აჰუდი მორწმუნე და გაბედული მამაკაცი
აღთქმულ მიწაზე ისრაელების პირველი ნაბიჯების დადგმიდან მრავალმა წელმა განვლო. მოსე და თავისი მემკვიდრე იესო ნავეს ძე დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ. ასეთი მორწმუნე მამაკაცების არყოფნის დროს წმინდა თაყვანისმცემლობის დაფასება სრულიად ამოიძირკვა. ისრაელებმა ბაალებისა და „წმინდა სერტყებისადმი“ თაყვანისმცემლობაც კი შემოიღესa. ამის შედეგად იეჰოვამ თავისი ხალხი რვა წლით ასურეველთა ხელში ჩააგდო. მოგვიანებით ისრაელებმა ღმერთს შეჰღაღადეს დახმარებისთვის. მან მოწყალებიდან გამომდინარე შეისმინა ღაღადი. თავისი ხალხის სახსნელად იეჰოვამ გამოუჩინა მათ მსაჯული ღოთენიელი (მსაჯულნი 3:7–11).
ამ შემთხვევებიდან ისრაელებს საფუძვლიანი ჭეშმარიტება უნდა ესწავლათ — იეჰოვასადმი მორჩილებას კურთხევები მოაქვს, დაუმორჩილებლობას კი — წყევლა (მეორე რჯული 11:26–28). მაგრამ ისრაელმა ხალხმა აქედან გაკვეთილი ვერ ისწავლა. მშვიდობის ორმოცწლიანი პერიოდის შემდეგ მათ კვლავ მიატოვეს წმინდა თაყვანისმცემლობა (მსაჯულნი 3:12).
მოაბისგან დაპყრობილნი
ამჯერად იეჰოვამ დაუშვა, რომ თავისი ხალხი მოაბელი მეფე ყეგლონის ხელში ჩავარდნილიყო. ბიბლია მას ‘ძალზე მსუქან კაცად’ აღწერს. ყამონისა და ყამალეკის მხარდაჭერით ყეგლონი თავს დაესხა ისრაელს და თავისი სასახლე იერიხონში, ‘ფინიკ-ქალაქში’ აღმართა. რა ირონიულია — ისრაელის დაპყრობილმა, ქანაანელთა პირველმა ქალაქმა ახლა ისეთი ადამიანის ჯარების მმართველობის მთავარი ორგანო შეიკედლა, რომელიც ცრუ ღმერთ ქამოშსb ეთაყვანებოდა! (მსაჯულნი 3:12, 13, 17).
მომდევნო 18 წლის განმავლობაში ყეგლონი ჩაგრავდა ისრაელებს, როგორც ჩანს, დამამძიმებელი გადასახადის მოთხოვნით. პერიოდული ხარკის მოთხოვნით მოაბი საკუთარ ეკონომიკას აძლიერებდა და ამავე დროს ისრაელის რესურსებს წოვდა. ამიტომ, გასაგებია, რომ ღვთის ხალხი ხსნისთვის ღაღადებდა და იეჰოვამ კიდევ ერთხელ შეისმინა მათი ღაღადი. მან სხვა მხსნელი გამოუჩინა — ამჯერად ბენიამინელი სახელად აჰუდი. ისრაელზე ყეგლონის ტირანიის აღკვეთა აჰუდმა ხარკის შემდეგი მიტანის დღისთვის დაგეგმა (მსაჯულნი 3:14, 15).
გაბედული მანევრისთვის მოსამზადებლად აჰუდმა ერთწყრთიანი ორლესული მახვილი გააკეთა. მოკლე წყრთის შემთხვევაში, იარაღის სიგრძე შეიძლება დაახლოებით 38 სანტიმეტრი ყოფილიყო. ზოგი მას ხანჯლად ჩათვლიდა. როგორც ჩანს, პირსა და ტარს შორის მახვილს განივი არ ჰქონდა. ამიტომ აჰუდს შეეძლო წამოსასხამის ნაკეცებში ამ პატარა მახვილის დამალვა. გარდა ამისა, როგორც ცაციას, აჰუდს მახვილის შემორტყმა მარჯვენა — იარაღისთვის უჩვეულო — მხარეზე შეეძლო (მსაჯულნი 3:15, 16).
აჰუდის სტრატეგია უსაფრთხო არ იყო. მაგალითად, რა მოხდებოდა, თუ მეფის თანმხლებნი აჰუდს გაჩხრეკდნენ და იარაღს ნახავდნენ? რომც არ გაეჩხრიკათ, ისინი ნამდვილად არ დატოვებდნენ მარტო თავიანთ მეფეს ისრაელ მამაკაცთან! მაგრამ, რომ დაეტოვებინათ და ყეგლონი მოეკლა, როგორ გაიპარებოდა? რამდენად შორს გაიქცეოდა, სანამ ყეგლონის თანმხლებნი მომხდარს აღმოაჩენდნენ?
