სამსონი
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს მზეს]
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსაჯული ისრაელში; ცორელი კაცის, დანისტომელი მანოახის ვაჟი; სამსონის დაბადებამდე ანგელოზი გამოეცხადა დედამისს და უთხრა, რომ გააჩენდა ვაჟს, რომელიც დაბადებიდან ნაზირი იქნებოდა და ისრაელს დაიხსნიდა „ფილისტიმელთა ხელიდან“ (მსჯ. 13:1—5, 24; 16:17). ვინაიდან სამსონი სათავეში ჩაუდგებოდა ისრაელს ფილისტიმელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ის დახოცილებთან შეხებას ვერ გაექცეოდა. მისთვის დაკისრებული საქმიდან გამომდინარე, მასზე ვერ გავრცელდებოდა კანონი, რომელიც ნაზირებს მკვდართან შეხებას უკრძალავდა (რც. 6:2—9). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი ნაზირობის აღთქმის ნებაყოფლობით დამდებს ეხებოდა, სამსონს კი ის მოთხოვნები უნდა შეესრულებინა, რომლებიც იეჰოვას ანგელოზმა დედამისს ჩამოუთვალა.
როცა სამსონი წამოიზარდა, მშობლებს სთხოვა, მისთვის თიმნაში მცხოვრები ფილისტიმელი ქალი მოეყვანათ ცოლად. ის ასე ღვთის სულის ხელმძღვანელობით მოიქცა, რადგან შესაძლებლობას ეძებდა ფილისტიმელებზე თავდასასხმელად (მსჯ. 13:25—14:4). მოგვიანებით თიმნასთან ახლოს მას გზაში ლომი შემოეყარა. ღვთის სულით გაძლიერებულმა სამსონმა ლომი შიშველი ხელებით გახლიჩა, გზა განაგრძო და თიმნაში ჩავიდა, სადაც იმ ფილისტიმელ ქალს ელაპარაკა, რომელზე დაქორწინებასაც აპირებდა (მსჯ. 14:5—7).
ამის შემდეგ სამსონი მშობლებთან ერთად წავიდა თიმნაში ქალის წამოსაყვანად. გზად მან თავისი მოკლული ლომის მძორის სანახავად გადაუხვია და შიგ ფუტკრები და თაფლი ნახა. სამსონმა ცოტაოდენი თაფლი შეჭამა და მშობლებს რომ დაეწია, მათაც აჭამა. ამის შესახებ საქორწილო ნადიმზე მან გამოცანა უთხრა 30 ფილისტიმელ მაყარს. შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა სამსონს აშკელონში 30 ფილისტიმელის დახოცვის საბაბი მისცა (მსჯ. 14:8—19).
როცა სამსონის სიმამრმა თავისი ქალიშვილი სხვაზე გაათხოვა და სამსონი მის სანახავად არ შეუშვა, მას ფილისტიმელთა წინააღმდეგ გასვლის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა. მან 300 მელა კუდებით გადააბა, კუდებს შორის ჩირაღდნები ჩაუმაგრა და გადაწვა ფილისტიმელთა ყანები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები. განრისხებულმა ფილისტიმელებმა სამსონის საცოლე და მამამისი ცეცხლში დაწვეს, რადგან სამსონის მიერ მიყენებული ზარალი ამ კაცის ბრალი იყო. ამგვარად მათ კვლავ მისცეს სამსონს შურისძიების შესაძლებლობა. სამსონმა ბევრი ფილისტიმელი დახოცა, „ფეხები და ბარძაყები დააჭრა და ერთმანეთზე დაახვავა“ (მსჯ. 14:20—15:8).
სამსონზე შურის საძიებლად ფილისტიმელები ლეხში ჩავიდნენ. მაშინ 3 000-მა შეშინებულმა იუდეველმა ეტამის კლდესთან დაითანხმა სამსონი, რომ დანებებოდა მტერს. მათ ორი ახალი თოკით შეკრეს ის და ფილისტიმელებს მიუყვანეს. გახარებული ფილისტიმელები სამსონთან შესახვედრად გაემზადნენ. მაგრამ „ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული; მხრებზე შემოხვეული თოკები დამწვარ სელს დაემსგავსა და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა“. მან ახალმოკლული ვირის ყბას სტაცა ხელი, ათასი კაცი მოკლა და ამ გამარჯვებისთვის იეჰოვას შეასხა ხოტბა. ამის შემდეგ იეჰოვამ თხოვნა შეუსრულა სამსონს და სასწაულებრივად მისცა წყალი წყურვილის მოსაკლავად (მსჯ. 15:9—19).
