ჯარი, რომელიც თითქმის 135 000 მეომარს ითვლიდა, ოთხჯერ აღემატებოდა ისრაელთა ჯარს (მსჯ. 8:10). მაგრამ იეჰოვამ უთხრა გედეონს, რომ ბევრი ხალხი ჰყავდა, რადგან მტერზე გამარჯვების შემთხვევაში მათ შეიძლება ეს თავიანთი სიმამაცისთვის მიეწერათ. ღვთის მითითებით გედეონმა მოუწოდა ყველას, ვისაც ეშინოდა და კანკალებდა, სახლებში დაბრუნებულიყვნენ. 22 000 კაცი გაბრუნდა, მაგრამ მეომრების რიცხვი მაინც დიდი იყო. იეჰოვამ დაარიგა გედეონი, რომ 10 000 კაცი წყალთან ჩაეყვანა გამოსაცდელად. მათგან მხოლოდ 300-მა კაცმა დალია წყალი პეშვით, ამიტომ ისინი გამოაცალკევეს სხვებისგან. დანარჩენები, რომლებმაც წყლის დასალევად ჩაიმუხლეს, არ გავიდოდნენ საბრძოლველად. იმ 300-მა კაცმა თავიანთი სიფრთხილით ცხადყო, რომ მზად იყვნენ იეჰოვას სახელით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დასაცავად. იეჰოვა დაჰპირდა გედეონს, რომ ამ პატარა რაზმით იხსნიდა ისრაელს (მსჯ. 7:1—7).
ღამით გედეონი თავის მსახურ ფურაჰთან ერთად წავიდა მტრის ბანაკის დასაზვერად. მან ყური მოჰკრა, როგორ უყვებოდა ერთი კაცი მეორეს თავის სიზმარს, რომელმაც ის შემდეგნაირად ახსნა: მიდიანელთა მთელი ბანაკი გედეონს ჩაუვარდებოდა ხელში. მოსმენილმა გედეონს ძალა შეჰმატა, დაბრუნდა ისრაელთა ბანაკში და სამ რაზმად დაყო ის, რათა სამი მხრიდან მისულიყო მიდიანის ბანაკში. თითოეულ მეომარს საყვირი და დიდი დოქი მისცა, რომელშიც ჩირაღდანი იდო (მსჯ. 7:9—16).
თავისი 100-კაციანი რაზმით გედეონი მაშინ მიადგა მიდიანელთა ბანაკს, როცა შუაღამის გუშაგობა ახალი დაწყებული იყო. მეომრები სწორედ ისე მოიქცნენ, როგორც გედეონი მოიქცა. ღამის სიჩუმე დაარღვია 300 საყვირის, 300 დოქის დამსხვრევისა და 300 მეომრის ყიჟინის გამაყრუებელმა ხმამ. ამავე დროს, ღამის ცა 300-მა ჩირაღდანმა გაანათა. მტრის ბანაკი აურზაურმა მოიცვა. ისინი ყვიროდნენ და გარბოდნენ. „იეჰოვამ მთელ ბანაკს ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი. გაიქცა ბანაკი ბეთ-შიტამდე, ცერერასკენ, აბელ-მეჰოლას შემოგარენამდე, თაბათამდე“ (მსჯ. 7:17—22).
ამასობაში მოუხმეს ნაფთალელებს, აშერელებსა და მენაშელებს, რათა მიდიანელებს დადევნებოდნენ. მაცნეები გაუგზავნეს ეფრემელებსაც, რომ გზა გადაეკეტათ გაქცეული მტრისთვის. ეფრემელები გამოეხმაურნენ და დაასწრეს წყლების დაკავება ბეთ-ბარამდე და დაიკავეს იორდანეც. მათ შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი — ორები და ზეები, და დახოცეს ისინი. თუმცა გედეონთან შეხვედრის შემდეგ ეფრემელები „გაცხარდნენ და ლამის ჩხუბი აუტეხეს“, რადგან თავიდანვე არ მოუხმო მათ დასახმარებლად. გედეონმა თავმდაბლად აღნიშნა, რომ მისი გაკეთებული არაფერი იყო მათ გაკეთებულთან, რადგან მათ შეიპყრეს ორები და ზეები. ასე დააცხრო გედეონმა მათი რისხვა და თავიდან აირიდა დაპირისპირება (მსჯ. 7:23—8:3).
გედეონმა და მისმა 300-მა მეომარმა გადაკვეთეს იორდანე და დაღლილობის მიუხედავად სდიეს მიდიანის მეფეებს, ზებახსა და ცალმუნას და მათ ხალხს. გზად მათ საკვები სთხოვეს სუქოთელებს, მაგრამ სუქოთელი მთავრები არ დაეხმარნენ და უთხრეს: „უკვე ჩაიგდე ხელში ზებახი და ცალმუნა, ლაშქარი რომ დაგიპუროთ?“. ფენუელელებმაც უარი განუცხადეს გედეონს თხოვნაზე (მსჯ. 8:4—9).