უეჭველია, აჰუდი ფიქრობდა ასეთ წვრილმანებზე და, შესაძლოა, მრავალ დამღუპველ შედეგსაც ხედავდა. მიუხედავად ამისა, გაბედულად და იეჰოვასადმი რწმენით მან განავითარა თავისი ჩანაფიქრი.
აჰუდი ხვდება ყეგლონს
დადგა შემდეგი ხარკის მიტანის დღე. აჰუდი და მასთან მყოფნი მეფის სასახლეში შევიდნენ. ცოტა ხანში ისინი თვით მეფე ყეგლონის წინაშე წარდგნენ. მაგრამ აჰუდის თავდასხმის დრო ჯერ არ იყო მოსული. ხარკის მირთმევის შემდეგ აჰუდმა ხარკის მომტანნი თავიანთ გზაზე გაისტუმრა (მსაჯულნი 3:17, 18).
რატომ აყოვნებდა აჰუდი ყეგლონის განგმირვას? ნუთუ შიშის გრძნობას აჰყვა? არავითარ შემთხვევაში! თავისი ჩანაფიქრის გასახორციელებლად აჰუდს მეფესთან განცალკევება სჭირდებოდა — რაც ამ პირველ შეხვედრას არ შეესაბამებოდა. გარდა ამისა, აჰუდს სწრაფი გაქცევა დასჭირდებოდა. ერთი ადამიანისთვის გაქცევა ბევრად უფრო იოლი იქნებოდა, ვიდრე ხარკის მომტანთა მთელი ამალისთვის. ამიტომ აჰუდი შესაფერის მომენტს ელოდებოდა. ყეგლონთან მოკლე ვიზიტმა შესაძლებლობა მისცა, სასახლეში ოთახების განლაგებას გაცნობოდა და მეფის დაცვის შესაძლებლობები დაედგინა.
‘გილგალის საკერპომდე’ მისვლის შემდეგ აჰუდმა დატოვა თავისი თანმხლებნი და უკან ყეგლონის სასახლისკენ გაემგზავრა. დაახლოებით ორკილომეტრიან მანძილზე გამოვლამ აჰუდს საშუალება მისცა თავის მისიაზე დაფიქრებულიყო და იეჰოვასგან კურთხევისთვის ელოცა (მსაჯულნი 3:19).
აჰუდი ბრუნდება
როგორც ჩანს, სასახლეში დაბრუნებისას აჰუდი კარგად მიიღეს. შესაძლოა მანამდე მირთმეულმა დიდმა ხარკმა ყეგლონს გული მოულბო. ალბათ, ხანმოკლეობის მიუხედავად, პირველმა ვიზიტმა საკმაო შესაძლებლობა მისცა აჰუდს მეფესთან ურთიერთგაგების დასამყარებლად. რაც არ უნდა ყოფილიყო, აჰუდი კვლავ ყეგლონის წინაშე იდგა.
„საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო“, — თქვა აჰუდმა. ფაქტი, რომ თავის მოქმედებაში აჰუდი ასე შორს შევიდა, იეჰოვას ხელმძღვანელობაზე მიუთითებდა. მაგრამ არსებობდა ერთი პრობლემა. „საიდუმლო სიტყვა“ აჰუდს რომ ჰქონდა, არ ითქმებოდა მეფის თანმხლებთა წინაშე. თუ ამ საქმეში იეჰოვა უნდა ჩარეულიყო, აჰუდს ასეთი დახმარება დაუყოვნებლივ დასჭირდებოდა. „ჩუმად!“ — ბრძანა მეფემ. რადგან ყეგლონს არ სურდა, რომ ვინმეს ამ ‘საიდუმლო სიტყვისთვის’ ყური მოეკრა, მან გაუშვა თავისი თანმხლებნი. წარმოიდგინე, რა შვება იგრძნო აჰუდმა! (მსაჯულნი 3:19).
ყეგლონი ზემო სართულის ოთახში იჯდა, როცა აჰუდი მივიდა და უთხრა: „უფლის სიტყვა მაქვს სათქმელი შენთვის!“ ქამოშს ხომ არ გულისხმობდა აჰუდი, როცა ‘უფალს’ იხსენიებდა? ყეგლონს შესაძლოა ასეც ეფიქრა. საგონებელში ჩავარდნილმა მან აწია ტახტიდან თავისი მძიმე სხეული და მოლოდინში დადგა. აჰუდი უახლოვდებოდა, რასაც ალბათ ფრთხილად აკეთებდა, რათა მეფე თავდასხმაში არ დაეეჭვებინა. უცებ, სწრაფი მოძრაობით „გაიკრა აჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოსთან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა [ყეგლონს]. ვადიანად ჩაეფლო შიგ მახვილი და ქონმა გადაფარა ვადა, რადგან მუცელშივე ჩაატოვა მახვილი, რომელსაც მეორე მხარეს გაეწვერა“ (მსაჯულნი 3:20–22).