ერთხელ ფილისტიმელთა ქალაქ ღაზაში სამსონი მეძავის სახლში შევიდა. ეს რომ ფილისტიმელებმა გაიგეს, ჩაუსაფრდნენ, რათა დილით მოეკლათ. სამსონი კი შუაღამეს ადგა, ქალაქის კარიბჭის კარები, გვერდითი ბოძები და ურდული მოგლიჯა და „მთის წვერზე აიტანა ხებრონის პირდაპირ“ (მსჯ. 16:1—3; იხ. ღაზა №1). ფილისტიმელებისთვის ეს ძალიან დამამცირებელი იყო, რადგან ღაზა დაუცველი დარჩა. ეს საგმირო საქმე მოწმობს, რომ სამსონს ღვთის სული არ დაუკარგავს და ადასტურებს, რომ ის უზნეობის ჩასადენად არ შესულა მეძავის სახლში. ბიბლეისტმა პაულუს კასელმა მსაჯულების 16:1-ის შესახებ აღნიშნა: «ღაზაში სამსონის ჩასვლის მიზანი მეძავის ნახვა არ იყო, რადგან წერია, რომ ის ღაზაში „ჩავიდა ...[და] იქ ერთი [მეძავი] ნახა“. მაგრამ როცა იქ [ღაზაში] დარჩენა დააპირა, მას, როგორც ერის მტერს [მეძავის სახლში] დარჩენის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა ... მისი იქ დარჩენა ისეთივე ენით არის აღწერილი, როგორც რახაბის სახლში მზვერავების დარჩენა. სიტყვა „ნახა“ მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ასეთი ქალის დანახვაზე მიხვდა, სად შეიძლებოდა ღამის გათევა» (Lange’s Commentary on the Holy Scriptures, მთარგმნელი და რედაქტორი ფ. შაფი, 1976, გვ. 212). აღსანიშნავია ისიც, რომ ბიბლიაში წერია: „შუაღამემდე იწვა სამსონი“ და არა „შუაღამემდე დაწვა მასთან სამსონი“.
მტრის ტერიტორიაზე შესვლით სამსონმა ცხადყო, რომ უშიშარი იყო. შესაძლოა ის ღაზაში იმიტომ ჩავიდა, რომ ფილისტიმელთა წინააღმდეგ ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა, ისევე, როგორც მაშინ, როცა ცოლის მოყვანას აპირებდა (მსჯ. 14:4). ამ შემთხვევაში მას ალბათ უნდოდა, მის წინააღმდეგ გამიზნული ნებისმიერი მცდელობა ფილისტიმელებზე თავდასხმის საბაბად ექცია.
გაცემა. ამის შემდეგ სამსონს შეუყვარდა დალილა (იხ. დალილა). პირადი გამორჩენის მიზნით დალილა ცდილობდა, გაეგო, რაში იმალებოდა სამსონის ძალა. სამსონმა სამჯერ შეიყვანა ის შეცდომაში. რადგან დალილა არ ეშვებოდა და თავი მოაბეზრა, სამსონმა გაუმჟღავნა, რომ დაბადებიდან ნაზირი იყო. მაშინ ქალმა შეატყობინა ფილისტიმელებს, რომ მისთვის გასამრჯელო მიეტანათ. როცა სამსონს მის მუხლებზე ეძინა, დალილამ თმა მოაჭრევინა მისთვის. გაღვიძებულ სამსონს აღარ ჰქონდა იეჰოვას სული, რადგან ისეთ ვითარებაში ჩაიგდო თავი, რომ ნაზირობა დაკარგა. მისი ძალა თმაში კი არ იმალებოდა, არამედ ნაზირობაში, ანუ იეჰოვასთან მის განსაკუთრებულ ურთიერთობაში, რისი სიმბოლოც მისი თმა იყო. როცა ეს ურთიერთობა შეწყდა, სამსონი სხვებისგან აღარაფრით განსხვავდებოდა. შედეგად, მას ფილისტიმელებმა თვალები დასთხრეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და საპყრობილეში აფქვევინებდნენ (მსჯ. 16:4—21).
სამსონი საპყრობილეში იტანჯებოდა, როცა ფილისტიმელებმა დიდი მსხვერპლშეწირვა მოაწყვეს თავიანთი ღვთაება დაგონისთვის, რომელსაც სამსონის შეპყრობას უმადლოდნენ. დაგონის სახლში შეიკრიბა დიდძალი ხალხი, მათ შორის ფილისტიმელთა ყველა მთავარი. მხოლოდ ბანზე 3 000-მდე კაცი და ქალი იყო. გულგამხიარულებულმა ფილისტიმელებმა საპყრობილიდან მოაყვანინეს სამსონი, რომ გაერთო ისინი (ამ დროისთვის სამსონს თმა უკვე წამოზრდილი ჰქონდა). ბიჭს, რომელსაც ის მიჰყავდა, სამსონმა სთხოვა, ხელი მოეკიდებინა შენობის საყრდენი სვეტებისთვის. შემდეგ მან ილოცა: „იეჰოვა, გამიხსენე, ამ ერთხელაც მომეცი ძალა, ჭეშმარიტო ღმერთო, რომ შური ვიძიო ფილისტიმელებზე ორიდან ერთი თვალის გამო მაინც“ (მსჯ. 16:22—28). ერთი თვალის გამო შურისძიებაზე ლოცვა შესაძლოა იმას ნიშნავდა, რომ სამსონს ესმოდა, მხედველობის დაკარგვა ნაწილობრივ მისი ბრალიც იყო. ან შესაძლოა ფიქრობდა, რომ მას, როგორც იეჰოვას წარმომადგენელს, არ შეეძლო ბოლომდე ეძია შური საკუთარი თავისთვის.
სამსონი „მთელი ძალით მიაწვა“ ორ საყრდენ სვეტს და სახლი ჩამოინგრა. მასთან ერთად დაიხოცნენ ფილისტიმელებიც. ამდენი მას მთელი სიცოცხლის მანძილზე არ მოუკლავს. ნათესავებმა ის „ცორასა და ეშთაოლს შორის დამარხეს მამამისის, მანოახის სამარხში“. ამგვარად, ისრაელზე 20-წლიანი მსაჯულობის შემდეგ სამსონი იეჰოვას ერთგული დაიღუპა. მისი სახელი სამართლიანად არის მოხსენიებული მათ შორის, ვინც რწმენით ძლიერდებოდა (მსჯ. 15:20; 16:29—31; ებ. 11:32—34).