კარკორში მისული გედეონი თავს დაესხა იქ დაბანაკებულ მტრის ჯარიდან გადარჩენილ 15 000-მდე კაცს, როცა არ ფხიზლობდნენ. ზებახი და ცალმუნა გაიქცნენ. გედეონი მაშინვე დაედევნა მათ და შეიპყრო. მან „მთელ ბანაკს თავზარი დასცა“ (მსჯ. 8:10—12).
ბრძოლიდან უკან დაბრუნებულმა გედეონმა შეიპყრო ერთი სუქოთელი ახალგაზრდა და მისგან გაიგო ქალაქის მთავრებისა და უხუცესების სახელები. თავისი სიტყვისამებრ გედეონმა ჭკუა ასწავლა სუქოთელ უხუცესებს ჯაგებითა და უდაბნოს ეკლებით, რადგან მათ უარი უთხრეს საკვების მიცემაზე. ამავე მიზეზით გედეონმა, როგორც ადრე ჰქონდა ნათქვამი, დაანგრია ფენუელის კოშკი და დახოცა ქალაქის მკვიდრნი (მსჯ. 8:13—17).
შემდეგ გედეონმა თავის პირმშოს, იეთერს ზებახისა და ცალმუნას მოკვლა უბრძანა, რადგან მათ გედეონის ძმები, დედამისის შვილები დახოცეს. იეთერი ახალგაზრდა იყო, ამიტომ ვერ გაბედა მიდიის მეფეების მოკვლა. შემდეგ გედეონმა, ზებახისა და ცალმუნას თხოვნით, თავად დახოცა ისინი (მსჯ. 8:18—21).
ეფოდი. მადლიერმა ისრაელებმა სთხოვეს გედეონს, რომ ის და მისი ოჯახი მათი მმართველები გამხდარიყვნენ. მაგრამ გედეონს ესმოდა, რომ ისრაელის კანონიერი მეფე იეჰოვა იყო და არ დაჰყვა მათ თხოვნას. მან შესთავაზა ისრაელებს, შეეწირათ ნადავლად წამოღებული ოქროს სამკაულები. ხალხის მიერ შეწირული ცხვირის რგოლები 1 700 შეკელს იწონიდა ($218 365). ამ ოქროთი გედეონმა დაამზადა ეფოდი და ოფრაში გამოფინა. „გარყვნილებას სჩადიოდა მთელი ისრაელი ეფოდთან და მახედ ექცა ის გედეონსა და მის სახლეულობას“. უეჭველია, გედეონს სუფთა მოტივი ამოძრავებდა, მაგრამ ხალხის მთელი ყურადღება იეჰოვას წმინდა კარვის ნაცვლად ეფოდზე გადავიდა. მისი მოქმედებების შედეგი ძალიან განსხვავდებოდა მისი ჩანაფიქრისგან (მსჯ. 8:22—27; იხ. ეფოდი (I)).
სიცოცხლის ბოლომდე ღვთისმოსაწონი მოწმე. გედეონის მეშვეობით იეჰოვამ ისე იხსნა ისრაელი, რომ მისი 40-წლიანი მსაჯულობის პერიოდში აღარავის შეუწუხებია ისინი. უამრავი ცოლისგან გედეონს 70 ვაჟი შეეძინა. ის ტკბილი სიბერით მოკვდა, რის შემდეგაც ისრაელებმა ისევ დაიწყეს ბაალის თაყვანისცემა. ამასთან, გედეონის ვაჟმა აბიმელექმა, რომელიც მას შექემელი ხარჭისგან შეეძინა, ამოხოცა გედეონის დანარჩენი ვაჟები. მხოლოდ უმცროსი ვაჟი იოთამი გადაურჩა სიკვდილს (მსჯ. 8:28—9:5; იხ. აბიმელექი №4; ოფრა №3).
უდიდესი განსაცდელების დროს გამოვლენილი რწმენისთვის გედეონის სახელი მოწმეთა „დიდ ღრუბელში“ მოიხსენიება (ებ. 11:32; 12:1). ამასთან ის გამორჩეული იყო თავმდაბლობითა და წინდახედულობით. როგორც ჩანს, მის მიერ გამოვლენილი სიფრთხილე მისი გონიერებით იხსნება და არა რწმენის ნაკლებობით, რადგან ბიბლია ერთხელაც კი არ განსჯის მას სიფრთხილისთვის. როგორც 83-ე ფსალმუნიდან ჩანს, გედეონის მიერ მიდიანელების დამარცხება არის იეჰოვას მიერ თავისი მტრების განადგურების წინასწარმეტყველური ნიმუში, როცა ის განადიდებს თავის სახელს და განამტკიცებს თავის უზენაესობას (შდრ. ეს. 9:4; 10:26).