ახლომახლო მეფის ზლაზნია თანმხლებთ არაფერი აღელვებდათ. მაგრამ აჰუდი ჯერაც საფრთხეში იყო. ნებისმიერ მომენტში ყეგლონის მსახურები შეიძლება შემოვარდნილიყვნენ და დაგდებული მეფის გვამი აღმოეჩინათ. აჰუდი სწრაფად უნდა გაქცეულიყო! მან ჩაკეტა კარები და ზემო სართულის საჰაერო ხვრელით გაიქცა (მსაჯულნი 3:23, აქ, 24ა).
აღმოჩენა და მარცხი
ცოტა ხანში ყეგლონის მსახურებს სულმა წასძლიათ. მაგრამ ვერ ბედავდნენ საიდუმლო შეხვედრის შეწყვეტით მეფის უკმაყოფილების გამოწვევას. შემდეგ მათ შენიშნეს, რომ ზემო ოთახის კარები დაკეტილი იყო. „მოსასაქმებლად შეიკეტებოდაო საგრილობელ ოთახში“, — მსჯელობდნენ ისინი. მაგრამ დრო გადიოდა და უბრალო ცნობისმოყვარეობას მღელვარების ტალღა ცვლიდა. ყეგლონის თანმხლებნი მეტს ვეღარ ითმენდნენ. „კლიტე მოარგეს, გააღეს [ზემო სართულის ოთახის კარები] და რას ხედავენ: მკვდარი აგდია ძირს მათი ბატონი“ (მსაჯულნი 3:24ბ, 25).
ამასობაში აჰუდმა სამშვიდობოს გამოაღწია. ის გილგალის საკერპოს გასცდა და საბოლოოდ სეყირს, ეფრემის მთიან ადგილს, მიადგა. აჰუდმა ისრაელები შეკრიბა და მოაბელებზე გაერთიანებულ თავდასხმაში წაუძღვა. ცნობა გვატყობინებს, რომ მათ „ათი ათასამდე მოაბელი დახოცეს, . . ყველანი ბრგე და ძლიერნი, თავს ვერავინ უშველა“. მოაბის დამორჩილების შემდეგ ისრაელის ქვეყანამ 80 წელი დაისვენა (მსაჯულნი 3:26–30).
აჰუდის მაგალითიდან სწავლა
აჰუდს ღვთისადმი რწმენა ამოქმედებდა. ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავი ინდივიდუალურად არ მოიხსენიებს მას, როგორც იმათგან ერთ-ერთს, „რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს. . . მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს“ (ებრაელთა 11:33, 34). მიუხედავად ამისა, აჰუდს იეჰოვა ეხმარებოდა, რადგან ის რწმენით მოქმედებდა და იხსნა ისრაელები მეფე ყეგლონის ტირანული ძალაუფლებისგან.
გაბედულება აჰუდის ერთ-ერთი თვისება იყო. ის გაბედული უნდა ყოფილიყო, რათა ეფექტურად გამოეყენებინა ნამდვილი მახვილი. ჩვენ, ღვთის დღევანდელი მსახურები, ხელში არ ვიღებთ ასეთ მახვილს (ესაია 2:4; მათე 26:52). მაგრამ ჩვენ ‘სულის მახვილს’, ღვთის სიტყვას, ვიყენებთ (ეფესელთა 6:17). აჰუდმა მარჯვედ გამოიყენა თავისი იარაღი. სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებისას ჩვენც უნარიანად უნდა ვიყენებდეთ ღვთის სიტყვას (მათე 24:14). ბიბლიის პირადი შესწავლა, ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრება, მსახურებაში გულმოდგინედ მონაწილეობა და ზეციერი მამისადმი ლოცვით მინდობა დაგვეხმარება აჰუდის — მორწმუნე და გაბედული მამაკაცის — გამოვლენილი თვისებების მიბაძვაში.
[სქოლიოები]
a სავსებით შესაძლებელია, რომ წმინდა სერტყები ფალოსის გამოსახულებები იყო. მათ მეტისმეტად აღვირახსნილ სექსუალურ ორგიებში იყენებდნენ (მესამე მეფეთა 14:22–24, აქ).
b ქამოში მოაბელთა მთავარი ღვთაება იყო (რიცხვნი 21:29; იერემია 48:46). სულ მცირე, რამდენიმე შემთხვევაში, ბავშვებს, შესაძლოა, ამ შემაძრწუნებელ ცრუ ღმერთს სწირავდნენ (მეოთხე მეფეთა 3:26, 27).
[სურათი 31 გვერდზე]
აჰუდმა და მასთან მყოფმა მამაკაცებმა მეფე ყეგლონს ხარკი მიართვეს.
[საავტორო უფლება]
რეპროდუქცია Illustrirte Pracht - Bibel/Heilige Schrift des Alten und Neuen Testaments, nach der deutschen Uebersetzung D. Martin Luther’s-დან.